ეს ირლანდიელი მწერლის, კოლმ ტოიბინის წიგნის, „ჯადოქრის“ იმ თავის ეკრანიზაციაა, რომელშიც რომანის გმირი, თომას მანი, ომისშემდგომ გერმანიას უბრუნდება და ორად გაყოფილ სამშობლოში მოგზაურობს ქალიშვილთან, ერიკასთან ერთად. ფილმის შესავალ ტიტრებამდე, პროლოგში ჩნდება თომას მანის ვაჟიც, კლაუს მანი, რომელიც ტელეფონით ემშვიდობება ერიკას, მერე კი თავს იკლავს… მისი აჩრდილი თითქოს თან დაჰყვება მამას და ქალიშვილს ჯერ ფრანკფურტში, სადაც თომას მანი გოეთეს ხსოვნის ღონისძიებაში მონაწილეობს, შემდეგ კი საბჭოთა არმიის მიერ ოკუპირებულ ვაიმარში, სადაც გერმანელი კომუნისტები თომას მანს დარჩენას სთავაზობენ. “შეგიძლიათ არ ჩაერიოთ პოლიტიკაში, არ გამოხატოთ თქვენი პოზიცია და წეროთ რამდენსაც ინებებთ”, - ეუბნება მას რუსი გენერალი, რომელიც აღმოსავლეთ ზონაში კულტურას განაგებს.
თომას მანი მოგზაურობს სამშობლოში, რომელიც გეოგრაფიულად იგივეა, სადაც ისევ მის ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეს სულ სხვა ქვეყანაა. მწერალი გრძნობს სრულ გაუცხოებას სამშობლოსთან, თავის ხალხთან, რომელმაც ნაცისტები ხელისუფლებაში მოიყვანა. თუმცა წიგნისგან განსხვავებით, თომას მანის ეს თავისებური შინაგანი ბრძოლა საკუთარ თავთან პავლიკოვსკის ფილმში მაქსიმალურად შერბილებულია. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მწერალი აქ უფრო “დამხმარე როლია”… მთავარი უფრო ერიკაა, სანდრა ჰიულერის მართლაც რომ ბრწყინვალე შესრულებით და ისევ კლაუს მანი, რომლის თვითმკვლელობის ამბავს ერიკა სწორედ გერმანიაში მოგზაურობის დროს იგებს… ასევე ერიკას ყოფილი ქმარი და კლაუსის საყვარელი გუსტაფ დრიუნდგესი, მესამე რაიხის მთავარი არტისტი, რომელსაც კლაუს მანი თავის რომანს, „მეფისტოს“, მიუძღვნის... ისიც გამოჩნდება ფილმში, მოინდომებს ერიკასთან გასაუბრებას და ალიყურსაც მიიღებს თომას მანის ქალიშვილისგან, როგორც კოლაბორაციონისტი, რომელიც ბედავს და თავის გამართლებას ცდილობს.
თუკი ტოიბინის რომანში პირდაპირაა დასმული კითხვა - შეიძლება თუ არა სამშობლოდ ჩათვალო ქვეყანა, რომელმაც გიღალატა და არის თუ არა დევნილობა სასჯელი, პავლიკოვსკი უფრო უჩვენებს, ვიდრე კითხვებს სვამს. ის უჩვენებს საკუთარ სამშობლოში გაუცხოებულ ადამიანს, სამშობლოში, რომელიც მოულოდნელად ორია - დასავლეთი და აღმოსავლეთი გერმანია.
თავისი წინა ფილმების (“იდა”, “ცივი ომი”) მსგავსად, “სამშობლოში” პავლიკოვსკი მეხსიერების, იდენტობისა და “საკუთარი ქვეყნის” თუ “სახლის” იდეის დეკონსტრუირებას უბრუნდება… სიტყვა “სამშობლო” თითქოს საერთოდ კარგავს თავის მნიშვნელობას, ეს უფრო ტრავმირებული ფანტომია, რომელიც ფილმის პერსონაჟს უკან მისდევს.
ასევე ნახეთ
კანის კინოფესტივალი გაიხსნა: გართობა და საქმეიშვიათია კინოს ისტორიაში ეკრანიზაცია უკეთესი იყოს, ვიდრე ლიტერატურული ორიგინალი. ვფიქრობ, “სამშობლო” სწორედ ეს შემთხვევაა. პავლიკოვსკი კინოს ენის ვირტუოზია. მისი ესთეტიკაა მკაცრად აგებული კადრი (“სამშობლო” შავ-თეთრი ფილმია), სრულიად ცარიელი სივრცეები (გამართლებული დროით და რეალობით - ფილმის მოქმედება 1949 წელს ხდება), სრული სიჩუმე, რომელსაც ხანდახან არღვევს მოულოდნელი მუსიკა, განცდა, რომ პერსონაჟები ვერ ეტევიან კადრში და ჩარჩო მეტისმეტად ზღუდავს მათ არსებობას; პავლიკოვსკის პერსონაჟი ხომ თითქმის ყოველთვის უსამართლო, არაადამიანური ისტორიის მსხვერპლია, რეჟიმის მსხვერპლი. პაველ პავლიკოვსკის ყოველთვის აინტერესებს, როგორ მოქმედებს ისტორია და განსაკუთრებით “სისტემა” ადამიანზე, მის ბედზე, მის სხეულზე, მის ხმაზე. “იდას” პრემიერის შემდეგ სადღაც წავიკითხე, რომ პაველ პავლიკოვსკი “გრძნობების ისტორიოგრაფია”, მისი ახალი ფილმი მით უმეტეს ასეთია. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ “სამშობლოს” ძალიან კარგად გაიგებს ქართველი მაყურებელი - ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე გაიგო იშტვან საბოს “მეფისტოფელი” და ამ ფილმის ლიტერატურული წყარო, კლაუს მანის რომანი “მეფისტო”.