რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰუდმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მთავარი მოადგილე, ხოლო ადრე ერაყსა და ქუვეითში მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო, განაცხადა, რომ თეირანმა ისწავლა, რომ აშშ-ს შეუძლია სურვილისამებრ გაანადგუროს მაღალი რანგის მმართველები. ესაა რეალობა, რომელიც, მისი აზრით, ირანის მომავალ გადაწყვეტილებებს განსაზღვრავს.
მისი თქმით, ვაშინგტონმა კი ისწავლა, რომ ირანს - ან თუნდაც არასახელმწიფო ძალებს - ეფექტიანად შეუძლიათ ხელი შეუშალონ მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში ისეთი იაფი შესაძლებლობების გამოყენებით, როგორიცაა დრონები, ნაღმები ან თუნდაც დამაჯერებელი მუქარა კონვენციური საზღვაო ძალების განლაგების გარეშე.
ჰუდის თქმით, თუ ირანის მხრიდან მოლაპარაკების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ზუსტია, მხარეებს შორის არსებული უფსკრული კვლავ დიდი რჩება. მისი თქმით, „პოლიტიკური მიწისძვრის“ არარსებობის შემთხვევაში, ახალი ესკალაციის საფრთხე მაღალი რჩება, რადგან ორივე მხარე კვლავ თვლის, რომ მეორე მხარეს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
რადიო თავისუფლება: მინდა დავიწყო იმ გაკვეთილებით, რომლებიც აშშ-მ და ირანმა 1979 წლიდან მიმდინარე დაპირისპირების ამ უახლესი ეპიზოდიდან ისწავლეს. თქვენი აზრით, რა არის ეს გაკვეთილები და როგორ უნდა აისახოს ისინი აშშ-ის სტრატეგიაზე როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში?
ჯოი ჰუდი
ჯოი ჰუდი: ვფიქრობ, მართალი ბრძანდებით, როდესაც ამბობთ, რომ ეს მხოლოდ უახლესი თავია კონფლიქტისა, რომელიც უკვე 47 წელია გრძელდება. მას ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელიც 1979 და 1980 წლებში თეირანში ამ რეჟიმის მიერ ჩვენი დიპლომატების 444-დღიანი მძევლად აყვანით დაიწყო. და ის სხვა ფორმებითაც გაგრძელდა, მათ შორისაა 1980-იანი წლების ბოლოს "ტანკერების ომი" და, რა თქმა უნდა, ერაყში, სირიასა და ლიბანში ირანის მხარდაჭერით მოქმედი დაჯგუფებების თავდასხმები აშშ-ის ძალებსა და დიპლომატიურ პერსონალზე.
რაც შეეხება მიღებულ გაკვეთილებს, ვფიქრობ, თეირანმა ისწავლა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია პრაქტიკულად ნებისმიერი ლიდერის ლიკვიდაცია, როდესაც ამას მოისურვებს. შესაბამისად, ეს უნდა გაითვალისწინოს ირანის ნებისმიერმა ლიდერმა, რომელიც ხელმძღვანელ თანამდებობას დაიკავებს, და, შესაბამისად, მოლაპარაკებაზე მათი პოზიციაც უნდა ითვალისწინებდეს ცოდნას, რომ თუ ისინი ამერიკის "წითელ ხაზებს" გადალახავენ, შესაძლოა, მოხდეს შემდეგი მათგანის ლიკვიდაცია.
მეორე, ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა გააცნობიერა, რომ ირანს, ან თუნდაც სხვა მონაწილე ძალებს, შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გაკონტროლება რამდენიმე იაფი დრონის ან ნაღმის გაშვებით, ან თუნდაც უბრალო მუქარის ძალით. სრუტის გადასაკეტად ახლა არც არმია, არც ღრმა წყალქვეშა ნაღმების ველებია საჭირო. საკმარისია სადაზღვევო კომპანიების დაშინება, რომ გემები გადაადგილებას აღარ დაიწყებენ, რადგან დაზღვევა ძალიან ძვირია, უბრალოდ ხელმიუწვდომელია ან თავად საზღვაო კომპანიები წყვეტენ, რომ ამ რისკზე წასვლა არ სურთ.
და ეს, ფაქტობრივად, არის ის, რასაც მთლიანად ვერც ვაშინგტონი და ვერც თეირანი ვერ აკონტროლებენ. ორივე მხარეს შეუძლია თქვას: "კარგი, ჩვენ გვაქვს დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, და გემებს შეუძლიათ გადაადგილება". მაგრამ თუ სადაზღვევო და გადამზიდავი კომპანიები არ დათანხმდებიან, მაშინ გემები არ იმოძრავებენ. და ჯერჯერობით ბევრი გემი არ გადაადგილდება სრუტის გადასაკვეთად.
რადიო თავისუფლება: თქვენ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციიდან დაწყებული, რამდენიმე ადმინისტრაციაში მოგიწიათ სამსახური. იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ხელმძღვანელობის სტრუქტურა დროთა განმავლობაში შედარებით უცვლელი დარჩა, და იმ ახალი ინფორმაციის ფონზე, რომელიც აშშ-მ მიიღო ირანის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და რისკებისადმი დამოკიდებულების, მათ შორის, აშშ-ის შესაძლებლობის შესახებ, გაანადგუროს უმაღლესი ხელმძღვანელობა - როგორ ფიქრობთ, როგორ მოქმედებს ეს ირანელი გადაწყვეტილების მიმღები პირების აზროვნებაზე ახლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი მოლაპარაკებებს იწყებენ ან მოსალოდნელ ესკალაციაზე ფიქრობენ?
ჯოი ჰუდი: ისინი უნდა ხვდებოდნენ — და დარწმუნებული ვარ, ხვდებიან კიდეც — რომ თუ მოლაპარაკებებით გამოსავალს ვერ მივაღწევთ, მაშინ დაძაბულობის ან შეიარაღებული კონფლიქტის განახლება, პირადად მათ გადარჩენის დიდ შესაძლებლობას არ დაუტოვებს.
ასე რომ, ვფიქრობ, ეს მათ სტიმულს აძლევს, რომ უფრო სერიოზულად მიუდგნენ სიტუაციას, შესაძლოა, იმაზე სწრაფად იმოქმედონ, ვიდრე ამას სხვა შემთხვევაში გააკეთებდნენ, რადგან გამოცდილებიდან ვიცით, რომ მათთან შეთანხმების მიღწევას თვეები და ზოგჯერ წლებიც კი სჭირდება. მახსენდება 1979-1980 წლები, როდესაც ალჟირელები დაგვეხმარნენ დიპლომატიური მძევლების გათავისუფლებაში — მაგრამ ამას ძალიან ბევრი თვე დასჭირდა. “მოქმედების ერთობლივ ყოვლისმომცველ გეგმაზე”, 2015 წლის ეგრეთ წოდებულ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები წლები გრძელდებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
Iranians Express Relief, Concern Amid Fragile Truce
და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანია, რის გამოც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხედრო მოქმედებების დაწყება გადაწყვიტა, რადგან ის არ იყო დარწმუნებული, რომ ირანის წარმომადგენლები სერიოზულად უდგებოდნენ შეხვედრებს. მისი თქმით, ისინი "ფეხებს აბაკუნებდნენ", თითქოს მხოლოდ მუსიკის რიტმს იყვნენ აყოლილი.
ასე რომ, ვფიქრობ, ისინი ახლა ალბათ ხვდებიან, რომ იმაზე სწრაფად მოუწევთ მოქმედება, ვიდრე ამას სხვა შემთხვევაში გააკეთებდნენ.
უფსკრულის გადალახვის მცდელობა
რადიო თავისუფლება: გადავიდეთ მოლაპარაკებების ცნობილ ჩარჩოებზე: თუ ირანის წინადადებები - მედიის მიერ გავრცელებული, ზუსტია, თქვენი აზრით, მხარეებს შორის დიდი სხვაობაა. რა არის ყველაზე დიდი არსებითი განსხვავებები და რამდენად რთული იქნება მათი აღმოფხვრა ისე, რომ არ მოხდეს ის, რასაც თქვენ "პოლიტიკური მიწისძვრა" უწოდეთ?
ჯოი ჰუდი: თქვენს წინა შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ, ვფიქრობ, აშშ-ს მოუწევს აზროვნებისა და დაგეგმვის სტილის შეცვლა, რათა ჰორმუზის სრუტეში კომერციული საზღვაო მიმოსვლა შეინარჩუნოს. ეს მოითხოვს ახალ ტექნოლოგიებს, ახალ ალიანსებს სპარსეთის ყურის ზოგიერთ ქვეყანასთან და, სამწუხაროდ, სავარაუდოდ, დამატებით კონფლიქტსაც, სანამ თეირანის რეჟიმი ფუნდამენტურად არ შეცვლის თავის ხედვასა და სტრატეგიას დანარჩენი მსოფლიოს მიმართ.
რა სურს ახლა ორივე მხარეს? ორივე მხარეს სურს, იყოს დომინანტური ძალა ახლო აღმოსავლეთში, და ორივე ამას ერთდროულად ვერ მიაღწევს.
ასე რომ, თუ რომელიმე მხარეს “პოლიტიკური მიწისძვრა” არ მოხდა, ისინი ვერ შეძლებენ მოლაპარაკების გზით ისეთი მოგვარების მიღწევას, რომელიც მათ სტრატეგიული მიზნების უმეტესობას — თუ ყველას არა — დააკმაყოფილებს. ამიტომ, სამწუხაროდ, არ მგონია, რომ დიდი ოპტიმიზმი გვმართებს ამ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ან 47-წლიანი მიმდინარე კონფლიქტის სრულად დასრულების მიმართ.
თეირანის რეჟიმმა რეგიონში აშშ-ის დომინირება რომ აღიაროს, მთლიანად უნდა შეცვალოს თავისი იდეოლოგია, რომელიც შეერთებული შტატებისა და დასავლეთის მიმართ წინააღმდეგობას ემყარება. და ჩვენ ვნახეთ, რა მოუტანა ასეთმა მიდგომამ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ლიბანი, სირია, ერაყი და იემენი.
ირანს არ ჰყავს არცერთი მეგობარი, პარტნიორი ან მოკავშირე, რომელიც აყვავებული და სტაბილურია. ამის ნაცვლად, ის ეყრდნობა სამხედრო დაჯგუფებებს — შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოქმედებენ იმ მიზნით, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთი ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობის მოდელს, როგორიც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ სახელმწიფოებშია აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ.
ძალთა ბალანსი თეირანში
რადიო თავისუფლება: ამ შეფასებისა და აშშ-ის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი კომენტარების გათვალისწინებით, რომლებშიც ირანის ხელმძღვანელობას "ახალ რეჟიმს" უწოდებენ, რამდენად კარგად გვესმის სინამდვილეში თეირანში ძალთა შიდა ბალანსი? და რამდენად მნიშვნელოვანია ეს განსხვავება პრაქტიკაში?
ჯოი ჰუდი: ვფიქრობ, ჩვენ, საერთო ჯამში, ბევრი რამ გვესმის ირანული სისტემის შესახებ. მაგრამ ეს საერთო გაგება სულაც არ აღწევს პრეზიდენტ ტრამპამდე.
მას ადამიანების მხოლოდ მცირე ჯგუფი აძლევს რჩევებს, ხოლო ბევრი გამოცდილი თანამშრომელი გაათავისუფლეს, პენსიაზე გაუშვეს ან სხვაგვარად დაატოვებინეს სამსახური სამოქალაქო, სამხედრო და დიპლომატიური უწყებებიდან. ამიტომ, არ მგონია, რომ ამ ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანამდე აღწევდეს საუკეთესო ანალიზები და რეკომენდაციები.
ახლა რაც შეეხება იმას, რასაც ის რეჟიმზე ამბობს — ტექნიკურად ის მართალია, რომ ის შეიცვალა, იმ გაგებით, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გაანადგურეს მაღალი რგოლის ხელმძღვანელობის უმეტესი ნაწილი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ არსებობდა. ასე რომ, კონკრეტული პირები გამოიცვალნენ.
მაგრამ შეიცვალა თუ არა იდეოლოგია? შეიცვალა მიზნები? ამის აბსოლუტურად ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ვხედავ.
რეჟიმის მიზნად კვლავ რჩება შეერთებული შტატებისა და დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარი რევოლუციის ექსპორტი - ეს მისი სიტყვებია და არა ჩემი. ეს მშვიდობიან რეგიონამდე არ მიგვიყვანს.
ასე რომ, არა, რეჟიმის ფუნდამენტურ ცვლილებას ვერ ვხედავ. ვხედავ ახალ ლიდერებს და მათმა დაუცველობამ შესაძლოა, ისინი მოლაპარაკებებში უფრო ფრთხილი გახადოს - მაგრამ ვნახოთ.
რადიო თავისუფლება: ასევე, როგორც ჩანს, არსებობს დაბნეულობა იმასთან დაკავშირებით, თუ სინამდვილეში რას მოიცავს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელი განაგრძობს დარტყმებს და მოქმედებას ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბეირუთი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორაზროვნება და რა საფრთხეებს ქმნის ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებისთვის?
ჯოი ჰუდი: ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის ნებისმიერ დამრღვევს აძლევს საშუალებას თქვას: „მეორე მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ამიტომ მე გავაგრძელებ შეტევას“.
შესაძლოა, სწორედ ამას აკეთებს ირანი - ან ყოველ შემთხვევაში, ირანის სისტემის ზოგიერთი წარმომადგენელი. იმიტომ რომ, როგორ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სისტემა სრულად შეკრულია? მაგალითად, საიდან ვიცით, რომ "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი" ახალი ხელმძღვანელობის ბრძანებებს შეასრულებს? ეს ის საკითხებია, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო ნათელი გახდება.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგაც კი, ჩვენ ვიხილეთ თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე. ისრაელმა კი განაცხადა, რომ ლიბანი საერთოდ არ არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ნაწილი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ისრაელი, მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო კავშირშია შეერთებულ შტატებთან, სუვერენული ქვეყანაა და შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. თუ პრეზიდენტი ტრამპი საჯაროდ მოითხოვს ისრაელისგან ლიბანში ოპერაციების შეწყვეტას, ეს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს. მაგრამ ამის გარეშე, ისრაელი გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას.
რადიო თავისუფლება: და ბოლოს, თქვენ აღნიშნეთ, რომ ორივე მხარე კვლავ თვლის, რომ მათ შეუძლიათ მეორე მხარეს მნიშვნელოვანი ხარჯები დააკისრონ. პრაქტიკული თვალსაზრისით, რა არის განახლებული ესკალაციის ყველაზე სავარაუდო გამომწვევი მიზეზები და რა სიგნალებს უნდა მიაქციონ ყურადღება პოლიტიკის შემქმნელებმა, რათა განასხვაონ ჩვეულებრივი პოზიორობა კონფლიქტში რეალურად დაბრუნებისგან?
ჯოი ჰუდი: ცხადია, ირანის თავდასხმების რაოდენობა და გავლენა ყურის ქვეყნებზე მთავარი ინდიკატორი იქნება. თუ ეს არ შეჩერდება, მაშინ ცეცხლის შეწყვეტა რეალურად არ იქნება.
ასევე მნიშვნელოვანი იქნება იმის დანახვა, თავს შეიკავებს თუ არა ირანი ჰორმუზის სრუტეში გემების მიმართ მუქარისგან - და მაინც, გემები ადგილიდან არ იძვრიან. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განმარტავს ამას პრეზიდენტი ტრამპი.
ასევე უნდა დავაკვირდეთ ირანში არსებულ შიდა დინამიკას. ირანში სრული მმართველობა და კონტროლი შეიძლება არცერთ ცალკეულ ლიდერს არ ჰქონდეს. თუ ფრაქციებს უთანხმოება ექნებათ, შესაძლოა, დავინახოთ უფრო აგრესიულები, რომლებიც მოლაპარაკებებს უარყოფენ და თავდასხმებს დამოუკიდებლად დაიწყებენ.
და როგორ განმარტავს ამ ქმედებებს შეერთებული შტატები - ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა პასუხის გასაცემად.