ბრძოლა „შაჰედების“ ტალღებთან. ირანული დრონები ამერიკული საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ

სპარსეთის ყურის მინიმუმ სამი ქვეყანაც აპირებს უკრაინული დრონ-გამანადგურებლების (ე.წ. გადამტაცი დრონები) შეძენას.

ომის ათი დღის განმავლობაში ირანმა ჯამში გაუშვა ათასობით კამიკაძე-დრონი და მინიმუმ ხუთასი რაკეტა.

2026 წლის 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა დაიწყეს ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ. ოპერაციის დროს მოკლეს ისლამური რესპუბლიკის მრავალი უმაღლესი ლიდერი, მათ შორის უმაღლესი ლიდერი - რაჰბარი, დიდი აიათოლა ალი ხამენეი. საპასუხოდ ირანს იერიში მიაქვს ამერიკულ ბაზებსა და ახლო აღმოსავლეთში სხვა ქვეყნების ობიექტებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვამ და სპარსეთის ყურის ქვეყნების არმიებმა შეძლეს მათი დიდი ნაწილის ჩამოგდება, ზოგიერთმა რაკეტამ და უპილოტო აპარატმა მაინც მიაღწია მიზნამდე.

დადასტურდა დარტყმები:

  • ბაჰრეინი-ში მდებარე აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზაზე;
  • ამერიკული ჯარების ოპერატიულ შტაბზე ქუვეითის სამოქალაქო პორტში, სადაც ექვსი სამხედრო დაიღუპა;
  • ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის THAAD-ისთვის განკუთვნილ ძვირადღირებულ და იშვიათ რადარებზე AN/TPY-2 (სულ 16 ერთეულია წარმოებული) იორდანიაში და, სავარაუდოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროებშიც.


დრონების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა აგრეთვე ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზა კვიპროსზე.

გარდა ამისა, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ მიიტანეს იერიში სპარსეთის ყურის ქვეყნების სამოქალაქო ობიექტებზე. მათ შორის:

  • კომპანია Saudi Aramco-ს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე (მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესზე) საუდის არაბეთში;
  • ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე;
  • მრავალ შენობაზე ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებში;
  • აშშ-ის წარმომადგენლობებზე ქუვეითში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში;
  • ნახიჩევანის აეროპორტზე აზერბაიჯანში.

თუმცა ზუსტი და სრულყოფილი სტატისტიკა იმის შესახებ, რამდენი ირანული მოიერიშე საშუალება ვერ ჩამოაგდეს, არ არსებობს. ირანული იერიშების წარმატებაზე მხოლოდ ცალკეული მონაცემებით შეიძლება ვიმსჯელოთ. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ 8 მარტს აღიარა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ბალისტიკური რაკეტა და 80 უპილოტო აპარატი „დაეცა“.

იაფი დრონების ეფექტიანობა მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკული სამხედრო ხელმძღვანელობისთვისაც. დახურულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა და გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა დენ კეინმა აღიარეს, რომ უპილოტო აპარატები „უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე მოელოდნენ“ და რომ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სისტემები „ვერ შეძლებენ ყველა მათგანის ჩამოგდებას“. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია CNN-მა ორ წყაროზე დაყრდნობით.

მსგავს შეფასებას აქვეყნებს ჟურნალი The Atlantic. მათმა წყარომაც, იგივე ბრიფინგის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებს „უპილოტო აპარატების წინააღმდეგ ეფექტიანი დაცვის საშუალებები არ აქვთ“.

საჰაერო თავდაცვის მრავალფეროვანი არსენალის მიუხედავად, ირანის მასირებული შეტევების პირობებში აშშ-ისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამხედროებს ზოგჯერ უწევთ მრავალმილიონიანი და ტექნიკურად რთულად წარმოებადი Patriot-ის ტიპის რაკეტა-გამანადგურებლების გამოყენება არა მხოლოდ ბალისტიკური რაკეტების, არამედ იაფი (რამდენიმე ათასი დოლარის ღირებულების) ირანული კამიკაძე-დრონების წინააღმდეგაც.

ირანული დრონი ისლამური რევოლუციის 47-ე წლისთავის აღნიშვნის დროს. თეირანი, 2026 წლის 11 თებერვალი.

დრონებთან საბრძოლველად აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე გაგზავნა უკრაინაში გამოცდილი და შედარებით იაფი (10 ათას დოლარზე ნაკლები ღირებულების) დრონ-გამანადგურებლები Merops. აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს დახმარება შესთავაზა უკრაინამაც. 9 მარტს რეგიონში ჩავიდა სპეციალისტთა პირველი ჯგუფი, რომელსაც ირანულ-რუსული ტიპის „შაჰედის“ უპილოტო აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება აქვს. სპარსეთის ყურის მინიმუმ სამი ქვეყანაც აპირებს უკრაინული დრონ-გამანადგურებლების (ე.წ. გადამტაცი დრონები) შეძენას.

როგორ უმკლავდებიან „შაჰედებს“ აშშ და მისი მოკავშირეები?

ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა ჯონ რიჯმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აშშ-ის, ისრაელისა და სხვა მოკავშირე ქვეყნების არმიები ახლო აღმოსავლეთში ირანულ უპილოტო აპარატებსა და ფრთოსან რაკეტებს დღეს ებრძვიან:

  • გამანადგურებელი თვითმფრინავებით,
  • ვერტმფრენებით,
  • დიდი რადიუსის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით, როგორიცაა Patriot,
  • და ასევე შეზღუდული რაოდენობის C-RAM დანადგარებით, რომლებიც ძირითადად განთავსებულია ერაყში.

რიდჯის თქმით, ამ საშუალებებმა ირანული კამიკაძე-დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში შედარებითი ეფექტიანობა აჩვენეს, თუმცა ამავდროულად გამოავლინეს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისუსტეებიც.

„თუ უპილოტო საფრენი აპარატი წარმატებით გაივლის გამანადგურებლებისა და Patriot-ის ბატარეების მოქმედების ზონას, პრაქტიკულად აღარაფერი რჩება, რაც მას შეაჩერებს“, - ამბობს რიჯი.

ამ პრობლემას ამძიმებს ისიც, რომ ირანსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის მანძილი შედარებით მცირეა. ამიტომ ირანულ დრონებს ხშირ შემთხვევაში მხოლოდ მოკლე მანძილის დაფარვა სჭირდებათ მიზნამდე მისაღწევად - ასკვნის რიჯი უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ „შაჰედების“ რა პროცენტი არღვევს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების თავდაცვას, არ არსებობს, თუმცა მისი შეფასებით 20–30%-იც კი არ იქნებოდა გასაკვირი.

ფინური OSINT-პროექტის Black Bird Group-ის თანადამფუძნებელი ჯონ ჰელინი კი „შაჰედების“ ჩამოგდებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემას გამოყოფს.

პირველ რიგში, ექსპერტის თქმით, იაფი და მრავალრიცხოვანი დრონებით შესაძლებელია მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადატვირთვა. იმ პირობებში, როდესაც ეს სისტემა დაკავებულია ბალისტიკური რაკეტებისა და სხვა საფრთხეების მოგერიებით, უპილოტო აპარატებს შეუძლიათ თავდაცვით ზღუდეებში „გაძრომა“.

F-35 გამანადგურებლები

მეორე პრობლემა ირანული დრონების აღმოჩენა და მათზე თვალთვალია: მათ რადარებისთვის შედარებით მცირე შესამჩნევობა აქვთ და თან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ, რის გამოც ასეთი აპარატების სტაბილურად თვალთვალი რთულია, - ამბობს ჰელინი:

„ისინი შეიძლება იკარგებოდნენ მიწის ზედაპირიდან წარმოქმნილი რადიოხარვეზების ფონზე, იყენებდნენ რელიეფს ფარული გადაადგილებისთვის ან გადიოდნენ ერთი რადარის მოქმედების ზონიდან მანამდე, სანამ მეორე რადარი მათ აღმოაჩენს. ეს ნიშნავს, რომ რეალური სირთულე ხშირად თავად დრონის განადგურება კი არაა, არამედ ის, რომ საჭირო სისტემები საჭირო ადგილას და საჭირო დროს იმყოფებოდნენ“.

ჰელინის თქმით, უკრაინამ რუსული „გერანების“ (ირანული „შაჰედის“ ასლები) წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნა ადრეული აღმოჩენის მთელი აკუსტიკური სისტემა, რომელიც უკრაინის დიდ ნაწილს ფარავს და შედარებით იაფ მოწყობილობებზეა აგებული, რაც უკრაინის არმიას მეტ დროს აძლევს დრონ-კამიკაძეების ჩამოსაგდებად.

ამასთან, ჰელინის თქმით, აშშ და სპარსეთის ყურის ბევრი ქვეყანა თავიანთ საჰაერო თავდაცვას აშენებდა ძვირადღირებული ანტისარაკეტო სისტემებისა და თანამედროვე ჩამჭერი (გამანადგურებელი) საშუალებების (განსაკუთრებით ეფექტიანია საბრძოლო ავიაციის წინააღმდეგ) და არა იაფი და მრავალრიცხოვანი ანტიდრონული სისტემების გარშემო, რომლებიც უკრაინაში ეფექტურად გამოიცადა.

ვის ამოეწურება მარაგები?

ომის პირველივე დღეებში აშშ-ის მოკავშირეებმა ახლო აღმოსავლეთში დაიწყეს საბრძოლო მასალის დეფიციტზე საუბარი. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ — რესურსები არ გვყოფნის, - განუცხადა გამოცემა Financial Times-ს სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ქვეყნის მაღალჩინოსანმა. - ყველას, ჩვენ სპარსეთის ყურეში არ გვყოფნის რესურსები. მოვითხოვეთ დამატებითი გადამტაცი რაკეტები, მაგრამ პარტნიორებს ჯერ არ მოუწოდებიათ.“

Financial Times-ის მონაცემებით, სპარსეთის ყურის რეგიონში ბალისტიკური რაკეტების გამანადგურებელი რაკეტების ყველაზე დიდი მარაგი (აშშ-ის მოკავშირეებს შორის) საუდის არაბეთს ჰქონდა - ორი ათასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს დაახლოებით ათასი რაკეტა ჰქონდათ, ქუვეითს — დაახლოებით 500, ხოლო ბაჰრეინს — დაახლოებით 100.

3 მარტის მდგომარეობით (ომის მეოთხე დღეს), არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამოაგდო 812 უპილოტო აპარატი და 194 რაკეტა (8 მარტის მდგომარეობით — უკვე 1342 დრონი და 229 რაკეტა). ქუვეითმა განაცხადა 283 დრონისა და 97 რაკეტის ჩამოგდებაზე, ბაჰრეინმა — 59 უპილოტო აპარატისა და 70 რაკეტის, კატარმა — 17 დრონისა და 72 რაკეტის, ხოლო საუდის არაბეთმა განაცხადა 8 დრონის ჩამოგდების შესახებ.

რაც შეეხება აშშ-ს, 3 მარტს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს „ფაქტობრივად შეუზღუდავი“ იარაღის მარაგი აქვს და შეუძლია „უსასრულოდ იომოს“.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქუვეითის პორტზე ირანის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის, ნიკოლ ამორის ნეშტის გადასვენების ცერემონიაზე.

ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, რამდენი გადამტაცი რაკეტა აქვს აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში განთავსებული Patriot-ის სისტემებისთვის, არ არსებობს. თუმცა ცნობილია, რომ 2023 წელს ამერიკული კომპანიების ჯგუფს ( მათ შორის Raytheon-ს) შეეძლო ყოველწლიურად 12 ასეთი ბატარეის წარმოება. 2025 წლისთვის აშშ ყოველწლიურად აკეთებდა PAC-3 ტიპის 500 რაკეტას და PAC-2 ტიპის 240 რაკეტას (იგეგმება 2027 წლისთვის მათი რაოდენობის გაზრდა შესაბამისად 750-მდე და 420-მდე). 2026 წელს გერმანული კონცერნი Rheinmetall ასევე გეგმავს PAC-3 ტიპის ჩამჭერი (გადამტაცი) რაკეტების წარმოების დაწყებას და მომავალში წელიწადში 300 ერთეულის გამოშვებას.

2025 წლის ზაფხულში გამოცემა The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ფლობს გადამტაცი რაკეტების საჭირო რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 25%-ს.

ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი რიჯი აღნიშნავს, რომ აშშ-ის შეტევითი იარაღის მარაგი, სავარაუდოდ, ეყოფა რამდენიმე თვიან საბრძოლო მოქმედებებს, რომლებიც პირველ რიგში, შესაძლებელია გაგრძელდეს მცირე დიამეტრის ბომბების და მათთვის განკუთვნილი მართვის კომპლექტების, JDAM-ის წყალობით, რომლებიც უმართავ ბომბებს მართვადად აქცევენ, ასევე ლაზერული დამიზნების ბომბების სერიის გამოყენებით.

„აშშ-ის არსენალის ზუსტი მოცულობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ მხოლოდ JDAM კომპლექტები ასობით ათასია შეძენილი“, - ამბობს ექსპერტი.

მისივე თქმით, გადამტაცი რაკეტების მარაგი „უფრო გამოფიტულად“ გამოიყურება. თუმცა ირანის დრონებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების, ასევე მათი საწყობებისა და საწარმოო ხაზების ეფექტიანმა განადგურებამ უკვე შედეგი გამოიღო, რაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი რაკეტების დაზოგვის საშუალებას აძლევს.

ომამდე ირანში დრონების წარმოების მასშტაბები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო და სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში, ზოგიერთი მონაცემით, თვეში 10 000 დრონის წარმოება შეეძლო.

თუმცა აშშ და ისრაელი აქტიურად იყენებენ ტაქტიკას, რომელსაც ხშირად „მშვილდოსანზე ნადირობას“ უწოდებენ: ამ შემთხვევაში არმია ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ მოიერიშე მიზნების (რაკეტების, უპილოტო აპარატების და. შ. ) ჩამოგდებაზე, არამედ აქტიურად ეძებს და ანადგურებს რაკეტებისა და დრონების გამშვებ საშუალებებსაც.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობაში (United States Central Command - CENTCOM) 5 მარტს განაცხადეს, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ ირანის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტების გაშვების სიხშირე 90%-ით შემცირდა. 6 მარტს, თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალების (ცაჰალი) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანს დარჩა ბალისტიკური რაკეტების 100-დან 200-მდე გამშვები დანადგარი.

„შაჰედების“ (დრონების) გამშვები დანადგარები ბევრად უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე ბალისტიკური რაკეტების გამშვები სისტემები. ამიტომ ასეთი დანადგარის დაკარგვა დრონთან ერთად თავისთავად კატასტროფულ ზიანს არ იწვევს. თუმცა ამერიკის და ისრაელის არმიები ცდილობენ შეტევა განახორციელონ არა მხოლოდ მათზე, არამედ ქარხნებზეც, სადაც უპილოტო აპარატები იწარმოება, ასევე მათ საწყობებსა და შენახვის ადგილებზე.

ირანის იერიშები სპარსეთის ყურის ქვეყნების ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება, რის გამოც აშშ და მისი მოკავშირეები იძულებულნი არიან მათ გასანეიტრალებლად გამოიყენონ არსებული საშუალებები.

იაფი დრონების წინააღმდეგ მრავალმილიონიანი რაკეტების გამოყენების ეკონომიკურ მიზანშეწონილობაზე საუბრისას ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსი ჯონ რიჯი აღნიშნავს, რომ განადგურების საშუალებების ეკონომიკური ეფექტიანობა პირველ რიგში გრძელვადიანი დაგეგმვის საკითხია. თუმცა საბრძოლო მოქმედებების დროს არმიები იყენებენ ყველაფერს, რაც ხელთ აქვთ, რათა დაიცვან საკუთარი თავი და ობიექტები — მაშინაც კი, თუ ამისთვის საჭიროა 3,5 მილიონი დოლარის ღირებულების რაკეტის PAC‑3 MSE გამოყენება 50 ათას დოლარად შეფასებული დრონის წინააღმდეგ.

მისი თქმით, აშშ-ის არმიის ქრონიკულმა არასაკმარისმა დაფინანსებამ მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვისა და ანტიდრონული სისტემების სფეროში შექმნა ვითარება, რომელიც „ოპტიმალურისგან შორს არის“.

„მაგალითად, ახლა აშშ-ს პრაქტიკულად არ აქვს მცირე რადიუსის საზენიტო რაკეტები, რომლებიც შეიძლება განლაგდნენ THAAD-სა და Patriot-ის კომპლექსებთან როგორც მათი დაცვისთვის ან სხვა ობიექტების დასაცავად. არსებობს შემუშავების პროცესში მყოფი გადაწყვეტილებები, მაგალითად სისტემა — IFPC (Indirect Fire Protection Capability), რომელიც ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგაა მიმართული და ნაწილობრივ შეავსებდა ამ სიცარიელეს, თუმცა ის ჯერ არ არის ბოლომდე დასრულებული“, — ამბობს იგი.

ამერიკული THAAD კომპლექსი სამხრეთ კორეაში

სამხედრო ანალიტიკოსი ჯონ ჰელინი ეთანხმება აზრს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ძალიან ძვირი გადამტაცი რაკეტის გამოყენება იაფი დრონის წინააღმდეგ შეიძლება რაციონალური იყოს.

„საკითხი ყოველთვის დრონის ღირებულებაში არ არის, არამედ იმაში, თუ რის განადგურება შეუძლია მას. ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ ანადგურებს „შაჰედი“ ასობით მილიონ დოლარამდე ღირებულების რადიოლოკაციურ სადგურებსა და სხვა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს. თუ იაფი დრონი სწორედ ასეთ სამიზნეს უახლოვდება, ძვირი რაკეტის გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს“, — ამბობს იგი.

თუმცა, მისი აზრით, პრობლემა ასეთი სისტემის გრძელვადიან მდგრადობაშია.

„შეუძლებელია მთელი საჰაერო თავდაცვის სისტემა ააგო იმ პრინციპზე, რომ ათიათასობით დოლარის ღირებულების დრონები მილიონობით დოლარის გადამტაცი რაკეტებით ჩამოაგდო“.

მისი თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა ეს გაკვეთილი გასული წლის შემოდგომაზე აითვისეს, როდესაც ევროპის თავზე რამდენჯერმე რუსული უპილოტო აპარატები გამოჩნდნენ.

ასევე ნახეთ ნადირობა რუსულ დრონებზე - მომავლის ომი უკრაინაში

„აშშ ახლა სწავლობს ამას, მაშინ როცა უკრაინა ამ პრობლემას ომის დაწყებისთანავე შეეჯახა. სწორედ ამიტომ გადავიდა ის ეშელონირებულ თავდაცვით მიდგომაზე, რომელიც საშუალებას იძლევა ყველაზე თანამედროვე რაკეტები ყველაზე საშიში სამიზნეებისთვის შეინახო“, — განმარტავს იგი.

აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის ომის დროს საჰაერო სამიზნეები მხოლოდ Patriot-ის სისტემებით არ ნადგურდება. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებმა და იქ განლაგებულმა ამერიკულმა სამხედრო ძალებმა მთლიანად ამოწურეს საჰაერო თავდაცვის საშუალებების მარაგები. თუმცა ამ რეგიონში Patriot-ისთვის განკუთვნილი PAC-3 გადამტაცი რაკეტები მართლაც ძალიან დიდი მასშტაბით გამოიყენება — მნიშვნელოვნად უფრო დიდი მოცულობით, ვიდრე უკრაინის ომში.

ასე მაგალითად, 5 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების სამი დღის განმავლობაში Patriot-ისთვის განკუთვნილი PAC-3 ტიპის 800-ზე მეტი გადამტაცი რაკეტა იქნა გამოყენებული. ევროპის თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისრის, ანდრიუს კუბილიუსის თქმით, ეს ბევრად მეტია იმაზე, ვიდრე უკრაინის არმიამ მთელი გასული ზამთრის განმავლობაში გამოიყენა. ზელენსკის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა კი განაცხადა, რომ ომის მთელი პერიოდის განმავლობაში უკრაინამ მხოლოდ 600 ცალი PAC-3 გადამტაცი რაკეტა მიიღო.

როგორ შეუძლია დაეხმაროს უკრაინა აშშ-სა და სხვა მოკავშირეებს?

როგორც უკვე ითქვა, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში გაგზავნა უკრაინა-რუსეთის ომში გამოცდილი MEROPS სისტემები, რომლებიც უპილოტო აპარატებთან ბრძოლისთვის არიან განკუთვნილი.

ამერიკას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება თავად უკრაინამაც შესთავაზა. დღეს უკრაინა ლიდერობს გადამტაცი დრონების შექმნასა და მათ მრავალჯერად საბრძოლო გამოყენებაში. 5 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის პარტნიორებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. თუმცა ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადამტაცი რაკეტების დეფიციტი აქვთ და მიანიშნა შესაძლო გაცვლაზე — უკრაინული გადამტაცი დრონები Patriot-ის რაკეტების სანაცვლოდ.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ და სპარსეთის ყურის ქვეყნები უკრაინასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს გადამტაცი დრონების, ასევე მოიერიშე დრონების აღმოსაჩენი აკუსტიკური სისტემების შეძენასთან დაკავშირებით.

7 მარტს უკრაინული კომპანიის TAF Industries წარმომადგენელმა ოლექსანდრ იაკოვენკომ გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროები უკრაინისგან 5000 გადამტაცი დრონის შეძენას გეგმავს, ხოლო კატარი - 2000-ის. იაკოვენკოს თქმით, ამ დრონებით სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ.

9 მარტს ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა უკრაინელი სპეციალისტების პირველი ჯგუფი, რომლებიც ირანული „შაჰედის“ დრონების ჩამოგდებაში არიან სპეციალიზებული, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საერთო ჯამში ასეთი რამდენიმე ჯგუფი იქნება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სამი ქვეყანა ნამდვილად აპირებს უკრაინული გადამტაცი დრონების შეძენას ირანული კამიკაძე-დრონების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მან დაამატა, რომ უკრაინას შეუძლია პარტნიორებს მიჰყიდოს გადამტაცი დრონების „საკმაოდ დიდი რაოდენობა“, რომელსაც თავად უკრაინელი სამხედროები არ იყენებენ.

სამხედრო ანალიტიკოსი ჯონ ჰელინი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის გაწეული დახმარებით უკრაინამ შეიძლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქულები მოიპოვოს. ექსპერტის თქმით, ეს იქნება „შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილება მინიმალური დანახარჯებით“, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორების დახმარებით უკრაინა შეძლებს რაკეტების საკუთარი მარაგის შევსებას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია კიევისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკი „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის წინ.

„თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, უკრაინას ასევე შეუძლია დაეხმაროს ამერიკასა და მის მოკავშირეებს ადრეული გაფრთხილებისა და აღმოჩენის ქსელების შექმნაში - მაგალითად ისეთი აკუსტიკური სისტემებისა, როგორიც ახლა უკრაინაში გამოიყენება - ასევე პარტნიორებს დაეხმაროს ანტიდრონული ბრძოლის დოქტრინის შემუშავებაში“, — ამბობს ჰელინი.

ამერიკელი ანალიტიკოსი ჯონ რიჯი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და მისი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის დახმარების თხოვნა სწორი გადაწყვეტილებაა:

„ეს არის ერთადერთი მოკავშირე, რომელსაც ჰყავს დიდი რაოდენობით მომზადებული და გამოცდილი დრონებთან ბრძოლის სპეციალისტი, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ როგორც საზენიტო არტილერიასთან, ისე მცირე ზომის გადამტაც დრონებთან, მაგალითად, ისეთებთან, როგორიცაა Sting.“

რიჯის აზრით, უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება იყოს სრულად დაკომპლექტებული და აღჭურვილი ანტიდრონული დანაყოფების გაგზავნა, რათა დაიცვან ამერიკული და მოკავშირე ობიექტები იმ რეგიონებში, რომლებიც აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში შედის.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ სპარსეთის ყურის ომის გამოცდილება, ასევე NATO-ს ბოლო სამხედრო სწავლებები უკრაინელი სამხედროების მონაწილეობით აიძულებს ამერიკულ სარდლობას უფრო სერიოზული ყურადღება დაუთმოს უპილოტო აპარატებთან ბრძოლას და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის განვითარებას.

ასევე ნახეთ ზელენსკი: უკრაინამ დრონების სპეციალისტები გაგზავნა იორდანიაში ამერიკული ბაზების დასაცავად

ჯონ ჰელინი ასევე ეთანხმება მოსაზრებას, რომ ირანის წინააღმდეგ ომმა აიძულა აშშ უფრო ყურადღებით შეისწავლოს უკრაინის ომის გამოცდილება.

„როგორც ჩანს, ვაშინგტონი უკრაინას მიმართავს რჩევებისთვის უპილოტო აპარატებთან ბრძოლის საკითხში, და ეს საკმაოდ ნათლად აჩვენებს, რომ უკრაინული საბრძოლო გამოცდილება სერიოზულად აღიქმება. უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის კი არაა, აღიარებს თუ არა აშშ საჯაროდ საკუთარ შეცდომებს, არამედ ის, შეძლებს თუ არა ამ გაკვეთილების რეალურად ჩაშენებას სამხედრო შესყიდვების სისტემაში, მომზადებასა და სამხედრო დოქტრინაში. სამხედრო სტრუქტურები დიდი მექანიზმებია, რომლებიც ნელა იცვლის მიმართულებებს, ამიტომ ასეთი პროცესი ყოველთვის ბევრად ნელა მიმდინარეობს, ვიდრე სასურველია“, — ამბობს იგი.