ბულგარეთის გამარჯვება ევროვიზიაზე - ტრიუმფი თუ ეროვნული კომპლექსების ზეიმი? 

დარას (დარინა იოტოვა, ბულგარეთი) გამოსვლა ევროვიზია - 2026-ზე.

ბულგარეთში ევროვიზიაზე გამარჯვება უბრალო მუსიკალურ მოვლენად არ აღუქვამთ. ქვეყნისთვის, რომელიც თვითდამკვიდრებისა და აღიარების წყურვილით ცხოვრობს, საეჭვო რეპუტაციის პოპ-კონკურსში ტრიუმფი ეროვნული კომპლექსების, პოლიტიკური თამაშებისა და ფილიპ კირკოროვის აჩრდილით მოცული კულტურული გავლენების სარკედ იქცა.

ბულგარეთში მოხდა ის, რასაც 1994 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის დამარცხების შემდეგ აღარავინ ელოდა. ბულგარეთი მოიცვა კულტურულმა აჟიოტაჟმა, რომელიც ნაბახუსევის ოხშივარსა და ეგზისტენციალურ კრიზისშია შეზავებული. მიზეზი — ბულგარელ მომღერალ დარას (დარინა იოტოვა) სენსაციური გამარჯვება ევროვიზია - 2026-ზე სიმღერით Bangaranga (ბანგარანგა).

სანამ სოფიის ცენტრალური მოედანი ჯერ კიდევ „ბანგარანგა-ფართის“ ექოებით ზანზარებს, ხოლო ეკონომისტები იმ მითურ მილიონობით ევროს ითვლიან, რომელიც 2027 წელს, მორიგი „ევროვიზიის“ მასპინძლობისას, ბულგარეთის ბიუჯეტში უნდა შევიდეს, კულუარებსა და სოციალურ ქსლებში ნამდვილი დრამა ვითარდება. „ბანგარანგა“ - ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ გამოააშკარავა სამწუთიანმა პოპ-სიმღერამ ერთი ბალკანური ერის მოუშუშებელი ჭრილობები: დაწყებული არასრულფასოვნების მარადიული კომპლექსით, დამთავრებული რუსულ „კულტურულ დესანტთან“ ტოქსიკური კავშირებით.

იმის გათვალისწინებით, რომ ევროვიზიას ბევრი დიდი ხანია ამაოების ბაზრად და კიტჩის ზეიმად მიიჩნევს, საკითხავია, რატომ გამოიწვია ამგვარ კონკურსში გამარჯვებამ ბულგარეთში ისეთი რეზონანსი, რომელიც მხოლოდ 1994 წელს იორდან ლეჩკოვის მიერ გერმანიის ნაკრების კარში გატანილ გოლს თუ შეედრება? პასუხი, სავარაუდოდ, აღიარების ღრმა, თითქმის ავადმყოფურ წყურვილშია. ბულგარეთისთვის, რომელიც ევროკავშირში ჯერ კიდევ იაფი სასმელებით სავსე საკურორტო ზონად აღიქმება, დარას გამარჯვება უბრალოდ მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილი არ არის. ეს ხარისხის სერტიფიკატია, მტკიცებულება იმისა, რომ „ჩვენც შეგვიძლია“ , რომ მზად ვართ ნებისმიერს გავუწიოთ კონკურენცია.

გაზეთმა The New York Times დარას წარმატება შეაფასა, როგორც დასტური იმისა, რომ ბულგარეთმა ევროპული პოპ-კულტურის ელიტაში „შეაღწია“. და, როგორც ჩანს, ქვეყნის ეს ახალი სახე ძალიან ცდილობს გამოიყურებოდეს თანამედროვედ, ამაყად და, ღმერთმა დაიფაროს, არაპროვინციულადაც. თუმცა, თავად ეს მძაფრი რეაქცია — აეროპორტში ისტერიკებით, პრემიერ-მინისტრთან გამართული პომპეზური მიღებით, ტელეწამყვანების ცრემლებითა და ყოველი მესამე კაფესათვის „ბანგარანგას“ სახელის დარქმევით — ამხელს სწორედ იმ კომპლექსს, რომლის დაფარვასაც ასე გულმოდგინედ ცდილობენ. როცა ქვეყანა მუსიკალურ ფასტფუდში გამარჯვებას გეოპოლიტიკური გარღვევის სახით ზეიმობს, ნათელი ხდება: ეროვნული ღირსების დეფიციტის შევსება კვლავ ბზინვარებითა და სინთეტიკური ბიტებით უწევთ.

ვიდრე ერთნი დარას ბულგარული შოუბიზნესის ახალ მესიად აცხადებენ, სხვები, მის ჰანგებზე სახეებს ჭმუხნიან და რადიოს სხვა სიხშირეზე რთავენ. „ბანგარანგას“ კრიტიკამ ბულგარეთში კულტურული სამოქალაქო ომის სახე მიიღო. სიმღერას ხშირად უწოდებენ „დაბალი დონის“, „უხამსობისა“ და „ევროპულ შეფუთვაში გახვეული ჩალგის“ ტრიუმფს („ჩალგა“ - ბულგარეთში პოპულარული ჟანრი, ბალკანური ფოლკის, იაფფასიანი პოპისა და 1990-იანი წლების კლუბური მაჩო-ესთეტიკის ნაზავი). კრიტიკოსები ამტკიცებენ: ტექსტი უშინაარსოა, კლიპის ესთეტიკა ვულგარულობის ზღვარზეა, ხოლო თავად დარას სახე — პრიმიტიული ვნებების ექსპლუატაციაა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ „ბანგარანგა“ უკიდურესად ენერგიულია, შესანიშნავი საყურებელია და არც დარაა სტანდარტული, სილიკონის ტუჩებიანი პოპ-მომღერალი. ის შესანიშნავად საუბრობს ინგლისურად და, თუ მის სატელევიზიო ინტერვიუებს დავეყრდნობით, მხოლოდ შარმი კი არა, იუმორის გრძნობა, ინტელექტი და საკუთარ თავზე ხუმრობის უნარიც აქვს.

დარა, ევროვიზია - 2026.

პრობლემა სიმღერა კი არა, ისაა, რომ ბულგარეთში მის ეროვნული ეპოსის რანგში აყვანას ცდილობენ. თავად დარა, სხვათა შორის, ინტერვიუებში გულისტკივილს არ მალავს. ამბობს, რომ დიდი მუშაობა დასჭირდა საკუთარ თავზე, რათა კარიერის დასაწყისში განცდილი ბულინგი გადაეტანა. ახლა კი იგივე საზოგადოება ხელისგულზე ატარებს და ეროვნულ საგანძურად მიიჩნევს. ტიპური ბალკანური ემოციური საქანელაა: ანათემიდან კანონიზაციამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაშინ იწყება, როცა საცეკვაო რიტმები ჩაცხრება და ხმას ამოიდგამს კულისების პოლიტიკის დაფდაფები. დარას გამარჯვებას თან ახლავს უზარმაზარი სტრაზებით მოქარგული ფილიპ კირკოროვის აჩრდილი. საქმე ისაა, რომ ბულგარული ფესვების მქონე რუსეთის პოპ-მუსიკის მეტრის მონაწილეობა ბულგარეთის 2026 წლის განაცხადში ჭორებით დახუნძლული თემაა, რომელსაც ბევრი გვერდს უვლის, თუმცა ამის გაკეთება არც ისე იოლია. ამ ისტორიაში „რუსული კავშირი“ უბრალოდ საეჭვოდ კი არა, გამომწვევად გამოიყურება: ისე ჩანს, თითქოს კირკოროვი ბულგარეთის გამარჯვების მთავარი კურატორია.

როგორც რუსული „ნოვაია გაზეტა. ევროპა“ წერს, „ფილიპ ბედროსოვიჩი“ ამ ამბავში შემთხვევით არ გამოჩენილა. როგორც გამოცემა ამტკიცებს, სრული დატვირთვით გამოიყენეს როგორც მისი კომპანია Dream Team, ასევე შოუბიზნესში ფართო კავშირები. თუმცა აქვე უნდა ითქვას ერთ პარადოქსზე: რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე, დარას წარმატებაზე, კირკოროვთან ერთად, თითქოს... უკრაინული გუნდიც მუშაობდა. ნუთუ მართლა? კულისებიდან გამოსული ხმები ლაპარაკობენ „შემოქმედებით ინტერნაციონალზე“, რომლისთვისაც ფულსა და გავლენას არც დენთის და არც სისხლის სუნი არ ასდის.

ფილიპ კირკოროვი, ბულგარული ფესების მქონე რუსი მომღერალი

კირკოროვისთვის პროექტი „დარა“ რბილი კულტურული გავლენის წარმატებული ოპერაციაა. ევროპის სცენების უმეტესობას მოწყვეტილმა და მსოფლიო არენებზე გამოსვლის შესაძლებლობას მოკლებულმა „რიმეიქების მეფემ” საკუთარი ისტორიული სამშობლო — ბულგარეთი —იმ ხვრელად გამოიყენა, რომელიც საშუალებას აძლევს თავი ხელახლა იგრძნოს ევროპულ პოპ-სივრცეში ბედთა განმგებლად.

ამ ისტორიაში უკრაინული კვალი კიდევ უფრო წინააღმდეგობრივად გამოიყურება. მაშინ, როცა ოფიციალური კიევი რუსული კონტენტისა და არტისტების სრულ ბოიკოტს მოითხოვს, უკრაინული შოუბიზნესის ცალკეული წარმომადგენლები, როგორც ჩანს, არ ერიდებიან ფილიპ კირკოროვთან აფილირებულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას. ეს კითხვებს აჩენს სიმღერის ავტორებისა და პროდიუსერული ჯგუფის მიმართ. ვისი გამარჯვებაა ეს? ბულგარეთის (დარა), საბერძნეთის (კომპოზიტორი დიმიტრის კონტოპულოსი), რუმინეთის (პროდიუსერი კრისტიან ტარჩა) თუ რუსეთის („ნათლიმამა“ კირკოროვი)? თუ ეს უბრალოდ იმ ადამიანთა ჯგუფის წარმატებული ბიზნეს-პროექტია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მუსიკა პოლიტიკის მიღმა დგას მაშინაც კი, როცა ის პროპაგანდისტული მანიპულაციების საფუძვლად იქცევა?

ამ ისტორიის კულმინაცია იყო დარას შეხვედრა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან (ყოფილ პრეზიდენტთან) რუმენ რადევთან. უკვე მემებად იქცა ფოტოები, რომლებზეც დარა თავისი სასცენო იმიჯით დგას ხაზგასმით ოფიციალური რადევის გვერდით.

ასევე ნახეთ

„მეორე ორბანი“, მაგრამ არა უცბად?”  - რას ნიშნავს „პრორუსი რადევის“ გამარჯვება ბულგარეთში

რადევს ხშირად ადანაშაულებენ პუტინის რუსეთის მიმართ სიმპათიებში. ფართოდ არის ცნობილი მისი მცდელობები, დაიცვას ბალანსი NATO-ში წევრობასა და მოსკოვთან „ტრადიციულ მეგობრობას“ შორის. რადევისთვის დარას გამარჯვება ბედის საჩუქარია. პრემიერს ახლა უკიდურესად სჭირდება პოზიტიური დღის წესრიგი. ბულგარეთი გადაიღალა პოლიტიკური ფარსებით, უსასრულო არჩევნებითა და სტაგნაციის შეგრძნებით. ამ ფონზე ევროვიზიაზე ტრიუმფი იშვიათ საბაბად იქცა, რათა საუბარი პრობლემებზე კი არა, ეროვნულ სიამაყეზე წარმართულიყო. ევროპული გამარჯვების ისტორია, კირკოროვის კულისებში მონაწილეობით, კარგად ეწერება პრემიერ რადევის პოლიტიკურ სტილში. დარასთან შეხვედრისას რადევი ეროვნულ სიამაყესა და პრესტიჟზე საუბრობდა, თუმცა ყველა მიხვდა, რომ სინამდვილეში ეს იყო დარას პოპულარობის საკუთარ რეიტინგში კონვერტირების მცდელობა. სხვათა შორის, დარას ტრიუმფის შემდეგ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა რადევს (შეხვედრისას) პირველ რიგში სწორედ „ბანგარანგას“ გამარჯვება მიულოცა.

ახლა, როცა შამპანური უკვე დაილია და გამარჯვების ეიფორიაც ნელ-ნელა მინავლდა, ბულგარეთი რუტინული რეალობის პირისპირ რჩება: ნაკისრია ევროვიზია - 2027-ის ჩატარების ვალდებულება, მაგრამ სად, როგორ და რა რესურსებით უნდა უმასპინძლონ მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსს, გაურკვეველია. ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ბრძოლა კონკურსის მასპინძლობის უფლებისთვის. გამოიკვეთა ოთხი კანდიდატი: სოფია, ბურგასი, ვარნა და პლოვდივი. ეკონომისტები მხნედ საუბრობენ „მილიონობით ევროს შემოსავალზე“, რომელიც ამ ღონისძიებამ თითქოს უნდა მოიტანოს. მაგრამ მოდით, ერთი წუთით ვარდისფერი სათვალე მოვიხსნათ.

ბულგარეთი - ესაა ქვეყანა, სადაც ერთი კილომეტრი ავტოსტრადის გაყვანა შეიძლება 10 წლით გაჭიანურდეს და ილონ მასკის მარსზე გაფრენის ფასი დაჯდეს „გაუთვალისწინებელი ხარჯების“ (წაიკითხე — კორუფციის) გამო. მზად არის თუ არა სოფიის ან ბურგასის ინფრასტრუქტურა დამატებითი ათიათასობით ტურისტის მისაღებად? სად არის ის დარბაზები და სივრცეები, რომლებიც თანამედროვე სატელევიზიო კონკურსის ტექნიკურ სტანდარტებს აკმაყოფილებს? ამ ეტაპზე პროექტი „ევროვიზია ბულგარეთში“ ჰგავს მცდელობას, ერთოთახიან „ხრუშჩოვკაში“ 500-კაციანი ქორწილი გადაიხადონ.

ასევე ნახეთ

ევროვიზიის “ფეიკ-ვერსია” - ვიეტნამური გეი-რომანი და პუტინის “ოჯახური ღირებულებები”

ფინანსური რისკები უზარმაზარია. სანამ რადევის მთავრობა მხარდაჭერის დაპირებას იძლევა, სკეპტიკოსები სამართლიანად აღნიშნავენ: ბიუჯეტის ასეთი დეფიციტისა და ინფლაციის პირობებში ევროვიზია - 2027-ის ორგანიზება შეიძლება ჟამიანობაში გამართულ ლხინად იქცეს. არსებობს შიში, რომ ბულგარეთის „ახალი სახის“ ნაცვლად ევროპა იხილავს დაუმთავრებელ არენებს, ლოგისტიკურ ქაოსსა და ავადსახსენებელ ბალკანურ სერვისს. თუმცა ბულგარელებს გულგატეხილობას ვერავინ დასწამებს. ბოლოს და ბოლოს, თუ ის შეძლეს, რომ ევროპა „ბანგარანგასთვის“ ხმის მიცემაში დაერწმუნებინათ, მისთვის თვალებში ნაცრის შეყრაც არ გაუჭირდებათ.

დარას გამარჯვება თანამედროვე ბულგარეთის სარკეა, რომელშიც ყველაფერი ერთად ირეკლება: ჩვეულებრივი ადამიანების გულწრფელი სიხარული, პოლიტიკოსების ცინიკური ანგარიში, დაჩაჩანაკებული რუსი ვარსკვლავების ამბიციები და პატარა ქვეყნის მარადიული სურვილი —დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ ის არსებობს.

იმღერებენ კი „ბანგარანგას“ ერთი წლის შემდეგ? ალბათ კი. შეიცვლება თუ არა ბულგარეთი ამ კონკურსის შემდეგ? ნაკლებად სავარაუდოა. დიდი ალბათობით, მას შემდეგ, რაც 2027 წელს უკანასკნელი სტუმარი ფანი ქვეყანას დატოვებს, ბულგარეთი კვლავ ერთი-ერთზე დარჩება თავის მუდმივი პრობლემების პირისპირ — ოღონდ ცარიელი საფულითა და ახალი სლენგური სიტყვით, ფილიპ კირკოროვი კი, სავარაუდოდ, უკვე ამზადებს თავის მომდევნო პროექტს —მსოფლიოში ხომ ჯერ კიდევ ბევრი ისეთი პატარა ქვეყანაა, სადაც უყვართ ზიზილ-პიპილები, ბუმბულები და გაურკვეველი წარმომავლობის ხმაურიანი გამარჯვებები.

ნიკოლა კრასტევი — ბულგარელი ჟურნალისტი.