გიორგი კვიცარიძის დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი შვილი „პოლიტიკური პატიმარია“ და ის „სისტემას დაეჯახა“.
ბრალს არ ეთანხმება არც მსჯავრდებული. როგორც მისი ადვოკატი გვეუბნება, 32 წლის IT-სპეციალისტი ირწმუნება, რომ მას ნარკოტიკული საშუალებები „ჩაუდეს“.
რატომ დააკავეს და რას ედავებოდა პროკურატურა გიორგი კვიცარიძეს?
გიორგი კვიცარიძე 2025 წლის 31 დეკემბერს, იმერეთში, ავტობანზე, ტაქსიში დააკავეს.
პროკურატურა მას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებოდა - ნარკოტიკების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის მხარდაჭერას.
ოთარ რუხაძემ, გიორგი კვიცარიძის ადვოკატმა, მსჯავრდებული ციხეში წინა კვირაში მოინახულა. ამბობს, რომ ისევე, როგორც სასამართლო სხდომების მსვლელობისას, ახლაც, 17-წლიანი პატიმრობის მისჯის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი ირწმუნება, რომ მას „სისტემა სჯის“ და ბრალს არ აღიარებს.
„კატეგორიულად უარყოფს რეალიზაციის ნაწილს. რაც შეეხება შეძენა-შენახვას, ის ამბობს, რომ მან მოიხმარა ნარკოტიკი, ჰქონდა მცირე ოდენობა, მაგრამ მისივე გადმოცემით, დანარჩენი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მას პოლიციამ დაკავებისას ჩაუდო.
ეს ადამიანი ამბობს, რომ სწორედ იმის გამო მოუწყვეს მას ეს ყველაფერი, რომ მან მოიპოვა კადრები, რომელშიც პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებია აღბეჭდილი“, - ეუბნება მსჯავრდებულის ადვოკატი რადიო თავისუფლებას.
გიორგი კვიცარიძის ადვოკატი ახლა სასამართლოსგან განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ელოდება და ამის შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას:
„როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლებრივად, ნარკოტიკების რეალიზაციის მხარდაჭერის ნაწილში, ძალიან სუსტია. ადამიანს რომ ედავები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მეტი მტკიცებულებებია საჭირო, მაგრამ ეს პირადად ჩემი აზრია. ახლა უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც ზუსტად იქნება მითითებული, რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება გამოძიების მტკიცებულებებს, ის ამბობს, რომ სასამართლოში მოწმეებად გამოიკითხნენ ის პოლიციელები, რომლებმაც გიორგი კვიცარიძე დააკავეს და გაჩხრიკეს. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, სადაც მითითებულია, რომ ნარკოტიკების შეფუთვაზე, რომლებიც ბრალდებულს უპოვეს, მისი დნმ-კვალი აღმოჩნდა:
„მოწმე-პოლიციელები გამოკითხვისას აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად დაკავებულს ეკუთვნოდა. ასევე საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ბოლოს ჩატარდა - იქ აღმოჩენილი დნმ დაემთხვა გიორგი კვიცარიძის ნერწყვის ნიმუშს, მაგრამ გიორგი ამას არ ეთანხმება, ამბობს, რომ ეს მტკიცებულებაც ფალსიფიცირებულია. ის ამბობს, რომ მხოლოდ ერთ პაკეტზე უნდა ყოფილიყო მისი კვალი, იმ პაკეტზე, რომელიც პირადი მოხმარებისთვის ჰქონდა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი კვიცარიძის ადვოკატი.
არც 2025 წლის 31 დეკემბერსა და არც მომდევნო დღეებში, არც პროკურატურასა და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჯაროდ არ განუცხადებია გიორგი კვიცარიძის დაკავების შესახებ. როგორც წესი, სამართალდამცავი უწყება, ფაქტობრივად, ყოველდღე ავრცელებს ცნობებს ნარტკოდანაშაულისთვის დაკავებულების შესახებ.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპისა და რა რაოდენობის ნარკოტიკები უპოვეს 32 წლის IT-სპეციალისტს, 2026 წლის ივლისში, მას შემდეგ გაავრცელა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“, რაც ცოტა ხნით ადრე, გასაჯაროვდა ინფორმაცია გიორგი კვიცარიძის მოპოვებული ვიდეო-კადრების შესახებ. ამ კადრებზე ასახული იყო როგორ ძალადობენ სამართალდამცავები დაკავებულებზე პოლიციის განყოფილებაში.
ტელეკომპანია „იმედმა“ დაწერა: „მას ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული - 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ამოუღეს“.
რა კადრები მოიპოვა IT-სპეციალისტმა?
გიორგი კვიცარიძის სახელი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი ვიდეო-კადრების გასაჯაროების შემდეგ.
ეს კადრები ტელეკომპანია TV პირველს დაკავებულის დედამ, ეთერ ხატისკაცმა, 2026 წლის ივნისში გადასცა. სავარაუდოდ, გიორგი კვიცარიძემ პოლიციელების შიდა მიმოწერაში/ჩატში შეაღწია და იქიდან 33 ვიდეოფაილი მოიპოვა.
მათგან ხუთი ფაილი დედამ ტელევიზიას გადასცა.
თავად კადრები სავარაუდოდ 2022 წლის ზაფხულში, ქობულეთშია გადაღებული. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ სცემენ და ამცირებენ პოლიციის თანამშრომლები დაკავებულებს.
გიორგი კვიცარიძის დედა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სხვა, გამოუქვეყნებელ ფაილებში, რომლებიც „გიორგის პერსონალურ კომპიუტერში ინახება“, ასახულია უფრო მძიმე ეპიზოდებიც, მათ შორის, სიგარეტით სხეულის დაწვა, გაშიშვლება და სექსუალური ხასიათის მუქარა.
ეს ინფორმაცია მხოლოდ დედის განცხადებებს ეყრდნობა და 33 ვიდეო საჯაროდ არ გავრცელებულა.
რა თქვა შსს-მ და პროკურატურამ?
მედიაში ინფორმაციის გავრცელებისთანავე, შსს-მ განცხადება გამოაქვეყნა. უწყებას ვიდეოების ავთენტურობა არ უარუყვია და თქვა, რომ საქმე ეხებოდა 2022 წლის ზაფხულში, აჭარაში მივლინებით მყოფ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს.
სამართალდამცავების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მომხდარიდან ოთხი წლის თავზე, 2026 წლის თებერვალში დაიწყო, მათ ბრალი წარედგინათ და 23 თებერვალს სამივე ბრალდებული დააკავეს.
„ჩემი შვილი პოლიტიკური პატიმარია“
ეთერ ხატისკაცი, გიორგი კვიცარიძის დედა, შვილის დაკავებას ამ ვიდეოების მოპოვებას უკავშირებს. მისი მტკიცებით, გიორგი კვიცარიძეს ნარკოტიკები არ ეკუთვნოდა და ის დაკავებისას „ჩაუდეს“.
ქალი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისმა შვილმა წარდგენილ ბრალსაც მხოლოდ იმიტომ მოაწერა ხელი, რომ მას დაემუქრნენ: „უთხრეს, რაც შენს მოპოვებულ კადრებში ჩანს, იმაზე უარესს გავუკეთებთ დედაშენსო“.
„ჩემი შვილი უკანონოდაა დაჭერილი სწორედ ამ კადრების გამო...“, - ამბობს ეთერ ხატისკაცი. მისი თქმით, საქმეში დევს შვილის დაკავების კადრებიც, რომლებშიც ის პოლიციელებს ეუბნება, რომ ნივთი, რომელსაც ჯიბიდან უღებენ, მისი არ არის.
დედის ვერსიით, სამართალდამცავებმა, გიორგი კვიცარიძის დაკავებამდე იცოდნენ, რომ მას პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა ჰქონდა მოპოვებული.
ეთერ ხატისკაცი ამბობს, რომ კაცი, რომლის ავტომობილშიც მისი შვილი დააკავეს, პოლიციის ინფორმატორი იყო:
„ეს ადამიანი ჩემს შვილს დაუახლოვდა, რამდენჯერმე ჩვენთან სახლშიც იყო ამოსული, არ მომწონდა და ჩემს შვილს ვკითხე კიდეც, ვინ არის-მეთქი. მას ანახა ჩემმა შვილმა კადრები“.
გიორგი კვიცარიძის დედა ირწმუნება, რომ მის შვილს პოლიციის განყოფილებებში გადაღებული არა მხოლოდ უკვე გასაჯაროებული ვიდეოები, არამედ კიდევ 33 ჩანაწერი ჰქონდა:
„მე ერთადერთი შვილი მყავს, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ცხადია, ეს ინფორმაცია არ დამიმალა. ხუთი კადრი მეც გადმომიგზავნა და მითხრა, იყოს ეს კადრები შენს ტელეფონშიო.
ჩემი შვილი ვერ იტანს რუსეთს და ამ ხელისუფლებას. მისი სოციალური ქსელი აჭრელებული იყო ამ ტიპის ინფორმაციით. ის ამის გამო ისჯება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეთერ ხატისკაცი.
ქალი ირწმუნება, რომ დაკავების შემდეგ, გიორგი კვიცარიძეს გამომძიებლები ვიდეოჩანაწერების დაბრუნებას სთხოვდნენ და სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ: „უთხრეს, მოგვეცი კადრები, საპროცესოზე წამოვალთ და რვა წელს მოგცემთო. ჩემმა შვილმა უთხრა, რომ არანაირი ჩანაწერი არ ჰქონდა“.
ეთერ ხატისკაცის ინფორმაციითვე, 32 წლის IT-სპეციალისტი დაკავებამდე ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში მუშაობდა. როგორ მოახერხა მან წვდომა პოლიციელების შიდა მიმოწერაზე, უცნობია.
2026 წლის 15 ივლისს გიორგი კვიცარიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო. ინფორმაცია სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც დაადასტურა. უწყების ცნობით, კვიცარიძემ შიმშილობის მიზეზად მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე მიუთითა, რის შემდეგაც ის მოშიმშილე პატიმრებისთვის განკუთვნილ საკანში, სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს.
რა კითხვებზე უნდა გაეცა პასუხი გამოძიებას? - იურისტის შეფასება
მიუხედავად იმისა, რომ გურო იმნაძე, იურისტი, გიორგი კვიცარიძის სისხლის სამართლის საქმის მასალებს არ იცნობს და, შესაბამისად, ვერ აფასებს, რამდენად მყარი და დასაბუთებულია ნარკოდანაშაულის ბრალდება, იურისტი ამბობს, რომ საქმის გარემოებები არაერთ კითხვას აჩენს.
გურო იმნაძის შეფასებით, გამოძიება მხოლოდ კადრებში უშუალოდ მონაწილე პოლიციელების დაკავებით შემოიფარგლა.
„როდესაც მსგავსი მასშტაბის ძალადობა ხდება პოლიციის განყოფილებაში, შეუძლებელია ეს ძალადობა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმ პოლიციელებით, რომლებიც კადრებში ჩანან. მინიმუმ, ამ ოთახის გარეთ იყვნენ სხვა პოლიციელებიც, რომლებსაც დიდი ალბათობით უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ. ჩვენ არ გვინახავს მათ მიმართ სამართლებრივი კითხვები“, - ამბობს იურისტი და აღნიშნავს, რომ მაღალი რანგის პოლიციელებისთვის ასეთ შემთხვევებზე რეაგირება არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პროფესიული მოვალეობაცაა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, არსებობს თუ არა კავშირი კვიცარიძის დაკავებასა და ძალადობის ამსახველი კადრების მოპოვებას შორის.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, ძალიან აქტიური განხილვის საგანია ხოლმე ნარკოტიკების ჩადება და ამ გზით ადამიანების დასჯა.
ამ კითხვებს პასუხი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გასცენ. მე არ მაქვს საქმის მასალებზე წვდომა და არ ვიცი, ნარკოტიკულ დანაშაულზე რამდენად დასაბუთებული და მყარია პროკურატურის პოზიცია“.
გენერალური პროკურატურა გიორგი კვიცარიძის საქმის შესახებ, სადაც უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან თხელიძემ, დამატებით განმარტებას არ აკეთებს.
რაც შეეხება კითხვებს, პოლიციის განყოფილებაში ძალადობის საქმეზე 7 თვის წინ დაკავებული სამი სამართალდამცავის გარდა, გამოიკვეთა თუ არა სხვათა შესაძლო პასუხისმგებლობა და რა ეტაპზეა ამ სამი პოლიციელის საქმე, მათ შორის, დადგა თუ არა მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი და დაეკისრათ თუ არა რაიმე სასჯელი, რადიო თავისუფლება ამ ინფორმაციის გარკვევას ცდილობს.