გრენლანდიასთან დაკავშირებული დაძაბულობა იფანტება - როგორია შეთანხმების კონტურები?

დანიური სამხედრო ხომალდი P572 Lauge Koch-ი პატრულირებს კუნძულის დედაქალაქის, ნუუკის მისადგომებთან. 8 მარტი, 2025.

მოკლედ

  • ტრამპმა და რიუტემ გრენლანდიისა და არქტიკის რეგიონის შესახებ შეთანხმების ჩარჩო განიხილეს, რაც ნატოსა და აშშ-ისთვის სასარგებლოდ მიიჩნევა.
  • შეთანხმება მოიცავს სამხედრო ბაზების განახლებას, ინვესტიციების კონტროლს და იშვიათი მიწის ელემენტების მოპოვების უფლებებზე მოლაპარაკებებს.
  • რადიო თავისუფლება ნატოს წყაროებს ელაპარაკა ჩარჩო შეთანხმების დეტალების, მათ შორის სუვერენიტეტთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად.
გრენლანდიასთან დაკავშირებული დაძაბულობა შესაძლოა მოიხსნას. გამოსავალი თითქოს ნაპოვნია. 21 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში გამართულ შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ  შეთანხმების კონტურები გამოკვეთეს.

შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა სურვილი, რომ დანიის კუნძული ამერიკის სუვერენიტეტის ქვეშ მოექცეს, თუმცა ძალის გამოყენება გამორიცხა. რიუტესთან შეხვედრის შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გრენლანდიისა და, ფაქტობრივად, მთელი არქტიკული რეგიონის შესახებ მომავალი შეთანხმების ჩარჩო ჩამოვაყალიბეთო“.

„თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ გაფორმდება, ის შესანიშნავი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ყველა ქვეყნისთვის“, — დაამატა მან.

შეთანხმება, რომლის ოფიციალურად გაფორმებაც, რადიო თავისუფლების რამდენიმე წყაროს თქმით, ჯერ არ მომხდარა, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დამუშავდება. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი შეხვედრა ნატოს შუამავლობით შედგა, შემდგომი მოლაპარაკებები ძირითადად აშშ-ის, დანიისა და გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გაიმართება. არ არის გამორიცხული, პროცესში ჩაერთოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც.

ასევე ნახეთ ტრამპი, გრენლანდია და ნატო - როგორ იქნება არქტიკის ახალი პოლიტიკური რუკა?

სუვერენული სამხედრო ბაზები

ნატოს რამდენიმე მაღალჩინოსანი და ევროპელი დიპლომატი, რომლებიც ანონიმურად საუბრობდნენ, რადიო თავისუფლებას უდასტურებენ, შეთანხმების ზოგადი „კონტურები“ უკვე გამოიკვეთა, კონკრეტული დეტალები კი მოგვიანებით დაზუსტდება.

ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად სუვერენიტეტი რჩება - შესაძლოა არა მთელი კუნძულის, არამედ მისი გარკვეული ნაწილის.

მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ აშშ შესაძლოა გრენლანდიის ნაწილებს „სუვერენული სამხედრო ბაზების“ სტატუსით აკონტროლებდეს. ეს გარკვეულწილად ჰგავს ბრიტანეთის მოდელს კვიპროსში, სადაც, მიუხედავად ქვეყნის დამოუკიდებლობისა 1960 წლიდან, ლონდონს დღემდე აქვს კონტროლი რამდენიმე სამხედრო ბაზაზე.

თუმცა ნატოს ოფიციალური პირები, რომლებსაც ესაუბრა თავისუფლება, ამტკიცებენ, რომ „კვიპროსის მოდელი შეხვედრაზე არ განხილულა“ და მედიის ცნობები შესაძლოა ოფიციალური პირების ვარაუდებს ეფუძნებოდეს, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოლაპარაკებები.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ტრამპ-რიუტეს შეხვედრის შემდეგ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ნატომ სრულად იცის დანიის სამეფოს პოზიცია. ჩვენ შეგვიძლია მოლაპარაკება ყველა პოლიტიკურ საკითხზე — უსაფრთხოებაზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკაზე. მაგრამ სუვერენიტეტზე მოლაპარაკება შეუძლებელია“.

ასევე ნახეთ გაყინული ამბიციები: ამერიკის ხანგრძლივი ლტოლვა გრენლანდიისადმი (ფოტო)

ძველი ხელშეკრულების განახლება

ჩარჩო შეთანხმების სხვა ასპექტებზე შეთანხმება, შესაძლოა, შედარებით მარტივი აღმოჩნდეს.

ერთ-ერთი ასეთი საკითხია 1951 წლის აშშ-დანიის ხელშეკრულების „განახლება“, რომელმაც ვაშინგტონს გრენლანდიაზე სამხედრო ბაზების შენარჩუნებისა და ახალი ბაზების შექმნის უფლება მისცა, იმ შემთხვევაში, თუ ამას აშშ და ნატო საჭიროდ ჩათვლიდნენ.

2004 წელს ეს შეთანხმება გადაისინჯა და განისაზღვრა, რომ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის ზრდა ან ახალი სამხედრო ობიექტების განთავსება დანიისა და გრენლანდიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ამჟამად გრენლანდიაზე ერთი ამერიკული ბაზა ფუნქციონირებს, სადაც დაახლოებით 200 სამხედრო მოსამსახურე მუშაობს ბალისტიკური რაკეტების ადრეული გაფრთხილებისა და კოსმოსური მეთვალყურეობის მიმართულებით. ცივი ომის დროს კუნძულზე 10 000-მდე ამერიკელი სამხედრო იყო განთავსებული.

შეთანხმების განახლება, სავარაუდოდ, მოიცავს ამერიკული „ოქროს გუმბათის“ ანტისარაკეტო სისტემის ინტეგრაციას, რომელიც ჩრდილო ატლანტიკას, მათ შორის გრენლანდიას, დაფარავს — ნაბიჯი, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, კოპენჰაგენი და ნუუკი არ ეწინააღმდეგებიან.

ჩარჩო შეთანხმების კიდევ ერთი ნაწილი საინვესტიციო კონტროლს ეხება. აშშ-ს სურს, ჰქონდეს სიტყვა იმაზე, ვის მიეცემა გრენლანდიაში ინვესტირების უფლება, რაც პირდაპირ მიზნად ისახავს ჩინეთისა და რუსეთის გავლენის აღკვეთას რეგიონში. ასევე განიხილება იშვიათი მიწის ელემენტების მოპოვებაზე სპეციალური უფლებების შეთანხმება, რომლის გაფორმებაც შედარებით სწრაფადაა მოსალოდნელი.

ასევე ნახეთ რა ვიცით ტრამპის „მშვიდობის საბჭოზე“ ამ დროისთვის?

მეტი ნატო ჩრდილო ატლანტიკაში?

მესამე მნიშვნელოვანი ასპექტია ნატოს გაზრდილი ჩართულობა გრენლანდიასა და მის გარშემო. ეს შეიძლება გულისხმობდეს როგორც მთლიანად ალიანსის, ისე ე.წ. არქტიკული შვიდეულის, კანადის, დანიის, ფინეთის, ისლანდიის, ნორვეგიის, შვედეთისა და აშშ-ის მონაწილეობას.

გაიზრდება თუ არა მხოლოდ სამხედრო წვრთნების რაოდენობა, თუ საუბარია უფრო მუდმივ სამხედრო ყოფნაზე, ჯერჯერობით უცნობია. ამ კონტექსტში ბრიუსელში ხშირად განიხილავენ ნატოს მიერ მართულ „არქტიკული მეთვალყურის“ (Arctic Sentry) მისიას.

22 იანვარს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მეთაურთა შეხვედრის შემდეგ, ალიანსის ევროპაში უმაღლესმა მთავარსარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა განაცხადა, რომ მსგავსი მისიისთვის „პოლიტიკური მითითება ჯერ არ არსებობს“.

„ვფიქრობთ, მაგრამ ჯერ დაგეგმვის ეტაპზე არ ვართ. თუმცა მზად ვართ და დიდი გამოცდილება გვაქვს“, - თქვა მან და ასევე აღნიშნა, რომ დავოსის მოლაპარაკებებს „ჩვენამდე სამხედრო განზომილება არ ჩამოსულა“.

გრინკევიჩმა დაადასტურა, რომ უახლოეს თვეებში გრენლანდიაზე ნატოს ახალი წვრთნები არ იგეგმება, თუმცა ამჟამად მიმდინარეობს რეგულარული ერთობლივი აშშ-კანადური წვრთნა დანიის თანხმობით NORAD, რომელიც ორივე ქვეყნის სამხედრო ავიაციას მოიცავს.

ასევე ნახეთ "მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის ემზადება" - გეორგ აიკჰოფი მადუროს გატაცებასა და კოლონიალიზმის დაბრუნებაზე