ბიჭები "ბლექ ქანთრიდან": ბრიტანელი ჯარისკაცების ქართული თავგადასავალი

მოკლედ

  • ბათუმთან აღმოჩენილი ბრიტანელი სამხედროების სასაფლაოდან დაწყებული მოგზაურობა ბრიტანელ მწერალს და ფოტოგრაფს, ბრენდან ჯექსონს, ასი წლის წინანდელ კავკასიასა და ბრიტანეთში გადაისვრის.
  • როგორ აღმოჩნდნენ 1918 წლის ზამთარში პირველი ბრიტანელი ჯარისკაცები მათთვის სრულიად უცნობ კავკასიაში და რა კვალი დატოვეს მათ საქართველოს ისტორიაზე?
  • ეს არის ამბავი ჯარისკაცებზე ბრიტანეთის „ბლექ ქანთრიდან“, რომლებიც კავკასიაში სიკვდილის, ავადმყოფობის, სიყვარულისა და სრულიად უცხო კულტურის პირისპირ აღმოჩნდნენ.
  • ამბავი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთთან ურთიერთობისა და შემდგომი რუსული ოკუპაციის შესახებ.

“ბრიტანელების სამხედრო სასაფლაო ჯერ არ გინახავთ?" - ჰკითხეს რამდენიმე წლის წინ ბათუმში ბრენდან ჯექსონს, ბრიტანელ მწერალსა და ფოტოგრაფს დასავლეთ ბრომიჯიდან.

"რა ბრიტანელების სასაფლაო?" - გაოცებულმა შეუბრუნა კითხვა და თან გაიფიქრა, ნეტა ბრიტანელებს აქ რა უნდა ეკეთებინათო?

„პირველი მსოფლიო ომის დროინდელია”, - უთხრეს.

ამ მოულოდნელი პასუხით დაიწყო ბრენდან ჯექსონის მოგზაურობაც, „დაფარულ და ოფიციალური ისტორიის მიღმა მიმალულ წარსულში“, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ კავკასიასა და საქართველოში გადმოსროლილი ახალგაზრდა ბრიტანელი ჯარისკაცების ამბავს ჰყვება.

პირველი ბრიტანული ჯარები ფოთში, 1919 წლის იანვარი, ბრიტანეთის ეროვნული არმიის მუზეუმის კოლექცია

1918 წლის დეკემბრის ერთ დღეს, ბრიტანელი სამხედროებით სავსე გემი, HMS LIVERPOOL-ი, ბათუმის პორტს მიადგება.

გემი "ლივერპული"

ეს საქართველოსთვის მისი ბოლო ასი წლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია - რუსეთის იმპერიისგან დაღწევის მცდელობის, დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადების (1918-1921).

ბრიტანელების სამხედრო სასაფლაოზე, ბათუმის გარეუბანში, ბრენდან ჯექსონს 1918, 1919 და 1920 წლებით დათარიღებული, საბჭოთა პერიოდში დიდი ხნით დავიწყებული საფლავები დახვდა.

ბრიტანელების სამხედრო სასაფლაო ბათუმში. 1919 წელი. ფოტოალბომი, შემონახული საფლავების რეგისტრაციისა და გამოძიების დირექტორატის, მაიორ რ. ს. ევერეტის მიერ; თანამეგობრობის საფლავების კომისია.

ძველი საფლავების ახლოს კი - 2014 წელს გაკეთებული სამახსოვრო მემორიალური კედელი, ზედ სხვადასხვა პოლკის დასახელებებითა და ჯარისკაცების სახელებით.

ბათუმში დაკრძალული ბრიტანელი ჯარისაცების მემორიალური დაფა

თვალებს არ უჯერებდა, როცა წარწერებზე ბრიტანული პოლკების სახელები ამოიკითხა.

“ვიფიქრე, ღმერთო ჩემო! ესენი ხომ იმ ადგილებიდან არიან, საიდანაც მე! ჩემი სამშობლოდან, “ბლექ ქანთრიდან”.

ჯარისკაცების სახელები მაშინვე ჩაინიშნა, ინგლისში მათი კვალისთვის უნდა მიეკვლია და გაეგო, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ აღმოჩნდნენ კავკასიაში, ვინ დატოვეს სამშობლოში.

“ბლექ ქანთრი “- (Black Country - შავი ქვეყანა) ინგლისის ძველი ისტორიულ-ინდუსტრიული რეგიონია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. მხარე, რომელსაც ეს სახელი მაღაროების გამო, საამქროებიდან თუ ქარხნებიდან ამომავალი შავი კვამლის და ჭვარტლისგან გამუქებული ლანდშაფტის გამო შეარქვეს. მე-19 საუკუნეში იქ სამუშაოდ ბევრი ირლანდიელი მიგრანტი ჩავიდა. ეს ადგილი ისტორიულად ეკუთვნოდა სტაფორდშირისა და უორსტერშირის საგრაფოებს.

''ბლექ ქანთრი"

ბათუმის სასაფლაოზე იყო დაკრძალული 1919 წელს გარდაცვლილი 22 წლის ბრიტანელი ჯარისკაცი ფრენკ ლეინიც, რომელიც დასავლეთ ბრომიჯში, სენდუელ როუდის 220 ნომერში ცხოვრობდა.

„სახლთან, რომელთანაც ხშირად ჩამივლია ბავშვობაში. სხვა ჯარისკაცი - ოლდ ჰილიდან იყო. ვფიქრობდი, ამ ადგილებს, ამ ქუჩებს ხომ ვიცნობ, რას აკეთებდნენ ეს ახალგაზრდა კაცები აქ? ძალიან უცნაური შეგრძნება იყო“, - იხსენებს ბრენდან ჯექსონი.

ბრენდან ჯექსონი ღია ბარათით ხელში

მოგვიანებით, როცა ფრენკ ლეინის კვალს ეძებდა და ცდილობდა, ბრიტანეთში მისი ნათესავები ეპოვა, აღმოაჩინა, რომ მისი ოჯახის ყველა მამაკაცი წევრი ომში იყო დაღუპული.

წააწყდა 1919 წლის 21 მარტს ფრენკის დედის მიერ The Free Press-ში გამოქვეყნებულ სევდიან განცხადებასაც, რომელშიც ის წერს, რომ ერთი წელია, რაც რიგითი ფრენკ ლეინი დაკარგულია.

ბათუმის სასაფლაოზე ბრიტანელი ჯარისკაცების საფლავების აღმოჩენის და კვლევის დაწყებიდან მალევე, ბრენდან ჯექსონი ერთ-ერთ ფლი მარკეტზე (ძველმანების ბაზარზე) ძველ საფოსტო ღია ბარათს იყიდის.

ღია ბარათი, უკანა მხარეს მოკითხვის ტექსტით, 1919 წელს ბათუმიდან სტაფორდშირშია გაგზავნილი 16 წლის გოგონასთვის, ვინმე ლიზი გუდმანისთვის.

საფოსტო ბარათიდან კი იყურება თეთრებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახლოს მდებარე, გენერალ ბარათოვის ვილის ბაღის ფონზე დგას.

1919 წელს ბათუმიდან ინგლისში გაგზავნილი ღია ბარათი

ტექსტიდან ჩანს, რომ გამგზავნი მეზღვაური ან ჯარისკაცია, რადგან ბარათის უკანა მხარეს წერია: OAS - active service (ბრიტანულ და სხვა ქვეყნების სამხედრო ჩანაწერებში ოფიცერს, რომელიც მიდის რეალურ საბრძოლო ოპერაციებში საზღვარგარეთ, აღნიშნავენ OAS Active Service-ის სტატუსით).

ბარათის უკანა მხარე - ადრესატი მის ლიზი გუდმანია.

„წარმოიდგინეთ, 19-20 წლის ბიჭები, რომლებიც კავკასიაში აღმოჩნდნენ იმ დროს, როცა ადამიანები ძალიან ცოტას მოგზაურობდნენ. ასეთი ბავშვებისთვის კი მაშინ ბირმინგემის საშობაო ბაზრობაზეც კი რთულიყო წასვლა, არათუ მათთვის შორეულ საქართველოში, კერძოდ კი, თავიდან ბათუმში აღმოჩენა, სადაც ამდენი განსხვავებული ენა და დიალექტი ესმოდათ: მეგრული, ლაზური, ქართული, რუსული, თურქული..."

ბრიტანელი ჯარისკაცები ბათუმში, 1920.

ბრენდან ჯექსონი ამ ჯარისკაცების ოჯახებს ეძებდა ბრიტანეთშიც და მათ გავლილ გზას გადიოდა საქართველოშიც.

იღებდა იმავე ადგილებს, სადაც მათი კვალი ჩანდა და ახალ ფოტოებს საარქივო მასალებს ადარებდა.

ასზე მეტი წლის განმავლობაში ბევრი რამ იყო შეცვლილი.

ზოგი ჯარისკაცის სახლის ადგილას, მათ მშობლიურ ქალაქში, ბრიტანეთში - ტყე დახვდა.

ბათუმის ბულვარში ის ადგილი მოძებნა, სადაც, ჯარისკაცების მიმოწერის თანახმად, ყოველ კვირა დღეს უკრავდა ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ორკესტრი.

თბილისის სასაფლაოსაც მიადგა, სადაც ასევე არიან დაკრძალული ბრიტანელი სამხედროები.

ბრიტანელი სამხედროების სასაფლაოები თბილისში, 1919 წელი

ძველი თბილისის ის ადგილებიც მოიარა, სადაც ბრიტანეთის სამხედრო შტაბი მდებარეობდა.

„ამ კვლევისას ერთი შესანიშნავი ფოტოც ვიპოვე - ორი ჯარისკაცი ზის გზის პირას. ზამთარია, ფოთლები უკვე დაცვენილია. თუ სურათს ყურადღებით დააკვირდები, დაინახავ, რომ მათ გვერდით პატარა პიკნიკის კალათა დევს, იქვე გვერდზე - ღვინის ბოთლია, ხოლო მის გვერდით, ტრადიციული ქართული პური დევს“.

ბრიტანელი ჯარისკაცები პიკნიკზე, ბათუმთან ახლოს. 1919. ფოტოს ავტორია რობერტ ქოთონ მანი, რომელმაც ბრიტანულ სამხედრო მისიაზე კავკასიაში არაერთი ფოტო გადაიღო.

სხვადასხვა ჩანაწერიდან ირკვევა, რომ თბილისში დაკრძალეს ერთ-ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი, რომლის სამხედრო ნაწილიც დაბანაკებული იყო კოჯორში, სადაც ისინი საწყობს იცავდნენ.

ბაქოში დაღუპული პირველი ბრიტანელი ჯარისკაცების დაკრძალვა. 1918 წლის აგვისტო

ერთ-ერთი ბრიტანელი სამხედრო კოჯრის ნაწილიდან კი, თავის დღიურში აღწერს, როგორ მისცეს ნებართვა შაბათ-კვირას ფეხით წასულიყვნენ თბილისამდე, სადაც შეეძლოთ ხელფასი დაეხარჯათ სასმელში, ხაჭაპურსა თუ მწვადებში.

ქუჩის ბაზარი, თბილისი, 1918.

ამ დღიურებიდან ისიც ჩანს, რომ რადგან ჯარისკაცები უკან ნასვამები ბრუნდებოდნენ და რამდენიმე დღეს სამსახურს თავს ვეღარ ართმევდნენ, თბილისში სეირნობის დრო შეუმცირეს.

გლოსტერის პოლკის ბატალიონის დღიურებიდან ისიც ირკვევა, როგორ ჩივიან ჯარისკაცები - ოთხი კვირაა ახალი რძე არ გვქონიაო. ან როგორ იწუნებენ ბაქოს ხიზილალას.

ქუჩის სცენა, ბაქო, 1918 წლის აგვისტო

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბრიტანელები ინდური არმიის ბანაკშიც მიდიან ხოლმე სტუმრად და ინდურ სამზარეულოს აქებენ. ან როგორ უცვლის ერთი ჯარისკაცი ქათამსა და კვერცხში თავის ჯარისკაცურ რაციონს სადგურის უფროსს, რომლის სახლშიც დასაძინებლად ოთახი აქვს გამოყოფილი.

საქართველოში დაკრძალული ჯარისკაცების ძებნაში ბრენდან ჯექსონმა შეიტყო, რომ ისინი ომამდე მუშაობდნენ რძის მწარმოებლად, კლერკად, არქიტექტორად, თაბაშირის მჭრელად, მებაღედ, ტაქსის მძღოლად, ქვანახშირის მჭრელად, შეგირდად, სასურსათო მაღაზიის ბიჭად, იურისტად, მბეჭდავის თანაშემწედ, ფერმის მუშად, სანიტარული ფორმების დამამზადებლად, მცხობლად, კალატოზად, ქვანახშირის მუშად, დურგლად, ნავსადგურის თანაშემწედ თუ სპილენძის გამპრიალებლად...

შოტლანდიური პოლკის ჯარისკაცები, თბილისი, 1918-19.

ამ ჯარისკაცების ერთი ნაწილი ბალკანეთიდან შავი ზღვის გავლით ბათუმამდე ჩამოიყვანეს, ხოლო მეორე ნაკადს გეზი აღმოსავლეთიდან, მესოპოტამიიდან ჰქონდა აღებული ჩრდილოეთ სპარსეთის გავლით - ბაქოსკენ.

ბრიტანული საპატიო ყარაული 1920 წლის 7 ივლისს ბათუმის მოკავშირეთა ბაზისკენ მიემართება.

„ბრიტანული არმიის ჯარისკაცების უმეტესობა ინგლისელი იყო, თუმცა იყვნენ შოტლანდიელები და უელსელები, რამდენიმე ირლანდიელიც. გარდა ამისა, ჯარები ჩამოსულნი იყვნენ ინდოეთიდანაც - ნეპალიდან, ინდოეთის რაჯასტანიდან და პენჯაბიდან. - ინდოეთის არმიის ის ნაწილებიც, რომლებიც ბრიტანული არმიის შემადგენლობაში შედიოდნენ“, - გვიამბობს ბრენდან ჯექსონი.

ასევე ნახეთ „უკანასკნელი იუნკერის“ ჩანაწერები: ნიკოლოზ მათიკაშვილი

ტყვია, „ისპანკა“ თუ მალარია? - საიდან ამდენი საფლავი?

შემორჩენილი ცნობებით, ახალგაზრდა ბრიტანელი ჯარისკაცებიდან ზოგიერთი დახვრიტეს. ზოგიც შეტაკებების დროს დაიღუპა. ჩანაწერებს ერთი ასეთი ამბავიც შემორჩა:

თბილისის ქუჩებში მოუკლავთ ბრიტანელი სამხედრო ექიმი, კაპიტანი. ერთი ვერსიით, მას რომანი გაუბამს ქართველი ოფიცრის ცოლთან. სხვა წყაროს ცნობით, ის ბოლშევიკებმა მოკლეს და თითქოს მასზე თავდასხმაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.

თუმცა ბრიტანელი ჯარისკაცების დიდი ნაწილი მაინც ავადმყოფობას ემსხვერპლა.

საავადმყოფო, თბილისი, 1921. საილუსტრაციო ფოტო

პირველი გარდაცვლილები მაშინ ჩნდებიან, როცა 1918 წლის დეკემბრის დასაწყისში ბათუმში ბრიტანული გემი შემოდის.

ეკიპაჟის ნახევარი უკვე ესპანური გრიპით იყო ავად - დაახლოებით 300 ადამიანი.

საქართველოში ჩამოსული პირველი ბრიტანელი ჯარისკაციც სწორედ ესპანური გრიპით გარდაცვლილა.

ასევე ნახეთ „ისპანკის“ პანდემია 1918 წელს: ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ერთ მესამედს შეეყარა

ბრენდან ჯექსონმა საარქივო დოკუმენტებში ამოიკითხა, რომ მათი სიკვდილის მიზეზად პნევმონიაა მითითებული და არა ესპანური გრიპი, თუმცა, მისივე სიტყვებით, პნევმონიასაც იგივე ვირუსი იწვევდა.

„არც მალარია და ქოლერა უნდა გამოვრიცხოთ, რაც მაშინ ძალიან იყო გავრცელებული“.

ბრიტანული „სასწრაფოს“ ავარია კავკასიის გზებზე - ბრიტანულ არქივებში ნანახი და წაკითხული

1940 წელს, ლონდონის გერმანული ბლიცის დროს, ჩანაწერების უდიდესი არქივი დაიწვა და პირველი მსოფლიო ომის დოკუმენტების დაახლოებით 60% განადგურდა, ძალიან ბევრი ინფორმაცია დაიკარგა.

თუმცა ბატალიონების დღიურების ნაწილი შემორჩენილია და მათში ჩანს, რომელ ბატალიონში და რა პერიოდში მსახურობდა ესა თუ ის სამხედრო.

ამბების ნაწილი დიდი ბრიტანეთის არქივებშია გაფანტული.

საიმპერიო ომის მუზეუმმა, მაგალითად, ფრონტის ანგარიშები, პირადი მიმოწერა თუ ბატალიონების დღიურები შემოინახა.

სამეფო საზღვაო შეიარაღებული კორპუსის არქივში ფოტოალბომებია დაცული.

ლონდონის The Wellcome Museum-ში (სამედიცინო მუზეუმი მდიდარი არქივით) კი, ბრენდან ჯექსონმა სრულიად შემთხვევით, ძიებისას იპოვა ერთ-ერთი სამხედრო ექიმის გადაღებული კავკასიის ფოტოები, საფოსტო ბარათები და მინის ნეგატივები.

და როცა ერთ-ერთ ასეთ ნეგატივს სინათლეზე გახედა, იქ 1919 წელს, კავკასიაში ყოფნისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის კადრი დაინახა - გზაზე ბრიტანული სასწრაფო დახმარების მანქანაა გადაბრუნებული.

ფოტოზე ასახულია პირველი მსოფლიო ომის დროინდელი სამეფო საზღვაო ძალების ჯავშანტექნიკის სასწრაფო დახმარების გაფუჭებული მანქანა სარეგისტრაციო ნომრით - „OA8890“. გვერდით ორი მამაკაცი დგას. მოჩანს დაჭრილებისთვის განკუთვნილი საკაცეები და მანქანიდან გადმოტანილი ნივთები.

„ზოგჯერ ასეთ მასალებს სრულიად მოულოდნელ ადგილებში პოულობ“, - ამბობს ბრენდან ჯექსონი.

თავისი მშობლიური რეგიონიდან საქართველოსკენ წამოსული ბრიტანელი ჯარისკაცების კვალს ის 1918, 1919 და 1920 წლების ბრიტანულ გამოცემებშიც დაეძებდა.

გაზეთები წერდნენ ცნობებს, რომ ესა თუ ის გემი შავ ზღვაში იმყოფებოდა. ხან ნოვოროსიისკთან, ხან სოჭთან ან სხვა ადგილას. შემორჩენილია სამეფო საზღვაო ძალების არაერთი ჩანაწერი და გემების ჟურნალები, რომლებიც დღეს ონლაინაც ხელმისაწვდომია.

„ასე აღმოვაჩინე HMS Liverpool-ის (ბრიტანეთის სამეფო ფლოტის გემი) ჟურნალი. ეს იყო პირველი ბრიტანული გემი, რომელიც 1918 წლის დეკემბერში ბათუმში ჩავიდა, რათა თურქებთან და საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები გაემართა ბათუმის თავისუფალ პორტად გადაქცევის საკითხზე“.

ბრიტანული ჯარები ბათუმს უახლოვდებიან, 1918 წლის დეკემბერი. ფოტოგრაფი რობერტ კოტონ მანი, IWM

ამ ჟურნალის ჩანაწერების თანახმად, ერთ-ერთი მთავარი უნტერ-ოფიცერი საყვედურით დასჯილა, რადგან გემზე ღამის ორ საათზე მთვრალი დაბრუნებულა:

„როგორც ჩანს, როცა სოჭში შეჩერდნენ, ადგილობრივი ჭაჭა მისთვის ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა“, - გვეუბნება ბრენდანი.

ამ რუკაზე ასახულია HMS LIVERPOOL-ის მოგზაურობები 1915-1919 წლებში. ნახაზები შეიძლება იყოს მხოლოდ მიახლოებითი. რუკები შექმნილია Journey Plotter-ის - გემების/მარშრუტების ვიზუალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენებით.

ერთი სახალისო ჩანაწერი ბრენდან ჯექსონმა გერმანელი გენერლის დღიურშიც ამოიკითხა, რომელიც წერდა, ქართველებისთვის დამახასიათებელია ყველას მიმართ მეგობრული დამოკიდებულების ქონის სურვილიო - ამის დასტურად კი აღწერს, როგორ დახვდება მას თბილისში, ოპერაში მიწვეულს, ჯერ ბრიტანელი სამხედროების უნიფორმები გარდერობში, თავად ბრიტანელები კი მისთვის განკუთვნილ ლოჟაში... გაბრაზებული გერმანელი გენერალი ოპერას ტოვებს.

ბრიტანელი ჯარისკაცების ჩანაწერებიდან (დღიურებს ძირითადად ოფიცრები წერდნენ) ჩანს მათი განწყობებიც.

თბილისს მათზე „ევროპული ქალაქის“ შთაბეჭდილება დაუტოვებია.

ფეხსაცმლის სახელოსნო თბილისში, 1919 წელი

აქ ტრამვაია, ჩაი - ნაღებით, კაფეები, ბულვარი“, - წერენ ისინი.

ნავთობის საბადოები. ბაქო, 1918.

ერთ ჯარისკაცს, რომელიც 1918 წლის აგვისტოში ჯერ ბაქოში მოხვდა (იქ თურქებმა დაიჭირეს, მათგან გამოქცეულმა კი თავი თბილისს შეაფარა), მერე კი თბილისში, ქართველი გოგო შეუყვარდა, მასზე იქორწინა და პარიზში გადასახლდა.

ის თბილისს პატარა, დამალულ სამკაულს“ უწოდებს, ქართველებზე კი წერს, როგორ გადაარჩინეს.

ბრიტანელებს, როგორც ჩანს, მოსწონთ ბათუმი. ამ ქალაქს და მის ბოტანიკურ ბაღს ხშირად ახსენებენ ჩანაწერებში.

ბრიტანელი ოფიცრები ბათუმში, 1919 წელი, რობერტ კოტონ მანი, საიმპერატორო ომის მუზეუმი

თუმცა, როგორც ბრენდან ჯექსონი გვიყვება, 19-22 წლის ბიჭებისთვის, რომლებიც არ ელოდნენ, რომ ერთ დღეს სახლიდან ასე შორს აღმოჩნდებოდნენ, მთავარი შეგრძნება საქართველოს და კავკასიის მიმართ მაინც ასეთი იყო: „უცნობ მიწაზე უცნაური ადამიანები“.

„მათ ხომ ამ ქვეყნების შესახებ სკოლაშიც არაფერი უსწავლიათ“.

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში საქართველოში მყოფი ბრიტანელი ჯარისკაცების ყოველდღიურობის ფოტოარქივს რამდენიმე ავტორი ჰყავს.

ასევე ნახეთ თბილისის დაცემის ქრონიკა: ომი, პროპაგანდა და ოკუპაცია

ერთ-ერთია ამერიკელი ფოტოგრაფი (წარმოშობით პუერტო-რიკოდან) არიელ ვარგასი, რომელიც პირველ მსოფლიო ომამდე გამოცემა Hearst International-ისთვის მუშაობდა. მოგვიანებით კი ის ომის ოფიციალური ფოტოგრაფი გახდა და პალესტინაში, მესოპოტამიაში, ბაქოსა თუ ბათუმში გადაღებული ასობით ფოტოს ავტორია.

„მისი ფოტოსურათები განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ისინი „კულისებს მიღმაა გადაღებული, - გვიყვება ბრენდან ჯექსონი, - 1918 წლის აგვისტოში, ბაქოში პირველი ბრიტანელი ჯარისკაცების ჩასვლის სურათებიც მისი გადაღებულია“.

სტაფორდშირის პოლკი ბალადაჯარის სადგურზე, ბაქო, 1918 წლის აგვისტო

რობერტ ქოთონ მანის ობიექტივში მოხვდა ბათუმიდან თურქი ჯარისკაცების ევაკუაციაც, რაც დეკემბრის მეორე ან მესამე კვირას ემთხვევა.

თურქული ჯარები 1919 წლის დეკემბერში ბათუმს ტოვებენ გემ SS KATOOMBA-თი.

ამ ფოტოების როლი იმ დღეების სურათის აღსადგენად დღეს შეუფასებელია. თუმცა ფოტოების გარდა, არქივებში ძიებისას ბრენდან ჯექსონმა ბევრ ისეთ დოკუმენტს თუ აფიშას მიაკვლია, რომლებიც თბილისსა თუ ბათუმში „ბლექ ქანთრიდან“ თუ დიდი ბრიტანეთის სხვა მხარეებიდან ჩამოსული ჯარისკაცების და ოფიცრების თბილისური და ბათუმური ცხოვრების დეტალებს აღწერს.

ასეთია, მაგალითად, ბრიტანული პანტომიმის სპექტაკლის პლაკატი - წარმოდგენა თბილისში, ბათუმსა და ბაქოში გამართულა 1918-1919 წლებში.

არსებობს პანტომიმის მონაწილე მუსიკოსის დღიურიც, რომელიც აღწერს სპექტაკლის მიმდინარეობას თბილისის სათეატრო სცენაზე და ჰყვება, რომ პანტომიმაში ქალების როლს მამაკაცები ასრულებდნენ, წარმოდგენა ოთხ საათამდე გრძელდებოდა და ის 27 მუსიკალური ნომრისგან შედგებოდაო...

ასევე ნახეთ “ვაიმე შვილო...” - ომში წასული იუნკრის დედის დღიური

პოლიტიკური კონტექსტი: ბრიტანელების სამხედრო მისია და კავკასიის „დავიწყებული ფრონტი“

ბრიტანელი ჯარისკაცები კავკასიასა და საქართველოში პირველად 1918 წელს ჩნდებიან.

ეს საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვისაც პოლიტიკურად რთული, არეული დროა. საქართველომ ის-ისაა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შენდება.

კავკასიის ბრიტანული სამხედრო რუკა, 1919 წელი

„წესრიგის აღდგენა და დამარცხებული გერმანული და ოსმალური არმიების რეგიონიდან ევაკუაციის კონტროლი - ასე ესმოდათ ბრიტანელ სამხედროებს თავიანთი მთავარი ამოცანა კავკასიაში“ და როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე წერს „საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის“ პუბლიკაციაში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთი“, „მოკავშირეთა არმიის კავკასიაში განლაგების მიზნები მოიცავდა ბოლშევიკების შეტევის შეჩერებას და ბაქოს ნავთობის ექსპლუატაციას“.

1918-1921 წლებში საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობები ორი ძირითადი მიმართულებით ვითარდებოდა: პოლიტიკურ-დიპლომატიური და სამხედრო.

პირველი დაკავშირებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ლორდ კეზონთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ქვეყნის უმაღლეს კომისართან სამხრეთ კავკასიაში, ოლივერ უორდროპთან.

ოლივერ უორდროპი

მეორის უკან იდგა კავკასიაში ბრიტანული არმიის სარდლობა - გენერლები ფორესტიერ უოკერი, უილიამ მონტგომერ ტომსონი და ჯორჯ ნორტონ კორი.

ბრიტანეთი, "ანტანტის" (დასავლეთის სახელმწიფოების პოლიტიკური-საომარი კოალიცია) წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად, რეგიონში გავლენის შენარჩუნებას ცდილობდა. სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის და რუსული ბოლშევიკური ინტერესების გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობის ობიექტების და ტრანსკავკასიური სარკინიგზო ხაზების კონტროლსა და დაცვას აძლიერებდა.

ბრიტანული საზღვაო ქვემეხის მონტაჟი ბაქოს თავზე, 1919 წელი

ამ დროს, ბრიტანული ჯარები ძირითადად განლაგებული იყვნენ ბაქოდან ბათუმამდე - სწორედ სარკინიგზო ხაზის გასწვრივ, მეთვალყურეობდნენ პორტებს, საავადმყოფოებსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურას.

დიდ ბრძოლებში ისინი არ ჩართულან - მხოლოდ მცირე შეტაკებებში მონაწილეობდნენ და მათი მთავარი ფუნქცია მაინც მშვიდობის შენარჩუნება იყო.

საქართველოს მთავრობაც მათ უფრო დამცველად აღიქვამდა და დამოუკიდებლობისაკენ სვლის გზაზე ბრიტანეთის მხარდაჭერის და პარტნიორობის იმედი ჰქონდა...

ბრიტანელი ოფიცრები ნავთობის ჭაბურღილებს ამოწმებენ, ბაქო, 1919 წელი

თუმცა ბრიტანელები საქართველოში დიდხანს არ დარჩენილან.

მათ საკმაოდ მალე, 1920 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, სრულად დატოვეს საქართველო და კავკასია. ფინანსური შეზღუდვების, დემობილიზაციის, სხვა რეგიონების სტრატეგიული პრიორიტეტებისა და რესურსების სიმცირის გამო.

ბრენდან ჯექსონი თავის წიგნში „Black Country, Black See’’, რომელშიც მწერალი და ფოტოგრაფი ამ პერიოდზე ვრცლად მოგვითხრობს, ხშირად იყენებს ტერმინს, „დავიწყებული ფრონტი“:

„თითქოს ისტორიის ეს ეპიზოდი თავად ბრიტანეთსაც სურდა დაევიწყებინა. ბრიტანული ისტორიები ძირითადად დასავლეთის ფრონტზეა კონცენტრირებული, ამიტომ კავკასიის ფრონტი ხშირად იგნორირებული რჩება..."

ინდოელი ჯარისკაცები რუსთაველზე, 1919

ბრიტანული ჯარების გასვლის შემდეგ, რეგიონში სიტუაცია მალევე შეიცვალა. 1921 წლის დასაწყისში დამოუკიდებელ სამხრეთკავკასიურ სახელმწიფოებს წინ "წითელი არმიის" იერიში და ოკუპაცია ელოდა.

დიდმა ბრიტანეთმა, როგორც ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძეც შენიშნავს, არ დაუჭირა მხარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთა ლიგაში გაწევრიანებას, რამაც, საბოლოო ჯამში, საბჭოთა რუსეთს გაცილებით გაუადვილა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამარცხება და დაპყრობა 1921 წლის თებერვალ-მარტში.

ასევე ნახეთ ყველაფერი „25 თებერვლის“ შესახებ

ბრენდან ჯექსონი თავისი წიგნს ასრულებს ციტატით გაზეთ „საქართველოს“ 1921 წლის 17 თებერვლის ნომრიდან, რომელშიც წერია:

„კიდევ ერთხელ, ძველი და კარგად ნაცნობი რუსი ჯალათი საქართველოსკენ მოემართება. სხვანაირ ქურთუკსა და სხვა ფერებში შემოსილი, მაგრამ მისი გული კვლავ შავია. სავსე სიძულვილითა და სისასტიკით“.

„მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, არა? ზოგი რამ არასოდეს იცვლება. დასასრულისთვის, ეს, შესაძლოა, ცოტა სევდიანად ჟღერდეს, მაგრამ ასეთი რამეები არ უნდა დავივიწყოთ“, - ასე ასრულებს მკვლევარი და წიგნის ავტორი ჩვენთან საუბარს.

2026 წლის 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა რუსული ოკუპაციიდან და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გაუქმებიდან 105 წელი გადის.

PS: გამოფენა სახელწოდებითBlack country, Black See“, რომლითაც ბრენდან ჯექსონი ბრიტანეთის იმპერიასა და საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ხანმოკლე კავშირის ამბებს მის მიერ არქივებში მოძიებული უნიკალური ფოტოებით და დოკუმენტებით გიამბობთ, 24 თებერვალს თბილისის ფოტოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება. იქ არაერთ აქამდე უცნობ, ბრიტანულ არქივებში დაცულ ფოტოს ნახავთ.

ვუსტერის საფეხბურთო გუნდი, ბაქო, 1919.

ბრიტანეთში ეს გამოფენა უკვე ნახეს ჰეიდენ ჰილის სახლ-მუზეუმში, რომელიც იმ გორაკთან ახლოსაა, სადაც დაიბადა და ცხოვრობდა ბათუმში გარდაცვლილი და იქვე დაკრძალული ბრიტანელი ჯარისკაცი, რომელიც თავის ათასობით თანამებრძოლთან ერთად, 1918-1920 წლებში კავკასიაში, მათ შორის საქართველოშიც, მსახურობდა.

ეს გამოფენა ბრენდან ჯექსონის ამავე დასახელების წიგნის („Black country, Black See’’) და ვებსაიტ Sites of Memory-ს (მეხსიერების ადგილები) გაგრძელებაცაა, სადაც ამ ისტორიის, ახალგაზრდა ბრიტანელი ჯარისკაცების ქართული თავგადასავლის უფრო მეტი დეტალი, ფოტო და დოკუმენტია თავმოყრილი.

ასევე ნახეთ გრაფი შულენბურგი და საქართველო - ასწლიანი ისტორია ფოტოებში