აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ირანის რეჟიმის მიერ სანქციების გვერდის ავლისა და ფულის გათეთრებისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტის ქსელის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების სიაში მოხვდა საქართველოში დაფუძნებული კომპანია SHPS Shelbit (Shelbit) და მისი მფლობელი სავაშ კაივანპური.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, კაივანპური მრავალ ქვეყანაში მოქმედ კომპანიათა ქსელს მართავს, რომელიც უკანონო ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობას უწყობს ხელს. კაივანპური, საქართველოში დაფუძნებული Shelbit-ის მეშვეობით, მართავს კრიპტოაქტივების ბირჟას Shelbit Exchange-ს.
OFAC-ის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა კრიპტოვალუტის მისამართებმა Shelbit Exchange-ის მისამართებზე 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული აქტივები გადარიცხეს.
ამასთან, Shelbit Exchange-ის მისამართებიდან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ მისამართებზე 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გადაირიცხა.
აშშ-ის უწყების ცნობით, კაივანპურთან დაკავშირებულმა ციფრული ვალუტის მისამართებმა ასევე 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოაქტივები აშშ-ის მიერ სანქცირებულ ირანულ კრიპტობირჟა Nobitex-ს გადაუგზავნეს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, Shelbit ასევე ემსახურებოდა სპარსულენოვანი ონლაინ აზარტული თამაშების ვებსაიტების ქსელს, რომლის მეშვეობითაც ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების „ციფრული აქტივები გაირეცხა“.
კაივანპურის გარდა, სანქციები დაუწესდა მის მიერ კონტროლირებულ სხვა კომპანიებსაც, მათ შორის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ Shelbit General Trading LLC-ს, პოლონურ Shelbit Technologies Ltd-ს, ასევე Crypto Home DMCC-სა და NFT Home DMCC-ს.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქეივანფური სანქციების სიაში შეიყვანეს იმის გამო, რომ მან მატერიალური, ფინანსური ან ტექნოლოგიური მხარდაჭერა გაუწია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუს და Nobitex-ს.
Nobitex არის ირანული კრიპტოვალუტის ბირჟა — პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა შეუძლიათ.