წარსულსა და მომავალს შორის, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის - ინტერვიუ მკვლევარ ქეთი სართანიასთან

მოკლედ

  • როგორ იქცა ქალაქის ქუჩები ისტორიის ალტერნატიულ საცავად იქ, სადაც ოფიციალური არქივები ნაწილობრივ დახურულია?
  • რა ფორმებით, ვის წინააღმდეგ იბრძოდა საქართველო დამოუკიდებლობისთვის?
  • არის თუ არა წარსულის ამ ბრძოლების გააზრება აუცილებელი, რომ დღეს ისევ ერთსა და იმავე წრეზე არ აღმოვჩნდეთ?
ისტორიის მკვლევარი ქეთი სართანია, წიგნში „ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა საქართველოში“ (გამომცემლობა “არტანუჯი”) 1924-დან 1989 წლამდე პროტესტის ისტორიას მიჰყვება.

ის ცდილობს უპასუხოს კითხვას: როგორი უნდა იყოს ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოში - წარსულის გაგრძელება თუ წარსულთან კავშირის გაწყვეტა და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება?

ქეთი სართანიასთან ამ ინტერვიუში ვცდილობთ ავხსნათ, რას ამბობს ქუჩა, როგორც ისტორიის ცოცხალი არქივი და რატომ არის პროტესტი ისევ აქტუალური.

რადიო თავისუფლება: ქეთი, თქვენს წიგნში, “ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობა საქართველოში” წერთ, რომ ქუჩა, ამ ტექსტში, არა მხოლოდ კვლევის საგანია, არამედ ალტერნატიული არქივიცო. რატომ, რას გულისხმობთ ამ ნათქვამში და როგორ იქცა ქუჩა არქივად?

ქეთი სართანია: ქუჩა, დღეს, არათუ ალტერნატიული არქივი, არამედ მთავარი არქივიც კი ხდება ისტორიკოსებისთვის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში 2023 წლის შემოდგომიდან დახურულია კომუნისტური პარტიის და ე.წ. “კაგებეს” არქივები - მთავარი საცავი, სადაც ინახება საბჭოთა პერიოდის შესახებ ოფიციალური მასალები. რასაც წესით უნდა ვეყრდნობოდეთ ისტორიკოსები და მკვლევრები პროტესტის კვლევის თუ სხვა ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაგებად, რომელსაც კომუნისტური პარტია იღებდა.

ამიტომ დავიწყეთ ალტერნატიული ადგილების ძიება, სადაც შეიძლება ჯერ კიდევ იყოს შენახული ის მასალები, რომლებიც საზოგადოებისთვის და მკვლევრებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და გზა და გზა, მე და ჩემმა კოლეგებმა აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი საცავები შეიძლება იყოს სრულიად დავიწყებული ადგილები - სარდაფები, კარადის უჯრები, სადაც ინახება ძველი მასალები - ძველი ფირები, წერილები, კორესპონდენცია, გაზეთები, პირადი ნივთები, რომლებსაც თავისი ისტორიები აქვს. ქუჩას ალტერნატიული არქივი იმიტომაც დავარქვი, რომ ბევრი ამბავი ან წყარო, საარქივო მასალა ზუსტად ქუჩაში ძიებისას ვიპოვე.

ნაწყვეტი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების თვითმხილველის ნაამბობიდან

რადიო თავისუფლება: თქვენს წიგნში ქუჩის ოთხ დიდ ანტისაბჭოთა გამოსვლაზე ჰყვებით - 1924, 1956, 1978 და 1989 წლების მოვლენებზე. რა აქვთ მათ საერთო და რა განმასხვავებელი?

ქეთი სართანია: ოთხივე ამ მოვლენას აერთიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხი. 1924 წელს, ეს არის დამოუკიდებლობის დაკარგვა, შენარჩუნება და აღნიშვნა. 1956 და 1978 წლებში უფრო ფორმის ძიებაა, რომ თუნდაც სიმბოლურად წამოიწიოს, საქართველოს დამოუკიდებლობის თემამ. მაგალითად, 1956 წლის შესახებ, ერთ-ერთი ამერიკული წყარო ამბობს, რომ მაშინაც იდგა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი და ამას რესპონდენტებიც იხსენებენ. 1978 წლის შემთხვევაში - ეს არის ქართული ენის საკითხი, ხოლო 1989 წელს, როცა იმ პერიოდის ბოლო დიდ დემონსტრაციაზე ვსაუბრობთ, უკვე ღიად და აშკარად მოითხოვენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ამიტომ ეს ერთი დიდი გამაერთიანებელი ჯაჭვია.

რადიო თავისუფლება: და პროტესტიც.

ქეთი სართანია: დიახ, პროტესტიც. ეს არის, ალბათ, მთავარი რაც აერთიანებს ამ ოთხივე მოვლენას. ოთხივე შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა თაობის ადამიანები და სხვადასხვა პოლიტიკურ კონტექსტში, ცდილობენ იპოვონ ფორმა, როგორ გამოხატონ ეს სურვილი, ეს მოთხოვნა - დამოუკიდებლობის აღნიშვნის, დამოუკიდებლობის აღდგენის ან საერთოდ, ამ თემაზე საუბრისა.

რუსთაველის 8 ნომერი - პროტესტის უცველი ადგილი

რადიო თავისუფლება: წერთ, რომ ანტისაბჭოთა და ანტიიმპერიულ მოძრაობას ხშირად ჰქონდა ანტირუსული კონტექსტი - ეს გამაერთიანებელი ფაქტორი იყო ქუჩის გამოსვლებისას? ან ასე რომ დავსვა კითხვა: როგორც წესი, რას აპროტესტებდა ქართველი ხალხი?

ქეთი სართანია: საქართველოს დამოუკიდებლობა, 1918 წელშიც და 1991 წელშიც, თავიდან ბოლომდე უკავშირდება რუსული იმპერიული და შემდგომ საბჭოთა სისტემისგან თავისუფლების მოპოვებას.

საქართველო, მუდმივად ცდილობს რაღაცისგან გათავისუფლებას და არა დამოუკიდებელი შინაარსის ქონას.
ქეთი სართანია


ამ გაგებით, შეიძლება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა - ნეგატიური შინაარსისაც იყოს, იმიტომ რომ საქართველო, მუდმივად ცდილობს რაღაცისგან გათავისუფლებას და არა დამოუკიდებელი შინაარსის ქონას.

თუმც, ბოლო წლებში, მას მერე რაც ქვეყანა ევროპისკენ ისწრაფოდა, საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსული გავლენისგან გათავისუფლება კი აღარ იყო, არამედ სწრაფვა თავისუფალ სამყაროსთან გაერთიანებისკენ, მაგრამ მაინც ნაკლებად ჰქონდა დადებითი შინაარსი. თუმცა მთავარი გამაერთიანებელი, რაც ამ პროტესტებს აქვს, მაინც არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და მასთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოწევა.

1989 წლის და მასთან დაკავშირებული გამოსვლები, აჯამებს და ერთად თავს უყრის ყველა იმ მოთხოვნას, რაც წინა პერიოდშიც არსებობდა, 1924 წლიდან მოყოლებული. ამის დასტურია 1991 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიც, რომელიც 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტს ეფუძნება… ანუ ეს ისტორიული კავშირი ამ მოვლენებს შორის აშკარაა, პოლიტიკურია, ისტორიული და რაც მთავარია, სამართლებრივი.

წარწერა რუსთაველზე, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის გვერდზე, 2026 წლის 20 მაისი.

რადიო თავისუფლება: ამ ოთხი დიდი გამოსვლის გარდა, დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის პროცესში რომელ შემდგომ გამოსვლებს ჩამოთვლიდით?

ქეთი სართანია: ალბათ, ეს თარიღი მაინც 2003 წელი იქნება, “ვარდების რევოლუციას” რასაც ვუწოდებთ. სამწუხაროდ, ბევრი მიზეზის გამო, ეს პერიოდიც არ არის კარგად გამოკვლეული. ჯერ კიდევ ახალი პოლიტიკური ისტორიის ნაწილია. 2003 წელს, მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, თუმცა, განწყობების დონეზე მახსოვს ხალხის შეგრძნებები, როგორ ჰქონდათ იმედი, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდოდა და მიუხედავად იმისა, როგორც დაიწყო ეს პროცესი (პროტესტი თავიდან ეხებოდა კორუფციას, უშუქობას, გზები არ იყო, ხელფასები გვიანდებოდა, გაყინული პენსიები და ა.შ. და თითქოს მაინც უკავშირდებოდა ადგილობრივ საკითხებს), საბოლოო ჯამში, მთავარი იყო საქართველოს ადგილი საგარეო სივრცეში. რა თქმა უნდა, ეს ეხებოდა ისევ რუსეთის საკითხსაც.

რადიო თავისუფლება: რა ადგილები იზიდავდა პროტესტს და რატომ? რომელია “პროტესტის ამ გეოგრაფიაში” ყველაზე სიმბოლური ადგილი - ქუჩის ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დროსაც და მერეც?

ქეთი სართანია: თბილისში, პროტესტს ცალსახად ერთი მთავარი მისამართი აქვს და ეს რუსთაველის რვა ნომერია - პარლამენტის შენობა და მისი წინა მოედანი. თუმცა სანამ ეს შენობა აშენდებოდა, ეს ტერიტორია მანამდეც მნიშვნელოვანი იყო, მე-19-ე საუკუნის ბოლოდან და მე-20 საუკუნის დასაწყისში, ეს იყო ადმინისტრაციული პოლიტიკური ცენტრის წარმოქმნის ადგილი.

1956 წელს, მართალია სტუდენტები დღევანდელი დედაენის ბაღში შეიკრიბნენ, თუმცა მერე მოვლენებმა ისევ რუსთაველზე გადაინაცვლა, მაშინდელი კავშირგაბმულობის სახლთან, რომელიც პირველი სკოლის გვერდზე იყო.

"დიდება დიდ სტალინს" - წარწერა "მშრალი ხიდის" მოაჯირზე

რადიო თავისუფლება: და 1978 წელსაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან მსვლელობა რუსთაველისკენ გაგრძელდა…

ქეთი სართანია: დიახ. ასე იყო და პროტესტი მთავარ სცენად ყოველთვის იყენებდა ადგილს პარლამენტის შენობის წინ, სადაც, მხოლოდ აქცია კი არ იმართებოდა ხოლმე, არამედ, ლექციები და საინფორმაციო გამოსვლებიც რადგან ეს ადგილი იყო ინფორმაციის გავრცელების სივრცეც, ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა - მიიჩნევდნენ, რომ პარტიული პრესა არ ავრცელებდა სიმართლეს, რაც საზოგადოებას სჭირდებოდა.

რადიო თავისუფლება: დედაქალაქის გარეთ რომელი იყო ასეთი ადგილი?

ქეთი სართანია: მთელი ამ პროცესების დროს, განსაკუთრებით 1950-იანი წლების შემდეგ, დემონსტრაციები იმართებოდა აფხაზეთშიც, სოხუმში. ასევე, აჭარაში, ბათუმში გაიმართა აქცია 1978 წლის მოვლენების პარალელურად და იქაც ითხოვდნენ, რომ სახელმწიფო ენა ყოფილიყო ქართული ენა (განსხვავებით აფხაზეთისგან, სადაც ბოლომდე არ იზიარებდნენ ამ მოთხოვნას.

რადიო თავისუფლება: ამ თემების კვლევისას თუ წააწყდით შედარებით უცნობი დოკუმენტებს, რომლებმაც ეს ოთხი თარიღი უფრო საინტერესო გახადა თქვენთვის?

ქეთი სართანია: ერთი ასეთი ხელნაწერი წერილებია, რომლებიც 1989 წლის აპრილ-მაისში დაიწერა და ისინი ჩემთვის უცნობმა ადამიანმა ერთად აკინძა. დაახლოებით 100 გვერდამდე დოკუმენტია და მოიცავს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, მუშების, ექიმების, სხვადასხვა პროფესიის ადამიანების პირად მოგონებებს. თუმც, ზოგიერთი წერილი ზედმეტად ოფიციალურია პირადი მოგონებისთვის და ალბათ, ფიქრობდნენ, რომ უნდა მიემართათ ადგილობრივი კომუნისტური პარტიისთვის ან რომელიმე ოფიციალური ორგანოსთვის.

ასევე, ზუგდიდში, ერთ-ერთ რესპონდენტთან წავაწყდი მისი ბაბუის შაქრო როგავას გადაღებულ ფოტოებს - შვილიშვილმა იპოვა სახლში ფირები. ეს კაცი იყო მოყვარული ფოტოგრაფი, რომელსაც გარკვეული კავშირი ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან და ყოველთვის, როცა ისინი ჩადიოდნენ დასავლეთ საქართველოში, ფოტოებს უღებდა ხოლმე.

საპროტესტო აქცია, ზუგდიდი 1989 წელი, ფოტოს ავტორი შაქრო როგავა. ლევან ბებიას არქივიდან.

რადიო თავისუფლება: ამ ოთხი მოვლენის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, როგორ დაახასიათებდით ამ პროტესტების ბუნებას, რამდენად მშვიდობიანი იყო გამოსვლები, როგორ იქცეოდნენ მონაწილეები აქციების, გამოსვლების მიმდინარეობისას?

ქეთი სართანია: 1924 წლის აჯანყება და მისი წინა გამოსვლები, თავიდან მშვიდობიანი იყო - იწერებოდა პეტიციები, მუშების, სტუდენტების წერილები ევროპისადმი, ამერიკისადმი. იქაური სტუდენტების თუ მშრომელების სახელზე. წერდნენ, რომ მათ მიწაზე უცხო ჯარი იმყოფებოდა და რომ ყველაფერს გააკეთებდნენ ამის შესაცვლელად, გასათავისუფლებლად. ცდილობდნენ, წარმოეჩინათ, რომ ისინი მანამდეც დამოუკიდებლები იყვნენ.

იმ პერიოდის წერილებში სულ ჩანს, როგორ ცდილობდნენ გამოსვლების მონაწილეები, ეჩვენებინათ, რომ საქართველო განსხვავდებოდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისგან. სხვათა შორის, ეს წერილები იწერებოდა ქართულ ენაზე
ქეთი სართანია

შემდეგ, როცა იწყება მზადება აგვისტოს შეიარაღებული აჯანყებისთვის, აქ უკვე ორგანიზატორებს იარაღი აქვთ. აჯანყების მონაწილეების სასამართლო პროცესზე, მისი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და ორგანიზატორი კოტე ანდრონიკაშვილი, ხსნიდა, რომ მათ სხვა გზა აღარ დარჩათ და რომ პროტესტი და ქუჩის ბლოკირება, ან რკინიგზის ბლოკირება ბევრად უფრო ეფექტიანი საშუალება იყო პროტესტისთვის…

ცოტა მერე, საბჭოთა მოქალაქეების პროტესტი ბევრად უფრო მრავალფეროვანია და იმ კონტექსტზე დამოკიდებული, რომელშიც ისინი ცხოვრობენ - 1956 წელს პროტესტის მთავარი ფორმა ქუჩაში შეკრებაა, თუმცა ეს პროტესტი, დასაწყისში უფრო სამგლოვიარო ცერემონიას ჰგავდა, რადგან მაინც სტალინის სახელს უკავშირდებოდა.

მაშინ, შესაძლოა, ასე დემონსტრაციულად არ ითხოვდნენ დამოუკიდებლობას, მაგრამ იმ პერიოდის წერილებში სულ ჩანს, როგორ ცდილობდნენ ამ გამოსვლების მონაწილეები, ეჩვენებინათ, რომ საქართველო განსხვავდებოდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებისგან. სხვათა შორის, ეს წერილები იწერებოდა ქართულ ენაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - სხვა რესპუბლიკების შემთხვევაში ხშირად მინახავს რუსულ ენაზე დაწერილი მიმართვები და წერილები.

საპროტესტო მსვველობა თბილისში, ტელევიზიისკენ, 1988 ან 1989 წლები, ავტორი კობა წაქაძე, "ფრაგმენტების ციფრული არქივი"

რადიო თავისუფლება: ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელსაც თქვენ სვამთ, არის, როგორი უნდა იყოს ახალი ცხოვრება დამოუკიდებელ საქართველოში - ეს წარსულის გაგრძელება და მასთან კავშირის გაწყვეტაა თუ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი?

ქეთი სართანია: ბოლომდე არც მაქვს მე პასუხი და ალბათ, ეს წიგნიც მაგ კითხვაზე პასუხის პოვნის მცდელობაა. ბავშვობიდან მესმოდა ეს შეკითხვა, რომ ჩვენ ქართველები, ვცხოვრობდით და ვარსებობდით რუსეთის იმპერიამდეც. რომ ვერც იმპერიამ დაგვაკლო ბევრი, ისევ ქართველებად დავრჩით - შევინარჩუნეთ ენა, ჩვენი ტრადიციები. შემდეგ, საბჭოთა პერიოდზეც იგივე მესმოდა, რომ აი, მიუხედავად ყველა დაბრკოლებისა, მაინც გადავრჩით და პირველები ვიყავით, ვინც დამოუკიდებლობა აღვიდგინეთ… სულ ვფიქრობდი, რას ამბობენ ეს ადამიანები ამით, რისი თქმა უნდათ?

თითქოს ორივე გვინდა: გაგრძელებაც ვიყოთ ამ ყველაფრის, იმის ხაზგასასმელად, როგორ ხანგრძლივად ვარსებობთ და როგორი ისტორია გვაქვს, მაგრამ თან ისიც გვინდა ვთქვათ, რომ საქართველოს ახალი ფურცლიდან ცხოვრების დაწყება სურს… მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია ორივესთან გამკლავება ისეთი პატარა ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც საქართველოა. მაგრამ სანამ ამ შეკითხვაზე პასუხს გავცემთ ყველანი ერთად, თუ ინდივიდუალურად, ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიაზე საუბარი, რადგან ამის გარეშე პასუხების მოძიება შეუძლებელია.