განათლების სამინისტროს პოლიტიკური არითმეტიკა

როგორ აპირებს განათლების სამინისტრო სკოლის პედაგოგთა ხელფასების 1500 ლარამდე გაზრდას, საპენსიო ასაკის მასწავლებლების პენსიაზე გაყვანას და მათი წასვლის შემდეგ წარმოქმნილი სიცარიელის შევსებას?

ვის გაეზრდება ხელფასი

რა თანხას მიიღებს პენსიაში გასული პედაგოგი ჯილდოს სახით

ვინ შეცვლის პენსიაში გასულ მასწავლებლებს

პოლიტიკური ბეგარის დასასრული?

ვის და რამდენ ხანში გაეზრდება ხელფასი

2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

სახელფასო ზრდა შეეხებათ ასევე რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის თქმით, ჯამურად, განათლების სისტემა ითვლის 59 ათას მასწავლებელს, რომელთაგანაც 33 ათასი ყველაზე დაბალ, პრაქტიკოსის საფეხურზე იმყოფება.

„ამ მასწავლებლებმა რომ ისარგებლონ სქემის შესაძლებლობებით, უნდა გადავიდნენ ზედა საფეხურზე. პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ისინი გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას“, - განმარტავენ განათლების სამინისტროში.

განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხელფასების ზრდის სქემის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრს, სერგო რატიანს, რომლის თქმითაც, 59 ათასი მოქმედი პედაგოგიდან 26 ათასი ახლაც იმსახურებს 800-ლარიან ხელფასს, მაგრამ მათ არ აძლევენ დანამატს 320 ლარის ოდენობით იმის გამო, რომ ამ პედაგოგებს არ აძლევენ შესაბამის საათებს.

სერგო რატიანი

„მიეცით ამ მასწავლებლებს დანამატი იმ პირობით, თუ ის არ იტყვის უარს საათებზე. სხვა შემთხვევაში, თქვენი დაპირება შეეხება მხოლოდ პედაგოგების 10 %-ს, ანუ სტატუსიანი პედაგოგების 77 %-ს ხელფასების ზრდა არ შეეხება“, - ამბობს სერგო რატიანი.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, 59 ათასი პედაგოგიდან 21 ათასს კომპეტენციის დადასტურების არც ერთი გამოცდა არ აქვს ჩაბარებული.

რა თანხას მიიღებს პენსიაში გასული პედაგოგი ჯილდოს სახით?

საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებსაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების, სტატუსის ამაღლების და, შესაბამისად, პროფესიული საქმიანობის გაგრძელების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი, რაც, განათლების სამინისტროს გაანგარიშებით, საშუალოდ 8 ათასი ლარია.

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.

განათლების სამინისტროს მონაცემებით, იმ 21 ათასი მასწავლებლიდან, რომლებსაც კომპეტენციის დადასტურების არც ერთი გამოცდა არ აქვთ ჩაბარებული, დაახლოებით ნახევარი საპენსიო ასაკისაა.

რა თანხის მობილიზებას აპირებს მთავრობა სექტემბრისთვის? ყველა საპენსიო ასაკის პედაგოგმა რომ გამოთქვას წასვლის სურვილი, შეუძლია მთავრობას 8-8 ათასი ლარის გადახდა? - საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასმული ამ კითხვების პასუხად განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდისა და ერთჯერადი ჯილდოების გაცემისთვის, მთლიანობაში, დაახლოებით 200 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

ვინ შეცვლის პენსიაში გასულ მასწავლებლებს

განათლების სამინისტროში ფიქრობენ, რომ პენსიაში მასობრივად გასვლის შემთხვევაშიც კი სისტემაში პედაგოგების დიდი დეფიციტი არ შეიქმნება, რადგანაც ბევრი მოქმედი მასწავლებელი შეძლებს დამატებითი საათების აღებას. გარდა ამისა, სკოლებს მიაშურებენ ახალგაზრდები ბაკალავრისა თუ მაგისტრის დიპლომებით, რომლებიც აქამდე ვერ ახერხებდნენ სკოლებში მუშაობას.

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილიც მიიჩნევს, რომ სამინისტროს ინიციატივა კარს გაუხსნის ბევრ ახალგაზრდა და კვალიფიციურ კადრს, რომლებიც იძულებული იყვნენ, სკოლების ნაცვლად, მიმტანებად და კონსულტანტებად წასულიყვნენ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში.

განათლების სამინისტროს ასევე ეიმედება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამაში (“ასწავლე საქართველოსთვის”) ჩართული ახალგაზრდების. სამინისტრო ასევე დიდ იმედს ამყარებს მასწავლებლებისთვის მაძიებლობის პროგრამის ამოქმედებასა და ონლაინ (დისტანციურ) სწავლებაზე.

საარჩევნო ბეგარის დასასრული?

განათლების სპეციალისტი რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ პენსიონერების გასვლა და მათ ნაცვლად კვალიფიციური სპეციალისტების განათლების სისტემაში მიყვანა პრინციპულად სწორი ინიციატივაა, ისევე როგორც სწორი ინიციატივაა ხელფასების გაზრდა.

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ღირსეული ხელფასი - ეს, ერთი მხრივ. მეორე ის, რომ მასწავლებლები, რომლებიც მუშაობენ ამ პოზიციებზე, მაგრამ არ არიან კვალიფიციურები, უნდა შეიცვალონ კვალიფიციური კადრებით. წლების წინაც იყო ამგვარი ინიციატივა, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები თუ კომპეტენციას ვერ დაადასტურებდნენ, უნდა გასულიყვნენ სისტემიდან, მაგრამ საარჩევნო ციკლის დადგომისთანავე გადაწყვეტილებები მიიღებოდა არაკვალიფიციური მასწავლებლების სასარგებლოდ და მოსწავლეების საზიანოდ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას რეზო აფხაზავამ, რომლის თქმითაც, განათლების სისტემაში უპირველესი მოსწავლის ინტერესებია. შესაბამისად, განათლების სამინისტროს ინიციატივას უნდა მოჰყვეს სხვა ნაბიჯები: ხელფასების გაზრდა, კვალიფიკაციისა და ხარისხის კონტროლი, ახალი კადრებისთვის სკოლაში შესვლის გზების გამრავალფეროვნება და ა.შ.

თამარ მოსიაშვილი

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ განათლების სპეციალისტის, თამარ მოსიაშვილის თქმით, განათლების სამინისტროს ინიციატივა აუცილებლად გაზრდის მასწავლებლების მობილობას, ანუ ახალი კადრების შედინებას სკოლებში:​

„აქამდე სკოლაში დასაქმების გზა იყო ბუნდოვანი. სახელმწიფო მასწავლებლებს უყურებდა როგორც ელექტორატს, რომელსაც ხან დაუყვავებდა და ხან მკაცრად დაელაპარაკებოდა. ელექტორალური მოსაზრებების გამო ვერ ახერხებდა თანმიმდევრული, პრინციპული პოლიტიკის გატარებას. განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული ეს ცვლილებები კი აუცილებლად შეცვლის ვითარებას და სკოლებში მიიყვანს ახალ კადრებს. ამის მცდელობა ადრეც იყო რამდენჯერმე, მაგრამ ყოველ ჯერზე გადადეს“.

განათლების მეცნიერების დოქტორ შალვა ტაბატაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვნია ის, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივა ითვალისწინებს სისტემიდან გამოსვლის მექანიზმის შექმნას, რაც აქამდე არ არსებობდა.

„განათლების სისტემაში შესვლის მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ შესვლას, რადგანაც სისტემას არ ჰქონდა გასვლის მექანიზმი. ამ მექანიზმის ამოქმედება საშუალებას მისცემს სასკოლო განათლების სისტემას მიიღოს პედაგოგების ახალი ნაკადი. ამ თვალსაზრისით სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სიახლე პროგრესულია“, - მიაჩნია შალვა ტაბატაძეს.