გადახრილი კორპუსი ვარკეთილში - 9-სართულიან სახლში ლიფტი ვერ ჩააყენეს

Your browser doesn’t support HTML5

"შეიძლება ამაღამ პატარა ბიძგები მისცეს და ორი სადარბაზო დაწვეს დაბლა და იყოს დიდი მსხვერპლი. მერე რას გვეტყვით?!" - ვარკეთილი 3-ის 338-ე კორპუსის მობინადრეები შიშობენ, რომ გადახრილი სადარბაზოები მიწისძვრას ვერ გაუძლებენ.

ამ კორპუსში მცხოვრებლებისთვის სახლის დეფორმაცია წლიდან წლამდე სულ უფრო საგრძნობი ხდება. პირველი და მეორე ბლოკის სადარბაზოები ერთმანეთის საპირისპიროდ არის გადახრილი.

სადარბაზოებში დეფორმაციის კვალი აშკარაა: კიბის საფეხურები უსწორმასწოროა, კედლები დაბზარულია. შენობის გადახრის გამო მე-2 სადარბაზოში ახალი ლიფტი ვერ ჩააყენეს.

12 ივლისს, მობინადრეებთან სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე მივიდა და მუნიციპალური ლაბორატორიის - მეორე ხარისხის ავარიულობა. თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირული დათვალიერების შედეგია.

ამ დასკვნით, კორპუსი ჩანაცვლების პროგრამაში ვერ ჩაჯდება - მოსახლეობას ამ ეტაპზე ქირით გაყვანას ვერ სთავაზობენ. გამგებლის რჩევით, თუ მეტ საფრთხეს გრძნობენ - მობინადრეებმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს უნდა მიმართონ.

„სამხარაულის ექსპერტიზა“, გამგეობის დაკვეთით, ახლა მხოლოდ ლიფტის შახტს უტარდება. ავარიული კორპუსის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ ლიფტის დასკვნა ინფორმატიული იქნება კორპუსისთვისაც.

თუ მე-3 ხარისხის ან უფრო მაღალი ავარიულობა დადგინდა, გამგებელმა არ გამორიცხა, რომ კორპუსის ტექნიკური ექსპერტიზაც მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს.

ამის შემდეგ გადაწყდება - დაინგრევა თუ არა კორპუსი.