აქტივისტი ბაია მარგიშვილი პროკურორების შეურაცხყოფისთვის დააჯარიმეს, ის გადახდას არ აპირებს და დაპატიმრებას ელოდება

ფოტოილუსტრაცია: ბაია მარგიშვილი

ადმინისტრაციული წესით ორჯერ დაპატიმრებული და მოსამართლის შეურაცხყოფაში ბრალდებული აქტივისტი ბაია მარგიშვილი კიდევ ერთ საქმეზე დააჯარიმეს 3 500 ლარით. მას პროკურატურის თანამშრომლების შეურაცხყოფას ედავებოდნენ. ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 2026 წლის 10 მარტს მიიღო. ბაია მარგიშვილი სხდომას არ დასწრებია.

მის წინააღმდეგ საჩივარი პროკურატურის თანამშრომლებმა საქალაქო სასამართლოში 2026 წლის 27 თებერვალს შეიტანეს.

ბაია მარგიშვილი რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ ეს საჩივარი უკავშირდება ასევე მის საჩივარს, რომლითაც პროკურატურას მიმართა და მასზე სექსუალური ძალადობის შესახებ აცნობა.

მარგიშვილმა საქმის გამოძიების მოთხოვნით, სამართალდამცავ უწყებებს 2 წლის წინ მიმართა. თუმცა ამბობს, რომ ეფექტური და სწრაფი გამოძიება არ ჩატარებულა.

„ვადასტურებ, რომ შეურაცხყოფა მივაყენე, დიახ, შევაგინე. ძალიან გამანერვიულეს, ორი წელია საქმეს არ იძიებენ და ნაბიჯებს არ დგამენ. მაქვს განწყობა, რომ საქმეს ფარცხავენ, არ ვიცი - რატომ. ვინაიდან უკმაყოფილო ვიყავი, არაერთხელ მოვითხოვე საქმის გამომძიებლების შეცვლა და არაეფექტური გამოძიების გამო პრეტენზიით გენერალურ ინსპექციასაც მივმართე“, - თქვა მან.

  • ბაია მარგიშვილს სავარაუდო ძალადობის ეპიზოდზე დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ აქვს, თუმცა გამოძიება დაწყებულია და ამ დრომდე მიმდინარეობს.

    მაია მარგიშვილის განმარტებით, მის სამართალდამრღვევად ცნობას შეურაცხყოფის გამო, ითხოვენ სწორედ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება/ზედამხედველობაში ჩართული პირები.

    შეურაცხყოფის მიყენებას მას პროკურატურის სამი თანამშრომელი ედავებოდა:
  • გიორგი დოლაკიძე - ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი;
  • ირაკლი ცირეკიძე - გენერალური პროკურატურის გენინსპექციის პროკურორი;
  • ანა გამეზარდაშვილი - ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი.


ბაია მარგიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს, ისევე როგორც არ გადაიხდის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ გირაოს მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მას მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან.

რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

გასული წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ განიხილა ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი საქმე - პოლიცია მას პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

იმ დღეს, სანამ ცეკვავა 14-დღიან პატიმრობაში გაუშვებდა, ახალგაზრდა ქალი მოსამართლემ 200 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გააძევა - მან არ შეასრულა მოთხოვნა, დამჯდარიყო მხარეებისთვის გამოყოფილ სკამზე.

„თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია...“ - თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა.

ბაია მარგიშვილი იმავე დღეს, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დააკავეს სასამართლოს ჭიშკართან.

მეორედ კი - მორიგ ჯერზე პატიმრობა შეუფარდეს, 5-დღიანი. ამჯერად გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

„გირაოს გადახდის ვადა ხვალ თუ ზეგ გადის, არ ვაპირებ გადავიხადო, აბა, ვნახოთ, როგორ დამაკავებენ“, - ამბობს ის და ამატებს, რომ ზვიად ცეკვავას შეურაცხყოფის საქმეს ის განყოფილება განიხილავს, რომელმაც მას შეურაცხყოფისთვის უჩივლა და დღეს დააჯარიმეს კიდეც.