ექსპერიმენტული პრეპარატის, Intismeran Autogene-ისა და უკვე არსებული იმუნოთერაპიული პრეპარატის, Keytruda-ს კომბინაციამ, ოპერაციის შემდეგ მელანომის „დაბრუნებისა“ და სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელების წინააღმდეგ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე მხოლოდ Keytruda-მ.
ექიმები და მკვლევრები ფიქრობენ, რომ ეს შედეგი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გარღვევა აღმოჩნდეს სიცოცხლისთვის განსაკუთრებულად საშიში სიმსივნის მკურნალობაში.
კვლევის ეს შედეგები 19 აგვისტოს, პრეპარატის შემქმნელებმა, Moderna-მ და Merck-მა გამოაქვეყნეს.
მკურნალობა განკუთვნილია მათთვის, ვისაც მელანომა ქირურგიულად ამოკვეთილი აქვთ, მაგრამ დაავადების დაბრუნების მაღალი რისკი რჩებათ. ანუ ამ შემთხვევაში ექიმები უკვე ხილულ სიმსივნეს კი არ ებრძვიან, არამედ ცდილობენ გაანადგურონ ორგანიზმში შესაძლო დარჩენილი მიკროსკოპული სიმსივნური უჯრედები და თავიდან აიცილონ რეციდივი და მეტასტაზები.
კვლევის მესამე ფაზა ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების ის ეტაპია, როდესაც ახალი მკურნალობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ უფრო ფართო მონაცემები პაციენტების დიდ ჯგუფში მოწმდება და რომლის შედეგებიც შეიძლება შემდგომ მარეგულირებელი ორგანოსთვის პრეპარატის დასამტკიცებლად მიმართვის საფუძველი გახდეს.
Intismeran არ არის პროფილაქტიკური ვაქცინა, რომელსაც ჯანმრთელ ადამიანს უკეთებენ იმისთვის, რომ მომავალში კიბო არ განუვითარდეს. ის თერაპიული, პერსონალიზებული ვაქცინაა - უკვე დიაგნოსტირებული სიმსივნის მქონე პაციენტისთვის ინდივიდუალურად შექმნილი მკურნალობა.
როგორ „ასწავლიან“ იმუნურ სისტემას სიმსივნის ამოცნობას
როგორც მეცნიერები ხსნიან, Intismeran-ის შექმნა კონკრეტული პაციენტის სიმსივნის შესწავლით იწყება.
ოპერაციის დროს აღებული სიმსივნური ქსოვილის გენეტიკური ანალიზით მეცნიერები ეძებენ მუტაციებს, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებში არ არ არის.
ამ მუტაციების შედეგად სიმსივნურ უჯრედებზე შეიძლება წარმოიქმნას განსხვავებული ცილები - ე.წ. ნეოანტიგენები (შეცვლილი ცილის/პეპტიდის სიმსივნისთვის სპეციფიკური ფრაგმენტი, რომელსაც იმუნური სისტემა ამოიცნობს), რომლებიც იმუნური სისტემისთვის სამიზნედ შეიძლება იქცეს.
სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური mRNA (მოლეკულა, რომელსაც უჯრედში გადააქვს გენეტიკური „ინსტრუქცია“ - ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი ცილა უნდა შექმნას უჯრედმა) პრეპარატი მზადდება.
მეცნიერების განმარტებით, Intismeran-ს შეუძლია შეიცავდეს ინსტრუქციას 34-მდე სიმსივნისთვის სპეციფიკური ნეოანტიგენის შესახებ.
ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ კი ეს ინფორმაცია იმუნურ სისტემას ეხმარება კონკრეტული სიმსივნის ამოცნობაში და მის წინააღმდეგ T-ლიმფოციტების (იმუნური სისტემის უჯრედები, რომლებსაც ორგანიზმში ინფიცირებული ან სიმსივნურად შეცვლილი უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეუძლიათ) გააქტიურებაში.
რატომ გააერთიანეს ის Keytruda-სთან?
Intismeran-ს კვლევაში ცალკე არ იყენებენ. მას აერთიანებენ Keytruda-სთან - პემბროლიზუმაბთან, რომელიც უკვე დამტკიცებული და ფართოდ დანერგილი კიბოს იმუნოთერაპიაა.
ამ ორი პრეპარატის კომბინაციის იდეა ასეთია - პერსონალიზებული mRNA ვაქცინა იმუნურ სისტემას „ასწავლის“, რა უნდა ამოიცნოს, Keytruda კი ხელს უწყობს, რომ გააქტიურებულმა იმუნურმა უჯრედებმა სიმსივნეზე შეტევა შეძლონ.
რას აჩვენებდა კვლევა აქამდე?
Intismeran-ის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ მეორე ფაზის კვლევის შემდეგ გაიზარდა. მაღალი რისკის მელანომის მქონე პაციენტებში პერსონალიზებული ვაქცინისა და Keytruda-ს კომბინაციამ, მხოლოდ Keytruda-სთან შედარებით, დაავადების დაბრუნების ან სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა.
კვლევის თანახმად, ოთხი წლის თავზე, რეციდივის გარეშე გადარჩენის შეფასებითი მაჩვენებელი კომბინირებულ ჯგუფში 72.4% იყო, მხოლოდ pembrolizumab-ის ჯგუფში კი - 49.1%.
მეორე ფაზის კვლევის ეს მონაცემები მხოლოდ 157 პაციენტის მონაწილეობით ჩატარდა. ამიტომ, შემდგომი კვლევის ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო - დადასტურდებოდა თუ არა შედეგი ბევრად უფრო დიდ, მესამე ფაზის კვლევაში.
რას ამბობს ახალი კვლევა?
მესამე ფაზის კვლევაში მონაწილეობა 1000-ზე მეტმა პაციენტმა მიიღო. მათ სრულად ჰქონდათ ამოკვეთილი მაღალი რისკის - IIB, IIC, III ან IV სტადიის - კანის მელანომა.
კვლევაში მონაწილეთა ერთი ჯგუფი იღებდა intismeran-სა და Keytruda-ს, საკონტროლო ჯგუფი კი - პლაცებოსა და Keytruda-ს.
Moderna-სა და Merck-ის განცხადებით, კვლევამ მიაღწია მთავარ მიზანს - კომბინირებულმა მკურნალობამ სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობა აჩვენა რეციდივის გარეშე გადარჩენის თვალსაზრისით. უკეთესი შედეგი დაფიქსირდა შორეული მეტასტაზების გარეშე გადარჩენის მხრივაც - ანუ შემცირდა რისკი, რომ კიბო სხეულის სხვა ნაწილებში გავრცელდებოდა.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს არის პირველი, mRNA-ზე დაფუძნებული პერსონალიზებული კიბოს თერაპია, რომელმაც გვიანი ფაზის, მესამე ფაზის კვლევაში წარმატება აჩვენა.
Moderna-სა და Merck-ს მესამე ფაზის კვლევის სრული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. დამატებითი შედეგების წარდგენა მიმდინარე წლის ბოლოს სამედიცინო კონფერენციაზე იგეგმება.
გარდა ამისა, ჯერ საბოლოოდ არ არის დადგენილი, ზრდის თუ არა ეს მკურნალობა პაციენტების სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობას.
პროფესორი ჯორჯინა ლონგი, მესამე ფაზის მთავარი მკვლევარი და ავსტრალიის მელანომის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი, შედეგებს „მნიშვნელოვან ეტაპს“ უწოდებს: „ეს არის მესამე ფაზის პირველი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ პაციენტის საკუთარი სიმსივნის უნიკალური მუტაციური „ანაბეჭდის“ მიხედვით შექმნილმა intismeran-მა, pembrolizumab-თან ერთად, შეიძლება შეამციროს დაავადების დაბრუნების ან სიკვდილის რისკი“.
მისი თქმით, ამ კომბინაციას აქვს პოტენციალი, შეცვალოს მელანომის ოპერაციის შემდგომი მკურნალობის არსებული მიდგომა და შესაძლოა, პაციენტებს დაეხმაროს უფრო ხანგრძლივად დარჩნენ კიბოს რეციდივის გარეშე.
Intismeran, ამ ეტაპზე, ექსპერიმენტული პრეპარატია და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ან სხვა წამყვანი მარეგულირებლების მიერ რუტინული გამოყენებისთვის ჯერ დამტკიცებული არ არის.
პერსონალიზებულ მკურნალობის სირთულე და თავისებურება ისაა, რომ ეს არ არის წინასწარ წარმოებული პრეპარატი, რომლის ერთი და იგივე დოზაც ყველა პაციენტს ერგება. საჭიროა სიმსივნის ქსოვილის აღება, მისი გენეტიკური ანალიზი, კონკრეტული პაციენტისთვის შესაბამისი ნეოანტიგენების შერჩევა და უკვე ამის შემდეგ ინდივიდუალური mRNA პრეპარატის წარმოება.
სეთ ჩითემი, ქუინზლენდის უნივერსიტეტის mRNA მკვლევარი, შედეგებს „უაღრესად საინტერესო“ განვითარებად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელმაც პერსონალიზებული mRNA კიბოს ვაქცინის ეფექტიანობაზე მნიშვნელოვანი მონაცემები წარმოადგინა. თუმცა, მისი თქმით, ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ისაა, რომ პრეპარატი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად უნდა დამზადდეს, რაც მომავალში მისი ფართოდ წარმოებისა და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომობის საკითხს ართულებს.
მხოლოდ მელანომა?
ექსპერიმენტული პრეპარატის, Intismeran-ის შესაძლებლობებს მკვლევრები სხვა სიმსივნეებთან მიმართებითაც სწავლობენ. Moderna-მ და Merck-მა უკვე დაიწყო კლინიკური კვლევები, მათ შორის, ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს, შარდის ბუშტისა და თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის შემთხვევაში.
თუ ამ კვლევებშიც დადებითი შედეგები დადასტურდება, პერსონალიზებული mRNA-თერაპიის მნიშვნელობა მხოლოდ მელანომით აღარ შემოიფარგლება.
კარენ კნუდსენი, აშშ-ში მოქმედი პარკერის კიბოს იმუნოთერაპიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი Reuters-თან საუბრისას აცხადებს, რომ შედეგები შესაძლოა მყარი სიმსივნეების მკურნალობაში „ახალი ერის“ დასაწყისი იყოს. მისი სიტყვებით, „ეს დადებითი შედეგი იმუნოთერაპიის შემდეგ ფაზაში შეგვიყვანს“ და ეს „პერსპექტიული დასაწყისია“.
რა არის მელანომა და როგორია მისი გავრცელების სტატისტიკა, მათ შორის, საქართველოში
მელანომა კანის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმაა. მართალია ის კანის კიბოს შემთხვევების შედარებით მცირე ნაწილს შეადგენს, მაგრამ კანის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დიდი წილი სწორედ მელანომაზე მოდის. მისი მთავარი თავისებურებაა ის, რომ სხვა გავრცელებულ კანის სიმსივნეებთან შედარებით უფრო ადვილად შეუძლია ლიმფურ კვანძებსა და შორეულ ორგანოებში გავრცელება.
უახლესი, კიბოს გლობალური სტატისტიკის მონაცემთა ბაზის (GLOBOCAN) 2024 წლის შეფასებით, მსოფლიოში ერთ წელიწადში კანის მელანომის დაახლოებით 338 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებით დაახლოებით 58 400 ადამიანი გარდაიცვალა. მელანომა ახალი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში კიბოს ტიპებს შორის მე-17 ადგილზეა.
საქართველოში მელანომის უახლესი საჯაროდ ხელმისაწვდომი ოფიციალური სტატისტიკა 2021 წლამდე მიდის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კიბოს შემთხვევების რეესტრის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანაში მელანომის 88 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 2020 წელს - 71, 2019 წელს - 59.
ამავე რეესტრის მიხედვით, 2017–2021 წლებში მელანომის ხუთწლიანი გადარჩენის მაჩვენებელი საქართველოში 57.6% იყო. 2016-2020 წლებში - 43.7%.
მელანომის შემთხვევები განსაკუთრებით მაღალია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რაც დიდწილად უკავშირდება ღია კანის ფერსა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებას.
კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC) 2025 წლის შეფასებით, მსოფლიოში კანის მელანომის შემთხვევების 80%-ზე მეტი ულტრაიისფერ გამოსხივებასთან არის დაკავშირებული.