ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ოლეშკიში ზამთარში ადამიანები მასობრივად იხოცებოდნენ შიმშილითა და სიცივით — ამის შესახებ ჰყვებიან ქალაქის გადარჩენილი მცხოვრებლები და ის მოხალისეები (ვოლონტიორები), რომლებიც ხალხს გადარჩენასა და ქალაქიდან გასვლაში ეხმარებოდნენ. 2025 წლის დეკემბრიდან ოლეშკი სრულ ბლოკადაშია მოქცეული.
ქალაქი ოლეშკი — ისტორიული კაზაკური ქალაქია დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის ოლქში (1928 წელს ბოლშევიკებმა ქალაქს ციურიუპინსკი დაარქვეს). ოლეშკის ტერიტორიული თემი ხერსონის ოლქში 13 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს. თემის ცენტრი ქალაქი ოლეშკია. რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ეს იყო აყვავებული დასახლება (ხერსონის პირდაპირ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე) 24 ათასამდე მცხოვრებით, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და დასასვენებელი ზონებით. რუსული ოკუპაციის შემდეგ თემის ხუთმა დასახლებამ ფაქტობრივად არსებობა შეწყვიტა: სოფლები კრინკი, პოდსტეპნოე, პესჩანოვკა და საგი მთლიანად განადგურდა. სხვა დასახლებებში ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან. ყველაზე კრიტიკული ვითარება უშუალოდ ოლეშკიშია. 2023 წელს, კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შემდეგ, ქალაქი დაიტბორა, შემდეგ დაბომბვების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა, ახლა კი პრაქტიკულად მოწყვეტილია გარე სამყაროს.
2026 წლის გაზაფხულისთვის, როგორც ოფიციალური პირები და უფლებადამცველები აცხადებენ, დროებით ოკუპირებულ ოლეშკიში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფულად გაუარესდა. სხვადასხვა მონაცემით, ქალაქს, სადაც დარჩენილია 2-დან 6 ათასამდე სამოქალაქო პირი (მათ შორის რამდენიმე ათეული ბავშვი და უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი), არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, მედიკამენტები, სამედიცინო მომსახურება, სასმელი წყალი და სურსათი. ოლეშკი ფაქტობრივად სრულ სამხედრო და საინფორმაციო ბლოკადაშია მოქცეული და, რუსი სამხედროების ხისტი კონტროლის გამო, სიკვდილის ზონად არის ქცეული.
ოლეშკი კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის დანგრევის შემდეგ, 2023 წლის ივნისი
ჟურნალისტმა მარია სემენჩენკომ თავისი ბავშვობა ოლეშკიში გაატარა. ქალაქში რჩებიან მისი ნათესავები და ნაცნობები, რომლებთანაც კავშირს ჟურნალისტი ახლაც ინარჩუნებს.
„როდესაც ადამიანები მწერდნენ, ისეთი ვითარება გვაქვს, რომ, ალბათ, ჩვენთან შიმშილი დაიწყებაო, თავიდან მეგონა, რომ შექმნილ მძიმე, ჯოჯოხეთურ ვითარებას - დაბომბვებს, ყველაფრის დანაღმვას, ქუჩებიდან ადამიანების გაქრობასა, ჰიპერბოლურად აღიქვამენ, რადგან, როგორც ამბობდნენ, თოვლისა და ნალექის გამო პროდუქტები აღარ შეჰქონდათ ქალაქში. მაგრამ შემდეგ ნათელი გახდა: დიახ, საკვების პრობლემა მართლა რეალურია“, — ჰყვება ჟურნალისტი მარია სემენჩენკო.
უკრაინელი ჟურნალისტი მარია სემენჩენკო, 2026 წლის აპრილი
2025 წლის ზამთარში დაბომბილ ქალაქში სურსათი მთლიანად გამოილია, - ამბობს ოლეშკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტატიანა გასანენკო, რომლის თქმით, ადმინისტრაცია იღებდა შეტყობინებებს, რომ ადამიანები სიცივისა და შიმშილისგან იხოცებოდნენ.
გასანენკოს მონაცემებით, ამჟამად ოლეშკიში დაახლოებით 2 000 ადამიანი რჩება, მათ შორის — 47 ბავშვი. 11 მაისს მოხალისეებმა ოლეშკიდან 32 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
შიმშილი
„ერთ-ერთი ქალის მიმართვა მაქვს. ქალი გვწერს, რომ ნაცნობები შევიდნენ მის ბინაში, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა განადგურებას. ბინაში დახვდათ ქალის გვამი, რომელიც იქ სავარაუდოდ ზამთრიდან ესვენა. ქალი, სავარაუდოდ, გაიყინა ან შიმშილით გარდაიცვალა. გასაგებია, რომ ცხედარი უკვე ისეთ მდგომარეობაშია, სასწრაფოდ უნდა დამარხონ, მაგრამ ამის გამკეთებელი უბრალოდ არავინაა“, — ამბობს ოლეშკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტატიანა გასანენკო.
ტატიანა გასანენკო, ოლეშკის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, 2026 წლის აპრილი
მისი თქმით, თებერვალსა და მარტში ვითარება უკიდურესად გაუარესდა.
„მარტიდან მოყოლებული — ანუ მაშინ, როცა ქალაქში ფაქტობრივად შიმშილი დაიწყო — არ ვიცი რატომ, მაგრამ კატები გაქრნენ. როგორც ჩანს, მათ დაერივნენ ძაღლები, რომელთა რაოდენობა ქალაქში ჯერაც დიდია. მაქვს ფოტოები, სადაც ძაღლები გარდაცვლილი ადამიანის სხეულს ჭამენ. მესმის, რომ შესაძლოა ამის გაშუქება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გაიგოთ, რა ხდება ქალაქში: ცხედრის დამარხვაში არავინ დაგეხმარება, თუ რა თქმა უნდა, გარდაცვლილი ოკუპანტი არ არის. როგორც წესი, გვამი უბრალოდ ადგილზე რჩება, იხრწნება და ქრება. საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება სადღაც ღობის იქით გადააგდონ“, — ამბობს ტატიანა გასანენკო.
ოლეშკის მკვიდრი ვოლონტიორი ქსენია არხიპოვა, რომელიც თანაქალაქელებს 2022 წლიდან ეხმარება, ამბობს, რომ მშობლიურ ქალაქში ყველა ქუჩასა და ადამიანს იცნობს, მათ შორის მათაც ვინც დღემდე რჩება ოლეშკიში.
„ძალიან ბევრი ადამიანი გაიყინა საკუთარ ბინებსა და სახლებში, სადაც ტემპერატურა მხოლოდ 3-5 გრადუსს აღწევდა. მოხუცი ბებიები და ბაბუები უბრალოდ იყინებოდნენ. როცა გადაადგილების ძალა ჯერ კიდევ შესწევდათ, უკიდურესად გამოფიტულები აღწევდნენ საავადმყოფომდე: საერთოდ არ ჰქონდათ საჭმელი. ასეთი ადამიანების ნათესავები მწერდნენ: „ქსენია, მამა ამა და ამ მისამართზეა, საჭმელი არ არის. გთხოვთ, ევაკუაციას ველოდებით“, — ჰყვება მოხალისე ქსენია არხიპოვა.
ოლეშკი, ხერსონის ოლქი. უკრაინა
„როგორც შეეძლოთ, ისე ცდილობდნენ გადარჩენას“ — ეს სიტყვები ოლეშკის მცხოვრებლებისთვის უბრალოდ მეტაფორა კი არა, სასტიკი რეალობა იყო.
„ჩემი ნათესავები მიყვებოდნენ, რომ სახლში წყალი პირდაპირ სათლებში გაეყინათ. როცა წვიმდა, ჭურჭელს დგამდნენ, რომ ტექნიკური წყალი შეეგროვებინათ, ან სათლებით შეჰქონდათ თოვლი, რათა დაედნოთ. თუ სადმე ფქვილს ან რამე მსგავსს იშოვიდნენ, რა თქმა უნდა, ცდილობდნენ გამოეზოგათ, რათა პირველ რიგში ავადმყოფებისა და მოხუცებისთვის ეჭმიათ. შედარებით „ახალგაზრდები“, დაახლოებით 70 წლის ადამიანები, კონსერვებითა და ბურღულის ნარჩენებით ცხოვრობდნენ. ვიცი შემთხვევები, როცა ადამიანები მტრედებს იჭერდნენ და ჭამდნენ“, — ამბობს მარია სემენჩენკო.
„ჩემთვის ცნობილია, რომ ფქვილიც კი ჭიქებით იყიდებოდა და საკმაოდ ძვირი ღირდა. თუმცა, ქალაქში ფული ფაქტობრივად აღარ არის: ის სოციალური დახმარებაც კი, რომელსაც ოკუპანტები დაჰპირდნენ მოსახლეობას — მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის კონვენციების მიხედვით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებზე ზრუნვა სწორედ მათი ვალდებულებაა — პრაქტიკულად მიუწვდომელია. დახმარების გასაფორმებლად სკადოვსკში უნდა წახვიდე. ეს კი სწორედ ის გზაა, რომელიც ჯერ კიდევ ზამთრამდე მუდმივად იბომბებოდა და სადაც ადამიანები ყოველთვის იღუპებოდნენ“, — განმარტავს ტატიანა გასანენკო.
მოხალისე (ვოლონტიორი) ქსენია არქიპოვა, 2026 წლის აპრილი
ზუსტად რამდენმა ადამიანმა ვერ გადაიტანა ზამთარი ოლეშკიში — უცნობია.
მოხალისე ქსენია არხიპოვა 2025 წლის შემოდგომიდან აღრიცხავს დაღუპულებს. მის რეესტრში ყველაა ოლეშკიელია დაფიქსირებული: ვინც სიცივის, შიმშილის ან დრონების შეტევების შედეგად დაიღუპა; არსებობს ცალკე გრაფაც — „დახვრეტილები“. ქსენიასთან ინტერვიუს ჩაწერის მომენტისთვის სიაში 300-ზე მეტი ადამიანი იყო.
„ადამიანები მწერდნენ: „გთხოვთ, დაამატეთ: დედაჩემი 2025 წლის ოქტომბერში დაიღუპა“. ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგა. დაიწყო დაბომბვა. მაშინ ხუთი ადამიანი დაიღუპა. ეს ზუსტად ვიცი. ძალიან ბევრი პროვოკაციაა. ჰუმანიტარულ დახმარებას ჩამოიტანდნენ და ადამიანებს ღამის 2-3 საათიდან უწევდათ რიგში დგომა. იმიტომ, რომ ოლეშკიში საკვების მწვავე უკმარისობაა. და ამ დროს იწყება დაბომბვა“, — განმარტავს ქსენია არხიპოვა.
რუკა. მანძილი ოლეშკიდან უახლოეს დასახლებულ პუნქტებამდე
ცეცხლის ხაზზე პირველივე დღიდან
ოლეშკი ოკუპაციის პირველივე დღიდან ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდა. 2022 წლის ნოემბერში, როცა რუსმა სამხედროებმა ანტონივკის ხიდი ააფეთქეს, ქალაქმა დაკარგა უკრაინის კონტროლქვეშ მყოფ ხერსონამდე მისასვლელი ერთადერთი გზა.
დიდი ხნის განმავლობაში ქალაქს რჩებოდა ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმისკენ მიმავალი ორი გასასვლელი: ერთი — გოლა პრისტანის მიმართულებით, მეორე კი — რადენსკის გავლით სკადოვსკისკენ, მაგრამ ახლა ეს ორივე გზა მაქსიმალურად დანაღმულია და მუდმივად იბომბება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ გზა, რომლითაც ოლეშკიში თუნდაც მცირე რაოდენობის სურსათის შეტანა იქნებოდა შესაძლებელი — აღარ არსებობს. ყველაფერი უკიდურესად გართულებულია. გზებს რუსული ჯარები ძირითადად სამხედრო მიზნებისთვის ან საკუთარი ქვედანაყოფების მომარაგებისთვის იყენებენ. თუმცა, ადგილობრივების შეფასებით, რუსი ჯარისკაცები თავადაც შიმშილობენ, რადგან საკვები არ ჰყოფნით“, — ამბობს თავის იუტუბ-არხზე ერთ-ერთი რუსი სამხედრო ექსპერტი იური ფიოდოროვი, რომელიც არ უარყოფს, რომ რუსი სამხედროები ოლეშკის სამოქალაქო მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ.
ოლეშკი, ხერსონის ოლქი, 2025
ოლეშკი - მნიშვნელოვანი პლაცდარმია ხერსონისა და უკრაინის სამხრეთის დასაბომბად.
„ოლეშკიში ახლა თითქმის ყველა სხვა დასახლებულ პუნქტზე უარესი ვითარებაა. ვფიქრობ, ამის მიზეზი პირველ რიგში ხერსონთან სიახლოვეა: ოკუპანტები ოლეშკის ოლქის ცენტრის მუდმივი დაბომბვის პლაცდარმად იყენებენ. რუსი სამხედროები სამოქალაქო ტანსაცმელს იცვამენ და ისე მოქმედებენ. უკრაინელი სამხედროები გვიყვებიან დრონებით დაფიქსირებულ ასეთ შემთხვევებზე: მიდის „ბებიის“ ხალათში გამოწყობილი ადამიანი, თავზე თავსაფარი აქვს წაკრული თითქოს მოხუცი ქალია, მაგრამ სხეულის აღნაგობა აშკარად მამაკაცის აქვს და თან ეწევა. და თუ ასეთი ადამიანი დაიღუპება, რუსული პროპაგანდა ამას აუცილებლად გაასაღებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვად“, — ამბობს უკრაინელი ვოლონტიორი და ორგანიზაცია Humanity-ის კოორდინატორი სტეფან ვორონცოვი, რომელიც ოლეშკის მცხოვრებლებს ქალაქიდან გასვლაში ეხმარება.
ზამთრის დასაწყისიდან დღემდე გრძელდებოდა ოლეშკის მცხოვრებლებისთვის სურსათის მიწოდების მცდელობა. ქსენია არხიპოვას ინფორმაციით, მოხალისეების მხოლოდ ერთი მცდელობა აღმოჩნდა წარმატებული — დანარჩენ შემთხვევებში ავტომობილები ან ნაღმებზე აფეთქდნენ ან დრონების სამიზნეებად იქცნენ.
ამრიგად, ოლეშკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტატიანა გასანენკოს, უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა რწმუნებულის დმიტრო ლუბინეცის, ვოლონტიორებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩვენებების საფუძველზე, ცნობილია შემდეგი:
შიმშილი და მომარაგების შეუძლებლობა:
- ქალაქში საკვები პროდუქტები თითქმის აღარ შეაქვთ. სასურსათო კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ 2026 წლის ზამთარსა და გაზაფხულზე დაფიქსირდა ადგილობრივი მცხოვრებლების შიმშილითა და გადაციებით გარდაცვალების შემთხვევები (ვოლონტიორთა რეესტრების მიხედვით, ბლოკადისა და ტერორის მსხვერპლთა რაოდენობა უკვე ასეულებს აღწევს). ისეთი საბაზისო პროდუქტებიც კი, როგორიცაა ფქვილი, ჭიქებით იყიდება და უკიდურესად ძვირი ღირს, ამასთან მოსახლეობას პრაქტიკულად ფული აღარ აქვს.
ტერორი და საკვების წართმევა:
- არსებობს ცნობები, რომ რუსი სამხედროები სამოქალაქო პირების სარდაფებში იჭრებიან და ძალით ართმევენ საკვების უკანასკნელ მარაგს. ვინც წინააღმდეგობას უწევს, სცემენ ან კლავენ. ასევე დაფიქსირდა ჰუმანიტარული დახმარების რიგების დაბომბვის შემთხვევებიც.
კომუნიკაციების არარსებობა და სასმელი წყლის დეფიციტი:
- ოლეშკის დიდი ხანია აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და წყალი. ქალაქში სასმელი წყლის კატასტროფული დეფიციტია.
სრული დანაღმვა და დრონების თავდასხმები:
- მთელი ქალაქი და მისკენ მიმავალი გზები მჭიდროდ არის დანაღმული. ქუჩაში ნებისმიერი გადაადგილება — საკვების ან წყლის მოსაპოვებლად — სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს: ადამიანები საკუთარ ეზოებშიც კი ნაღმებზე ფეთქდებიან ან მტრის დრონების სამიზნეები ხდებიან. ამის გამო გარდაცვლილების დამარხვაც შეუძლებელია და ცხედრები კვირებით ყრია ქუჩებში.
ევაკუაციისა და ფინანსური დახმარებების მიღების შეუძლებლობა:
- რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ სრულად დაბლოკა მშვიდობიანი მოსახლეობის გასვლა ქალაქიდან. რუსული ადმინისტრაცია ასევე უარს ამბობს ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე. ფაქტობრივად მშვიდობიანი მოსახლეობა მძევლად არის აყვანილი და ცოცხალი ფარის ფუნქციას ასრულებს. ოკუპანტებისგან ნებისმიერი სოციალური დახმარების მისაღებად მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აიძულებენ სკადოვსკში წავიდნენ იმ გზით, რომელიც დრონებისა და არტილერიის მუდმივი ცეცხლის ქვეშაა.
უკრაინის ომბუდსმენის ოფისი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცდილობენ „მწვანე დერეფნის“ ორგანიზებას და ოლეშკიდან ყველა ადამიანის გაყვანას. თუმცა ვოლონტიორები მიიჩნევენ, რომ ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან რუსი ოკუპანტები ამის საშუალებას მისცემენ.