ხამენეის სიკვდილი - სერიოზული დარტყმა, რომელიც არ არის ირანის სასულიერო ხელისუფლების ჩამოშლის გარანტია

ხალხი გლოვობს ირანის უმაღლეს სასულიერო ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის. თეირანი, 1 მარტი, 2026

ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა სერიოზული დარტყმაა ქვეყნის სასულიერო მმართველებისთვის, თუმცა, ექსპერტების თქმით, ეს არ არის რეჟიმის ცვლილების გარანტია.

მართალია, ხამენეი ირანის სასულიერო ლიდერი და უმაღლესი ხელისუფალი იყო თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყნის სასულიერო სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ სასულიერო ლიდერის სიკვდილის შემთხვევაში მან უზრუნველყოს ძალაუფლების უწყვეტობა.

86 წლის ხამენეი 28 თებერვალს მოკლეს თეირანში მდებარე მის რეზიდენციაზე საჰაერო დარტყმის შედეგად, როცა აშშ და ისრაელი აწარმოებდნენ ირანის სამხედრო და პოლიტიკური მმართველების ადგილსამყოფლის საჰაერო დაბომბვას.

„მართალია, ხამენეი სამ ათწლეულზე მეტ ხანს ქმნიდა ირანის პოლიტიკურ ტრაექტორიას, ისლამური რესპუბლიკა არ არის რეჟიმი, რომელიც მხოლოდ პერსონას ეფუძნება“, - ამბობს დენი სიტრინოვიჩი, ისრაელში მოქმედი „ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის“ მკვლევარი.

ექსპერტების თქმით, ირანის თეოკრატია, რომელიც მმართველობაშია 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ეფუძნება ღრმად ფესვგადგმულ პოლიტიკურ, სამხედრო და სასულიერო ინსტიტუტებს და ითვალისწინებს ხელმძღვანელობის ცვლილების მიმართ მედეგობას.

ასევე ნახეთ ირანი სულ მცირე 555 დაღუპულის შესახებ იუწყება, ისრაელი - ათის

ეს მოიცავს სასულიერო მმართველობას დაქვემდებარებულ პოლიტიკურ ძალაუფლებას, ისლამური რევოლუციის გუშაგთა ძლევამოსილ კორპუსს - ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ მოთამაშეს და მცველთა საბჭოს, ძლიერ კონსტიტუციურ უწყებას.

„ისტორია გვაჩვენებს, რომ გარედან თავდასხმებისას რევოლუციური სისტემები მიდრეკილი არიან უფრო მეტად კონსოლიდაციისკენ, ვიდრე ფრაგმენტაციისკენ“, - ამბობს სიტრინოვიჩი - „მოლოდინი, რომ უმაღლესი ლიდერის განადგურება გამოიწვევს რეჟიმის დამხობას, საუკეთესო შემთხვევაში, სპეკულაციურია. იგივე ალბათობით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ელიტის შეკავშირება და უფრო ხისტი პოზიციის დაკავება“.

ყველა სიახლე ირანიდან ნახეთ აქ

დროებითი ხელმძღვანელობა

იმის შიშით, რომ ძალაუფლების ვაკუუმმა შესაძლოა გამოიწვიოს მთელი სასულიერო სისტემის დესტაბილიზაცია, ირანის ხელისუფლების გადარჩენილი ნაწილი, სავარაუდოდ მალე დაასახელებს ახალ უმაღლეს ლიდერს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ 1 მარტს „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ ირანის ახალი სასულიერო ლიდერი შესაძლოა მომდევნო რამდენიმე დღეში აირჩიოს ექსპერტთა ასამბლეამ - უწყებამ, რომელსაც ევალება სასულიერო ლიდერის არჩევა და მასზე ნომინალური ზედამხედველობა.

მანამდე, ქვეყანას ოფიციალურად მართავს დროებითი მმართველი საბჭო. საბჭოში შედიან: პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლოს ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოსენი-ეჯეი და ალირეზა არაფი, სასულიერო წრის ძველი წამყვანი ფიგურა.

თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, პრაქტიკულად, ირანს მართავს ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭო, ქვეყნის პოლიტიკის შემმუშავებელი მთავარი ორგანო.

ასევე ნახეთ სატელიტის ფოტოები: ირანის სარაკეტო ბაზა იერიშებამდე და შემდეგ

ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობს ალი ლარიჯანი, ვეტერანი პოლიტიკოსი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყოფილი სარდალი. 2025 წლის ივნისში, ისრაელთან 12-დღიანი ომის შემდეგ, ირანის მმართველი ელიტის წევრი და ხამენეის ერთგული, პრაგმატული ლარიჯანი იქცა მთავარ გავლენიან საძალაუფლებო პირად.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მეორე ფიგურა, რომელიც, სავარაუდოდ, სულ უფრო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, იქნება პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაყერ ყალიბაფი - კიდევ ერთი ვეტერანი პოლიტიკოსი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან მჭიდრო კავშირებით.

ასევე ნახეთ ირანის სულიერი ლიდერი მკვდარია. ვინ იქნება მისი მემკვიდრე? საქმე არც ისე მარტივადაა

ვინ იქნება სასულიერო ლიდერი?

ხამენეის მკვლელობის შემდეგ, მალე გაჩნდა კითხვა - ვინ შეცვლის მას.

ოფიციალურად, ექსპერტთა ასამბლეა ირჩევს ახალ სულიერ ლიდერს, მაგრამ რეალობაში, ნაწილობრივ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებული თავდასხმებით გამოწვეული ეგზისტენციალური საფრთხის გამოც, მემკვიდრეობას, სავარაუდოდ, გადაიბარებს მაღალჩინოსანთა ვიწრო წრე.

ამ წრისთვის შერჩეული შემადგენლობა გამოაჩენს, რა მიმართულებით წავა ირანი. ხამენეის მმართველობისას ირანი იქცა საერთაშორისო პარიად, რომელიც ცნობილი იყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებითა და დასავლეთის მიმართ ძლიერი მტრობით.

„თუკი ეს იქნება ხამენეის თაობის მკაცრი პოლიტიკის მიმდევარი სასულიერო პირი, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ რეჟიმი აორმაგებს რეპრესიებს და აძლიერებს რეჟიმის საფუძველს“, - ამბობს გრეგორი ბრიუ, ნიუ იორკში მოქმედი „ევრაზიის ჯგუფის“ ირანის ანალიტიკოსი - „არსებობს ალბათობა, რომ არჩევანი უფრო სასიამოვნო იყოს - ვინმე უფრო ახალგაზრდა, შესაძლოა რეფორმისტული უფლებამოსილებებით, რაც იქნებოდა სუფთა ფურცლიდან დაწყების სიგნალი“.

ასევე ნახეთ ალი ხამენეის მემკვიდრეობა - გზა პოეზიის მოყვარული ახალგაზრდიდან დიქტატორამდე