„საფრთხის შემცველი იყო“ - ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამარ მაყაშვილის რეპერტუარიდან მოხსნაზე

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მსახიობ თამარ მაყაშვილის დარჩენა თეატრში, მისი საჯარო განცხადების შემდეგ, საფრთხის შემცველი გახდა.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნუკრი ქანთარია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ თეატრის რეპერტუარიდან მსახიობის მოხსნა საუკეთესო გამოსავალი იყო.

„​​...აქ ძალიან მგრძნობიარე რეგიონია და საკმაოდ მაღალი ტემპერატურა შეინიშნებოდა, შესაძლოა ჩვენს სპექტაკლებსაც შექმნოდა საფრთხე და ჩვენ ეს არ გვინდოდა. საერთოდ, როცა ძალიან დაიძაბა სიტუაცია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მორალური ვალია განზე არ ვიყოთ ამ პროცესებში და ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ“, - თქვა ნუკრი ქანთარიამ.

ბათუმის თეატრის ხელმძღვანელი მიღებულ გადაწყვეტილებას „დროებით ღონისძიებას“ უწოდებს და არ გამორიცხავს, მომავალში ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობთან თანამშრომლობა აღადგინოს.

ბათუმის დრამატული თეატრის ფეისბუკგვერდზე 1 ნოემბერს გამოქვეყნდა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის, თამარ მაყაშვილის "შეურაცხმყოფელი შინაარსის" გამონათქვამს:

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები. აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსახიობ თამარ მაყაშვილის თეატრალური სეზონიდან მოხსნის მიზეზი გახდა 31 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ინტერვიუს დროს გამოთქმული მოსაზრება. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ აცმევდა თავის შვილებს ბავშვობაში.

არასდროს ვაცმევდი ამ რაღაც სულელურ კაბებს, იმ დღეს გავიხედე და კატოს (თამარ მაყაშვილის შვილიშვილი - რ.თ.) არ აცვია ხულელი ბავშვივით რაღაცა საშინელი ბეშუმური კაბა? ცისარტყელა, ბეშუმური“, - თქვა თამარ მაყაშვილმა „იმედის“ ეთერში.

მსახიობის ნათქვამს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა და მისი გამონათქვამის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო. მათ შორის აქტიურობდნენ აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები და მათთან დაკავშირებული პირები. საზოგადოების ნაწილი მსახიობისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილი კი ფიქრობდა, რომ იგი კიდევ უფრო მკაცრად უნდა დასჯილიყო.

1 ნომბერს მსახიობმა სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა და შემდეგ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერითაც თქვა, რომ ნანობს და ბოდიშს იხდის.

თუმცა, მსახიობის წინააღმდეგ ფეისბუკკამპანია გაგრძელდა.

არა მარტო ბათუმის დრამატული თეატრიდან, ასევე ყველა თეატრმა უნდა შეუჩეროს საქმიანობა დედასაც და შვილსაც. ასევე ტელეკომპანია „იმედმა“ შეუწყვიტოს საქმიანობა ჟურნალისტებს, ხაზარაძეს და ჯაჯანიძეს. კარგი იქნება, თუ ათი წლით აეკრძალებათ ჟურნალისტური საქმიანობა“, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მთავარი რეჟისორი, როინ სურმანიძე თავის ფეისბუკგვერდზე.

მივესალმები ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას ქალბატონ თამარ მაყაშვილთან დაკავშირებით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი აჭარის შეურაცხყოფა არავის არასოდეს ეპატიება“, - დაწერა ფეისბუკგვერდზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილმა.

ლადო მგალობლიშვილის ფეისბუკპოსტის სქრინშოტი

არ ველოდი ასეთ გადაწყვეტილებას......... ვფიქრობ ძალიან გადამეტებული რეაქციაა“, - წერს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მაია ცეცხლაძე.

მაია ცეცხლაძის ფეისბუკკომენტარის სქრინშოტი

უაღრესად ცუდია, რომ ჩვენ, ერთი შეხედვით მიმტევებელმა ერმა, წინდაუხედავ სიბეცეს და შეცდომას, მსგავსი ფორმით ვუპასუხეთ. ბოდიში არის ბოდიში და ვიღაცას თუ ტონი არ მოსწონს ან ნაკლები ცრემლი ურევია ხმაში და მაგის გამო ესეთ პასუხს ვცემთ - ესეც გადამეტებულია.

თეატრი ჩემთვის ის სივრცე და ადგილია, სადაც ზნეობას, კულტურას და მიტევებას უნდა ვსწავლობდეთ, გამიკვირდა ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება...

P.S. და ვისაც გიხარიათ, ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვება გიხარიათ? მსახიობი თეატრის გარეშე? ეს ის შემთხვევაა, როცა "სამართალმა პური ჭამა" ზედმეტი მოუვიდა და უკან ამოაბრუნა“, - წერს პოეტი როი აბუსელიძე.

როი აბუსელიძის ფეისბუკპოსტის სქრინშოტი

თეატრის ხელმძღვანელს მსახიობთან კონტრაქტის შეწყვეტა "შეუსაბამოდ მკაცრად" არ მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ასე ფიქრობს დრამატული თეატრის არაერთი მსახიობი.

„ეგ გასაგებია, ზოგს მოეწონა და ზოგს არა [ჩემი გადაწყვეტილება], მაგრამ მე ჩავთვალე ვალდებულად ჩემი თავი, რომ რეაგირება გამეკეთებინა და ასეც მოხდა. როცა რაღაცა დისკრიმინაციული კეთდება ჰოლივუდში, მსახიობებს ფილმებიდანაც კი ამოჭრიან ხოლმე. ჩვენ დროებითი ღონისძიება მივიღეთ“, - ამბობს ნუკრი ქანთარია.

მსახიობმა თამარ მაყაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ბათუმის დრამატული თეატრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, იგი რამდენიმე დღეში გამოეხმაურება ამ გადაწყვეტილებას.