ხანმოკლე "ენერგეტიკული ზავი"
„ექსტრემალური ყინვების გამო, პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები. ეს უბრალოდ სიცივე არ არის, ეს რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა. ასეთი სიცივე არასდროს უნახავთ უკრაინაში. პირადად ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, ერთი კვირის განმავლობაში არ დაებომბა კიევი და სხვა ქალაქები. ის დათანხმდა ამას და უნდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სასიხარულო იყო“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ არაფორმალური შეთანხმების შესახებ 29 იანვარს განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს და განაცხადა, რომ უკრაინა ელის პუტინთან შეთანხმების პირობების დაცვას „ზამთრის ექსტრემალური პერიოდის“ განმავლობაში.
ასევე ნახეთ ჰოლოდომორიდან ხოლოდომორამდე - რუსეთის ენერგეტიკული ომი უკრაინის წინააღმდეგ„თუ რუსეთი არ დაესხმება თავს ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს, გენერაციის ობიექტები იქნება ეს თუ რომელიმე სხვა, არც ჩვენ არ შევუტევთ მათ ენერგეტიკას. ვფიქრობ, ეს არის პასუხი, რომელსაც მოლაპარაკებების შუამავალი, შეერთებული შტატები, ჩვენგან ელოდა“, - უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს 30 იანვარს.
უკრაინის პრეზიდენტმა იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს ოფიციალური შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
თუმცა ის, რომ რუსეთი დათანხმდა ე.წ. ენერგეტიკული ზავის გამოცხადებას 1 თებერვლამდე, დაადასტურა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ზავი ხანმოკლე აღმოჩნდა.
რუსეთმა განაახლა საჰაერო იერიშები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, - 2 თებერვალს ამის შესახებ განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა არტემ ნეკრასოვმა კიევში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა, და ჩერკასკის ოლქებში მცხოვრები მომხმარებლები. „გრძელდება აღდგენითი სამუშაოები მტრის თავდასხმების შედეგად დაზიანებულ ენერგეტიკულ ობიექტებში. მიღებულია ყველა შესაძლო ზომა ენერგეტიკული სისტემის სტაბილური მუშაობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურმა. ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ 1 თებერვალს რუსეთის ჯარებმა მიზანმიმართულად შეუტია ენერგეტიკის სფეროს მუშაკებს დნეპროპეტროვსკის ოლქში. რუსულმა დრონებმა პავლოგრადის რაიონში, მაღარო „ტერნოვსკაიას“ მახლობლად, ააფეთქეს ენერგეტიკული კომპანიის კუთვნილი ავტობუსი, რომელსაც მაღაროს თანამშრომლები გადაჰყავდა. შედეგად 16 ადამიანი, მაღაროს მუშა, დაიღუპა და კიდევ 14 დაშავდა. მოსკოვს, კიევსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 1 თებერვალს აბუ-დაბიში უნდა გამართულიყო. თუმცა ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემდეგი სამმხრივი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში, სავარაუდოდ, 4 და 5 თებერვალს გაიმართება.
3-დღიან ცეცხლის შეწყვეტამდე, იანვარში რამდენიმე კვირის განმავლობაში, რუსეთის მასშტაბურმა თავდასხმებმა კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების ათასობით მცხოვრები ექსტრემალური ყინვების პირობებში დატოვა გათბობის, სასმელი წყლისა და კანალიზაციის გარეშე. იურისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეს ქმედებები ომის დანაშაულს წარმოადგენს.
მართლმსაჯულების ნელი ბორბალი
უკრაინის ეროვნული ელექტროკომპანიის, „უკრენერგოს“ ყოფილი ხელმძღვანელი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა, როდესაც ის რუსეთის იერიშების შედეგად დაზიანებული ქვესადგურის შეკეთებას ცდილობდა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 47 წლის ოლექსი ბრეხტი უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე რუსეთის მიერ განხორციელებული სასტიკი თავდასხმების სერიის დროს „ხალხისთვის სინათლის დაბრუნების მცდელობისას“ დაიღუპა. ამ იერიშების შედეგად დაახლოებით მილიონ ადამიანს უწევს გაყინულ სახლებში (ნულზე დაბალ ტემპერატურაზე) ცხოვრება.
ცხელი კერძი და სითბო: კვების სადგურები კიეველების გადასარჩენად (ფოტორეპორტაჟი)
ბრეხტის დაღუპვის დღეს, 21 იანვარს, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი „ყინვას იყენებს, როგორც იარაღს“ და რომ „ეს [იერიშები] ომის დანაშაულია“. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმაც ასევე განაცხადა, რომ „სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართული თავდასხმები წარმოადგენს ომის დანაშაულს“.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ოთხი საბრალდებო დასკვნა აქვს გამოცემული 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ პუტინის დაკავების ორდერი - რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება?დაპატიმრების პირველი ორდერი გაიცა 2024 წლის მარტში, როდესაც გამოქვეყნდა რუსეთის საჰაერო ძალების სარდლის, სერგეი კობილაშისა და შავი ზღვის ფლოტის მეთაურის, ვიქტორ სოკოლოვის ბრალდებები. „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ეს ორი სარდალია პასუხისმგებელი იმ სარაკეტო იერიშებზე, რომლებიც ხორციელდება უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე მათ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების მიერ“, - განაცხადა მაშინ ICC-მ.
იმავე წლის ივნისში ბრალდებები წაუყენეს რუსეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს - ამჯერადაც ერთ-ერთი ბრალდება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს უკავშირდებოდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უკრაინაში ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაძრული სიცივის ტალღა ინტენსიური, მაგრამ ხანმოკლე იქნება. „ყინვის პიკი მოსალოდნელია 1-დან 4 თებერვლამდე, ღამით ტემპერატურა -20°C-დან -28°C-მდე და უფრო დაბალ ნიშნულამდე დაეცემა. ყველაზე ძლიერი ყინვები იქნება უკრაინის ჩრდილოეთ რაიონებში, მათ შორის კიევშიც. ყინვა საგრძნობლად შესუსტდება 5 თებერვლიდან“, - დაწერა სინოპტიკოსმა ნატალია დიდენკომ. 2 თებერვლის მონაცემებით, კიევში დღისით ჰაერის ტემპერატურა -16°C-მდე დაეცა, ხოლო ღამით -22°C-მდე. ამერიკული მეტეოროლოგიური ვებსაიტის, wunderground.com-ის პროგნოზით, კიევში ექსტრემალური ყინვები 4 თებერვლამდე გაგრძელდება: ჰაერის ტემპერატურა დაეცემა -20°C (-4°F) ან უფრო დაბლა, 5-6 თებერვლიდან შედარებით დათბება. საიტის პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა -8°C -ზე დაბლა არ დაეცემა, მომდევნო ღამეებში კი კიდევ უფრო დათბება.
თავად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელსაც 2023 წელს ბრალი წაუყენეს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასთან დაკავშირებულ ომის დანაშაულებში, ჯერ ოფიციალურად არ ეკისრება პასუხისმგებლობა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის განადგურების მიმდინარე კამპანიაზე.
რატომ არ წაუყენეს პუტინს ბრალი?
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ არის ვალდებული, გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. მას შეუძლია დამალოს თავისი კოზირები სხვადასხვა გზით, მათ შორის დალუქული ორდერების სახითაც“, - უთხრა რადიო თავისუფლების ცენტრალურ სამსახურს სტივ კროუშომ, ავტორმა წიგნისა „დევნა ძლიერთა ამა ქვეყნის: ომის დანაშაულები და სამართლიანობისთვის ბრძოლა“.
„სასამართლო, თავის პერსპექტივიდან, არაფერს დაკარგავს, თუ არ მოახდენს ყოველივე იმის აფიშირებას, რაც მის ხელთაა. ვისაც მყვირალა სათაურები უნდა, შეუძლია თქვას: „რატომ არ მივიღეთ ეს? რატომ არ მივიღეთ ის?“ სასამართლოს ინტერესი კი იმაში მდგომარეობს, რომ მხოლოდ იქ იმოქმედოს, სადაც თავს ყველაზე თავდაჯერებულად გრძნობს“, - თქვა სტივ კროუშომ.
სასამართლო დროში არ არის შეზღუდული: პროკურორებმა დამატებითი ბრალდებები შეიძლება წაუყენონ მოგვიანებით, ბრალდებულის დაკავების შემდეგ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობა ჰააგაში
„ყველა ლიდერი, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, საღი აზრის ფარგლებში, შეიძლება ჩაითვალოს პასუხისმგებლობის მატარებელ პირად. ასე რომ, ის, რაშიც სერგეი კობილაშს, ვალერი გერასიმოვს და სხვებს ადანაშაულებენ, შეიძლება ასევე იყოს იმ ყველაფრის ნაწილი, რასაც პუტინი შეეჩეხება, როცა/თუ ის თავად წარდგება ტრიბუნალის წინაშე“, - აღნიშნავს კროუშო, რომელსაც მაღალი თანამდებობები ეკავა Human Rights Watch-სა და Amnesty International-ში.
უკრაინამ, თავის მხრივ, რუსეთის აგრესიას უპასუხა ნავთობის მრეწველობაზე საჰაერო (მათ შორის დრონების) იერიშებით. თუმცა პოლიტიკური ლიდერები, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და საერთაშორისო იურიდიული ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს თავდასხმები თვისებრივად განსხვავდება რუსეთის იერიშებისგან.
„რუსეთის სისტემატური თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულს წარმოადგენს. უკრაინის იერიშები, პირიქით, მიზნად ისახავს იმ ობიექტების დაზიანებას, რომლებიც გამოიყენება რუსეთის სამხედრო მანქანის გამართული მუშაობისთვის. ამასთან [უკრაინა] ცდილობს შეზღუდოს ზემოქმედება მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - დაწერა საერთაშორისო იურიდიული ექსპერტების ჯგუფმა 2025 წლის ნოემბერში.
ასევე ნახეთ ყინვა და რუსული რაკეტები - როგორ ცხოვრობს კიევი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის პირობებშიექსპერტები საუბრობენ „სამართლებრივ და მორალურ ასიმეტრიაზე“, რადგან „უკრაინამ არ მიიტანა იერიში სამოქალაქო ელექტროსადგურებზე, ბირთვულ ობიექტებზე, გაზსადენებსა და ზოგადად იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უზრუნველყოფს საცხოვრებელი კორპუსების გათბობას, გათბობის ინფრასტრუქტურას, ბირთვულ ობიექტებს ან გაზსადენებს“.
სტივ კროუშო ამბობს, რომ წელს შესაძლოა ტრიბუნალმა რუსი ჩინოვნიკების დაპატიმრების ახალი ორდერები გამოსცეს, შესაძლოა ისეთი დანაშაულებისთვის, როგორიცაა სამხედრო ტყვეების წამება და სიკვდილით დასჯა ან მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილით დახოცვა 2022 წელს მარიუპოლისთვის ბრძოლის დროს.
ICC-ის პროკურატურის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ პროკურორები „მჭიდროდ თანამშრომლობენ გადარჩენილებთან, დაზარალებულ თემებსა და უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა შეაგროვონ მტკიცებულებები დამაჯერებელი ბრალდებების შესაქმნელად“.
სპეციალური ტრიბუნალი
თუმცა არსებობს ერთი ბრალდება, რომელიც ნამდვილად არ იქნება წაყენებული. ეს არის აგრესიის ბრალდება, ერთგვარი „პირველსაწყისი დანაშაული“ - სრულმასშტაბიანი ომის დაწყება, რამაც გამოიწვია ყველა სხვა სავარაუდო ომის დანაშაული. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ, სასამართლოს წესდებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ICC-ს არ შეუძლია პუტინისთვის ასეთი ბრალდების წაყენება.
ასევე ესაა იმის მიზეზი, რის გამოც გადაიდგა ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის ცალკე სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად. უკრაინელმა ჩინოვნიკებმა ამის მოთხოვნა ჯერ კიდევ 2022 წლის დასაწყისში დაიწყეს და მოიპოვეს კიდეც ევროკავშირის მხარდაჭერა.
2023 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ტრიბუნალის შექმნას. თუმცა მას ჯერაც არ დაუწყია სრულფასოვანი მუშაობა.
ასევე ნახეთ ევროსაბჭო ქმნის სპეციალურ ტრიბუნალს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამოსაძიებლად„კვლავინდებურად არ არის ხელშესახები პროგრესი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 იანვარს დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება, ეს სიმართლეა. ბევრი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ევროპამ ჯერაც ვერ უზრუნველყო ტრიბუნალისათვის შენობისა და პერსონალის გამოყოფა, ვერ შეასრულა თავისი სამუშაო. საინტერესოა, რა აკლიათ? დრო თუ პოლიტიკური ნება?“ - იკითხა უკრაინის პრეზიდენტმა.
ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ საქმე დაძრულია მკვდარი წერტილიდან. ზელენსკის გამოსვლიდან ორი დღის შემდეგ, შეთანხმებული იქნა 10 მილიონი ევროს გამოყოფა იმ „მეწინავე ჯგუფისთვის“, რომელიც „მოამზადებს ინსტიტუციურ, ლოგისტიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს“ ტრიბუნალის მუშაობისთვის.
„ევროკავშირთან მეწინავე ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა იმ პოლიტიკური ნების ილუსტრაციაა, რომლის მიზანი პროექტის წინსვლა და განხორციელებაა“, - განუცხადეს რადიო თავისუფლების ცენტრალურ ბიუროს ევროპის საბჭოს პრესსამსახურში.