"მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება" - გეორგ აიკჰოფი მადუროს გატაცებასა და კოლონიალიზმის დაბრუნებაზე

"...მრავალი სხვა პატარა ერისა თუ ქვეყნის მომავალი - საქართველოს ჩათვლით - დამოკიდებულია იმაზე, როგორ უპასუხებს „ბებერი კონტინენტი“ ამ გამოწვევას..." - ისტორიკოსი და პოლიტიკის ანალიტიკოსი გეორგ აიკჰოფი

„სი ძინპინი და პუტინი უყურებენ ადამიანს ვაშინგტონში, რომელიც იმას აკეთებს, რასაც თავად ვერ ახერხებენ. ტრამპი მსოფლიოს ეუბნება: შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც მინდა...“

ასე აფასებს რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურთან ინტერვიუში ისტორიკოსი და პოლიტიკის ანალიტიკოსი გეორგ აიკჰოფი ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ გეოპოლიტიკურ მოვლენას: აშშ-ს მიერ ვენესუელიდან ნიკოლას მადუროს გატაცებასა და დელსი როდრიგესის დროებით პრეზიდენტად დანიშვნას.

აიკჰოფი, - რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში, მათ შორის ვენესუელის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერების მრჩევლად, - ხსნის, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და რას მოასწავებს ეს მსოფლიოსთვის.

ის გვთავაზობს ისტორიკოსის პერსპექტივას სამყაროზე, სადაც უხეში ძალის პოლიტიკა ბრუნდება და გვაფრთხილებს, რომ ევროპა, რომელიც დიდი ხანია გლობალური სტრატეგიული დაპირისპირებისგან დისტანცირებული იყო, ახლა ეგზისტენციალური გამოცდის წინაშე დგას და არა მხოლოდ მისი, არამედ მრავალი სხვა პატარა ერისა თუ ქვეყნის მომავალი - საქართველოს ჩათვლით - დამოკიდებულია იმაზე, როგორ უპასუხებს „ბებერი კონტინენტი“ ამ გამოწვევას.

რუსეთის პრეზიდენტსაც სურდა ზელენსკის გატაცება ანაც მოკვლა - სცადა და არ გამოუვიდა. ტრამპი სწორედ ასეთი ტიპის ლიდერებს „ეჭიდავება“ - და მოიგო კიდეც ეს რაუნდი...

რადიო თავისუფლება: კითხვების კასკადი: რა მოხდა ზუსტად, სად ვართ ახლა და რა იქნება შემდეგ, რას უნდა მოველოდეთ?

გეორგ აიკჰოფი: რაც მოხდა, ისაა, რომ ქვეყნიდან გაიტაცეს დიქტატორი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, რომელიც თავადაც გამოცდილი პოლიტიკოსია და მეუღლეზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. ეს იყო უკიდურესად შთამბეჭდავი, ეფექტური სამხედრო ოპერაცია, რომელმაც ერთნაირად გააოცა როგორც საზოგადოება, ისე სამხედრო წრეებიც. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არმიები და ის სახელმწიფოებიც, რომლებიც მსგავსის გაკეთებაზე ოცნებობენ - ანუ არასასურველი პრეზიდენტების „მოტაცებაზე“. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტსაც სურდა უკრაინაში მსგავსი რამ - ზელენსკის გატაცება ანაც მოკვლა - მაგრამ ვერ შეძლო, სცადა და არ გამოუვიდა. ტრამპი სწორედ ასეთი ტიპის ლიდერებს „ეჭიდავება“ და მოიგო კიდეც ეს რაუნდი, რადგან მათგან განსხვავებით, მოახერხა და საწადელს მიაღწია.

სად ვართ ახლა? ტრამპის ხელდასხმით, ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონი დელსი როდრიგესი, დროებით პრეზიდენტად აღზევდა, ძმასთან ერთად: ორივე მადუროს ბანაკის ვეტერანი წევრები არიან, ცნობილი ლოიალისტები. შესაბამისად, ზედაპირულად, რეჟიმის სადავეები მაინც ისევ რეჟიმსავე რჩება, დიქტატორული მმართველობა უწყვეტია, თანაც ამერიკის მთავრობის მხარდაჭერით. ვაშინგტონი ამტკიცებს: მათზე ბერკეტები გვაქვსო.

ტრამპმა პირდაპირ თქვა: „ჩვენ ვმართავთ ამ ქვეყანას“. მერე სახელმწიფო მდივან რუბიოს ჰკითხეს, ეს კონკრეტულად რას ნიშნავდა, და მან ცოტა უფრო „ტექნიკურად“ ახსნა, თუმცა დეტალებში არ შესულა. ანუ: ბერკეტები გვაქვს, ვეუბნებით, რა გააკეთონო.

ეს რიტორიკა დამაჯერებელი არაა, რადგან როდრიგესის ფიცის დადების ცერემონიაზე გზავნილები აშკარად ანტიამერიკული იყო - ლათინური ამერიკის „ტრადიციების“ სრული დაცვით. როდრიგესი ვენესუელურ-ესპანურ-კუბური აქცენტით ლაპარაკობს; ვენესუელელების აღქმით, ის უფრო კუბელებთან ასოცირდება, ვიდრე ვენესუელელებთან, და მისი მთავარი გზავნილი ასეთი იყო: დაგვიბრუნეთ მადურო.

ამერიკა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა; მას ვენესუელური ნავთობი არ სჭირდება. რაც მას სჭირდება, არის იმის მიღწევა, რომ ჩინეთს არ ჰქონდეს წვდომა ამ ნავთობზე. აი, ესაა „დიდი სურათი“ - ისევე, როგორც გრენლანდიაში...

ჩავისტურ მოძრაობაში, რომელიც მოსახლეობის 10–20 პროცენტს წარმოადგენს, ჯერ კიდევ სჯერათ, რომ მადურო დაბრუნდება. ისინი ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ, პირიქით, მობილიზებულები არიან. მათი აღქმით, ტრამპმა დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან ახლა ჩვენ გვყავს „გლობალური გმირი-მოწამე“, სახელად მადურო. და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ყველა, ვისაც დონალდ ტრამპი არ მოსწონს, ამ გზავნილს გარკვეულწილად ეხმიანება და ექოს მატებს.

რა იქნება შემდეგ? ტრამპი ამბობს, ეს მთავრობა მე დამემორჩილებაო. ჯერჯერობით ასე არ ჩანს. როგორ მოახერხებს ქალბატონი როდრიგესი ერთი მხრივ ტრამპის მორჩილებას და მეორე მხრივ ქვეყანაში მხარდამჭერების შენარჩუნებას? ახლა ის იძულებულია ერთი თქვას და მეორე გააკეთოს - საჯაროდ სხვა ილაპარაკოს და პრაქტიკაში საპირისპირო მოიმოქმედოს.

რადიო თავისუფლება: რას გულისხმობს აშშ-ის მოთხოვნები? რას ითხოვენ კონკრეტულად როდრიგესისგან და რას, უფრო ზოგადად, ვენესუელისგან?

გეორგ აიკჰოფი: სტაბილურობას; მათ სურთ საზოგადოებრივი წესრიგი - და ეს ყველაფერი მაქსიმალურად მცირე ძალისხმევის ფასად. თანაც, იმის გააზრებით, რომ თავად ამის უზრუნველყოფა არ შეუძლიათ. ტრამპს სურს, იპოვოს ვინმე, ვინც უსაფრთხოებასა და წესრიგს უზრუნველყოფს და შექმნის პირობებს იმისათვის, რომ ნავთობინდუსტრიის აღდგენა დაიწყოს. ცხადია, ესაა ამოსავალი მიზანი: ჩინეთსა და სხვებს ვენესუელურ ნავთობთან წვდომა გადაუკეტონ. დღეს ვენესუელის ნავთობწარმოება ძალიან მწირია: ისტორიული მაქსიმუმის მესამედი. პერსპექტივაში - ხუთ, ათ წელიწადში - თეორიულად შესაძლებელია, ვენესუელური ნავთობი ისევ დაბრუნდეს ბაზარზე. ეს რთული ბრძოლაა; ნავთობინდუსტრიის აღდგენა ადვილი საქმე არაა.

რადიო თავისუფლება: სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ქალბატონმა როდრიგესმა ტრამპს აღუთქვა, რომ ნავთობინდუსტრიას აღადგენენ, და თანაც ამერიკული კომპანიების ძალიან აქტიური მონაწილეობით.

ჩინეთი რუსეთის კოლონიზაციას მოახდენს, გამოიყენებს მის ენერგიასა და რესურსებს - აშშ-სთან გარდაუვალი კონფლიქტისთვის მზადებისას...

გეორგ აიკჰოფი: ამ განცხადებას გეოპოლიტიკურ ჭრილში უნდა შეხედოთ. ამერიკა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა; მას ვენესუელური ნავთობი არ სჭირდება. რაც მას სჭირდება, არის იმის მიღწევა, რომ ჩინეთს არ ჰქონდეს წვდომა ამ ნავთობზე. აი, ესაა „დიდი სურათი“, ისევე, როგორც გრენლანდიაში. ტრამპის მიზანია, რომ რესურსები (გრენლანდიაში მინერალები, ვენესუელაში ნავთობი) ჩინეთისთვის მიუწვდომელი დარჩეს იმ მომავალ კონფლიქტში, რომელიც, როგორც ჩანს, თითქმის გარდაუვალია.

ჩვენ ბიპოლარული სამყაროსკენ მივაბიჯებთ. ჩინეთი „გადასანსლავს“ რუსეთს, რადგან რუსეთი ენერგიას უკრაინაში ფლანგავს, ომში, რომელშიც გამარჯვების შანსი არ აქვს, კიდევაც რომ აღიარონ გამარჯვებულად, ამ ომიდან უფრო სუსტი გამოვა, ვიდრე მანამდე იყო. სწორედ ამაზე დებს ფსონს ჩინეთი რუსეთის ომში უკრაინისა და ევროპის წინააღმდეგ: რომ რუსები ამ ომს წააგებენ და ჩინეთის ხელში აღმოჩნდებიან.

ჩინეთი რუსეთის კოლონიზაციას მოახდენს, გამოიყენებს მის ენერგიასა და რესურსებს - აშშ-სთან გარდაუვალი კონფლიქტისთვის მზადებისას. რუსეთისგან განსხვავებით, ვენესუელასა და გრენლანდიაში ამერიკას შეუძლია, ჩინეთს ხელი შეუშალოს, მისთვის მისაღებ ფასად. ამიტომაა, რომ ვენესუელაში ამჟამინდელი მთავრობის „სიცოცხლის ხანგრძლივობა“ დღეებით იზომება, ნავთობის საკითხი კი - ათწლეულებით, თუ მეტით არა.

თუ გამოჩნდა, რომ დელსი როდრიგესი „მისიას“ თავს ვერ ართმევს. მას სურს ტრამპთან „დადგეს“ - კითხვა ისაა, ტრამპს სურს თუ არა, ის გვერდით დაიყენოს. მაჩადო და როდრიგესი გააგრძელებენ კონკურენციას...

რადიო თავისუფლება: და მაინც, რატომ დადო თეთრმა სახლმა ფსონი მადუროს ვიცე-პრეზიდენტზე და არა ოპოზიციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, როდრიგესზე უფრო მეტი გულმოდგინებითაც კი შეასრულებდა ვაშინგტონის ყველა მოთხოვნას?

გეორგ აიკჰოფი: ტრამპმა თავად ახსენა სიტყვა „პატივისცემა“. განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, არ აქვს ის პატივისცემა, რაც საჭიროა. ვის პატივისცემაზეა საუბარი? ცხადია, ვენესუელის შეიარაღებული ძალების.

მე მგონია, ვაშინგტონი არასწორად აფასებს სიტუაციას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პატივისცემა ექნება ქალბატონ როდრიგესს - ან თუ ექნა, რამდენ ხანს გასტანს, იმის ფონზე, რომ ახლა მას ტრამპის მორჩილება უწევს.

ვენესუელის შეიარაღებული ძალები უკიდურესად კორუმპირებულია და ვერც განსაკუთრებული კომპეტენტურობით დაიკვეხნის - როგორც ვნახეთ, მადუროს პირად უსაფრთხოებას არა ვენესუელელები, არამედ კუბელები იცავდნენ. მადუროს პირადი დაცვის 32 კუბელი ოფიცერი მისი გატაცების ოპერაციისას დაიღუპა. კუბამ ეს აღიარა, თანაც პირველად, რადგან მანამდე საერთოდ უარყოფდნენ, რომ ვენესუელაში იყვნენ - ახლა კი 32 დადასტურებული მსხვერპლი ჰყავთ.

რაც შეეხება ოპოზიციას, ქალბატონ მაჩადოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ შედარებით მცირე ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებში. და ასევე დიასპორაში: 9 მილიონი ვენესუელელი ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, უმეტესობა იმიტომ, რომ რეჟიმს გაექცა.

ახლა მთავარი კითხვაა: ვინ შეძლებს იმ პოლიტიკური ჩარჩოს შექმნას, რაც აუცილებელია სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ნავთობინდუსტრიის აღსადგენად? ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ფსონი დიქტატურის გაგრძელებაა. ეს არაა ლოგიკას მოკლებული: ბევრ ნავთობმწარმოებელ ქვეყანას სწორედ ავტორიტარული რეჟიმები მართავენ და არა დემოკრატიები. მაგრამ საკმარისი იქნება კი ეს ვენესუელის აღსადგენად? ან, უფრო ზუსტად: „დადებს“ თუ არა იმ შედეგს როდრიგესი, რომელსაც მისგან ტრამპი მოელის?

სწორედ ამ სივრცეში მოუწევს მანევრირება მაჩადოსაც. ის გააგრძელებს ვაშინგტონისთვის საკუთარი კანდიდატურის შეთავაზებას, განსაკუთრებით, თუ გამოჩნდა, რომ დელსი როდრიგესი „მისიას“ თავს ვერ ართმევს. მას სურს ტრამპთან „დადგეს“ - კითხვა ისაა, ტრამპს სურს თუ არა, ის გვერდით დაიყენოს. მაჩადო და როდრიგესი გააგრძელებენ კონკურენციას, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან: ვინ შესთავაზებს ვაშინგტონს ვენესუელის, მათ შორის, მისი ნავთობინდუსტრიის, აშშ-ის „დასავლეთის ნახევარსფეროს პოლიტიკასთან“ იგივე „დონროს დოქტრინასთან“ სრულ თანხვედრას.

ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი ვაშინგტონისგან: თუ რაღაცის გაკეთება გვინდა, გავაკეთებთ. საერთაშორისო სამართალი, გაეროს განცხადებები და მსგავსი მექანიზმები ვერ შეგვაკავებს...

რადიო თავისუფლება: თუ ვენესუელაში მომხდარს გლობალურ ჭრილში შევხედავთ, ვინ არიან ამ პროცესის გამარჯვებულები და ვინ დამარცხებულები?

გეორგ აიკჰოფი: ყველაზე დიდი დამარცხებული ჩინეთია. მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის. ჩინეთი „აითვისებს“ რუსეთს, მაშინ როდესაც შეერთებული შტატები თანდათან დისტანცირდება ევროპისგან. უშუალოდ ამ რაუნდის გამარჯვებული ამერიკაა. ვენესუელაში ჩატარებული ძალოვანი ოპერაციის წარმატება ბევრად უფრო თვალსაჩინო და შთამბეჭდავი იყო, ვიდრე მანამდე ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა. ირანის პრეცედენტისგან განსხვავებით, აქ მიზანი ეჭვშეუტანლად მიღწეულია: მადურო დღეს ნიუ-იორკის ციხეში ზის. ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი ვაშინგტონისგან: თუ რაღაცის გაკეთება გვინდა, გავაკეთებთ. საერთაშორისო სამართალი, გაეროს განცხადებები და მსგავსი მექანიზმები ვერ შეგვაკავებს.

ეს რეალიზმზე მეტია - ეს არის ძალის პოლიტიკის ღია, უცერემონიო დაბრუნება. ეს იყო ძალის დემონსტრირება, სამხედრო შესაძლებლობების და პროფესიონალიზმის საჯარო მასტერკლასი. ახლა სი ძინპინი და პუტინი უყურებენ ადამიანს ვაშინგტონში, რომელიც იმას აკეთებს, რასაც თავად ვერ ახერხებენ. ტრამპი მსოფლიოს ეუბნება: შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, რაც მინდა. ეს უკვე სხვა სამყაროა, არა ის, რაც ერთი, ორი და სამი წლის წინ იყო, როდესაც ბაიდენი უკრაინაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა მინსკში ან სადმე სხვაგან.

არ ვეთანხმები არგუმენტს, თითქოს სი ძინპინსა და პუტინს ტრამპის მაგალითი სჭირდებოდათ, რომ „ცუდები“ გამხდარიყვნენ. ისინი ისედაც ასეთები იყვნენ...

რადიო თავისუფლება: ხომ არ უხსნის ეს ხელებს სხვა დიდ სახელმწიფოებსაც, რომ მსგავს ნაბიჯებზე უფრო თამამად წავიდნენ? ნაკლებად შეუშინდნენ მოსალოდნელ შედეგებს, წესების დაცვით არ ითამაშონ?

გეორგ აიკჰოფი: ისინი კარგა ხანია, ისედაც აკეთებენ ამას. პუტინმა ჯერ საქართველოში მოინდომა ამის გაკეთება 2008 წელს და უთხრეს, რომ თბილისთან უნდა გაჩერებულიყო. შემდეგ უკრაინაში სცადა ბედი. მას სწრაფი სცენარი ჰქონდა წარმოდგენილი: კიევის აღება, ზელენსკის მოკვლა, ჰოსტომელის აეროპორტის დაკავება. აბსოლუტური ფიასკო განიცადა და „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მისთვის ჭაობად გადაიქცა.

მე სამი წელი ვიცხოვრე რუსების ოკუპირებულ ლუგანსკში, ეუთოს მისიაში ვმუშაობდი. ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთი უკრაინაში ომს ვერ მოიგებს. ის ვერ მიაღწევს საკუთარ სამხედრო მიზნებს.

ჩინეთს განსხვავებული მიდგომა აქვს. ისინი ბევრად უფრო სიღრმისეულად ლაპარაკობენ ჩინეთის „გაერთიანებაზე“, ტაივანის დაპყრობაზე. და ვფიქრობ, ისინი ამას ეცდებიან. უბრალოდ, დრო ჯერ არ მოსულა. ისინი აკვირდებიან, რას აკეთებს ახლა შეერთებული შტატები, ამ „ჩვენი ნახევარსფეროს“ პოლიტიკას, რომელსაც ტრამპი ატარებს, და რომელიც ვიხილეთ კიდეც ვენესუელის მაგალითით. გრენლანდიაზე საუბარიც ერთგვარი გამოწვევაა ჩინეთისთვის: თქვენც სცადეთ ტაივანთან, თუ გაბედავთ.

მაგრამ პუტინმა უკვე სცადა ეს და ვერ მოახერხა. ამიტომ არ ვეთანხმები არგუმენტს, თითქოს სი ძინპინსა და პუტინს ტრამპის მაგალითი სჭირდებოდათ, რომ „ცუდები“ გამხდარიყვნენ. ისინი ისედაც ასეთები იყვნენ.

ჩვენ, უბრალოდ, თამაშის უწინდელ წესებს ვუბრუნდებით. ჩინეთი და რუსეთი ისედაც ამ წესებით თამაშობდნენ...

რადიო თავისუფლება: ცვლის თუ არა ეს დიდ ძალების შორის თამაშის წესებს?

გეორგ აიკჰოფი: არა. ამაში ახალი არაფერია. ასე ხშირად ხდებოდა მეოცე საუკუნეში. ასე ხდებოდა მეცხრამეტე საუკუნეშიც. ჩვენ, უბრალოდ, თამაშის უწინდელ წესებს ვუბრუნდებით. ჩინეთი და რუსეთი ისედაც ამ წესებით თამაშობდნენ. ჩინეთში, ბატონ სი ძინპინთან, საუკუნეებით ფიქრობენ. რუსეთის ახალი "ცარიც" საუკუნეებით ფიქრობს.

ტრამპი ცოტა განსხვავებულია. ის ათწლეულებით არ ფიქრობს. მაგრამ აგერ, საკუთარი კაბინეტი ოქროთი მოავარაყებინა. ეს მისთვის იმპერიული ატრიბუტიკის ნიშანია. იმპერიული განწყობა-დამოკიდებულებები ისევ ნორმად იქცა და პატარა ქვეყნებს ამ რეალობასთან ადაპტირება მოუწევთ.

რადიო თავისუფლება: ევროპასაც? ევროპასაც მოუწევს ამ წესებით ითამაშოს?

გეორგ აიკჰოფი: დიახ, საკვანძო კითხვა სწორედ ესაა: რას გააკეთებს ევროკავშირი? შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია, რომ ევროპა დასრულდა, თავისი მოჭამა. მე არ მგონია, რომ ევროპა მორჩა, მაგრამ მას მოუწევს სერიოზული გამოცდის ჩაბარება: თავადვე გადაჭრას თავდაცვის, პროდუქტიულობის, დემოგრაფიის პრობლემები.

დღევანდელი ევროპა, უდავოდ, ძველი და დაღლილი საზოგადოებაა, ამ მხრივ ამერიკელები მართალს ამბობენ. მაგრამ ევროპამ გამოსაფხიზლებელი სიგნალი მიიღო - ვენესუელაში მომხდარი, ის, რაც უახლოეს კვირებში შეიძლება გრენლანდიაში მოხდეს, ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაიღვიძოს. მან უნდა განსაზღვროს, მნიშვნელოვანია თუ არა მისთვის საკუთარი სამეზობლო, საკუთარი გავლენის სფერო, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მნიშვნელოვანია.

ევროპამ უნდა გაიღვიძოს - უნდა განსაზღვროს, მნიშვნელოვანია თუ არა მისთვის საკუთარი სამეზობლო, საკუთარი გავლენის სფერო, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა...

ევროპა ჩინეთსა და აშშ-ს შორის ამ კონფლიქტში მხოლოდ მაშინ გადარჩება, თუ გამოიყენებს საკუთარ რბილ ძალას, თუ თავადვე ააშენებს საკუთარ კეთილდღეობას და გაიაზრებს, რა არის ამ კეთილდღეობის საფუძვლები. ეს ნიშნავს, რომ ევროპა უნდა იყოს საქართველოს, უკრაინის და სხვა საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების მოკავშირე, მათ შორის, მოლდოვის.

რადიო თავისუფლება: სწორედ ამაზე მინდოდა ჩაგძიებოდით - რა ელით უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, სომხეთს, რუსეთის მეზობლებს, იმ სივრცეში, რომელსაც ის საკუთარ „ექსკლუზიურ გავლენის ზონად“ მიიჩნევს?

გეორგ აიკჰოფი: ეს იქნება ქვეყნების გადაჯგუფების პერიოდი. ზოგიერთ ქვეყანას არჩევანი შეზღუდული აქვს, რადგან ალტერნატივა და მეზობელი არ ჰყავს. მაგრამ ყველაფერი მხოლოდ ტერიტორია არ არის. ამიტომ ევროპამ დანარჩენ მსოფლიოს უნდა შესთავაზოს ალტერნატივა, სხვა მომავალი: კულტურა. თავისუფლება. თანამედროვეობა. კეთილდღეობა.

რადიო თავისუფლება: და თუ ევროპამ ეს ვერ შეძლო?

გეორგ აიკჰოფი: თუ ევროპამ ეს ვერ შეძლო, თუ საკუთარ საქმეს თავი ვერ გაართვა, ეს ძველი წესრიგის დაბრუნებას ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ერთი ქვეყანა მეორის კოლონია იყო. ჩვენ პრაქტიკულად არცერთი საუკუნე არ გვქონია კოლონიალიზმის - როგორც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დომინანტური მოდელის - გარეშე. ამას დავუბრუნდებით.

მე მგონია, რომ ათწლეულების განმავლობაში ზედმეტად ოპტიმისტურად ვუყურებდით დემოკრატიასა და თავისუფლებას. ახლა კი ფასს ვიხდით, რადგან ვერ გავიგეთ, რა არის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფუძვლები. და ეს საფუძვლები, სხვა პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არის უსაფრთხოება - თავდაცვის ფასი, გადასახადების გადახდა თავდაცვისთვის და სამხედრო სამსახურის ტვირთის საკუთარ თავზე აღება.

როგორც ისტორიკოსმა კარგად ვიცი, რომ ნორმალური მდგომარეობა ომია და არა მშვიდობა. ნორმა კოლონიალიზმია და არა თავისუფლება. კეთილდღეობა, თავისუფლება, ეროვნული თვითგამორკვევა დიდ შრომას მოითხოვს. ამას ჯერ მოპოვება და შემდეგ დაცვა-შენარჩუნება სჭირდება. თუ ამ შრომას არ გასწევ, წაგართმევენ. ეს არავის ეძლევა საჩუქრად.