ბათუმი-სარფის ახალ გზას ჩინური კომპანია ააშენებს

ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს შეუერთდება და თურქეთის საზღვრამდე მივა.

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group-თან გაფორმდება. ამის შესახებ მთავრობის 4 სექტემბრის განკარგულებიდან გახდა ცნობილი.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ჩინურ კომპანიას შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება მოიწონა.

მთავრობამ ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით აზიის განვითარების ბანკთან 306,6 მილიონი ევროს საკრედიტო შეთანხმება 2025 წლის ოქტომბერში გააფორმა, რის შემდეგაც საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. სამშენებლო სამუშაოებისთვის 48 თვეა განსაზღვრული.

ბათუმი-სარფის პროექტი 11,3-კილომეტრიანი ორზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. მისი მთავარი ნაწილი 7,6-კილომეტრიანი გვირაბი იქნება, რომელიც ახალსოფლის ტერიტორიიდან სარფამდე გაივლის. ასევე დაგეგმილია სამი ხიდის, მათ შორის 1,47-კილომეტრიანი ვიადუკისა და 500-მეტრიანი ნაპირდამცავი ნაგებობის მშენებლობა.

ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს შეუერთდება და თურქეთის საზღვრამდე მივა.

ასევე ნახეთ

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ China Railway Tunnel Group-ი თბილისის შემოვლითი მაგისტრალის წიწამური-ავჭალის 7,3-კილომეტრიან მონაკვეთსაც ააშენებს. კონტრაქტის ღირებულება 499.15 მილიონი ლარია, სამუშაოების დასრულების ვადა კი 36 თვე.

China Railway Tunnel Group-ი საქართველოში უკვე მუშაობს ქვეშეთი-კობისა და სტეფანწმინდა-გველეთის პროექტებზე. ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში კომპანიამ 9-კილომეტრიანი გვირაბი გაიყვანა, ხოლო სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთზე ორი გვირაბისა და ორი ხიდის მშენებლობაა გათვალისწინებული.