გომისმთის გზაზე ავარიის საქმეზე დაკავებულ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გომისმთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლს ბრალი წარუდგინა.

ავარიის შედეგად 4 ტურისტი გარდაიცვალა, ხოლო 16-მა სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოძიებაზე დაყრდნობით პროკურატურა იუწყება, რომ მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელსაც არ ჰქონდა ამ რაოდენობის მგზავრების გადაყვანის შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია (და მიუხედავად ამისა უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა), ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადავარდა ხევში და შეეჯახა ხეს.

გარდაცვლილი და დაშავებული ტურისტები საქართველოში ბელარუსიდან იყვნენ ჩამოსულები. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება დაეხმარება დაზარალებულ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებასა და გარდაცვლილთა გადასვენებაში.

მძღოლი დაკავებულია. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით წარედგინა (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). აღნიშნული მუხლი 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე ნახეთ

160 000 გამოცდა და 29 647 ჩაბარება - რამდენი იღებს მართვის მოწმობას საქართველოში?

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.