ბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი თურქეთის სანაპიროსთან ავარიულად დაეშვა, ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი გადარჩა

ბათუმიდან გაფრენილმა კერძო, მცირე ზომის თვითმფრინავმა ტექნიკური გაუმართაობის გამო თურქეთის რიზეს პროვინციის სანაპიროსთან ზღვაზე ავარიული დაშვება განახორციელა.

ინფორმაციას თურქული მედია, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT ავრცელებს.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ორდუ-გირესუნის აეროპორტის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე ორი ადამიანი იმყოფებოდა. თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ორივე გადაარჩინეს და შემოწმების მიზნით ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს.

რიზეს გუბერნატორის, იჰსან სელიმ ბაიდაშის განცხადებით, თვითმფრინავში მყოფები ბელგიის მოქალაქეები, 55 და 69 წლის მამაკაცები იყვნენ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გუბერნატორის თქმით, თვითმფრინავთან კავშირის დამყარების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მას ტექნიკური პრობლემა ჰქონდა. თვითმფრინავმა აეროპორტამდე მისვლა ვერ შეძლო და ზღვაზე ავარიულად დაეშვა.

მისივე განცხადებით, ბორტზე მყოფთა პირველადი ინფორმაციით, ავარიული დაშვების მიზეზი ძრავის გაუმართაობა იყო.

ასევე ნახეთ

თბილისში რეისი შეასრულა აშშ-ის მიერ 8 სექტემბერს სანქცირებულმა Sepehran Airlines-მა

თურქეთის შესაბამისი უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაციაში სანაპირო დაცვის ერთი გემი, ორი კატარღა და ერთი მყვინთავთა ჯგუფი ჩაერთო. თვითმფრინავი მაშველებმა ზღვის ზედაპირზე იპოვეს, ხოლო ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი გონზე იყო.