გზის მშენებლების გაფიცვა

მეხუთე დღეა, ოსიაურ-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობა შეჩერებულია, ამის მიზეზი კი მუშების გაფიცვაა. ისინი ხელფასის მომატებას, დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მაგისტრალის მშენებლობაზე 70-მდე მუშაა დასაქმებული. მალხაზ ღონღაძე ერთ-ერთი მათგანია. ის ამბობს, რომ ხელფასი მიზერულია და დღეში 16-18 ლარს შეადგენს, რაც საკმარისი არ არის, როცა სამუშაო მძიმეა.

Your browser doesn’t support HTML5

გზის მშენებლების გაფიცვა


მუშები დღეში 30 ლარამდე ითხოვენ ხელფასების გაზრდას. მათი თქმით, კომპანიას მძღოლების ჩანაცვლების სურვილიც ჰქონდა, მაგრამ ამით გაფიცვა არ შეწყვეტილა. გაფიცული მუშები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საქმეს ხელს არ მოჰკიდებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, დამსაქმებლები მუშებს ხშირად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ.

პროფესიული კავშირები და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები გზის მშენებლების პრობლემებით უკვე დაინტერესდნენ და ჩუმათელეთში ჩავიდნენ. პროფკავშირების წარმომადგენელი ლავრენტი ალანია დამქირავებელს მოუწოდებს საქართველოს შრომის კანონი დაიცვას და მუშებს სათანადო პირობები შეუქმნას.

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ოსიაურ-ჩუმათელეთის მონაკვეთზე, გზის მშენებლობას ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი წურწუმია ამბობს, რომ მუშებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და მათთან შეთანხმებას მალე მიაღწევენ.

უკვე ცნობილია, რომ „სინოჰიდრო“ დასაქმებულებს მალე ახალ სამუშაო კონტრაქტებს გაუფორმებს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი დამსაქმებლისა და დასაქმებულების უფლება-მოვალეობები.