8 ახალი და ძალიან საინტერესო წიგნი წლევანდელი ბაზრობიდან 

თბილისის წიგნის დღეები

სიღარიბე, ომი და ადამიანური ტრაგედიები, ექიმი, რომელიც მტერსაც მკურნალობს, „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად, პეპლის ეფექტი, რომელმაც ათასობით ადამიანის დაღუპვა ერთი ადამიანის დაბადებას დაუკავშირა და ისტორიები ადამიანის ტვინის გასაოცარ შესაძლებლობებზე.

30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე თბილისში, ექსპო-ჯორჯიაში წიგნის დღეები გაიმართა, სადაც გამომცემლობებმა ახალი გამოცემები წარადგინეს. რადიო თავისუფლებამ მათგან 8 წიგნი შეარჩია - განსხვავებული ეპოქების, ქვეყნების, ადამიანებისა და მათი უჩვეულო ბედის შესახებ.

„ძალიან ღარიბები ვართ და იმიტომ“

„სულაკაურმა“ გამოსცა მექსიკელი მწერლის ხუან რულფოს მოთხრობების კრებული „ალმოდებული ველი“.

„აი, რატომაა მამა ასეთი სასოწარკვეთილი, ეშინია ტოჩაც არ დაიღუპოს, ახლა ხომ სულ ცარიელ-ტარიელი დარჩა, უმზითვოდ, ძროხა დაეხრჩო. ან რით გაამზითვოს, ან როგორ უშოვოს კარგი ქმარი, რომელსაც სულ ეყვარება. ახლა ეს ძალიან გაჭირდება. ძროხა რომ გვყავდა სხვა იყო, სასიძოს პოვნა არ გაჭირდებოდა. აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც მის შერთვას მოინდომებდა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ ის ლამაზი ძროხა ჩაეგდო ხელში“, - ეს არის ციტატა მოთხრობიდან „ძალიან ღარიბები ვართ და იმიტომ“. ამ მოთხრობაში წყალდიდობა ღარიბი ოჯახის მოსავალს გაანადგურებს და იმ ძროხასაც გაიტაცებს, რომელსაც უმცროსი ქალიშვილი უნდა გაემზითვებინა და მეძაობისგან გადაერჩინა.

„ანწუხელიძე“

„ადამიანი გაბერილ ტიკს ჰგავს, არ იცის, როდის რა შემოუჩნდება და გასკდება. დღეს ვარ, ხვალ ვეღარ ვიქნები. ეგ მიხარია, რომ იქ გიორგის ვნახავ, მის სულს ჩავეხუტები.

რა იყო მისი ცხოვრება? სულ შრომაში და ტანჯვაში გალია.

მაგრამ, ეტყობა, გახარებულ კაცს არ რჩება სახელი ამქვეყნად.

მხოლოდ – მწუხარეს.

ეთერ ანწუხელიძე ვარ – გიორგი ანწუხელიძის მამიდა“.

„ანწუხელიძე - ომის ნამსხვრევები“ - ეს წიგნი გამოსცა „პალიტრა L“-მა. მასში გიორგი კეკელიძე ომის ამბებს აერთიანებს. აქ ყველა ის ომია, რომელიც საქართველომ დამოუკიდებლობის მერე გამოიარა. ამბებს ომის მონაწილეები ან მათი ახლობლები ჰყვებიან.

ეს ფრაგმენტიც ამ წიგნიდანაა:

„დაჭრილებისთვის ხელები შეუკრავთ და ცოცხლად დაუწვავთ ოთხივე.

სულ დაბინტული დამხვდა ჩემი ქმარი. სახეზე მინდოდა შემეხედა, მაგრამ არ დამანებეს.

გახსოვდეს ისეთი ლამაზი, როგორიც იყოო.

ჰოდა, ისეთი მახსოვს“.

ექიმი ომში

კიდევ ერთი საინტერესო წიგნი ჩეჩნეთის ომზე გამოსცა „არტანუჯმა“. ეს არის ხასან ბაიევის ავტობიოგრაფიული პროზა „ფიცი - ქირურგი ჩეჩნეთის ომის ქარცეცხლში“. ბაიევი ომის დროს ჩეჩნებსაც მკურნალობდა და რუსებსაც. ნახა და გადაიტანა ყველა ის სირთულე და საშინელება, რაც შეიძლება ომის დროს შეიძლება ნახო და გადაიტანო. იმის გამო, რომ ორივე მხარის დაჭრილებს მკურნალობდა, ორივე მხარემ მოღალატედ შერაცხა. ბოლოს იძულებული გახდა ამერიკაში თავშესაფარი ეთხოვა. მისი წიგნი ბევრ ქვეყანაშია გამოსული, მაგრამ არა რუსეთში.

„ყილოშტყებამის“ დაბრუნება

„არაბეთის ხენწიფე რდუ ბედინერი როსტევანი

კოჩი ჭკვერი, ჯარი ყუნდუ მანგარი დო მალიმარი“...

„ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად 60-იან წლებში ითარგმნა, მაგრამ სრულფასოვნად მხოლოდ ახლა გამოიცა.

ასევე ნახეთ

30 რამ, რაც „ვეფხისტყაოსანში“ ერთი შეხედვით არ ჩანს

„ეს არის კაკა ჟვანიას თარგმანი, უკვე კლასიკურ მემკვიდრეობად ქცეული. აქამდე ეს წიგნი მასშტაბურად არ გამოცემულა, მხოლოდ კუსტარულად იბეჭდებოდა. ბევრი რამ იყო ამის მიზეზი, მათ შორის ფობიები მეგრული ენისადმი, - ამბობს „ინტელექტის“ წარმომადგენელი ზვიად კვარაცხელია, - ეს თარგმანი ერთი მხრივ არის მეგრული ენის გამოცდა, მისი პოეტური შესაძლებლობების წარმოჩენა“.

„Question 7“

„გამოვეცით სტეფანო დ’არიგოს „მკვდარი სულების მყიდველი“. სტეფანო დ’არიგოს ეს ტექსტი ორი წლის წინ აღმოაჩინეს, მანამდე მასზე არავინ არაფერი იცოდა. ეს არის გოგოლის „მკვდარი სულების“ ფაბულაზე დაფუძნებული ტექსტი, ოღონდ იტალიური ელფერით“, - ამბობს „დიოგენეს“ გამომცემელი ნათია ღელეყვა.

თბილისის წიგნის დღეები

„დიოგენემ“ ასევე გამოსცა ბუკერის პრემიის ლაურეატი ავსტრალიელი მწერლის, რიჩარდ ფლენეგანის „მეშვიდე შეკითხვა“. ის პეპლის ეფექტზეა და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულსა და საპირისპირო მოვლენებს აკავშირებს. ავტორი მამაზე წერს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელების ტყვეობაში იმყოფებოდა, მხოლოდ მაშინ გათავისუფლდა, როდესაც ამერიკამ იაპონიაში ატომური ბომბი ჩამოაგდო. პეპლის ეფექტიც ამაშია - ერთი მხრივ, ათასობით ადამიანი დაიღუპა, მაგრამ გადარჩა მამამისი, რამაც შესაძლებელი გახადა თავად რიჩარდ ფლენეგანის დაბადებაც.

გამოიცა ბრიტანელი მწერლისა და ნევროლოგ ოივერ საკსის ორი ახალი თარგმანიც: „ანთროპოლოგი მარსზე“ და „ხილული ხმები“.

„ხილული ხმები“ ეძღვნება ყრუ ადამიანების სამყაროს და ჟესტების ენას, როგორც სრულფასოვანი და კომპლექსური ენის ისტორიასა და მნიშვნელობას.

მეორე წიგნში კი - „ანთროპოლოგი მარსზე“ - ოლივერ საკსი კლინიკურ შემთხვევებზე წერს: აუტიზმზე, ტურენტის სინდრომზე, მხედველობის უცნაურ ნიჭზე... განხილულია 7 რეალური ამბავი, მათ შორის ის ჰყვება ამერიკელ მეცნიერ ტემპლ გრანდინზე, რომელიც მაღალფუნქციური აუტისტი იყო და პირუტყვის დასაკლავი და მოსავლელი ფერმების დიზაინში რევოლუცია მოახდინა.

ტემპლ გრანდინზე 2010 წელს HBO-მ ბიოგრაფიული ფილმიც გადაიღო („ტემპლ გრანდინი“), რომელმაც უამრავი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ემი“ და „ოქროს გლობუსი“.