სომხეთიდან ჩამოსული სონატა კოლტერი, თბილისში, უკვე მეორე დღეა მართავს შეხვედრებს. “ქართული ოცნების” მთავრობამ ამერიკულ მხარეს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება კიდევ ერთხელ შესთავაზა.
ვიზიტის პირველ დღეს, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი “ქართული ოცნების” მთავრობას ხვდებოდა - პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია ძალადობაში ბრალდებული ყოფილი და მოქმედი სამართალდამცველების დაკავების შესახებ. ბევრს ეს შემთხვევითი არ ჰგონია - წლებია “ქართული ოცნების” მთავრობა, ძალადობის ამსახველი მრავალი ვიდეომტკიცებულებების მიუხედავად მოძალადე ძალოვნებს არ სჯიდა, მათ უფროსებს კი აჯილდოებდა.
ასევე ნახეთ
ერევნის შემდეგ თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიები, ასევე “ძლიერი საქართველო - ლელო” და “გახარია საქართველოსთვის” - ოპოზიციის ლიდერები სონატა კოლტერს "თბილისი მერიოტში" შეხვდნენ. მათი ნაწილი სხვადასხვა ვადით უკვე იყო დაპატიმრებული და ნაწილს ამ ეტაპზეც ასამართლებენ - “საბოტაჟის საქმესთან” დაკავშირებით.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაადასტურა, რომ ამერიკელი სტუმრები “საქმის კურსში არიან ყველა იმ საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში” და “ვერავინ გაყიდის ამ შეხვედრებს ისე, რომ თითქოს ნორმალიზება შეიძლება მოხდეს იმის, რაც ქვეყანაში ხდება”:
“ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეს ურთიერთობები. ეს იყო ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი ამ შეხვედრაზე”.
“როდესაც ასეთ შეხვედრებზე მოდიან, ადამიანები, როგორც წესი, მომზადებულები არიან.. ცხადია, მომზადებულები იყვნენ”, - ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტიის - “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სონატა კოლტერს მათგან განსაკუთრებულად ახალი არაფერი მოუსმენია.
“საუბარი იყო იმაზეც, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებები, რომ ახლა ამ ვიზიტზე არა და ორ კვირაში ახალი ვიზიტი იქნება და მერე დავლაგდებით [აშშ-სთან], ეს ყველაფერი არის ტყუილები და სისულელე“, - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
სონატა კოლტერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე
„საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება მთავრობა, რომელიც ემსახურება არა ერთი კაცის ინტერესებსა და ძალაუფლებას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს და რომელსაც შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მწყობრი ხედვის მიტანა - რატომ არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და თავისუფლება. ივანიშვილის რეჟიმს ეს არ შეუძლია“, - ეს უკვე ოპოზიციის ალიანსში შემავალი პარტიის - “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას კომენტარია, კოლტერთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე იყო “ქართული ოცნების” ყოფილი ექსპრემიერის, ამჟამად ორ საქმეზე ბრალდებული, საქართველოდან წასული - გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ანა ბუჩუკურიც. მისი თქმით, “მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი” შეიძლება ჰქონდეს აშშ-სთან თბილისის ვაჭრობას - ტვირთების გატარებაზე თუ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე, რადგან - აშშ-ის ინტერესია არა პარტია “ქართული ოცნება”, არამედ - საქართველო და ქართველი ხალხი.
“გრძელვადიანად ყველამ ძალიან კარგად იცის “ოცნების” ნამდვილი სახე… და, ბუნებრივია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იდეალურად ესმით, რომ ქვეყანაში სტაბილურობისთვის აუცილებელია კანონის უზენაესობა” - ამბობს ბუჩუკური.
“ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრა აშშ-ის მნიშვნელოვან როლზე და მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მცდელობებს “იყოს მეტად ჩართული, მათ შორის იმ ეკონომიკურ პროექტებში, რომლებიც რეგიონში და საქართველოში მიმდინარეობს“.
ჯაფარიძემ საგანგებოდ გამოყო ყურადღების საჭიროება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის მიმართ.
ასევე ნახეთ
ეკონომიკის სამინისტრო: სახ. დეპარტამენტის წარმომადგენელს ანაკლიის პორტის პროექტი გავაცანითოპოზიციურ პარტიებთან სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის შეხვედრა ექსპერტებისთვის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია, რომ - სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებს მხოლოდ “ქართული ოცნების” პოზიციიდან არ განსაზღვრავს.
“ოპოზიციასთან შეხვედრა მიზნად ისახავს შექმნილი ვითარების მაქსიმალურად კარგად შეფასებას - ჩანს, რომ ითვალისწინებენ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის პოზიციას და შემდეგ ხდება საერთო სურათის შეჯამება… “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მოთხოვნებიც ექნებათ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგი, პროფესორი ნიკა ჩიტაძე.
თბილისში ყოფნის დროს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ასევე შეხვდნენ: შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, პიტერ ანდრეოლი - 2026 წლის მარტში; და კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია - 2026 წლის იანვარში. სტუმრებმა გამართეს შეხვედრა ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან.
ასევე ნახეთ
ხაბეიშვილზე, როგავასა და მაისაშვილზე თავდამსხმელები დავაკავეთ - გენერალური პროკურორიასევე ნახეთ
„ზღვაში წვეთია“, „დამკვეთებზე უნდა გავიდნენ“ - ნაცემი დემონსტრანტი და ჟურნალისტი 5 სპეცრაზმელის დაკავებაზედროში სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა ინფორმაცია ძალადობაში ბრალდებული ყოფილი და მოქმედი სამართალდამცველების დაკავების შესახებ.
სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელისა და შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომლის დაკავების ფაქტი პროკურატურამ 7 მაისს გამოაცხადა - იმ დღეს, როდესაც კოლტერის დელეგაცია ერევნიდან საქართველოში ჩამოვიდა - მანამდე კი, იყო თითქმის 2-წლიანი პროცესი - როდესაც სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მოქალაქეების, პოლიტიკოსებისა თუ დემონსტრანტების სასტიკი ცემის გამო, არცერთი ძალოვანი არ დასჯილა და არც კი გაუსამართლებიათ.
“სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები მანამდეც იყვნენ ჩამოსული; იყო სატელეფონო საუბარი მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორისაც [2026 წლის 30 მარტს] . შესაძლებელია, რომ ამერიკელების მხრიდან ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ იმ ადამიანების დასჯა იყო - რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევასა და სასტიკ ცემაში”, - ნიკა ჩიტაძე იხსენებს, რომ დემონსტრანტების მიმართ ძალადობა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო - აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას, 2024 წლის 30 ნოემბერს.
2024-2025 წლებში, პროევროპული აქციების ფარგლებში, მათ შორის მედიის მიერ - აღრიცხულია აქტივისტებზე, დემონსტრანტებზე, პოლიტიკოსებსა თუ მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობის ათობით შემთხვევა. დემონსტრანტების მონათხრობის თანახმად, მათ სცემდნენ დაკავებამდე, ასევე - ავტომობილებში, დაკავების შემდეგ. მოძალადე სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ძალადობაში მხილებული პოლიციის მაღალჩინოსნებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება აჯილდოებდა.
მოძალადე ძალოვნების დაკავებას ოპოზიციონერები თუ ექსპერტები "ქართული ოცნების" დასუსტების გამოვლინებად თვლიან და შემდგომი სანქციების შიშითაც ხსნიან. თუმცა, მათი აზრით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის დაჭერა, სხვა ათეულობით მოძალადისა და მათი დამკვეთების გასამართლების გარეშე, “მხოლოდ საჩვენებელ, ფასადურ ქმედებად დარჩება”.
ასევე ნახეთ
მდინარაძე სპეცრაზმელების დაკავებაზე: "როგორც ჩანს... ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები"“ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები” - თქვა სუსის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად სახელმწიფო მინისტრმა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მამუკა მდინარაძემ 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. შესაბამისად, მისთვის აზრმოკლებულია დამკვეთებზე ლაპარაკი.
ამ დრომდე არ დასახელებულა დაკავებული ძალოვნების გვარები, სახელები. სავარაუდოდ, დეტალები არც სამომავლოდ გახდება ცნობილი - წინასწარი ინფორმაციით, ადვოკატებს გაუთქმელობაზე აწერინებენ ხელს, ხოლო სასამართლო განხილვები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. 8 მაისს პროკურატურამ გამოაქვეყნა მხოლოდ ინიციალები. ასევე განაცხადეს, რომ დაკავებულებს, წარდგენილი ბრალდებების მიხედვით, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რისი იმედი აქვთ თბილისში
8 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს ახლახან ვიცე-პრემიერად დაწინაურებული საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა. ბოჭორიშვილი მონაწილეობდა 7 მაისს გამართულ შეხვედრაშიც.
“მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა”, - წერია საგარეო უწყების მიერ 8 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე, 7 მაისს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამერიკელ სტუმრებს ურთიერთობების კვლავ სუფთა ფურცლიდან დაწყება შესთავაზეს. ეს შეთავაზება უკვე წელიწადზე მეტია მეორდება.
“პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით განახლებისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა დაკავშირებადობის მნიშვნელობასა და საქართველოს როლზე შუა დერეფანში”, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ასევე ნახეთ
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ქართულ-ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია „მაისის ბოლომდე გაღრმავდება“აპრილის მიწურულს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „მაისის ბოლომდე ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია გაღრმავდება“.
„ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს, მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება“ - თქვა მან.
მანამდე, "ქართული ოცნების" იმედები აპრილსაც უკავშირდებოდა.
როგორ უყურებს სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისის განცხადებებს „სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყების მზაობაზე“ - რადიო თავისუფლებამ ამ შეკითხვით აშშ-ის საელჩოს 7 მაისს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ასევე ნახეთ
33-წლიანი ურთიერთობის აშენება "ნულიდან"? რა გზავნილები ჩამოაქვს დეპუტატების დელეგაციას ვაშინგტონიდანასევე ნახეთ
ეს არ არის გადატვირთვა - კონგრესმენი უილსონი რუბიო-კობახიძის ზარზევიდრე თბილისში ჩამოვიდოდა, სონატა კოლტერი ერევანში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის უფროს მრჩეველს, ლილიტ მაკუნცს და სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს.
ვიზიტის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი - „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტთან დაკავშირებული სამუშაოები იყო.
სონატა კოლტერი ერევანში ოპოზიციის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.
TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დამყარებული მშვიდობის საფუძველზე. ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს. დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.
“როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP)” - ამ საკითხის გარკვევის მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროსი მრჩეველი) ჯონათან ასკონასი საქართველოში ჯერ კიდევ 2025 წლის 18 ნოემბერს ჩამოვიდა.
ის მაშინ "ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა მიიღო. შეხვედრაზე იყვნენ ასევე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პერსელი.
ოფიციალური განცხადების თანახმად, თბილისმა მაშინ სტუმართან ხაზგასმით გამოხატა უკმაყოფილება “აშშ-თან ურთიერთობების დღეს არსებული დონით”.
ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის მოქმედება ვაშინგტონმა 2024 წლის ნოემბრის მიწურულს შეაჩერა - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს; თუმცა საკითხი დღემდე არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ გადაუსინჯავს. სტატუს-კვო შენარჩუნებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების კუთხითაც. აშშ-ის მიერ სანქცირებულია „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. სანქცირებულთა დიდმა ნაწილმა მაღალი თანამდებობები თანდათან დატოვა.