31 წლის კონტრაქტით დაქირავებულმა რუსმა ჯარისკაცმა, სერგეი იაგუშევმა, რომელიც ივნისში ტყვეობიდან გათავისუფლდა, 2025 წლის 25 ნოემბერს ლენინგრადის ოლქის სოფელ კამენკაში შვიდი თანამებრძოლი მოკლა. იაგუშევმა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ, თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი პატიმრობისგან თავის დაღწევის მიზნით გააფორმა.
სერგეი იაგუშევი, კაონტრაქტის გაფორმებამდე
იაგუშევი ვოლგოგრადის ოლქის დანილოვსკის რაიონში უბნის რწმუნებულად (პოლიციელად) მუშაობდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებამდე გაასამართლეს სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებისთვის. სასჯელის მოხდის (გამოსასწორებელი სამუშაოები) დროს მოიპარა ტრაქტორი, რის გამოც საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ აქ, რათა თავი აერიდებინა ხანგრძლივი პატიმრობისათვის, სერგეი იაგუშევმა გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლა. კონტრაქტი პირდაპირ წინასწარი დაკავების იზოლატორში გაფორმდა, თუმცა იაგუშევს არ გაუმართლა - რამდენიმე თვეში ტყვედ ჩავარდა. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ აპირებდა მშობლიურ სოფელ ატამანოვკაში (ვოლგოგრადიდან ჩრდილოეთით 170 კმ-ში) დაბრუნებას, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ გათავისუფლებაზე უარი უთხრა და ახალი კონტრაქტის გაფორმება აიძულა.
იაგუშევი მსახურობდა ლენინგრადის სამხედრო ოლქში დისლოცირებულ რუსეთის თავდაცვის მე-6 არმიის 69-ე დივიზიის 83-ე მოტომსროლელ პოლკში, სადაც ავტომატიდან გახსნილი ჯერით 7 თანამებრძოლი გამოასალმა სიცოცხლეს.
ასევე ნახეთ ცუგრი - ცხინვალის თილისმა, რომელიც „ვაგნერელმა“ მოკლა„მოასწრო თავის გამოჩენა“
როგორც რადიო თავისუფლების პროექტი severreal-ი წერს, იაგუშევი კარგად ახსოვთ მშობლიურ მხარეში.
„წინასწარი პატიმრობიდან გაიწვიეს. ომში წავიდა, რათა პატიმრობა აერიდებინა თავიდან", - ამბობს ელენა, ვოლგოგრადის ოლქის დანილოვსკის რაიონის მკვიდრი, - "ტრაქტორი მოიპარა 2022 წელს, რა თქმა უნდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა. ინტერნეტში ვიდეოც კი გავრცელდა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ციხის ნაცვლად ფრონტზე წასვლა გადაწყვიტა”.
დანილოვსკის რაიონის მაცხოვრებლების თქმით, იაგუშევს მართლაც ემუქრებოდა პატიმრობა.
„იმიტომ, რომ მოასწრო თავის გამოჩენა. არ ვსაუბრობ მანქანების ქურდობაზე; ეს ჩვენში, ფერმერებში ხშირად ხდება. ერთმა შეიძლება ტრაქტორი მოეპაროს, მეორემ - სატვირთო მანქანა და ხალხს დაეჯახოს. არა, ვსაუბრობ იმაზე, თუ რას აკეთებდა უბნის რწმუნებულად მუშაობის დროს: სისხლის სამართლის საქმეებს კერავდა და ამით ფულს აკეთებდა", - ამბობს სერგეი დანილოვკიდან. მისივე თქმით, "COVID-19-ის დროს, პოლიციელი ქუჩებში უსაფრდებოდა ხალხს და ფულს სძალავდა მათ მიუხედავად იმისა, ეკეთათ თუ არა სამედიცინო ნიღაბი და არღვევდნენ თუ არა დაწესებულ რეჟიმს“.
სერგეი იაგუშევი, ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ
როგორც რადიო თავისუფლების პროგრამას, Sever.Realii-ს უთხრეს ადგილობრივებმა, იაგუშევი არ იყო ერთადერთი პოლიციელი, ვინც ამ გზით შოულობდა ფულს დანილოვსკის რაიონში, მაგრამ ის ყველასგან გამოირჩეოდა.
2021 წლის აპრილში ადგილობრივმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იაგუშევი დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გაყალბებაში. ყოფილ პოლიციელს მიუსაჯეს 1,5 წლით გამოსასწორებელი სამუშაო და სახელმწიფოს სასარგებლოდ ხელფასიდან 15%-ის დაქვითვა.
„სასჯელის მოხდისას სმა დაიწყო. სწორედ მთვრალმა გაიტაცა ტრაქტორი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ტიპი იყო, ხალხს არ სცემდა. როდესაც უბნის რწმუნებულად მუშაობდა, შეეძლო ვიღაცას დამუქრებოდა, ფული გამოეძალა, მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე სხვა პოლიციელებივით ადამიანები ეცემა“, - ამბობს სერგეი. - „ამიტომაც დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ მან შვიდი ადამიანი დახვრიტა. როგორც ჩანას, ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს. კი, ნაძირალა იყო, მაგრამ აგრესიული არ ყოფილა. „მომეცი ფული და თავს დაგანებებ“, - ასეთი იყო, ახლა კი მისგან ფსიქოპატი შექმნეს, თან ავტომატიც მისცეს ხელში”.
ელენა ამბობს, რომ იაგუშევი ტყვეობის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას გეგმავდა.
„მისი კონტრაქტი ამოიწურა. განახლებას არ აპირებდა, მაგრამ, როგორც ნათესავები ამბობენ, მას არავინ ჰკითხა. როგორც ყველა სხვა კონტრაქტით დაქირავებულს, ყველა მობილიზებულს, მასაც ახალი კონტრაქტის ხელმოწერა აიძულეს. ჰოდა, მასაც დაუცურდა, დათვრა, ავტომატი აიღო, თავისიანები ჩაცხრილა და ბელგოროდის სამხედრო ნაწილიდან გაიქცა”, - ამბობს ელენა.
ასევე ნახეთ რუსეთის არმიის ჯარისკაცები თანამებრძოლებს სასიკვდილოდ იმეტებენ. რატომ?„უკეთესი იქნებოდა, ტყვეობაში დარჩენილიყო“
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები ბოლოს 2025 წლის ზაფხულში გაცვალეს. ცნობილია, რომ ტყვეობიდან დაბრუნებული რუსი ჯარისკაცები ჯერ ბელარუსში გადაჰყავთ, შემდეგ კი მათ უკან, ფრონტის ხაზის სიახლოვეს აბრუნებენ, მიუხედავად კონტრაქტის ტიპისა და სამსახურის ხანგრძლივობისა.
24 წლის პატიმრის, დანიილ სოტნიკოვის ოჯახი ამბობს, რომ ის უკრაინის ფრონტზე პირდაპირ ციხიდან მოხვდა, 2024 წლის ოქტომბერში.
„დაჰპირდნენ, რომ ექვსი თვე ზურგში იჯდებოდა და შემდეგ სახლში დაბრუნდებოდა. ამ იდიოტმა დაიჯერა მათი, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ექვსთვიანი კონტრაქტით არავის ქირაობდნენ. ისედაც თავისუფლდებოდა 2025 წლის ზაფხულში", - ამბობს ჯარისკაცის ნათესავი, ოქსანა, - "ახლა კი სასჯელაღსრულების ფედერალურ სამსახურს არ გაუჭირდება ვადის გაგრძელება“.
ასევე ნახეთ უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსეთმა 150 ათასი ომის დანაშაული ჩაიდინა. აქ ხუთი ყველაზე უარესია აღწერილი16 ნოემბერს სოტნიკოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების ტყვეობაში აღმოჩნდა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა.
„მას ჰქონდა განცდა, რომ ტყვედ ჩავარდნილს გაცვლის შემდეგ ფრონტზე არ დააბრუნებდნენ, ნდობის დაკარგვის საბაბით. ვუთხარი, რომ სისულელე იყო ამის ფიქრი. იქნებ ტყვეობაში დარჩენა უკეთესი ყოფილიყო. ვიცოდი, რომ მეორედ დააბრუნებდნენ ფრონტზე და ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ არ მომისმინა, გახარებული იყო, რომ მაისში უკვე გასაცვლელთა სიაში იყო", - ამბობს ოქსანა, - "საბოლოოდ, გაცვლის შემდეგ, ჰოსპიტლიდან მხოლოდ ერთხელ დარეკა. სამხედრო სამედიცინო კომისიამ ყალბი დასკვნა გასცა - თითქოს სრულიად ჯანმრთელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად დასახიჩრებული იყო. მამამ, რომელიც გენერალია, თავისი ყველა კავშირი გამოიყენა, მაგრამ არაფერმა უშველა. კომისიამ დაწერა: ვარგისია სამსახურისთვის. და ბელგოროდის ოლქში გაგზავნეს, შემდეგ კი უკრაინაში, ფრონტზე. ორი დღეში დაიკარგა უგზო-უკვლოდ. იმედი ყოველთვის არის, მაგრამ თავს ვერ მოვიტყუებთ - სავარაუდოდ, ეს დასასრულია“.
ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის კონვენციის 117-ე მუხლი კრძალავს სამხედრო ტყვეების სამსახურში დატოვებას ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება არ ასრულებს ამ მოთხოვნას.
სისხლიანი სტატისტიკა
რუსეთში ომის ვეტერანებმა ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ ათასზე მეტი ადამიანი მოკლეს ან დაასახიჩრეს, - ასეთი სტატისტიკა გამოაქვეყნეს Verstka-მ და Die Welt-მა ერთობლივი გამოძიების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, ათიდან ცხრა შემთხვევაში სასამართლო ომში მონაწილეობას შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს და, შესაბამისად, სასჯელსაც ამსუბუქებს.
საუბარია რუს სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდნენ შვებულების, დაჭრის, კონტრაქტის ვადის გასვლის ან სამსახურიდან გათავისუფლების გამო.
„ნოვაია გაზეტას“ შეფასებით, 900-ზე მეტი ომის ვეტერანი გაასამართლეს ძალადობრივი დანაშაულებისთვის - მკვლელობისთვის და ცემისთვის. 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთში ფრონტიდან დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეების ქმედებების შედეგად დაიღუპა 551 ადამიანი, მათ შორის 274 მოკლულია, 163 კი გარდაიცვალა ცემის ან საგზაო შემთხვევების დროს მიღებული დაზიანებების შედეგად. 142 ადამიანი, ვინც მსგავსი დანაშაული ჩაიდინა, პირდაპირ კოლონიებიდან წავიდა ფრონტზე.
ასევე ნახეთ „ვაგნერის“ ინდულგენცია მკვლელების და რეციდივისტებისათვისგარდა ამისა, ომის ვეტერანებს ბრალი წაუყენეს ქურდობაში, ავტომობილების გატაცებასა და საკუთრების სხვა სახის ხელყოფაში (ჯამში 3 000 ადამიანი), ნარკოტიკებით ვაჭრობაში (1 500) და თაღლითობაში (თითქმის 400 ადამიანი).
ჟურნალისტური გამოძიების მსვლელობისას შეისწავლეს 700 განაჩენი: შემთხვევათა 90%-ში საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა შემამსუბუქებელ გარემოებად გამოცხადდა. როგორც წესი, მკვლელობები ხდება ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული ყოფითი კონფლიქტების შედეგად. ყველაზე ხშირად, სამხედროების ხელით მათივე ნათესავები და მეგობრები სახიჩრდებიან.
რუსეთის როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სასამართლოებმა ჯამში გაასამართლეს 8 000-მდე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მოქმედი და ყოფილი მონაწილე, - იტყობინება „ნოვაია გაზეტა ევროპა“ სასამართლო სტატისტიკაზე დაყრდნობით.
სასჯელების უმეტესობა, დაახლოებით 7 000, გამოიტანეს საერთო იურისდიქციის სასამართლოებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე ეხებოდა ვეტერანებს, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ ფრონტიდან. კიდევ 1000 საქმე განიხილეს სამხედრო სასამართლოებმა, რომლებიც მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ასამართლებენ.
ასევე ნახეთ პუტინის (შეწყალებული) კანიბალები რუსეთის არმიაშიმკვლელი ციხის ნაცვლად ფრონტზე
2024 წლის ნოემბერში, სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ სეროვში მცხოვრებმა 49 წლის ადვოკატმა, ალექსანდრ გუკმა, მოკლა თავისი 42 წლის ნაცნობი, ოლგა სოროკა და მისი ექვსი წლის ვაჟი, ალიოშა. ქალმა ნიჟნი ტაგილში დატოვა ქმარი, დმიტრი, რომელთანაც კამათი მოუვიდა. ერთთვიანი გაუჩინარების შემდეგ ქმარმა პოლიციაში შეიტანა განცხადება და განგაში ატეხა. 2025 წლის 7 აპრილს, ოლგას თავი სეროვში იპოვეს, ოღონდ არა პოლიციელებმა, არამედ ადგილობრივი მებაღეობის წევრებმა. პოლიციამ ეჭვი ალექსანდრ გუკზე მიიტანა.
„საქმის მასალების თანახმად, ოლგა და მისი ვაჟი გუკის ბინაში ცხოვრობდნენ; ქალი და კაცი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. მკვლელობის დღეს კაცმა ხელი უბიძგა ბავშვს, რომელიც, მისი თქმით, დაეცა და ძალიან ძლიერად, თითქმის სასიკვდილოდ დაშავდა. დედამ კივილი დაიწყო. ალექსანდრ გუკმა მისი გაჩუმება გადაწყვიტა", - ამბობს ადგილობრივი ჟურნალისტი სვეტლანა, რომელიც დეტალურად იცნობს საქმის მასალებს, - "მკვლელობის შემდეგ, გუკმა ოლგა დაანაწევრა, მისი ნეშტი ბიჭის ცხედართან ერთად პარკებში მოათავსა და ნაგვის ურნაში ჩააგდო. ექვსი თვის შემდეგ, იაგოდკას მებაღეობის თემის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გარდაცვლილის თავი კომპოსტის ორმოში იპოვეს. გუკმა დანაშაული აღიარა“.
მოკლული ოლგა სოროკა და მისი შვილი ალიოშა
ბრალდებულის ჩვენების თანახმად, დანარჩენი პარკები მან ნაგავსაყრელზე გადაყარა, თუმცა გამოძიებამ ქალისა და ბავშვის ნეშტს ვეღარ მიაკვლია.
როგორც რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ერთობლივი პროექტი, The CurrentTime წერს, ამ საქმეში განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ ბრალდების წაყენებისა და გამოძიების დაწყების შემდეგ საქმე უბრალოდ დაიხურა.
„მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა! მახსოვს, აპრილში ძლივს გავუძელით, როდესაც მისმა ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის შემსუბუქების შუამდგომლობა შეიტანა. მაშინ დატოვეს წინასწარ პატიმრობაში, რომელიც სექტემბერში კვლავ გაგრძელდა ერთი თვით. შემდეგ კი მოულოდნელად ყველაფერი შეწყდა", - იხსენებს მოკლული ქალის ნათესავი ალექსეი, - "შემდეგ კი ის უბრალოდ არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი პატიმრობის გაგრძელება უნდა მომხდარიყო. ჟურნალისტებმა მომწერეს და მკითხეს, ვიცოდი თუ არა, რომ განსასჯელის შუამდგომლობა ომში წასვლის თაობაზე დაკმაყოფილდა და, რომ მას კონტრაქტზე ხელმოწერის უფლება მიეცა. მოკლედ, გაათავისუფლეს. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი. გამომძიებელს დავურეკე, მან კი მიპასუხა, დიახ, ფრონტზე წავიდა, ამჟამად წვრთნას გადისო. შოკირებული ვიყავი“.
ასევე ნახეთ ცოლის მკვლელი ვლადიკავკაზელი პოლიციელი „ვაგნერის“ წევრობამ ციხეს გადაარჩინაალექსეის თქმით, არც გამოძიება მიუყვანიათ ბოლომდე და არც სასამართლო:
„კიდევ გავუგებდით თავიდან 30 წელი რომ მიესაჯათ და შემდეგ დაეკლოთ 5 წელი, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. ამგვარი დამოკიდებულება უბრალოდ აღმაშფოთებელია: მოკლა, დაანაწევრა ქალი, არ დაინდო უმანკო ბავშვი და ვითომ არც არაფერი, თავისუფალია. როცა დაბრუნდება, გმირადაც კი აქცევენ. ასეთი უკვე გვინახავს“.