1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალი) თბილისში ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა.
უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარემ აკაკი ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, საზღვარგარეთ რომ მეკითხებოდნენ, საქართველოს რამდენი უმაღლესი სასწავლებელი აქვს, სულ ვწითლდებოდი. ახლა აღარ გავწითლდებიო.
ასევე ნახეთ უნივერსიტეტი, რომელმაც ხელახლა გამონასკვა კულტურის გაწყვეტილი ძაფიუნივერსიტეტი რომ სჭირდებოდათ, ქართველებმა დიდი ხანია იცოდნენ, მაგრამ რუსეთის იმპერიის პირობებში ეს ვერ შეძლეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ სისტემა შეიცვალა და საქართველოშიც იფიქრეს, ჯობს შანსი ხელიდან არ გავუშვათო.
სადავო იყო უნივერსიტეტის პროფილი: ჰუმანიტარული თუ პოლიტექნიკური. პოლიტექნიკურ მიმართულებას უფრო რუსეთი უჭერდა მხარს, ქართველებს ჰუმანიტარული სურდათ. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი ამიერკავკასიის მასშტაბის სასწავლებელი იქნებოდა და მოუწევდათ სწავლების ენად რუსული დაემტკიცებინათ, თბილისში კი უნივერსიტეტი სწორედ იმიტომ უნდოდათ, საქართველოსთვის საჭირო პროფესიები რომ ესწავლებინათ და თანაც - ქართულად, ასე გაებათილებინათ გავრცელებული შეხედულება, თითქოს ქართული სამეცნიერო ენა არ არის და უნივერსიტეტს ვერ ერგება.
პირველი უნივერსიტეტი თავისი სტრუქტურითაც და შინაარსითაც დასავლური, ამავე დროს ნაციონალური უმაღლესი სასწავლებელი იყო.
ასევე ნახეთ 10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი უნივერსიტეტის ისტორიიდან2021 წელს საქართველოში "წითელი არმია" შემოვიდა.
„ყველა ქართული, ნაციონალური პროექტი უნდა დახურულიყო და რუსული, კოლონიური სტრუქტურებით ჩაენაცვლებინათ“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, უნივერსიტეტზე შეტევა უკვე 1921 წლის მეორე ნახევარში მიიტანეს, კონკრეტულად კი სტუდენტურ თვითმმართველობაზე. შემოდგომა იდგა, ეშინოდათ, სტუდენტები მასობრივად არ გამოსულიყვნენ აქციებზე.
ხვადაგიანი ჰყვება, რომ მაშინ ქართული პოლიტიკური პარტიები იატაკქვეშეთიდან იბრძოდნენ. უნივერსიტეტში მათ თავიანთი ახალგაზრდული ორგანიზაციები ჰქონდათ.
„სტუდენტური თვითმმართველობის წევრები უნივერსიტეტის სასადილოში ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინდელი ტენდენცია ასეთი იყო, ეკონომიკური თანამშრომლობა - ხელმისაწვდომი სასადილო, ერთგვარი სივრცე სტუდენტებისთვის, დისკუსიისთვის. ეს მოიმიზეზა რეჟიმმა. ფინანსური დარღვევები გაქვთო და სასადილოში რევიზია შეუშვა. პარალელურად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აიძულებდნენ, რუსულენოვანი სწავლება დაეშვა და პოლიტექნიკურს შეერთებოდა. (თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაარსდა 1917 წელს რ.თ.) სტუდენტებმა ბოიკოტი გამოაცხადეს. არ ესწრებოდნენ ბოლშევიკი ლექტორების ლექციებს“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
რაც მერე მოხდა, იმას 1921 წლის გაზეთ „თავისუფალ საქართველოში“ ვკითხულობთ.
„25 ოქტომბერს ბოლშევიკებმა ოფიციალურად აცნობეს ქართული უნივერსიტეტის დეკანს ჯავახიშვილს, რომ სტუდენტთა კავშირის და სტუდენტთა სასადილოს გამგეობანი დათხოვილია და მათ ადგილს დანიშნულები დაიჭერენო. გარდა ამისა, მოითხოვეს რუსულად ლექციების კითხვა და პოლიტეხნიკუმთან შეერთება. ყველა ამის გამო ჯავახიშვილმა თავის თანამდებობაზე უარი განაცხადა, ხოლო გამგეობის წევრი სტუდენტები გადაიმალნენ“ .
1926-1927 წლებში უნივერსიტეტი ნაწილებად დაშალეს. 30-იანი წლების დასაწყისში დაშლილი ინსტიტუტების ნაწილი ხელახლა გააერთიანეს და სტალინის სახელობის უნივერსიტეტი ჩამოაყალიბეს, ლენინურ-მარქსისტული იდეოლოგიითა და კორუფციით.
„კორუფცია ტოტალიტარიზმის ორგანული ნაწილი იყო. ვიღაც ირიცხებოდა ადვილად, ვიღაცას კი ჯოჯოხეთის 9 კარი უნდა გაევლო“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
„ენით აუწერელი ამბავი ტრიალებდა ჩვენს ოჯახში“
თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი იყო, მეორე ივანე ჯავახიშვილი. მისი ქალიშვილი ნათელა ჯავახიშვილი წიგნში „მამა“ 1924-1926 წლების მოვლენებს იხსენებს.
ასევე ნახეთ ფაქიზი, მორცხვი, შეყვარებული - შინაური ივანე ჯავახიშვილი„ჩემი უფროსი დეიდაშვილი, გია აბაშიძე, რომელიც მანამდე, რამდენიმე თვის წინ იყო დაპატიმრებული, როგორც ფედერალისტთა პარტიის ახალგაზრდობის ფრთის ლიდერი და მეტეხის ციხეში იჯდა რამდენიმე ამხანაგთან ერთად, დახვრიტეს, 25 წლის, შესანიშნავი, ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე...
იმავე დროს, სოფელ კისისხევში, მოკლეს მამაჩემის ბიძა კიკო ვახვახიშვილი (კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის მამა, 83 წლის); დახვრიტეს მაკრინე თარხნიშვილ-წერეთლის ორი შვილი, რომლებიც ჭიათურაში, მამის, როსტომ წერეთლის სანახავად იყვნენ ჩასულნი. ამას ყველაფერს იმიტომ ვიხსენებ, რომ ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მძიმე განცდები უნდა ჰქონოდა მამაჩემს ამ საშინელ სიტუაციაში, განსაკუთრებით, სახლში შექმნილი გარემოებისგან;
ჩემი ორივე დეიდა ლოგინად ჩავარდა. თამარმა ლეთარგიული ძილით დაიძინა იმ ამბის გაგონების შემდეგ, რომელიც მას მეტეხის ციხის კართან პირდაპირ მიახალეს. იქვე გრძნობა დაკარგა, სახლში რომ მოიყვანეს, გონს აღარც მოსულა და ასეთ მდგომარეობაში იყო სამი კვირის განმავლობაში. კიტას მეუღლე ნახევრად უგონო მდგომარეობაში ჩავარდა. ჩემს ორ უმცროს დეიდაშვილს თამარსა და ერეკლეს პროცესი გაეხსნათ, მთელი სიმძიმე დედაჩემს და მამაჩემს დააწვათ. ენით აუწერელი ამბავი ტრიალებდა ჩვენს ოჯახში...
ცხადია, ძლივს ოდნავ კალაპოტში ჩამდგარი ცხოვრება, კვლავ აიწეწა, ამავე დროს რეაქციულმა ძალებმა უნივერსიტეტში მოახერხეს „მავნებლური პოლიტიკის“ ჩათესვა და მამას მისი რექტორობის მეშვიდე წელს საზიზღარი ობსტრუქციები მოუწყვეს. ბოლოს უკვე საკითხი ისე დადგა, რომ მამას წასვლის აუცილებლობა რეალური გახდა. ცხადია, ამ განცდებს მხოლოდ ის კი არ ამძიმებდა, რომ პირადად მისი წასვლა იყო საჭირო, ამაში იგი უნივერსიტეტის მომავალი ბედის შემოტრიალებასაც ხედავდა...“
პირველი, მეორე და შემდეგი რექტორები
მომდევნო წლებში ბოლშევიკები ივანე ჯავახიშვილის ადგილზე მათთვის მისაღებ ადამიანებს ნიშნავდნენ. თუმცა ისინი მალევე შეეწირნენ შიდა დაპირისპირებებსა და რეპრესიებს.
თედო ღლონტი - სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიდერი. რექტორად დანიშნეს 1926 წელს, თანამდებობაზე დარჩა 2 წელს. დახვრიტეს 1937 წელს.
მალაქია ტოროშელიძე - პარტიული და საბჭოთა საზოგადო მოღვაწე. ცეკავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1928-1930 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი. დახვრიტეს 1938 წელს.
ივანე ვაშაყმაძე - ბოლშევიკური პარტიის წევრი. რექტორის თანამდებობაზე იყო 1930-1931 წლებში. დახვრიტეს 1937 წელს.
ასევე ნახეთ „დაიხვრიტოს“! - გორის უნივერსიტეტის პირველი რექტორის ტრაგედია
ალექსანდრე ერქომაიშვილი - მუშაობდა ცეკავშირში. რექტორი იყო 1931-1932 წლებში. დახვრიტეს 1937 წელს.
ლევან აღნიაშვილი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 1918 წელს საქართველოს მთავრობამ ქვეყნიდან გაასახლა. 1923-1925 წლებში იყო საქართველოს ცეკავშირის წარმომადგენელი გერმანიაში. 1933-1935 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი. დახვრიტეს 1937 წელს.
კარლო ორაგველიძე - კარლო ორაგველიძეს ეკუთვნის ნაშრომები მარქსისტულ-ლენინური თეორიისა და პარტიის ისტორიის საკითხებზე. 1935-1937 წლებში იყო უნივერსიტეტის რექტორი. დახვრიტეს 1937 წელს.