სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან და გლობალურ ბაზრებთან ვიწრო საზღვაო გასასვლელი, ჰორმუზის სრუტე ომანის ყურისა და არაბეთის ზღვის გავლით აკავშირებს. ჰორმუზის მსგავსად ბაბ ელ-მანდების სრუტე ერთადერთი არხია, საიდანაც ადენის ყურით გავლით, გემები წითელი ზღვიდან ინდოეთის ოკეანეში გადადიან. ბაბ ელ-მანდების იემენურ სანაპიროს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთი მეამბოხეების დაჯგუფება აკონტროლებს.
"ჰუთებისგან მომავალი საფრთხე არსად წასულა"
შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ეს დაჯგუფება წარსულში არაერთხელ დასხმია თავს საერთაშორისო საზღვაო მარშრუტებს. ჰუთები ირანის მიერ მხარდაჭერილ პროქსი ძალებს შორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაჯგუფებად მიიჩნევა, თუმცა ისინი ამ დრომდე არ ჩართულან 28 თებერვალს დაწყებულ კონფლიქტში.
ჰუთებისგან მომავალი საფრთხე არსად წასულა და ძალიან რეალურია...გრეგორი ბრიუ
ექსპერტების შეფასებით, ჰუთების გააქტიურება წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ საერთაშორისო ბაზრებზე შოკის მორიგ ტალღას გამოიწვევს.
"ჰუთებისგან მომავალი საფრთხე არსად წასულა და ძალიან რეალურია", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში გრეგორი ბრიუ, Eurasia Group-ის, უფროსი მკვლევარი.
თუ ჰორმუზის სრუტეში ყოველდღიურად ნავთობის გლობალური საზღვაო ექსპორტის 20% მოძრაობდა, ბაბ ელ-მანდების სრუტის გავლით გადატანილი ნავთობი 6%-ს უტოლდება.
მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორმა საუდის არაბეთმა ომის დაწყების შემდეგ მილიონობით ბარელი ნავთობის ექსპორტი სპარსეთის ყურიდან დასავლეთ-აღმოსავლეთის მილსადენის მეშვეობით წითელი ზღვისკენ გადაამისამართა.
"ნავთობის ექსპორტისთვის ბევრი ტანკერი უკვე წითელი ზღვის ტრანზიტით სარგებლობს", - ამბობს გრეგორი ბრიუ. საუბარია საუდის არაბეთის პორტ იანბუზე, რომელიც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის ერთადერთი ალტერნატიული გზაა. ექსპერტების შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ალტერნატიული მარშრუტია, რომლის ბლოკირების შემთხვევაშიც სპარსეთის ყურის ქვეყნების ნავთობის ექსპორტი სრულად შეწყდება.
"თუ ჰუთები გადაწყვეტენ თავს დაესხან პორტ იანბუს და ამას მოახერხებენ, შეფერხდება ყოველდღიურად დაახლოებით 7 მილიონი ბარელი ნავთობის ექსპორტი. შედარებისთვის, რუსეთის მთლიანი ექსპორტი დღეში დაახლოებით 6.6 მილიონი ბარელია.
ასევე ნახეთ ირანის ფლოტი დიდწილად განადგურებულია, ჰორმუზის სრუტე საფრთხის ქვეშ რჩება - ვხსნით რატომ"თითი ჩახმახზე"
ჰუთები ამ დრომდე არ ჩართულან მიმდინარე ომში, თუმცა დაჯგუფების ლიდერმა, აბდულ მალიქ ალ-ჰუთიმ თქვა, რომ ისინი მზად არიან იერიშისთვის, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლიან.
"სამხედრო ესკალაციასთან დაკავშირებით ჩვენ თითები ჩახმახზე გვაქვს, ჩვენ მზად ვართ მოქმედებისთვის, რა წამსაც ამას მოითხოვს ვითარება", - განაცხადა ალ-ჰუთიმ 5 მარტს გავრცელებულ სატელევიზიო მიმართვაში.
ვფიქრობ, ჰუთების ფისკალური და სამხედრო მდგომარეობა მათ უბიძგებს თავი აარიდონ მასშტაბურ სამხედრო ესკალაციას...გრეგორი ბრიუ
ირანის სახელმწიფო უწყებებთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო ფარსი 12 მარტს წერდა, რომ ჰუთები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან ჩაერთონ კონფლიქტში, რაც მათი თქმით, ბაბ ელ-მანდების სრუტეს დაბლოკავს.
ჯერჯერობით, ბოლომდე გაურკვეველია რატომ არ ჩაერთნენ მიმდინარე კონფლიქტში ჰუთები ამ დრომდე: ეს ირანთან შეთანხმებული გადაწყვეტილებაა, თუ დაჯგუფების დასუსტებით გამოწვეული შედეგი.
გასული წლების განმავლობაში, ისრაელისა და შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად დაასუსტა ჰუთები და გაანადგურა მათი სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჰუთების წინააღმდეგ კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ჰამასთან სოლიდარობის ნიშნად ისრაელს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. პარალელურად მათ დაიწყეს ბაბ ელ-მანდების სრუტეში გამავალ გემებზე თავდასხმები.
ასევე ნახეთ წითელი ზღვის კრიზისი: რატომაა იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გვგონიათითქმის 2-თვიანი საჰაერო კამპანიის შემდეგ, 2025 წლის მაისში დაჯგუფებამ შეერთებულ შტატებთან ზავი გააფორმა.
ჰუთები ერთ-ერთია რეგიონში ირანის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის, თუმცა იმავე ჰეზბოლისგან განსხვავებით ისინი გაცილებით უფრო მეტ ავტონომიას ინარჩუნებენ.
"მნიშვნელოვანი ბერკეტი"
ჰუთები ირანისგან განსხვავებული შიიზმის დოქტრინის მიმდევრები არიან და ჰეზბოლასა და ირანის მარიონეტული ერაყული დაჯგუფებებისგან განსხვავებით ფორმალურად არ ექვემდებარებიან ირანის უმაღლეს სასულიერო ლიდერს. აქედან გამომდინარე, მათ არ ჰქონდათ რელიგიური ვალდებულება ჩართულიყვნენ ომში ალი ხამენეის მკვლელობის საპასუხოდ.
მათი თავშეკავება უფრო სწორი მომენტის მოლოდინს უკავშირდება, ვიდრე ომში არ ჩართვის სურვილს...აჰმედ ნაგი
"ვფიქრობ, ჰუთების ფისკალური და სამხედრო მდგომარეობა მათ უბიძგებს თავი აარიდონ მასშტაბურ სამხედრო ესკალაციას. ისრაელისა და აშშ-ს საჰაერო დარტყმების შედეგად მათ დიდი ზიანი მიადგათ, ჰუთებს უჭირთ ჯარისკაცებისთვის ხელფასების გადახდა"- ამბობს გრეგორი ბრიუ.
თუმცა, საერთაშორისო კრიზის ჯგუფის ექსპერტი იემენის საკითხებში, აჰმედ ნაგის აზრით, ჰუთების პასიურობა ირანთან შეთანხმებული, შეგნებული გადაწყვეტილებაა.
"ყველა ფრონტის ერთდროულად გააქტიურების ნაცვლად, როგორც ჩანს ირანი ეტაპობრივი ესკალაციის გზას ირჩევს და ჰუთები ჯერჯერობით რეზერვში ჰყავს. ამ თვალსაზრისით, ჰუთები ირანის ხელში მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს, რომლის ამოქმედებაც მოგვიანებით, უფრო ფართო ეკონომიკური წნეხის პროეცირებისთვის შეუძლიათ"- ამბობს აჰმედ ნაგი.
ექსპერტის აზრით, ამგვარად ირანი ესკალაციის რესურსს ინარჩუნებს.
"თუ კი ირანზე სამხედრო წნეხი გაიზრდება და ომი უფრო კრიტიკულ ფაზაში გადავა, იემენის შიდა ფრონტზე პოტენციური პრობლემების მიუხედავად ჰუთები შესაძლოა მაინც ჩაერთონ კონფლიქტში. მათი თავშეკავება უფრო სწორი მომენტის მოლოდინს უკავშირდება, ვიდრე ომში არ ჩართვის სურვილს", - ამბობს აჰმედ ნაგი.
ასევე ნახეთ “ირანი ახლა ჰგავს სახლს, რომელსაც სახურავი აღარ აქვს“ - მაიკლ ნაითსი