უკრაინა უნგრეთისგან მოითხოვს უკრაინელი ინკასატორების დაკავების დროს ჩამორთმეული ნაღდი ფულისა და ოქროს ზოდების დაბრუნებას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ინციდენტს „სახელმწიფო ბანდიტიზმისა და რეკეტის უპრეცედენტო აქტი“ უწოდა.
„ეს ფული არ ეკუთვნის უნგრეთს ან მის მთავრობას. ის ეკუთვნის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკრაინულ ბანკ „ოსჩადბანკს“ და, შესაბამისად, უკრაინელ გადასახადის გადამხდელებს“, დაწერა მან სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე.
გუშინ „ოსჩადბანკმა“უნგრეთისგან ასევე მოითხოვა ინკასატორთა მანქანებისა და ძვირფასი ნივთების დაბრუნება, რომლებიც, განცხადების თანახმად, უკანონოდ იყო ჩამორთმეული. საფინანსო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ტრანსპორტირება განხორციელდა „ოსჩადბანკსა“ და ავსტრიის „რაიფაიზენ ბანკს“ შორის დადებული საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში და თავად ტვირთი განაბაჟეს საერთაშორისო ტრანსპორტირების რეგულაციებისა და მოქმედი ევროპული საბაჟო პროცედურების შესაბამისად.
„ვენიდან უკრაინაში გადატანილი თანხები „ოსჩადბანკს“ ეკუთვნის. ეს თანხები ბანკს უკრაინელმა მოქალაქეებმა და კომპანიებმა ანდვეს. ისინი უკრაინაში იგზავნებოდა მიმოქცევაში შემდგომი გამოყენებისა და ქვეყნის ნაღდი ფულის ბაზრის გაჯერების მიზნით“, ნათქვამია განცხადებაში.
5 მარტს უნგრეთში შვიდი უკრაინელი ინკასატორი დააკავეს ვენიდან უკრაინაში 40 მილიონი დოლარის, 35 მილიონი ევროსა და ცხრა კილოგრამი ოქროს გადატანისთვის. ფულის გათეთრების ეჭვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები ქვეყნიდან დეპორტირებული იქნებიან. 6 მარტს ინკასატორები სამშობლოში დაბრუნდნენ, თუმცა მანქანები და მათი შიგთავსი უნგრეთში რჩება.
კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობები კვლავ გაუარესდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ შეწყვიტა უნგრეთისთვის რუსული ენერგორესურსების მიწოდება ნავთობსადენ „დრუჟბის“ მეშვეობით. უკრაინა აცხადებს, რომ ნავთობსადენი რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი დარწმუნებულია, რომ მიწოდების შეწყვეტა პოლიტიკური მიზეზებით მოხდა. 6 მარტს დილით უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარაგების ტრანზიტს შეაჩერებს მანამ, სანამ კიევი ნავთობსადენ „დრუჟბის“ ფუნქციონირებას განაახლებს. მან დასძინა, რომ უნგრეთი ასევე გააგრძელებს უკრაინისთვის ევროპული ფინანსური დახმარების დაბლოკვას.
ფორუმი