ცოტა ხნის წინ პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის პარტიის მიერ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც უნგრეთს კანონიერ უფლებას მიანიჭებს უკრაინის სახელმწიფო ბანკის კუთვნილი 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კგ ოქრო, რომელიც უკრაინელ ინკასატორებს ჩამოართვეს, გამოძიების დასრულებამდე დაიტოვოს.
"ეს პრაქტიკულად აღიარებაა, რომ [აქამდე] მათ მოქმედებებს არ ჰქონდათ არანაირი კანონიერი საფუძველი." - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ.
პარალელურად უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომელიც ასევე შეიცავს მოწოდებას მთავრობის მიმართ - “გააკეთოს ყველაფერი ევროკავშირის მიერ უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკის გაგრძელების საწინააღმდეგოდ”.
9 მარტს გამართულ მთავრობის საგანგებო სხდომაზე ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში ნავთობზე ფასების ზრდაში არა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, არამედ უკრაინა დაადანაშაულა. ორბანის თქმით, უკრაინა ამ დრომდე ბლოკავს რუსული ნავთობის ტრანზიტს ნავთობსადენ "დრუჟბის" გავლით, რაც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უნგრეთს, არამედ მთელ ევროკავშირს. უნგრეთის პრემიერმა, როგორც თავად ამბობს, ან უკვე მიმართა საგანგებო წერილით ევროკომისიის პრეზიდენტს, რომელშიც რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმებას ითხოვს.
ასევე ნახეთ მიხაილო პოდოლიაკი: “ირანის რეჟიმის ჩამოშლა მსოფლიოს რუსეთის დომინანტური გავლენისგან გაათავისუფლებს“ცოტა ხნით ადრე უკრაინის საგარეო უწყებაში გაასაჯაროვეს ინკასატორების დაკავების დეტალები და უნგრეთი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევაში დაადანაშაულეს. კიევში ამბობენ, რომ შეუიარაღებელი უკრაინელი ინკასატორები უნგრეთის ანტიტერორისტული ცენტრის დანაყოფმა დააკავა, რომელიც ჯავშანტრანსპორტიორით გადაადგილდებოდა, ხოლო მებრძოლები ტყვიამფრქვევებითა და ნაღმმტყორცნებით იყვნენ შეიარაღებულები.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამოღებული თანხები შესაძლოა "უკრაინულ სამხედრო მაფიას" ეკუთვნოდა. მანამდე, 6 მარტს უნგრეთის საბაჟო და საგადასახადო სამსახურში თქვეს, რომ საქმე ფულის სავარაუდო გათეთრებას ეხება.
ეს კიევსა და ბუდაპეშტს შორის დაძაბულობის მორიგი ეტაპია, თუმცა ამჯერად რიტორიკაც და მოქმედებებიც ესკალაციის წინა ტალღებთან შედარებით საგრძნობლად უფრო მწვავეა.
ვიქტორ ორბანი
მილიონები და ოქრო - რატომ გადაჰქონდათ ინკასატორებს?
უკრაინული მედიის ცნობით, ინკასატორები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და ქვეყნის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ, დადგენილი პროცედურისა და მარშრუტის ფარგლებში მოქმედებდნენ.
სრულმასშტაბიან შეჭრამდე უკრაინული ბანკები უცხოურ ვალუტასა და ოქროს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში აბაჟებდნენ, ხოლო ომის დაწყების შემდეგ წესები შეიცვალა და ბანკები ვალუტითა და ოქროთი მხოლოდ სახმელეთო გზის გავლით, ძირითადად ავსტრიიდან მარაგდებოდნენ.
ასევე ნახეთ უკრაინამ უნგრეთისგან მოითხოვა "ოშჩადბანკის" კუთვნილი ფულისა და ოქროს დაბრუნებადიდი ხნის განმავლობაში უკრაინისთვის უცხოური ვალუტისა და ოქროს უმსხვილეს მიმწოდებლად Raiffeisen Bank-ი იყო, რომლის ფილიალიც უკრაინაში ბაზრის 70%-ს აკონტროლებდა, მოგვიანებით პროცესში ჩაერთნენ ПриватБанк-ი და Ощадбанк-ი.
Ощадбанк-ში ადასტურებენ, რომ 5 მარტს დაკავებული საინკასაციო მანქანები გადაადგილდებოდნენ წინასწარ შეთანხმებული, გეგმური მარშრუტის ფარგლებში და აქამდე არანაირი პრობლემები არ შეჰქმნიათ.
“ჩვენ არათუ ბოლო თვეებში, არამედ უკვე რამდენიმე წელია, პრაქტიკულად ყოველკვირეულად, უცვლელ პარტნიორთან (Raiffeisen Bank) ვიღებთ უცხოურ ვალუტასა და ოქროს ამ გზით, დოკუმენტების სტანდარტული პაკეტით, არაფერი ახალი და ექსტრაორდინარული ბოლო გზავნილში არ ყოფილა, ამიტომაც მომხდარში პოლიტიკურ დაკვეთას ვხედავთ”, - ამბობენ Ощадбанк-ში.
ბუდაპეშტი ირწმუნება, რომ ფულის გადაზიდვის ოპერაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის "გადამდგარი გენერალი" ხელმძღვანელობდა. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეჭვები არსებობს, რადგანაც ამ გზით მხოლოდ იანვრიდან მოყოლებული უკრაინაში 900 მილიონი დოლარი, 420 მილიონი ევრო და 146 კგ ოქრო მოხვდა.
თუმცა იმ პირობებში, როდესაც ავსტრიის Raiffeisen Bank-ის სათავო ოფისი უკრაინული სახელმწიფო და კერძო ბანკებისთვის უცხოური ვალუტის და ოქროს უმსხვილესი მომწოდებელია, ეს თანხები ბოლო წლებში დადგენილი ჩვეული მოცულობისგან არ განსხვავდება. მაგალითად, 2025 წელს ამ გზით უკრაინამ ჯამურად 11.8 მილიარდი დოლარი მიიღო, 2024 წელს - 15.9 მილიარდი; ხოლო ომამდე, 2021 წელს, როდესაც მსგავსი გადაზიდვები ძირითადად საჰაერო გზით ხდებოდა ამ გზის გავლით მიწოდებული თანხის მოცულობა 4.5 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.
ასევე ნახეთ ომი, ნავთობი და „მეგობრობა“ - უკრაინისგან "დრუჟბის" შეკეთებას ითხოვენუკრაინის ბანკმა ამოღებული თანხების დაბრუნების მოთხოვნით მიმართა როგორც უნგრეთის შესაბამის უწყებებს, ასევე ევროკომისიას.
რა უძღოდა წინ სკანდალს?
კიევსა და ბუდაპეშტს შორის დიპლომატიური დაძაბულობა სიახლე ნამდვილად არ არის, თუმცა გასულ თვეებში კრიზისი პრაქტიკულად ყოველდღიურად ღრმავდებოდა და მოსალოდნელია, რომ უნგრეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე არც განიმუხტება.
რთულია იმის თქმა, საიდან დაიწყო ესკალაციის ბოლო ფაზა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების მოახლოების პარალელურად ვიქტორ ორბანის სოციალურ ქსელებში პრაქტიკულად ყოველკვირეულად ვრცელდებოდა ანტიუკრაინული შინაარსის კლიპები, ხოლო უკრაინის მიმართ სკეფსისი, მისი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ცენტრალურ თემად იქცა.
ვოლოდიმირ ზელენსკი
საჯაროდ ეს ყველაფერი იანვრის დასაწყისში ეკონომიკურ ფორუმზე გამოვლინდა. ევროპელი პარტნიორების მიმართ საკმაოდ კრიტიკულ სიტყვაში ზელენსკის უშუალოდ ორბანი არ უხსენებია, თუმცა განაცხადა - "ყველა ვიქტორი, რომელიც ევროპელების ფულის ხარჯზე ცხოვრობს და ამასთანავე მზად არის გაყიდოს ევროპის ინტერესები, კეფაში წამორტყმას იმსახურებს".
ორბანმა ზელენსკის სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) უპასუხა და მას "სასოწარკვეთილი ადამიანი" უწოდა, "რომელსაც უკვე მეოთხე წელია, არ სურს, ან არ ძალუძს ომის დასრულება."
ასევე ნახეთ უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის 90 მლრდ ევროს კრედიტის გაცემამოგვიანებით, დაძაბულობის ახალი მიზეზი ევროკავშირის მიერ კიევისთვის გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გახდა, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღეს. სესხის მიზანია შეავსოს უკრაინის საბიუჯეტო დეფიციტი, რომელსაც შესაძლოა კრიტიკული პრობლემები უკვე მიმდინარე წლის აპრილიდან შეექმნას.
ვიქტორ ორბანმა დაბლოკა კრედიტის უკრაინისთვის გადაცემა და სანაცვლოდ კიევისგან ნავთობსადენ "დრუჟბის" მუშაობის აღდგენა მოითხოვა, რომელიც ოფიციალური კიევის ცნობებით, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 27 იანვარს დაზიანდა.
ნავთობსადენის ირგვლივ მიმდინარე დაძაბულობას მალე სლოვაკეთიც შეუერთდა, რომელიც უნგრეთთან ერთად რუსული ნავთობსადენის მთავარი ბენეფიციარია - სლოვაკეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყანა არ მიაწვდის ელექტროენერგიას უკრაინას სანამ "დრუჟბა არ აღდგება".
ოფიციალური კიევის ცნობებით, "დრუჟბა" რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად 27 იანვარს დაზიანდა.
უკრაინაში თქვეს, რომ ნავთობსადენი სერიოზულად არის დაზიანებული და აღდგენით სამუშაოებს შესაძლოა, რამდენიმე თვეც დასჭირდეს. ბრატისლავა და ბუდაპეშტი კიევს სარემონტო სამუშაოების განზრახ გაჭიანურებასა და შანტაჟში ადანაშაულებდნენ.
ამას მოჰყვა ურთიერთბრალდებები, ასევე საპროტესტო ნოტები და ელჩების დაბარება საგარეო უწყებაში, თუმცა დაძაბულობა ახალ ეტაპზე გადავიდა ვოლოდიმირ ზელენსკის 5 მარტის განცხადების შემდეგ.
უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხდომის საჯარო ნაწილში ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ "ერთი ადამიანი ევროკავშირში" ვერ დაბლოკავს 90 მილიარდი ევროს კრედიტს, "ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანის მისამართს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს მივცემთ და ისინი თავიანთ ენაზე დაელაპარაკებიანო."
ზელენსკის კომენტარს უნგრეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა - "ეს არ არის დიპლომატია, ეს ღია მუქარაა" - განაცხადა უნგრეთის საჯარო დიპლომატიის მინისტრმა, ზოლტან კოვაჩმა. ყველა არსებული ზღვრის გადასვლაში დაადანაშაულა ზელენსკი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიიარტომ.
ასევე ნახეთ უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტს „ღია მუქარაში" ადანაშაულებსუკრაინელი პრეზიდენტის განცხადებას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა, უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ორბანის მთავარი კონკურენტი, პეტერ მადიარიც.
"არცერთ უცხოელ ლიდერს, არ აქვს უფლება დაემუქროს რომელიმე უნგრელს, მათ შორის არც ორბანის წარმავალ მთავრობას... მოვუწოდებ უკრაინელ პრეზიდენტს განმარტოს თავისი სიტყვები", - წერდა მადიარი.
ზელენსკის განცხადებას მიუღებელი უწოდა ევროკომისიის პრესსპიკერმა ოლოფ ჟილმა - “მუქარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ დაუშვებელია.”
ვითარების ესკალაციას ხელი შეუწყო იმანაც, რომ იმავე დღეს ორბანი ხვდებოდა, უკრაინულ არმიაში მებრძოლ უნგრული წარმომავლობის 2 სამხედრო ტყვეს, რომლებიც მოსკოვმა ბუდაპეშტის თხოვნით, პეტერ სიიარტოს ვიზიტის დღეს გაათავისუფლა.
“ზელენსკის მუქარები არ არის მიმართული ჩემ წინააღმდეგ, ის უნგრეთს ემუქრება. ის ვერ მაიძულებს უარი ვთქვა უნგრული ოჯახების დაცვაზე”, - ამბობდა ორბანი.
ორბანის ამ განცხადებიდან უკრაინელი ინკასატორების სკანდალურ დაკავებამდე არასრული 1 დღე იყო გასული.
უკრაინის ომი უნგრეთის საარჩევნო კამპანიის ცენტრშია - მთავრობის საარჩევნო ბილბორდი გამოსახულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ოპოზიციური პარტიის TISZA ლიდერი პეტერ მადიარი. ბილბორდზე წერია: „გაგზავნეთ იარაღი! დიახ!“ ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2026 წლის 11 თებერვალი
უკრაინის ინტერესები უნგრეთის არჩევნების ტყვეობაში
ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევსა და ბუდაპეშტს შორის დაძაბულობა უახლოეს მომავალში განიმუხტოს, მეტიც შესაძლოა, კრიზისმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ-ახალ მიმართულებები მოიცვას.
საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში 12 აპრილსაა ჩანიშნული და თუ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დავუჯერებთ, შესაძლოა ორბანის 16-წლიანი მმართველობის ისტორიაში ყველაზე რთული არჩევნები იყოს.
ოპოზიციის მიმართ ლოიალურად განწყობილი Závecz Research-ის კვლევის მიხედვით, პეტერ მადიარის პარტიას (TISZA) მხარს უჭერს ჩამოყალიბებულ ამომრჩეველთა 38%, ხოლო ორბანის პარტიას (Fidesz) 32%, ამასთანავე ამომრჩეველთა დაახლოებით 20% გადაუწყვეტელია.
ასევე ნახეთ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტს კიევზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდებსკვლევითი ცენტრის, Nézőpont Institute-ის ცნობით, რომელსაც ოპოზიციურ წრეებში პროსახელისუფლებო ორგანიზაციიდან მიიჩნევენ, გამოკითხვებში ხმათა 45%-ით მმართველი პარტია ლიდერობს, ხოლო TISZA-ს მხარს 40% უჭერს.
უნგრეთში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის მიხედვითაც 199 ადგილიდან პროპორციული სიებზე მხოლოდ 93 მანდატი მოდის, ხოლო დარჩენილი 106 კი მაჟორიტარულ სისტემაზე, რომელშიც იმარჯვებს კანდიდატი, რომელმაც უფრო მეტი ხმა დააგროვა და არ მოქმედებს 50%-იანი ბარიერი. კომენტატორების აზრით, ამგვარი სისტემა უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას.
საარჩევნო სისტემის დისბალანსის მიუხედავად, ცხადია, რომ მომდევნო არჩევნები უნგრეთისთვის ყველაზე ახლო და დაძაბული ბრძოლა იქნება ბოლო ათწლეულებში, ხოლო უკრაინა წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა.
ასევე ნახეთ როგორ გადაიქცა "დრუჟბა" იარაღად - მორიგი არამეგობრული დაპირისპირება უკრაინასა და უნგრეთს შორის