დიდი სამეული - კანის ფესტივალის დახურვამდე ერთი დღით ადრე

რუმინელ-ამერიკელი მსახიობი სებასტიან სტენი, რუმინელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი კრისტიან მუნჯუ და ნორვეგიელი მსახიობი რენატე რეინსვე პოზირებენ ფილმის „ფიორდის“ ფოტოსესიის დროს კანის კინოფესტივალის 79-ე დაჯილდოებაზე

ჩემს ფავორიტებში პაველ პავლიკოვსკის “სამშობლოს”, რომელსაც ჟურნალ “სკრინის” გამოკითხვაში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, კიდევ ორი ფილმი დაემატა აღმოსავლეთი ევროპიდან, უფრო ზუსტად, ყოფილი კომუნისტური ბლოკიდან - რუმინელი კრისტიან მუნჯუს “ფიორდი” და რუსი ანდრეი ზვიაგინცევის “მინოტავრი”.

როგორც ველოდი, “ფიორდი”, მუნჯუს აბსოლუტური შედევრი და, ვფიქრობ, 2026 წლის საუკეთესო ფილმი (ჯერჯერობით), აქ მაინცდამაინც კარგად ვერ გაიგეს. დასავლეთ ევროპელებისგან არ მიკვირს - ისტორია უაღესად რელიგიურ რუმინულ ოჯახზე, რომელიც ნორვეგიაში გადასახლდება, მაგრამ ვერ შეეწყობა ბავშვთა აღზრდისა და განათლების იდეალურად ჰუმანურ სისტემას, რატომღაც ბევრმა აღიქვა, როგორც ლიბერალიზმის კრიტიკა და მორიგი შეტევა “ვოუქიზმზე”… მაგრამ მიკვირს თავად აღმოსავლეთ ევროპელებისგან, განსაკუთრებით რუსი კრიტიკოსებისგან, რომლებიც ირწმუნებიან, რომ მუნჯუს ფილმი მხოლოდ გაახარებს ანტიევროპულად განწყობილ პოსტკომუნისტური ეპოქის კონსერვატორებსა და პუტინისტებს.

ეჭვიანი კაცი იფიქრებს, რომ კანის ფესტივალზე აკრედიტებული რუსები, რომელთა უმრავლესობა დღეს აღარ ცხოვრობს პუტინის რუსეთში, ყველანაირად ცდილობენ პალმაზე „გაიყვანონ“ ფესტივალის საკონკურსო პროგრამის კიდევ ერთი კარგი ფილმი, ანდრეი ზვიაგინცევის „მინოტავრი“. იმასაც ამბობენ უკვე, რომ ზვიაგინცევის ფილმი, რომელიც რუსეთიდან დევნილმა რეჟისორმა ლატვიაში გადაიღო, მოხსნის კალატოზიშვილის „მიფრინავენ წეროების“ რეკორდს. გაგახსენებთ, რომ „წეროები“ ერთადერთი ფილმია რუსული კინოს ისტორიაში, რომელიც კანის ფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა.

ასევე ნახეთ

უსიყვარულო „წმინდა ოჯახი“

კანში ანდრეი ზვიაგინცევი რამდენჯერმე დაჩაგრეს. ვფიქრობ, აქ სათანადოდ არ დაფასდა არც „ლევიათანი“ და არც „უსიყვარულოდ“. მაგრამ დასავლეთი დღეს ზვიაგინცევს განსხვავებულად აღიქვამს. კოვიდმა და, როგორც ამბობენ, უფრო მეტად „რუსულმა ვაქცინამ“ თანამედროვე რუსული კინოს ლიდერი კინაღამ შეიწირა. 2020 წელს იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს გერმანიაში, სადაც დიდი ხნის მანძილზე მკურნალობდა. მას შემდეგ რუსეთში აღარ დაბრუნებულა.

ევროპაში ცხოვრებამ, მე ვიტყოდი... უფრო გაათამამა. უწინ პოლიტიკაზე საუბარს ერიდებოდა. მისი კინოც, კონკრეტული „ფაქტურის“ გასაოცარი შეგრძნების მიუხედავად, იყო უფრო „მეტაფიზიკური მედიტაცია“, ვიდრე პოლიტიკური განაცხადი. მაგრამ ზვიაგინცევი გათამამდა არა მარტო როგორც მოქალაქე, არამედ როგორც ხელოვანიც. მისი ახალი ფილმი „მინოტავრი“ , ფრანგული კინოს კლასიკოსის, კლოდ შაბროლის „მოღალატე ცოლის“ რიმეიკი, უძლიერესი კინოფრესკაა ომის წინააღმდეგ, პუტინის რეჟიმის უკომპრომისო კრიტიკა. თუმცა, ჩემი აზრით, „მინოტავრი“ მაინც არაა ანდრეი ზვიაგინცევის საუკეთესო ფილმი, რასაც ობიექტური მიზეზი აქვს. ბუნებრივია, პუტინის ხელისუფლება არ დაუშვებდა ასეთი კინოს გადაღებას რუსეთის ტერიტორიაზე. ფილმის გადაღებისთვის შერჩეული ლატვია ნამდვილად არის „პოსტსაბჭოთა სივრცე“, მაგრამ... მაინც არ არის რუსეთი. არსებითად კინოსთვის ასეთი სიზუსტე უმნიშვნელოა, მაგრამ ზვიაგინცევისთვის, რომელიც „ფაქტურის გენიოსია“, რომელიც თავის წინა ფილმებში ვირტუოზულად ახერხებს ყოფის განსულიერებას („ფიზიკური რეალობის რეაბილიტაციას“), გარემო, ნატურა ერთგვარი ფეტიშია. როგორც კი იწყება რეალობის იმიტაცია (ლატვიის „გადაქცევა“ პუტინის რუსეთად), კინო ემსგავსება სატელევიზიო სურათს, კარგავს მასშტაბურობას, ეპიკურობას, რაც ძალიან მიყვარს „ლევიათანში“.

კრისტიან მუნჯუ და ანდრეი ზვიაგინცევი ერთი თაობის აღმოსავლეთევროპელი ავტორები არიან, მაგრამ სამყაროს სრულიად განსხვავებულად უყურებენ. ზვიაგინცევთან ოჯახი, საზოგადოება, მორალი ყოველთვის ნგრევის სტადიაშია წარმოდგენილი და ეკრანი ამ გარდაუვლობას თითქმის მეტაფიზიკურ წონას აძლევს. “მინოტავრი” იმდენად გამოხატავს პუტინის რუსეთს (ფილმში კონკრეტული თარიღიც კი მითითებულია, 2022 წლის შემოდგომა, როცა რამდენიმე თვე გავიდა უკრაინაში ე.წ. “სამხედრო ოპერაციის” დაწყებიდან), რამდენადაც თავისებური ადრეისტორიული ფრესკაა, მითის სამყარო, რომელიც ყველა დროს მოერგება. კრისტიან მუნჯუ კი პირიქით — ისტორიისა და ძალაუფლების შედეგებს ყოველდღიურობაში ეძებს. მის ფილმებში ტრაგედია სამზარეულოში, სკოლაში, საავადმყოფოში, ჩვეულებრივ საუბარში იბადება.

ასევე ნახეთ

იობის წიგნი და აორთქლებული ადამიანები

ზვიაგინცევი დიაგნოზს სვამს, მუნჯუ აკვირდება. ზვიაგინცევი განაჩენს წერს და ასეთი ფორმით ცდილობს მიაღწიოს კათარზისს - “მინოტავრში”, ისევე როგორც “ლევიათანში”, ოჯახური და სოციალური კრიზისი თითქმის ბიბლიურ მასშტაბს იღებს, მუნჯუ ადამიანს უსმენს. თანაც დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანს აქვს ღირსება, რომელიც სისტემამ უნდა დაიცვას. ასეთმა პოზიციამ შეუქმნა პრობლემები რუმინელ რეჟისორს კანის ფესტივალზე. ვიღაცებს მოეჩვენათ, რომ კრისტიან მუნჯუ მოძალადე მშობლების დაცვას ცდილობს. სინამდვილეში მას მხოლოდ ებრალება ფანატიკოსები, რომლებიც თავიანთ შვილებს მობილური ტელეფონების გამოყენებას უკრძალავენ და იუტუბი გარყვნილების ბუდე ჰგონიათ.

გასაგებია, რომ ის ევროპელი მაყურებელი, რომელიც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს თუნდაც კრისტიან მუნჯუს სამშობლოს, რუმინეთის გაერთიანებას ევროკავშირში, “ფიორდისგან” უფრო მძაფრ სატირას, ქსენოფობიის დაცინვას ელოდა. ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტს, ეტყობა, გამორჩა კრისტიან მუნჯუს ფილმი, თორემ რუმინელი რეჟისორის პრესკონფერეციაზე აუცილებლად მოსთხოვდა ავტორს, დაეკონკრეტებინა თავისი დამოკიდებულება განათლების ევროპული სისტემის, განსაკუთრებით კი, “ვოუქიზმის” მიმართ. კრისტიან მუნჯუს პასუხიც წარმომიდგენია - ამ დიდებულ ხელოვანს ბოროტების კარიკატურიზაცია არასდროს უკადრებია. პუბლიცისტიკა არაა მისი საქმე. “ფიორდში” მუნჯუს უფრო მეტად აინტერესებს, როგორ

იქცევა კეთილგანწყობილი, თითქმის იდეალურად ჰუმანური სისტემა (ნორვეგია მან შემთხვევით არ აირჩია) უხილავ ზეწოლად, როგორ იბნევა ადამიანი წესებსა და მორალს, კანონსა და კულტურას შორის. კანის ფესტივალის საუკეთესო საკონკურსო ფილმი სვამს კითხვას - რამდენად შეუძლია ყველაზე განვითარებულ სისტემას ადამიანის უნიკალური გამოცდილების დანახვა და, რაც მთავარია, დაცვა. 24 მაისს, გვიან ღამით, შევიტყობთ, გაექცევა თუ არა ამ კითხვას კანის კინოფესტივალის ჟიური.

ასევე ნახეთ

რას ელის კინო 2026 წელს - 20 მთავარი პრემიერა