რა შეიცვალა?
2026 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ხელმოწერილი ბრძანება. ახალი წესი 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ზოგიერთ საბანკო ოპერაციას ორი დღით, ანუ 48 საათით, უჩერებს.
ყველა გადარიცხვას ეხება?
- არა. გადარიცხვა უნდა იყოს დაკავშირებული თაღლითობის მაღალი რისკის პროფილის საქმიანობებთან და გადასარიცხი თანხა უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.
რა ითვლება მაღალი რისკის გადარიცხვად?
ასეთი სფერო ოთხია:
- ონლაინ სავაჭრო, ე.წ. ფორექსი;
- საინვესტიციო;
- სათამაშო ბიზნესი;
- ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული გადარიცხვები.
რა საფრთხე შეიძლება იმალებოდეს ასეთი გადარიცხვების მიღმა?
#1. ე.წ. ფორექსი
ონლაინ სავაჭრო, ე.წ. ფორექსი Forex (Foreign Exchange) არის საერთაშორისო სავალუტო ბაზარი, სადაც ვალუტების კურსის ცვლილებაზე ვაჭრობენ.
მაგალითად, ადამიანს უკავშირდება პირი და ეუბნება: „ფორექსზე ვვაჭრობთ, ჩარიცხე 500 ლარი და ჩვენი პროფესიონალი ტრეიდერი შენ ნაცვლად გაზრდის თანხას".
ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი თანხას რიცხავს სავაჭრო პლატფორმაზე. თავდაპირველად შესაძლოა აპლიკაციაში ეჩვენებოდეს, რომ თანხა იზრდება, მაგრამ შემდეგ თანხის გამოტანას ვეღარ ახერხებს ან დამატებით „საკომისიოს/გადასახადს“ სთხოვენ.
ანუ გამოდის, რომ პლატფორმა შეიძლება საერთოდ არ ვაჭრობდეს და კლიენტთან ასახული მოგებაც ყალბი იყოს.
#2. საინვესტიციო საქმიანობა
ეს ნიშნავს ფულის ჩადებას იმის იმედით, რომ მომავალში მოგებას მიიღებ.
მაგალითად, სოციალურ ქსელში შეიძლება შემოგხვდეთ რეკლამა: „ჩადე 1000 ლარი და თვეში 20% მოგებას მიიღებ". ადამიანს არწმუნებენ, რომ თანხა საინვესტიციო ანგარიშზე ჩარიცხოს.
რეალურად კი, შესაძლოა საერთოდ არ არსებობდეს ნამდვილი საინვესტიციო შესაძლებლობა. მსხვერპლის თანხა მიდის თაღლითთან, ხოლო თაღლითობის სამიზნე ყალბ „მოგების“ მონაცემებს ხედავს. თანხის გამოტანის მცდელობისას ახალი მოთხოვნები ჩნდება.
#3. სათამაშო ბიზნესი
სათამაშო ბიზნესში აზარტული თამაშები და ფსონები იგულისხმება, მაგალითად:
- ონლაინ კაზინოში თანხის შეტანა;
- ონლაინ სლოტებზე თამაში;
- სპორტულ ფსონზე თანხის დადება;
- პოკერის ონლაინ პლატფორმაზე ანგარიშის შევსება.
თუ 60+ ასაკის ხართ და საბარათე ოპერაციით 800 ლარს რიცხავ ონლაინ კაზინოს ანგარიშზე, ასეთი ოპერაცია შეიძლება დამატებით შემოწმდეს.
#4. კრიპტო
ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობაში კრიპტოაქტივები იგულისხმება. მათ შორის, მაგალითად:
- Bitcoin-ის, Ethereum-ის ან სხვა კრიპტოვალუტის ყიდვა;
- თანხის შეტანა კრიპტობირჟაზე;
- კრიპტოვალუტის გაცვლა;
- კრიპტოსაფულის შევსება.
მაგალითად, შეიძლება თქვენც მიგიღიათ მსგავსი შემოთავაზება: „კრიპტოში ინვესტირებით ყოველდღიურად 5-10%-ს გამოიმუშავებ. მე შენს ანგარიშს ვმართავ“.
მსხვერპლი კრიპტოვალუტას ან ფულს აგზავნის მითითებულ საფულეზე/პლატფორმაზე. შემდეგ შეიძლება ვეღარ დაიბრუნოს თანხა, რადგან მიმღები ყალბი პლატფორმა ან თაღლითია.
MCC კოდი
„რისკიანი“ გადახდების ჩამონათვალში ის სფეროები მოხვდა, რომლებშიც ბანკი თაღლითობის შედარებით მაღალ რისკს ხედავს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ მიზნებით განხორციელებული ყველა გადარიცხვა ავტომატურად არ არის თაღლითობა - უბრალოდ, გარკვეული პირობების არსებობისას, ბანკს აქვს უფლება, ტრანზაქცია დამატებით გადაამოწმოს.
მაგალითად, თუ 60 წელს გადაცილებული მოქალაქე რეალურ და კანონიერ საინვესტიციო კომპანიაში 1000 ლარს გადარიცხავს, მხოლოდ ის, რომ ოპერაცია საინვესტიციო საქმიანობას უკავშირდება, არ ნიშნავს, რომ ის თაღლითობის სავარაუდო მსხვერპლია.
ასეთი გადახდები ბანკმა უნდა ამოიცნოს სპეციალური MCC კოდით. ეს არის 4-ნიშნა კოდი, რომლითაც საბარათე სისტემა (მაგ. Visa ან Mastercard-ი) განსაზღვრავს, რა ტიპის საქმიანობას ეწევა ის კომპანია/მოვაჭრე, რომელსაც თანხას უხდით.
„ეს კონკრეტული კატეგორია ამ ბრძანების ამოქმედებამდეც ითვლებოდა მაღალი რისკის კატეგორიის ორგანიზაცია-კომპანიად… ეს არის კრიპტობირჟები, ეს არის ეგრეთ წოდებული საინვესტიციო, საბროკეროები და ასევე ე.წ. გემბლინგმერჩანტები. მსგავსი ტიპის დაწესებულებებში ონლაინტრანზაქციები ყოველთვის უფრო ვრცელ მონიტორინგს ექვემდებარებოდა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან "საქართველოს საბანკო ასოციაციის" კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი ინგა ქარჩავა.
როგორ იქცევა ბანკი ახალი წესებით?
ბანკი/საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია, ოპერაცია ავტომატურად კი არ გააუქმოს, არამედ 48 საათით შეაჩეროს.
რა ხდება შეჩერების შემდეგ?
პროცესი ასე წარიმართება:
პირველივე შესაძლებლობაზე ბანკი მომხმარებელს უკავშირდება და ამოწმებს, ვინმე ხომ არ იყენებს მის ანგარიშს, აზუსტებს დანამდვილებით თუ იცის, სად რიცხავს ფულს და იაზრებს თუ არა შესაძლო შედეგებსა და რისკებს.
- თუ კლიენტი დაადასტურებს, რომ ოპერაციის შესრულება სურს, ბანკი ვალდებულია ფული გადარიცხოს;
- თუ მომხმარებელი უარს იტყვის, ოპერაცია აღარ შესრულდება;
- თუ 48-საათიანი შეჩერების პერიოდში ბანკი მომხმარებელს ვერ დაუკავშირდება, ოპერაცია არ შესრულდება.
მომხმარებელს შეუძლია მოგვიანებით იგივე ოპერაცია ხელახლა დააინიციიროს.
გაურთულებს თუ არა ახალი რეგულაციები საქმეს კომერციულ ბანკებს, გაეზრდებათ თუ არა მათ ხარჯები?
ბანკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ თაღლითობის პრევენციისთვის საფინანსო ინსტიტუტებს ისედაც ჰქონდათ შემუშავებული კონტროლის დამატებითი მექანიზმები.
„უკვე არსებობს თაღლითური შემთხვევების პრევენციისთვის გარკვეული მექანიზმები, პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური საშუალებები, რომლითაც ბანკი უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლების ტრანზაქციების და ანგარიშების უსაფრთხოებას, ესეც ერთ-ერთი წესი იქნება“, - ამბობს ინგა ქარჩავა.
ბანკების ასოციაცია ბოლო ერთი წელია პერიოდულად აქვეყნებს სტატიებს და მომხმარებლებს სოციალურ ქსელსა თუ სხვა ინტერნეტპლატფორმებზე კიბერთაღლითობაზე აფრთხილებს.
არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ნომერ პირველ პრობლემად რჩება ე.წ. ფიშინგი.
ქართული მაგალითები
- 2022 წელს თაღლითები ონლაინ ყიდულობდნენ ნივთებს, საფასურის ჩასარიცხად კი WhatsApp-ზე ბმულს აგზავნიდნენ და ბარათისა და სხვა პირადი მონაცემების იქ შეყვანას სთხოვდნენ, რითაც საბანკო ანგარიშებს სწვდებოდნენ. ეროვნული ბანკი ამას „ფიშინგის“ ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას უწოდებს.
- თაღლითები სოციალური ინჟინერიით ადამიანებს არწმუნებდნენ, ტელეფონში ან სხვა მოწყობილობაში სპეციალური დისტანციური მართვის პროგრამა [anydesk-ი] დაეყენებინათ. იყო შემთხვევები, როდესაც ამის შემდეგ თაღლითებმა ბანკების კლიენტების სახელით სესხი/კრედიტი გაააქტიურეს, დეპოზიტი ვადამდე შეწყვიტეს და თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხეს.
"ფიშინგი" არის კიბერთაღლითობის ტიპი, როცა თაღლითები ადამიანს ატყუებენ, რათა მან თავად გაამჟღავნოს პაროლი, საბანკო მონაცემები, SMS-კოდი ან სხვა პირადი ინფორმაცია.
მაგალითად, შეიძლება გამოგიგზავნონ ყალბი ბმული, რომელიც ბანკის ნამდვილ გვერდს ჰგავს. ადამიანი შედის, შეჰყავს მონაცემები ან მიღებული კოდი, რასაც თაღლითები ანგარიშზე წვდომის მისაღებად იყენებენ.
„დღეს ბევრს სოციალური მედია ღია აქვს - საჯაროდ წერენ სად არიან, დროს როგორ ატარებენ, რა უყვართ, რა უხარიათ. ამიტომ შეგვიძლია ეს ინფორმაცია უცებ მოვაგროვოთ და მასზე მორგებული ფიშინგ-კამპანია განვახორციელოთ, ვთქვათ, SMS სახით, სადაც რეალურობასთან მიახლოებული, იმდენად რეალობასთან მიახლოებული სცენარია, რომ მიმღებს ეჭვიც არ შეაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს თაღლითური სქემა.
აქ საყურადღებო არის ის, რომ თვითონ მოტყუებული ადამიანი უზიარებს თავის ინტერნეტბანკში შესასვლელ მონაცემებს ან, სამწუხაროდ, საბარათე მონაცემებს, რომელიც არის ბარათის სრული ნომერი, ვადა და ვერიფიკაციის კოდი და იმას არ ფიქრობს, რომ დაუცველ ყალბ ვებგვერდზე შეჰყავს, რაც ხილულია თაღლითისთვის“, - განმარტავს ინგა ქარჩავა.
Your browser doesn’t support HTML5
ინტერნეტთაღლითობა და ბანკი - საუბრობს ინგა ქარჩავა, საქართველოს საბანკო ასოციაციის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი
64 წლის ფიზიკის მასწავლებელი თამაზ წიკლაური, სავარაუდოდ, „ფიშინგის“ სქემის მსხვერპლი გახდა. 2026 წლის 1 ივლისს მან ინტერნეტბანკში შესვლა სცადა, თუმცა ვერ შეძლო. ამ პროცესში ტელეფონზე მიღებული კოდი შეიყვანა, რის შემდეგაც თაღლითებმა მის ანგარიშებზე წვდომა მიიღეს.
მისი სახელით გაიცა 28 620-ლარიანი სესხი, საიდანაც თანხის ნაწილი და მისი ბოლო ხელფასი უცნობ ანგარიშებზე გადაირიცხა. ბანკმა 14 ათასი ლარის დაბლოკვა შეძლო, თუმცა წიკლაურს დარჩა 4-წლიანი სესხის ვალდებულება. გამოძიება დაწყებულია, ხოლო ეროვნული ბანკი საქმის ტექნიკურ და სამართლებრივ გარემოებებს სწავლობს.
ასევე ნახეთ
როგორ გახდა ქართველი მასწავლებელი კიბერთაღლითების მსხვერპლი - მისი სახელით სესხი აიღესდაიცავდა ახალი რეგულაციები თამაზ წიკლაურს?
თაღლითობის ამ ფორმას პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციები პირდაპირ ვერ პასუხობს, ვერ აკონტროლებს ონლაინშესყიდვებს და მხოლოდ გადარიცხვებზეა პასუხისმგებელი.
ასეთ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო ჩანაწერი, რომელიც ბანკებს ავალდებულებს, გამოავლინონ მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება.
რას ნიშნავს ეს?
„თქვენი, როგორც გადამხდელის ქცევაზე დაყრდნობით, ბანკებში იქმნება ერთგვარი გადახდის პროფილი. ვთქვათ, ინგას თავისი გადახდის პროფილი აქვს იმიტომ, რომ კონკრეტულ მაღაზიებში იხდის ხოლმე და პერიოდულად წლის განმავლობაში იქმნება „ჩემი გადამხდელის პროფილი“ - თქვენთვის ტიპიური პროფილი. ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც მიმართულია კონკრეტული თაღლითური შემთხვევების შემცირებისთვის, გულისხმობს იმას, რომ თუკი მომხმარებლის გადახდის პროფილში და ქცევაში ატიპიური ქცევა დაფიქსირდა, ბანკმა ყურადღება მიაქციოს.
პირველი, რომ მე [იგულისხმება ბანკი - რ.თ.] მაქვს ტექნიკური საშუალება, რომ ამის იდენტიფიცირება მოვახდინო, ეს ერთი და მეორე, დავუკავშირდე ბენეფიციარს და ვუთხრა, რომ თქვენთვის უჩვეულო საგადახდო აქტივობა დაფიქსირდა“, - ამბობს ინგა ქარჩავა.
2026 წლის მხოლოდ პირველ ექვს თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროში კიბერდანაშაულის მუხლით 280 საჩივარი შევიდა. საჯაროდ გამოქვეყნებული სტატიკიდან შეუძლებელია გარკვევა, აქედან რამდენი ეხება ონლაინთაღლითობებს.
ასეთ დავებს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების კომისიაც განიხილავს. ამ კომისიაზე ხვდება ისეთი საქმეები, რომლებშიც მომჩივანი მომხმარებელია, მოპასუხე კი ფინანსური ინსტიტუტები.
კომისია დამოუკიდებელი ორგანოა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზეა შექმნილი. მომხმარებელი უფლებამოსილია, საჩივრით მიმართოს ამ კომისიას იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა საგადახდო ბარათით, ინტერნეტ-ბანკიდან, მობაილ-ბანკიდან და სხვა განხორციელებულ არაავტორიზებულ (მისი თანხმობის გარეშე განხორციელებულ) ოპერაციებს, გადახდის ოპერაციის შესრულების ვადის დარღვევას, არასწორად შესრულებულ ოპერაციას, ოპერაციის საკომისიოს არასწორად ჩამოჭრას და სხვა მსგავს შემთხვევას.
სების ცნობით, მხოლოდ აგვისტოში 150 საჩივარი მიიღეს, მათგან 125-ის განხილვა უკვე დასრულდა. „მომხმარებლების საჩივრები უმეტესწილად უკავშირდება ანგარიშიდან განხორციელებულ გადახდის ოპერაციებს, რომლებსაც მომხმარებელი არ ეთანხმება“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომისიამ მხოლოდ აგვისტოში, ჯამში, მომხმარებლებს 426 ათასი ლარი აუნაზღაურა.
მოსახლეობა თაღლითური კიბერსქემების მიმართ რომ მოწყვლადია, ბოლო პერიოდში ე.წ. თაღლითური პირამიდების წინააღმდეგ პროკურატურაში შეტანილმა საჩივრებმაც დაადასტურა.
რადიო თავისუფლებაც წერდა, რომ საქართველოს ათასობით მოქალაქემ ჩადო ფული ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ში. პლატფორმა კრიპტოვალუტით „ვაჭრობს“ და წევრებს სწრაფ შემოსავალს ჰპირდება, რისი ერთ-ერთი საფუძველიც სქემაში ახალი წევრების მიყვანაა.
ეს „კლასიკური ფინანსური პირამიდაა“, ამბობენ ექსპერტები. მისი „ჩამოშლის“ რისკზე კი ის მიუთითებს, რომ აგვისტოს ბოლოს სისტემამ ფულის გატანა შეზღუდა. TSQ-ს საჯარო ჯგუფებში, რომელსაც ვინმე ე.წ. ჰენრი მართავს, ათობით ათასი ადამიანია გაწევრიანებული, მათ შორის 60 წლისებიც არიან, უფრო პატარებიც და უფრო დიდებიც.
ასევე ნახეთ
„კრიპტოვაჭრობა“ თუ თაღლითობა - ეჭვები საქართველოში პოპულარულ „საინვესტიციო პლატფორმაზე“„სომხეთში იგივე თაღლითური სქემით 17 000 ადამიანი დაზარალდა, საქართველოში კიდევ უფრო მეტია ჩართული. ამ 17 000-დან თითოეულს 2 000 დოლარი რომ დაეკარგა, ეს მინიმუმ 34 მილიონი იქნებოდა, ახლა წარმოიდგინეთ, რა მასშტაბზეა საქართველოში საუბარი, ეს არის ტრაგედია“, - ამბობს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე და მიაჩნია, რომ კიბერდანაშაულის პრობლემას ასაკობრივი შეზღუდვების დაწესება ვერ მოაგვარებს.
მისი აზრით, ვერც ბანკები ვერ შეძლებენ ეფექტურ ადმინისტრირებას და „ბრძანება ფურცელზე დაწერილი დარჩება“.
რატომ 60+ და რატომ 500+ ლარი?
„ეს არის დისკრიმინაციული და შეიძლება იყოს ანტიკონსტიტუციურიც, რა ლოგიკით არის აღებული, რომ 60 წლის ადამიანს უნდა დაუწესდეს მეურვე და მის ფინანსურ ანგარიშსწორებას სკრინინგი ჩაუტარდეს და 18 წლისას არა?
აგერ ტრამპი 80 წლის პრეზიდენტია... ტრამპი რომ ქართველი იყოს, კრიპტოვალუტას კი არა, საქ. ბანკში ან ტბს ბანკში ბიტკოინს ვერ იყიდიდა. მაშინ 60 წლის ადამიანს არც სახლი უნდა გავაყიდინოთ და არც ბინა, 60 წლის ადამიანი რომ ბანკის სესხს აიღებს, მაშინ ამაზეც მონიტორინგი დაწესდეს. საერთოდ ეს არის უაზროდ აღებული რიცხვი... “ - ამბობს ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტი რომან გოცირიძე.
რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი
მართლაც, რა კონკრეტული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრა სწორედ 60 წელი და სწორედ 500 ლარი? - ამ კითხვით ეროვნულ ბანკს მივმართეთ და მოვითხოვეთ სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, მაგალითად:
- რამდენი 60+ ადამიანი გახდა ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი 2025-ში?
- რა თანხა დაკარგეს 60+ მოქალაქეებმა?
- რამდენი თაღლითური ტრანზაქცია იყო >500 ლარზე?
- რამდენი შემთხვევა დაიწყო საბანკო ბარათიდან?
- რამდენი ასეთი შემთხვევა აღკვეთა ბანკმა?
უწყებას ზუსტი რიცხვები არ გამოუგზავნია, თუმცა რადიო თავისუფლებისთვის ოფიციალურად მიწოდებულ წერილში დაწერეს, რომ „იხელმძღვანელეს შიდა ანალიზით“.
სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ასაკს განიხილავს, როგორც ფინანსური მოწყვლადობის ერთ-ერთ ფაქტორს. ასევე, ზოგიერთი ქვეყნის მარეგულირებელი მიუთითებს, რომ გარკვეული ასაკის ზემოთ პირები სტატისტიკურად გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის ციფრული უნარების ნაკლებობის გამო, განსაკუთრებით აგრესიული ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
ეროვნული ბანკიდან მოგვწერეს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, „ამ ასაკობრივ ჯგუფში ბიოლოგიური, ტექნოლოგიური და სოციალური რისკ-ფაქტორების თანხვედრის ალბათობა სტატისტიკურად ყველაზე მაღალია“.
საქართველოს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ვლადიმერ სვანაძის აზრით, 60 წლის, როგორც გამყოფი ხაზის არჩევა, საქართველოში პენსიაზე გასვლის ასაკს შეიძლება უკავშირდებოდეს, 500 ლარი კი პენსიის ოდენობას.
ქართული კანონმდებლობის თანახმად, ქალები 60 წლიდან გადიან პენსიაში, კაცები -65-დან.
ვლადიმერ სვანიძეს მოსწონს ცვლილება და არ ფიქრობს, რომ გადარიცხვის 48-საათიანი შეკავებით 60+ ადამიანების უფლებები იზღუდება.
„პენსიონერების კატეგორია მართლაც რისკჯგუფია. მათში ცნობიერება დაბალია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს თაღლითობას…
…მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ნაბიჯი გამართლებულია, როცა დაცულობაზე ვსაუბრობთ“, - ამბობს ის.
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ მსგავსი მიდგომა, კერძოდ, გარკვეული მოცულობის მაღალი რისკის ოპერაციების შეჩერების მექანიზმი მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა, ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის ქვეყნები.
საქართველოს ბანკების ასოციაციაში ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ახალი რეგულაციების საჭიროებას დაადასტურებდა, ეროვნული ბანკის ხელთაა. თუმცა ზუსტი მონაცემების შეგროვებას და ანალიზს ხელს უშლის მომხმარებლების ქცევა - „დამალონ და არ განაცხადონ საჯაროდ, რომ თაღლითური ოპერაციების მსხვერპლები გახდნენ.
საერთაშორისო სტატისტიკა
საერთაშორისო მონაცემები აჩვენებს, რომ თაღლითები სამიზნედ ყველაზე ხშირად ხანდაზმულ ადამიანებს ირჩევენ ხოლმე. როგორც FBI, ისე აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC) 60 წელს გადაცილებულ ადამიანებზე ცალკე სტატისტიკას აქვეყნებენ.
FBI-ის 2025 წლის ინტერნეტდანაშაულის ანგარიშის მიხედვით, თაღლითობის მასშტაბი 60+ ადამიანებში მკვეთრად გაიზარდა;
- 60+ ასაკის ადამიანებმა 201 266 საჩივარი შეიტანეს;
- ეს 2024 წელთან შედარებით 37%-იანი ზრდაა;
- დაფიქსირებული ზარალი იყო 7 748 მილიარდი დოლარი;
- ზარალი წინა წელთან შედარებით 59%-ით გაიზარდა;
- საშუალო ზარალი ერთ კაცზე იყო დაახლოებით 38 500 დოლარი;
- სულ მცირე, 12 444 ადამიანმა 100 000 დოლარზე მეტი დაკარგა.
აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისიის 2024 წლის მონაცემებით, 60+ ადამიანებმა თაღლითობის შედეგად დაკარგეს დაახლოებით 2,4 მილიარდი დოლარი, ოთხჯერ მეტი, ვიდრე 2020 წელს.
FTC-ის მიხედვით, 2024 წელს:
- 2020 წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა შემთხვევები, როცა 60+ ადამიანებმა ინტერნეტთაღლითობის გამო 100 000 დოლარზე მეტი დაკარგეს.
- საჯაროდ თაღლითობაზე განაცხადი 60 პლუს ასაკის დაზარალებულების 5%-მა შეიტანა. თუმცა ზარალის 68% ამ ასაკობრივ ჯგუფზე მოდიოდა.
- 60+ ადამიანები თითქმის ორჯერ უფრო ხშირად აფიქსირებდნენ ექვსნიშნა თაღლითურ ზარალს, ვიდრე ახალგაზრდა მომხმარებლები.
ეს მონაცემები გარკვეულ საფუძველს იძლევა იმის ასახსნელად, რატომ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ბანკის მიერ საეჭვო ოპერაციის დროებით შეჩერება და მომხმარებელთან დამატებით დაკავშირება. თუმცა საერთაშორისო სტატისტიკა ავტომატურად ვერ პასუხობს კითხვას, რატომ შეირჩა საქართველოში სწორედ 60 წლის ასაკი, 500 ლარის ზღვარი და 48-საათიანი დაყოვნების პერიოდი.
ახალი რეგულაციების შედეგების გაზომვის პერსპექტივა ჯერ შორსაა, ბანკები ამბობენ, რომ რეალური სურათი მინიმუმ ექვს თვეში გამოჩნდება.