გაფრენილი „ბეტმენი“ - უნდა დავიცვათ თუ არა საბჭოთა ბრუტალიზმი

პანო, რომელსაც ტურისტებმა „საბჭოთა ბეტმენი“ შეარქვეს, 2018 წლიდან ნელ-ნელა იძარცვებოდა. შენობის ფასადზე ამჯერად მხოლოდ რკინა-ბეტონის ფრაგმენტებია დარჩენილი. სავალალო მდგომარეობაშია შენობაც. იმის გამო, რომ კულტურული ძეგლის სტატუსი არა აქვთ, საბჭოთა მოდერნიზმის, რასაც ხშირად ბრუტალისტური არქიტექტურის ნიმუშებადაც მიიჩნევენ, ნარჩენები თბილისში ნელ-ნელა ნადგურდება.

შენობაში, რომლის ფასადზეც „ბეტმენი“ იყო გამოსახული, ყოფილი ინდუსტრიულ-პედაგოგიური ტექნიკუმია. მისი ტერიტორიის ერთი ნაწილი 2012 წელს კოლეჯ „იკაროსს“ იჯარით გადაეცა, თუმცა ამ იჯარით გადაცემული ტერიტორიის ნახევარზე დევნილები ცხოვრობენ. შენობის ნაწილი დღეს დანგრეული და გაპარტახებულია, ეზოში კი ნაგავი ყრია.

ნინო, რომელიც აქ 2017 წლიდან ცხოვრობს, ამბობს, რომ „საბჭოთა ბეტმენის“ სანახავად ხშირად მოდიოდნენ ტურისტები, ფოტოებს ქუჩიდანაც უღებდნენ, შემდეგ კი მისი ძარცვა დაიწყო.

ჯერ ერთი ნაწილი ჩამოხსნეს ღამე, მერე მეორე. პოლიცია მოვიდა, ერთი ამბავი იყო. ვინც იპარავდა, კაპიკებში ყიდდა, ალბათ. დასანანია. კულტურის ძეგლი იყო, მომწონდა“, - ამბობს ის.

ვიტრუვიუსის ადამიანი

ტექნიკუმის კომპლექსი 1978 წელს არქიტექტორმა ნიკოლოზ ლაზარიშვილმა ააშენა. ის შემაღლებულ ადგილას, გორაზე დგას, მარშალ გელოვანისა და ბროწეულის ქუჩებს შორის. ტექნიკუმი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: ძირითადი ბლოკი, სადაც სასწავლო ოთახები და ადმინისტრაცია იყო განთავსებული; აუდიტორიები, სახელოსნო და დასასვენებელი სივრცე; ხიდი, რომელიც ძირითად ბლოკს სხვა ობიექტებთან აკავშირებდა და 16-სართულიანი საერთო საცხოვრებელი.

საბჭოთა არქიტექტურის მკვლევარი ტომას იბრაჰიმი ამბობს, რომ ტექნიკუმის ტიპოლოგია კონსტრუქტივიზმისა და ლათინოამერიკული მოდერნიზმიდან მოდის. მსგავსი კონსტრუქცია გვხვდება არქიტექტორ აფონსო რეიდის შემოქმედებაში. განსაკუთრებით ჰგავს ერთმანეთს ამ შენობისა და რეიდის მიერ რიო დე ჟანეიროში აშენებული თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის სვეტები.

ტომას იბრაჰიმი

თავად „ბეტმენი“ ზურაბ წერეთლის ნამუშევარია. პანოზე დატანილი იყო ტექნოლოგიებთან ასოცირებული დეტალები, ძირითად სახეს კი ცენტრში განთავსებული ფრთებიანი ჭაბუკი წარმოადგენდა, რომელიც, ტომას იბრაჰიმის აზრით, ლეონარდო და ვინჩის ვიტრუვიუსის ადამიანის მიხედვით იყო შექმნილი. ძველი კულტურების, კერძოდ, შუმერული იერი ჰქონდა ქალისა და მამაკაცის გამოსახულებებს, რომლებიც ცენტრალური ფიგურის მარჯვნივ და მარცხნივ იყო განლაგებული. არქიტექტორი ამბობს, რომ ეს წერეთლისთვის დამახასიათებელია, ძველი კულტურების კვალი ჩანს მის „საქართველოს მატიანეზეც“, რომელსაც ხშირად სთოუნჰენჯს ადარებენ, თუმცა, ტომას იბრაჰიმის თქმით, უფრო ირანში მდებარე პერსეპოლისს ჰგავს.

ძარცვა მთელი თბილისის თვალწინ

2018 წლიდან პანომ, რომელიც კარგად ჩანს გზიდან, ყველას თვალწინ დაიწყო გაუჩინარება. ვინ იპარავდა და სად მიჰქონდა, არაფერია ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ საქმე 177-ე მუხლით არის აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.

როგორ ქრებოდა პანო

„მიუხედავად ჩვენი პატარა საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევისა, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი მიეღო, ხელისუფლება არ დაინტერესებულა. ისინი ამას მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ“, - ამბობს ტომას იბრაჰიმი. - „2019 წლის დასაწყისში პანო მთლიანად დაიკარგა. მოგვიანებით, 2019 წლის ბოლოს, ტექნიკუმის გზის გაყოლებაზე ჩარიგებული ნაძვებიც მოჭრეს, შემდეგ კი გორაც ჩამოჭრეს რაღაც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის“.

კოლეჯის დირექტორი რუსუდან ჩართოლანი ამბობს, რომ შენობის ის ნაწილი, სადაც პანოა, ოფიციალურად „იკაროსს“ ეკუთვნის, მაგრამ იქ დევნილები ცხოვრობენ და გასასვლელიც გადაკეტილი აქვთ.

„როგორც კი ძარცვა დაიწყო, მაშინვე მივმართეთ პოლიციას. არ ვიცი, რა შემადგენლობაა, რატომ იპარავენ. რაღაც მძიმე ლითონია. ბოლო ფრაგმენტი ჩამოგდებული რომ იყო, მივუსწარით და შევინახეთ. სადღაც ორი მეტრია. რეაბილიტაციას ვაპირებთ შენობის და გვინდა ეს ნაწილი მაინც ჩავსვათ.

როგორ გითხრათ ვისზე გვაქვს ეჭვი? ჩვენგან იქ ვერავინ მიდის, ჩახერგილია. დევნილების მხრიდან უფრო არის მისასვლელი, მაგრამ...“

რუსუდან ჩართოლანი ამბობს, რომ, მართალია, კოლეჯს დაცვა ჰყავდა, მაგრამ ისინი მხოლოდ სტუდენტებს იცავდნენ.

როდესაც ასამდე იძულებით გადაადგილებულია ტერიტორიაზე, იქ დაცვას ვერ უზრუნველვყოფთ. ჩვენ გვაფინანსებენ იმისთვის, რომ ვასწავლოთ. უფლებაც არა გვაქვს სტუდენტების თანხა სხვა რამეზე მივმართოთ“, - ამბობს ის.

საბჭოთა მემკვიდრეობის ბედი თბილისში

ხელოვნებათმცოდნე ანა ჩორგოლაშვილი ამბობს, რომ საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის ობიექტები, რომლებიც 50-იანი წლებიდან შენდებოდა, განადგურების პირასაა, რადგან მათგან კულტურის ძეგლის სტატუსი ძალიან ცოტას აქვს. ეს შენობები კერძო საკუთრებაშია და, შესაბამისად, მესაკუთრე განსაზღვრავს, როგორ და რანაირად შეიცვლება მათი იერსახე. ძველი შენობებიდან ცოტა თუ შემორჩა პირვანდელი ფუნქციით.

მაგალითად, ორთაჭალის ავტოვაგზალს ახლაც იგივე ფუნქცია აქვს, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც არ არის სახარბიელო. ან რკინიგზის სადგური, რომელიც ორიათასიან წლებში გასხვისდა და იერსახე შეეცვალა... გასაგებია, რომ შენობა ახალ ფუნქციას უნდა მიესადაგოს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება პროექტის უგულებელყოფის ხარჯზე.

ყველა შენობა, რომელიც საბჭოთა მოდერნიზმის დროს აშენდა, შეიძლება კულტურული ძეგლი არ იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის ექსტერიერსა და ინტერიერში უხეშად უნდა ჩაერიო. ქალაქს ჰქონდა ბევრი საჯარო ფუნქციის მქონე შენობა, რომელიც ახლა აღარ აქვს. იგივე შეიძლება ითქვას ლაგუნა ვერეს საცურაო აუზზე, რომელიც ნელ-ნელა განადგურდა; ბიბლიოთეკის შენობაზე კოსტავას ქუჩაზე; კიდევ სანაპიროზე იყო ძალიან საინტერესო რესტორანიარაგვი“, რომელიც დაანგრიეს და ასე შემდეგ“.

საბჭოთა არქიტექტურა კოსტავას ქუჩაზე

ლაგუნა ვერე

ანა ჩორგოლაშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს აუცილებელია არქიტექტორები შენობის რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთონ. მხოლოდ ამგვარად შეუნარჩუნდება ქალაქს ის ძეგლები, რომლებიც გასული საუკუნის ეპოქას ასახავს.