Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე სპეცრაზმელების დაკავებაზე: "როგორც ჩანს... ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები"

მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას, რომელიც პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, ჟურნალისტ გურამ როგავასა და დემონსტრანტ ზვიად მაისაშვილზე ძალადობისთვის დაკავებულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით დაუსვეს.

მან გამორიცხა თბილისში გასულ წლებში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაშლისას სპეცრაზმელებისა და პოლიციის სხვა თანამშრომლებისთვის რაიმე ბრძანების არსებობა ძალადობასთან დაკავშირებით. ამასთან თქვა, რომ "ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა, პირობითად, ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, ბევრი იქნებოდა".

მან, სავარაუდოდ, იგულისხმა ტელეკომპანია "ფორმულის" ყოფილი ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელსაც 2024 წლის ნოემბრის ერთ-ერთ აქციაზე სპეცრაზმელი დაესხა თავს.

პროკურატურის მიერ 7 მაისს გავრცელებული ცნობის შემდეგ, რომ მასზე თავდამსხმელი დაკავებულია, ჟურნალისტმა გურამ როგავამ თქვა, რომ უმთავრესია, დაისაჯონ დემონსტრანტებსა და მედიაზე ძალადობის ორგანიზატორები:

„მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს, საბოლოო ჯამში, გამოძიება“, - განაცხადა მან.

მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ დამკვეთი რომ იყოს ამ საქმეში და შესაბამისი მტკიცებულებაც არსებობდეს, ხელისუფლება თავს არ შეიკავებდა მათი დაკავებისგან, რასაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირების დაკავების ფაქტიც ადასტურებს. მისი შეფასებით, "ეს არის მხოლოდ პიარკამპანიის ნაწილი მათი მხრიდან, ვისაც, დარწმუნებული ვარ, არ ესიამოვნა სახელმწიფოს სწორი მიდგომა".

"როგორც ჩანს, მტკიცებულებებიც ამაზე მიუთითებენ, რომ ეს იყო კერძო ინიციატივები და ცალკეული შემთხვევები. მაგალითად, ამას სისტემური ხასიათი რომ ჰქონოდა, არ იქნებოდა, პირობითად, ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, ბევრი იქნებოდა და ა.შ. აქედან გამომდინარე, სამართალდამცავი უწყებები მიჰყვებიან რეალობას და მტკიცებულებებს და არა პიარკამპანიას“, - თქვა მდინარაძემ.

მხოლოდ ერთ დაზარალებული ჟურნალისტი?

11 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის („ადამიანის უფლებების კრიზისი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ“) თანახმად, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, დოკუმენტირებულია ჟურნალისტების მიმართ ძალადობის 108 შემთხვევა.

იმჟამად მოქმედმა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც მოგვიანებით პროკურატურის ნაწილი გახდა, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებასა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას გულისხმობს.

გუშინდელ დღემდე, დემონსტრაციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ვინმეს პასუხისგებაში მიცემის შესახებ ცნობილი არ ყოფილა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG