ბეტონის ბაღი - ბრძოლა მწვანე სივრცისთვის

ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის მოსახლეობის ნაწილი მათ უბანში მდებარე ირაკლი ციციშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროცესს აპროტესტებს და მერიისგან პროექტის იმგვარად შეცვლას მოითხოვს, რომ იქაურობამ დაიბრუნოს ძველი სიმწვანე, შემცირდეს ბეტონის საფარი და შეიცვალოს ბუნებრივი ზედაპირით. ამ პარკის გულშემატკივრებს სხვა არაერთი კრიტიკული კითხვაც აქვთ, მაგრამ მთავარ პროტესტს მაინც ის იწვევს, რომ რეაბილიტაციის დაწყებამდე ადგილობრივ მოსახლეობას გარკვევით არავინ აუხსნა, ამ ადგილას რა გაკეთდებოდა. დღეს ამ პარკის შუა ფრაგმენტის დიდი ნაწილი ბეტონის ზედაპირითაა დაფარული.

Your browser doesn’t support HTML5

ირაკლი ციციშვილის სახელობის სკვერი რეაბილიტაციის პროცესში. დრონის კადრები

რა ვნახეთ ჩვენი თვალით?

დღეს თუ ამ ადგილას მიხვალთ, შემოღობილი პარკი დაგხვდებათ. იქვე მიკრული ბანერი გამცნობთ, რომ აქ მიმდინარეობს სამუშაოები თბილისის მერიის დაკვეთით. მის გვერდით კი მომავალი პარკის იერსახის სურათიც არის გამოკრული - პროექტის რენდერი.

ღობის გარედან პარკში მდგარი მაღალი ხეები მოჩანს, მაგრამ თუ პარკის შუა ნაწილის სიღრმეში შეხვალთ, დაგხვდებათ ის, რასაც აი, ამ ფოტოზე ხედავთ:

მკაფიოდ ჩანს ბეტონის გარეშე დარჩენილი მიწის მცირე ნაწილი.

ხეების გარშემოც ბეტონია ჩასხმული.

ამ უბნის ერთ-ერთ მცხოვრებს და ამ ბაღის გულშემატკივარს, ნინო მეგრელიძესაც აქ შევხვდით. იხსენებს, რომ დაახლოებით 4 წლის წინ, ამ ადგილას ყველაფერი მწვანე იყო. მას შემდეგ კი, რაც მთელ თბილისში ფიჭვები ჯერ მასობრივად დაავადდა, შემდეგ კი მოჭრეს, ყველასთვის საყვარელი ეს მწვანე, დაბურული ბაღი ბევრი ბალახით - მალე გადაიქცა სატრენაჟორო სივრცედ. თუ რამდენიმე პატარა ხეს არ ჩავთვლით, ამბობს ნინო, იქ ხეები აღარ დარგულა.

„მახსოვს გვეუბნებოდნენ, ბეტონის რაოდენობა, პირიქით, შევამცირეთო, ოღონდ ვერ ვხვდები რის ხარჯზე. შეიძლება იქით მხარეს მდგარ ძველ შადრევანს გულისხმობდნენ, რომელიც აიღეს, მაგრამ სამაგიეროდ, აი, ეს მივიღეთ“.

აქ მცხოვრებთა შორის ისეთებიც არიან, ვინც პარკის ამგვარი რეაბილიტაციით კმაყოფილია და არც კრიტიკული შეკითხვები უჩნდება. თუმცა, ისინი, ვინც კითხვებს სვამენ და მერიისა და გამგეობისგან მეტ ახსნა-განმარტებას ითხოვენ, ამბობენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, პარკის რეაბილიტაციის დაწყების წინ, როცა მათ პროექტის რენდერი უჩვენეს, ვერც კი მიხვდა, რა გაკეთდებოდა ამ ადგილას.

მაგრამ ერთ დღეს, როცა ბეტონის დასხმა დაიწყო, იქვე მდგარი კორპუსის მაღალ სართულებზე მცხოვრებმა ადამიანებმა შენიშნეს და ყველაფერი ცხადი გახდა.

თუმცა ამ სკვერისთვის ბრძოლის ამბავი ცოტა უფრო ადრე იწყება.

ამავე უბნელი თამუნა ესაკია გვიყვება, რომ პირველად, აქაურობას, რეაბილიტაცია ხუთი წლის წინ ჩაუტარდა.

2023 წლის იანვარში კი მოსახლეობამ შეიტყო, რომ ბაღი ისევ უნდა განახლებულიყო.

მოსახლეობასთან (ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში დაახლოებით 25 კორპუსი დგას) ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე, როგორც თამუნა იხსენებს, ხალხს პროექტის ერთადერთ ეგზემპლარად ამობეჭდილი ნახაზი აჩვენეს.

მისი ფოტო თამუნას დღემდე შენახული აქვს.

ხალხს რეაბილიტაციის გეგმა სიტყვიერად გააცნეს და, როგორც თამუნა გვიამბობს, ისიც უთხრეს, რომ ეს პროექტი იყო ძალიან კარგი. დაისვა კითხვებიც. მაგალითად, დაინტერესდნენ, სად იყო ბაღის გამწვანების ნაწილი, რაზეც უპასუხეს, რომ პროექტზე „გამწვანების გეგმა არ იყო დართული“, მაგრამ სამომავლოდ, ეს გათვალისწინებული იქნებოდა.

თამუნამ მაშინვე მოითხოვა რეაბილიტაციის პროექტის ელექტრონული ვერსია, თუმცა მას ეს პროექტი დღემდე არ მიუღია. ის ვერც მერიის ვებსაიტზე მოიძებნა.

ირაკლი ციციშვილის ბაღი ზემოდან

ბაღი შემოიღობა. რეაბილიტაცია თებერვალში დაიწყო. ერთ დღესაც კი, მოსახლეობას იქ 3,5 მეტრის სიგანის ბეტონის ბილიკები დახვდა.

„როცა ამაზე პასუხი მოვითხოვეთ, გვითხრეს, გარე განათების გამოცვლა რომ გახდეს საჭირო ან ხეების გასხვლა, სხვანაირად იქ ტექნიკას ვერ შევიყვანთო“.

მერიის და გამგეობის სახელზე მოსახლეობამ წერილიც დაწერა, რომელსაც ხელს აწერდა 92 ადამიანი. ხალხი მოითხოვდა პროცესის დროებით შეჩერებას, პროექტის შესწორებას და „მაქსიმალურად ბუნებრივი ზედაპირებით პარკის მოწყობას“.

შეხვდნენ ვაკის რაიონის გამგებელსაც. მაშინ დაპირებაც მიიღეს, რომ ბაღის რეაბილიტაციის პროექტში ცვლილებები შევიდოდა.

„დეტალური პროექტი არც მეორე შეხვედრაზე მოუტანიათ. თითით გვაჩვენებდნენ, იქნებ ცოტაზე ჩამოვჭრათ ეს ბეტონი, ათი სანტიმეტრითო. ჩვენ ისევ მოვითხოვდით სრული პროექტის ჩვენებას, სადაც ყველაფერი იქნებოდა დეტალურად გაწერილი, მაგრამ ამას ვერ მივაღწიეთ - გვეუბნებოდნენ, რენდერი ხომ გაქვთ ნანახი, მეტი რა გინდათო. ამ რენდერზე, ცხადია, არ ჩანდა, რომ სათამაშო მოედანი იყო ბეტონი, რომელზეც ზემოდან კაუჩუკის ზედაპირი დაეგებოდა“.

ვაკის გამგეობასა და მოსახლეობას შორის გამართული რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, შეთანხმდნენ, რომ ხეების გარშემო ბეტონის ნაწილს მოხსნიდნენ - „ცოტათი გააფართოებდნენ სივრცეს“ და ასევე მოიხსნებოდა ბეტონის საფარის ერთი მცირე მონაკვეთი - საბავშვო მოედანსა და სატრენაჟორო სივრცეს შორის.

ხალხი ასევე ითხოვდა, რომ მოძებნილიყო სხვა გამოსავალი და საბავშვო მოედნის ზედაპირი არ დაფარულიყო კაუჩუკით, რომელიც, როგორც თამუნა ესაკია გვეუბნება, ეკოლოგიურად სუფთა მასალა არ არის და სახიფათოა ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი, პატარებისთვის, რომლებსაც თამაშისას უკონტროლოდ მიაქვთ ხელები სახესა და პირთან.

„თავიდან ვითხოვდით, რომ მაქსიმალურად ბუნებრივი ზედაპირები დაეგოთ, მაგალითად, მულჩი. ამაზე უარი მივიღეთ, ძაღლები შევლენ და მოისაქმებენო. ვითხოვდით, საბავშვო მოედანი დაბალი ღობით მაინც შემოეღობათ, რაც ისედაც აუცილებელია, რადგან ბავშვმა უნდა იცოდეს, სად არის მისთვის განკუთვნილი სივრცე. ამას გარდა, ეს მოედანი ისედაც ისეთ სივრცეებს შორის მოექცა, როგორიცაა სტადიონი, ტრენაჟორები, მისი შემოღობვა ბავშვების უსაფრთხოებისთვისაც საჭიროა. ბოლოს გვითხრეს, კაუჩუკს ალტერნატივა არა აქვს, ის კარგად ირეცხება და გამძლეაო“.

თამუნა ესაკია გვიამბობს, რომ მოსახლეობამ ასევე შემთხვევით გაიგო, ამავე პარკში მდებარე სტადიონის ორსართულიანი საგულშემატკივრო სკამების მონტაჟის შესახებაც, რომელიც კორპუსის მხრიდან, მის წინ უნდა ჩადგმულიყო - ამბავი მეზობელმა მოიტანა. რადგან პროექტი ნანახი არავის ჰქონდა, არც ამ დეტალის შესახებ იცოდნენ რამე და ეს იმ დროს, როცა სტადიონსა და კორპუსს შორის დაშორება სულ რამდენიმე მეტრია:

„ეს სკამები მართლაც რომ კორპუსის მხრიდან გაეკეთებინათ, ჩათვალეთ, რომ ჩვენს საძინებელში იქნებოდა ტრიბუნა და უცებ აღმოვჩნდებოდით ფაქტის წინაზე. ასე არ შეიძლება“.

რა გვიპასუხა მერიამ?

რადიო თავისუფლების კითხვებზე, ირაკლი ციციშვილის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ, ვაკის გამგეობიდან და თბილისის მერიიდან ერთობლივი წერილობითი პასუხი მივიღეთ.

გვწერენ, რომ მერიამ „გაითვალისწინა მოსახლეობის თხოვნა ბეტონის საფარის შემცირებაზე“ და პარკის ერთი ნაწილი, მათი თქმით, „გამწვანებული თარგით“ ჩანაცვლდება.

მათივე თქმით:

  • გაფართოვდება ხეების ირგვლივ არსებული ჩარჩოები.
  • საბავშვო მოედანზე კი კაუჩუკის საფარი შეიცვლება EPDM-ის მასალით (ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, ეს არის გამძლე, სინთეზური რეზინის გადახურვის მემბრანა).

გვითხრეს ასევე, რომ „პარკში დაგეგმილია დიდი ხეების დარგვა და დამატებით ფანჩატურის მოწყობა“, რომ შეიცვალა პარკის ტერიტორიაზე სკეიტ პარკის მოწყობის გეგმაც, რადგან ეს მოსახლეობას არ სურდა.

ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა პარკის რეაბილიტაციის პროექტი ხალხთან შეთანხმებული და რატომ მოხდა, რომ 25 კორპუსის მოსახლეობას მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ამობეჭდილი ნახაზი წარუდგინეს, მერიიდან გვიპასუხეს, რომ ისინი მოსახლეობას შეხვდნენ წინასწარ, ადგილზე უჩვენეს „გენგეგმა და ნახაზებიც“ და „იქვე აუხსნეს პარკში რა სამუშაოები შესრულდებოდა“.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ციციშვილის პარკში

რადიო თავისუფლებამ მოითხოვა პარკის რეაბილიტაციის პროექტიც ან შესაბამისი ელექტრონული ბმული, რაზეც გვიპასუხეს, რომ:

„პარკის რეაბილიტაცია ტარდება ზოგადი სამშენებლო ტენდერით. შესაბამისად, აღნიშნული ტენდერით დამუშავებული პროექტი არ მოიცავს გამწვანების პროექტს“.

ვიკითხეთ ისიც, იცოდა თუ არა ადგილობრივმა მოსახლეობამ, კონკრეტულად როგორ განხორციელდებოდა პარკის რეაბილიტაცია - მაგალითად, რამდენი მცენარე მოიჭრებოდა ან საბავშვო მოედნის საფარისთვის რა იყო გათვალისწინებული, ან ბეტონის იმ რაოდენობით დაგების შესახებ თუ იცოდა ხალხმა.

გვითხრეს, ზოგადად, სანიტარული ჭრის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული იყო, რომ ტერიტორიაზე უნდა მოჭრილიყო დაავადებული, ხმობადი, ავარიული და ქარქცევადი ხეები, მაგრამ კონკრეტულ რაოდენობაზე ინფორმაცია არ ჰქონდათო.

დავინტერესდით, რატომ დასჭირდა ამ პარკს რეაბილიტაცია, თუ ის ხუთი წლის წინაც განახლდა, რაზეც მერიამ გვიპასუხა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში დაინგრა პარკის პირველ ფრაგმენტში განთავსებული ამორტიზებული მიწისქვეშა შენობა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პარკის გამართულ ექსპლუატაციას.

პარკის I-II-III ფრაგმენტში კი, მერიის თქმით, განთავსებული იყო გარე განათების ბოძები, ატრაქციონები და ფურნიტურა, რომლებიც „დაზიანებული იყო ვანდალიზმის შედეგად“. ასევე ამორტიზებული იყო პარკის მესამე ფრაგმენტში განთავსებული მცირე ზომის შადრევანი.

მოვიკითხეთ, რა ჯდება პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები - ღირებულება 3 500 000 ლარია.

ოთხ ფრაგმენტად დაყოფილი ირაკლი ციციშვილის სახელობის პარკის ფართობი სულ ორი ჰექტარია.

"კეთილმოწყობის სახელით"

ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის ეს პარკი არ არის ერთადერთი, რომლის რეაბილიტაციის პროცესშიც კითხვები გაჩნდა.

ურბანული პოლიტიკის მკვლევარი, „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელი ანანო ცინცაბაძე თავის დაკვირვებას გვიზიარებს, რომ ე.წ. რეაბილიტაციის პროექტების ტენდენცია ბოლო ორი-სამი წელია გამოიკვეთა არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც და ეს პროცესი, მისი შეფასებით, მოიცავს ტერიტორიების დატვირთვას მაქსიმალურად ბევრი დეკორატიული სივრცით, რაც მთავარია, თავისუფალი ეკოლოგიური რესურსების, მინდვრის, ხეების, ტყე-პარკის ხარჯზე და მეორე: არაბუნებრივი ქიმიური და სამშენებლო მასალის, ბეტონის, რკინის თუ სხვა მძიმე მასალების გამოყენებას.

ეს ტენდენცია, ანანო ცინცაბაძის აზრით, გამოიწვია ორმა მიზეზმა:

  • სამშენებლო ბუმის პარალელურად, თბილისსა და სხვა ურბანულ სივრცეებში, საჯარო სივრცეების აბსოლუტურმა უგულებელყოფამ და მათმა განადგურებამ
  • და თბილისის მერის ხშირმა განცხადებებმა იმაზე, რომ „გამწვანება მათი პრიორიტეტია“.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან უხეში სარეაბილიტაციო პროექტები კეთდება სკვერების და პარკების "კეთილმოსაწყობად" და ეს "კეთილმოწყობა" აშკარად თბილისის მერის იდეაა, ოღონდ ეს ხდება უხეში, ხელოვნური ჩარევით. მსგავსი რამ თბილისში უკვე არაერთხელ მოხდა“.

ანანო ცინცაბაძეს, პირველ რიგში, იპოდრომი ახსენდება, სადაც, მისი თქმით, პროექტის გარეშე დაიგეგმა უზარმაზარი დეკორატიული სივრცეებით უზარმაზარი ეკოლოგიური ტერიტორიის ათვისება და თან, ახლოს მცხოვრები (და არა მხოლოდ) მოსახლეობის სურვილის საპირისპიროდ - ხალხს არ სურდა ამ ადგილის ზედმეტი ბუჩქებით, ბეტონის შენობებით დამძიმება, რაც მათ არაერთხელ გააპროტესტეს.

ასევე ნახეთ როგორი იქნება თბილისური ცენტრალური პარკი - მრავალი, სხვადასხვანაირი ბაღი, სპონტანური დიზაინი, პარკინგის ზონები

ანანო ამბობს, რომ მთლიანად ხელოვნური და დეკორატიული ელემენტებით ბაღის ათვისების მაგალითია „დედა ენის ბაღიც“, სადაც უფუნქციო შადრევნები დგას და ესეც, მისი შეფასებით, არის არამდგრადი რეაბილიტაციის ერთ-ერთი მაგალითი, რადგან იხარჯება უამრავი წყალი, რასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს.

დედა ენის ბაღი

ამის მაგალითია ე.წ. წითელი ბაღიც საბურთალოზე, რომელიც ასევე აღარ არის ეკომეგობრული.

„იქაც, ფაქტობრივად აღარ დარჩა ადგილი, სადაც ადამიანი დაჯდება, დაისვენებს და ბუნებასთან რაღაც შეხება ექნება. ამის სრულიად საპირისპირო ტენდენცია აჩვენა ბაღების დაბეტონებით თბილისის მერიამ, რისი მაგალითიც არის ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის ბაღიც“.

ე.წ. წითელი ბაღი, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი.

და, რაც მთავარია, ამ პროცესებში იგნორირებულია ადგილობრივი მოსახლეობის აზრი და სურვილები - ისინი გამორიცხული არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან.

„ვერც ერთი კანონი ვერ დაასაბუთებს საზოგადოების გამორიცხვას გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან, რადგან საქართველო არის ორჰუსის საერთაშორისო კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, რომ გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ეხება, უნდა იყოს მათთან შეთანხმებული, რაც, როგორც წესი, არ ხდება საქართველოში“, - ამბობს ანანო ცინცაბაძე.

მისივე სიტყვებით, რეაბილიტაციის ყველა პროექტი საჭიროების მიხედვით უნდა დაიწყოს და მივიდეს ბოლომდე. საჭიროება კი დასაბუთებული უნდა იყოს, რატომ დასჭირდა ამა თუ იმ სკვერსა თუ ბაღს ეს რეაბილიტაცია, რა იყო იქ დაზიანებული და ა.შ. სხვა შემთხვევაში, რეაბილიტაციის ყველა გადაწყვეტილება ხდება კონკრეტული მერის პირადი გადაწყვეტილება.

შედეგად კი, რაც დრო გადის, სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების შედეგად მცირდება ისეთი საჯარო სივრცეები, სადაც ადამიანებს შეეძლებათ დასვენება, გართობა, პოლიტიკური თვითგამოხატვა - შეკრება და მანიფესტაცია და ა.შ.

კანცელარიასთან გასაშენებელი პარკის ერთ-ერთი ესკიზი

„ამის მაგალითია თუნდაც მთავრობის კანცელარიის წინ არსებული საჯარო სივრცის შემოღობვაც სკვერის რეაბილიტაციის სახელით, თუმცა იქ გაკრულ რენდერებზეც კარგად ჩანს, რომ ისევ ბეტონს და უამრავ დეკორატიულ მასალას გამოიყენებენ და წაგვართმევენ საჯარო სივრცეს, სადაც აქტიურად გამოვხატავდით ჩვენს პოლიტიკურ უკმაყოფილებასა თუ პროტესტს“.

ასევე ნახეთ კანცელარიის გალამაზებაში “ცუდი არაფერია” - ართმევს თუ აძლევს მთავრობა საჯარო სივრცეს ქალაქს

ანანო ცინცაბაძე გვეუბნება, რომ ირაკლი ციციშვილის სკვერის შემთხვევაში, სწორი გზა იქნებოდა, პირველ რიგში, დროებით შეჩერდეს პროცესი, მოიხსნას ხეების ირგვლივ ბეტონის საფარი და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეუთანხმონ ყველა გარემოება, რაც ამ რეაბილიტაციას უკავშირდება.