გადატრიალების გამოძიება - 2 ვიდეო ნიკა მელიას საქმეში

დეპუტატ ნიკა მელიას საქმეში დაცვის მხარე ახალ, მოულოდნელად აღმოჩენილ მტკიცებულებას ამატებს. ეს უწყვეტი ვიდეომასალაა, რომელიც 9 წუთი და 24 წამი გრძელდება. მასში ჩანს, როგორ აცხადებს ოპოზიციის ლიდერი 20 ივნისის ღამეს, რომ შედის მოსალაპარაკებლად პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრთან. ის ტოვებს აქციას და რამდენიმე წუთში იწყება სავარაუდოდ ცრემლსადენი ტყვიების სროლა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ვიდეოს სახით ის უტყუარი მტკიცებულება იპოვა, რომელიც აქარწყლებს პარლამენტზე შტურმის მყისიერი საფრთხის არსებობას.

ამ კადრებითქართული ოცნებისპროპაგანდა თავდაყირა დადგა და მთლიანად დაინგრა”, - თქვა ნიკა მელიამ 11 ივლისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

“20 ივნისიდან მოყოლებული, პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მომიტინგეების დარბევის აუცილებლობა იმიტომ დადგა, რომ მათ დაინახეს პარლამენტზე შტურმის მყისიერი საფრთხე, თუმცა გუშინ გავრცელებულმა ვიდეომასალამ საპირისპირო რამ დაადასტურა, რომ ღამით, დაახლოებით 11:30-ზე, პარტიების ლიდერები ხალხისგან ნებადართულები ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მათ საბოლოოდ დაეშვათ საშვი და შევსულიყავით პარლამენტის შენობაში მათთან მოსალაპარაკებლად იმ დროს, როცა სიმშვიდე იყო აქციაზე, და მათ სწორედ მაშინ დაიწყეს დარბევა”, - ამბობს ნიკა მელია.

რა ჩანს ვიდეოში?

ვიდეოში ნიკა მელია აქციის მონაწილეებს ხმის გამაძლიერებლით მიმართავს და ეუბნება, რომ ოპოზიცია გიორგი გახარიასა და მამუკა ბახტაძესთან მოსალაპარაკებლად შედის პარლამენტში, რათა აქციის მოთხოვნები გადასცეს მათ.

Your browser doesn’t support HTML5

20 ივნისის ღამის ამსახველი ახალი ვიდეომასალა

არავითარი წინაპირობა იმისა, რომ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს და ხდებოდა პარლამენტზე შტურმი, იმ მომენტში არ არსებობდა”, - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი, რომელიც ვიდეომასალას 14 აგვისტოს წინასასამართლო მოსმენაზე წარადგენს მოწმეების ჩვენებებთან ერთად.

ლიდერები შედიოდნენ პარლამენტში, როცა სრულიად გაუგებრად მოხდა ჯერ ცრელმსადენი გაზის ტყვიების სროლა, რამაც გამოიწვია წინააღმდეგობის ინსპირირება და ამას მოჰყვა უკვე სავალალო შედეგები, რაც დარბევით, რეზინის ტყვიებითა და ადამიანების დასახიჩრებით დასრულდა, - ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი.

გიორგი კონდახიშვილი შენიშნავს, რომ ვიდეო არა მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ აქციის მონაწილეები შტურმს არ აპირებდნენ, არამედ აქარწყლებს ნიკა მელიას მიმართ ბრალდების შინაარსსაც.

რამდენი ვიდეო დევს საქმეში?

საქმეში უკვე დევს გახმაურებული ვიდეო, რომელიც ახალ ვიდეომდე საათითა და 15 წუთით ადრეა გადაღებული. პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებას სწორედ ამ ვიდეოს საფუძველზე ითხოვდა. მასში ოპოზიციის ლიდერი პარლამენტის წინ დარბევის ღამეს ხალხს მიმართავს:

მე მინდა გკითხოთ თქვენ, არ მინდა სიტყვა გითხრათ, მინდა გკითხოთ: რატომ უნდა ვიდგეთ ჩვენ დღეს პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიდგეთ ჩვენ პარლამენტის შენობაში?! მე მიმაჩნია, რომ ერთი საათის განმავლობაში თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, მე მიმაჩნია, ხალხნო, აქ ჩვენ არაფერი არ გვესაქმება, პარლამენტის წინ. ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში. ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანი, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში.“

ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ეს იყო ოპოზიციონერი დეპუტატის ემოციური გამოსვლა მიტინგზე.

ნიკა მელია არათუ ორგანიზებას უკეთებდა ძალადობას, არამედ იგი ამშვიდებდა საზოგადოებას, არწმუნებდა იმაში, რომ ისინი არიან პასუხისმგებელი ყველაფერზე - იმაზე, რაც ხორციელდება”, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

ნიკა მელიას ადვოკატი: იმ მომენტში შტურმის საფრთხე არ არსებობდა

რისი დასკვნის საშულებას იძლევა უწყვეტი ვიდეომასალა

უწყვეტი, ახლად აღმოჩენილი ვიდეოკადრები 3 დასკვნის საშუალებას იძლევა:

● ოპოზიცია დარბევამდე 7 წუთით ადრე მოლაპარაკებებზე წავიდა;

● ვიდეო, რომლის საფუძველზეც პროკურატურა მელიას დაკავებას მოითხოვდა, არ იყო ნიკა მელიას ბოლო გამოსვლა და არც ამ გამოსვლის შემდეგ დაწყებულა შტურმი;

● დარბევის დაწყების მომენტში ხელისუფლება პარლამენტის შენობაში ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ელოდა.

რა ვიცით შეუმდგარ მოლაპარაკებებზე

არსებობს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ მხარეებს შორის 20 ივნისის ღამეს მოლაპარაკება იგეგმებოდა. ის არათუ ადასტურებს ამას, არამედ ამბობს, რომ თავად იყო მოლაპარაკების შუამავალი. ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ბიზნესმენი პავლე კუბლაშვილია. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ თავად დაურეკა გიორგი გახარიას და ვითარების განმუხტვის მიზნით ოპოზიციის სამ ლიდერთან - ნიკა მელიასთან, გრიგოლ ვაშაძესა და გიგი უგულავასთან - შეხვედრის ორგანიზება ითავა.

შემდეგ რატომ ვეღარ მოხერხდა შეხვედრა, რატომ ვეღარ მოვასწარით, რომ შესულიყო ეს ხალხი და ცივილურად, შეთანხმების გზით გადაწყვეტილიყო, ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს”, - თქვა კუბლაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

თავის მხრივ, ნიკა მელია იხსენებს, რომ ის და ოპოზიციის ლიდერები უკვე პარლამენტის კიბეებზე იდგნენ, გავლილი ჰქონდათ სამართალდამცველთა კორდონის პირველი მწკრივი და შესასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც ცრემლსადენი გაზის გაშვების ხმა გაიგეს.

მოლაპარაკებების მცდელობა რომ იყო, ეს დარბევიდან ერთი კვირის თავზე გიორგი გახარიამაც დაადასტურა.

"რაც შეეხება მოლაპარაკებების მცდელობას, ასეთი ფაქტი იყო. ტემპერატურა მაღალი იყო და პროცესის მართვა იყო უკიდურესად რთული. ყველა შესაძლებლობა და მზაობაც იყო იმისთვის, რომ არ მომხდარიყო პროცესის ესკალაცია ძალადობრივ კონტექსტში. იყო რამდენიმე ძალადობრივი შტურმი, რომლის დროსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე საქმე არ მისულიყო",- განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

რაც შეეხება კითხვას, თუ რა საფრთხე აირიდა ქვეყანამ 20 ივნისს, გახარიამ თქვა, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია, მხოლოდ 22:00 საათამდე.

ადამიანები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ მათი პოლიტიკური მოთხოვნის შესრულების ან არშესრულების პირობებში ჩვენ არ უნდა ვიდგეთ აქ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში, რასაც შემდგომ მოჰყვა როგორც ვიზუალურად, ასევე ვერბალურად მოწოდება გარკვეული ჯგუფების მიმართ, რომლებმაც ორგანიზებულად მიიტანეს შტურმი პოლიციაზე პარლამენტში შეჭრის მიზნით",- განაცხადა გახარიამ.

10-ჯერ მეტი საშვი პარლამენტში - რა ეჭვები აქვს მინისტრს

10 ივლისს დარბევის მიზეზებსა და წინაპირობებზე შინაგან საქმეთა მინისტრი ექსპერტებს დახურულ შეხვედრაზე ესაუბრა. პარლამენტში ოპოზიციის მხარდამჭერთა შესვლის ერთ-ერთ მიმანიშნებლად კი, დამსწრეების გადმოცემით, დიდი რაოდენობით საშვების დაშვება დაასახელა. ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძემ თქვა, რომ მინისტრმა შეხვედრაზე მათ უთხრა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ჩვეულებრივზე ათჯერ მეტი ოდენობის საშვი დაუშვეს 20 ივნისის დარბევამდე პარლამენტში და რომ “ეს იყო ერთ-ერთი მიმანიშნებელი”, რის გამოც სამართალდამცველებმა მიიღეს შესაბამისი ზომები.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გამოძიება მიმდინარეობს მუხლით, რომელიც გულისხმობს ამბოხებას ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. მანამდე გამოძიება ამ მუხლით სწავლობდა ე. წ. „საბურავების საქმეს“ და “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს. ორივე შემთხვევაში საგამოძიებო უწყება ამბობდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა. რა ბედი ეწია ამ გამოძიებებს, დღემდე უცნობია. ნიკა მელიასა და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ გამოძიება კი ისევ გრძელდება.