დაანგრევს თუ არა რუსეთის ეკონომიკას ევროკავშირის ემბარგო ნავთობზე?

ვლადიმირ პუტინი რუსეთ-ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში, 2014 წ.

5 დეკემბრიდან ძალაში შევიდა რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტზე დაწესებული როგორც ემბარგო, ასევე ზღვრული ფასი, რომელიც 1 ბარელზე 60 ამერიკული დოლარით განისაზღვრა. ევროკავშირთან ერთად ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს დიდ შვიდეულში შემავალი ქვეყნებისა და ავსტრალიის მთავრობებმა. ევროკავშირმა გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ უნგრეთისთვის. კიდევ უფრო მძიმე პერიოდი ელის რუსეთის ეკონომიკას 2023 წლის 5 თებერვლიდან, როცა მსგავსი შეზღუდვები ნავთობის პროდუქტებზე, მათ შორის დიზელის საწვავზე ამოქმედდება.

  • გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა ასეთ დარტყმას?
  • როგორ შეხვდნენ უკრაინაში ამ სიახლეს?
  • რაც უპირისპირებს რუსეთი დასავლეთის მიერ დაწესებულ ემბარგოს?
  • რა ეფექტი ექნება რუსული ნავთობის ემბარგოს მსოფლიო ეკონომიკაზე?

2021 წელს, ვიდრე რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსული ნავთობის მთლიანი საექსპორტო მოცულობის თითქმის ნახევარი (47%) შეისყიდეს - ეს არის დაახლოებით 108,1 მილიონი ტონა ნავთობი, რაშიც გადაიხადეს 50,9 მილიარდ დოლარზე მეტი.

„2022 წლის 24 თებერვლამდე რუსეთი იყო ნავთობისა და ნავთობის პროდუქტების მსოფლიოში პირველი ექსპორტიორი, მაგრამ რუსეთმა დაკარგა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელი და ბაზარი - ევროპა“, - ამბობს ფატიჰ ბიროლი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელი, რომლის თქმითაც, ევროპაში ასევე მიდიოდა რუსული გაზის ექსპორტის 75%:

„რუსეთს ძალიან გაუჭირდება ევროპული ბაზრის დანაკარგის კომპენსაცია. ეს რთულია როგორც ეკონომიკური, ასევე ტექნოლოგიური და პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, რუსეთიდან ნავთობისა და გაზის წარმოება და ექსპორტი შემცირდება. რუსეთი გაცილებით მცირე როლს ითამაშებს მსოფლიო ენერგეტიკაში“.

რუსული ტანკერი

ევროკავშირში განმარტავენ, რომ რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი დაწესდა იმისთვის, რომ „რუსეთმა არ მიიღოს სარგებელი უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ დაწყებული აგრესიული ომიდან“, მაგრამ, ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს „გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის მხარდაჭერას და რუსეთის მიერ დაწყებული ომის ნეგატიური ეკონომიკური შედეგების შემცირებას“.

ევროკავშირი, დიდი შვიდეული და ავსტრალია ერთად ქმნიან ე.წ. ფასების შეზღუდვის კოალიციას.

„ფასების შეზღუდვის მიზნების მისაღწევად, მათ შორის რუსეთის შემოსავლების შემცირების შესაძლებლობის ჩათვლით, რუსეთის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მაქსიმალური ფასი უნდა იყოს მინიმუმ 5%-ით დაბალი საშუალო საბაზრო ფასზე, რომელიც გამოითვლება ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემების საფუძველზე“, - ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, ნავთობის ზღვრული ფასის მექანიზმი ყოველ ორ თვეში ერთხელ გადაიხედება. ამასთან, „გადახედვისას“ გათვალისწინებული უნდა იყოს ღონისძიების განხორციელების ეფექტიანობა, მექანიზმთან სხვა სახელმწიფოების შესაძლო მიერთება ან ზღვრულ ფასთან დაკავშირებით „არაოფიციალური შეთანხმება“ და ევროკავშირზე პოტენციური ზემოქმედება.

ფასების ზედა ზღვრის მექანიზმის შემუშავების შესახებ დისკუსიების დროს უნგრეთმა მიაღწია იმას, რომ ევროკავშირს დაეშვა გამონაკლისი (იმის გამო, რომ ემბარგო ეხება საზღვაო გადაზიდვას და ნავთობსადენი „დრუჟბა“ არ ექვემდებარება შეზღუდვას, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი დროებით გააგრძელებენ მის გამოყენებას). მეტიც, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ დროა ბრიუსელმა გააცნობიეროს, რომ ასეთი ზომები აზიანებს ევროპის ეკონომიკას და, რომ ნავთობის ფასების შესამცირებლად აუცილებელია ენერგომატარებლების მიწოდების გაზრდა.

1 ბარელი 60 დოლარად - რა იცვლება?

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის თქმით, რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების ემბარგოსა და ზღვრული ფასის დაწესების მიზანია მოსკოვისათვის ფინანსური ზიანის მიყენება ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდის გარეშე, რისი რისკიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობის მოსალოდნელი შემცირების გამო. ფასების მკვეთრი ზრდის შემთხვევაში მოგებას ნახავს რუსეთი, რომელიც ემბარგოს გვერდის ავლით გაყიდის თავისი ნავთობის რაღაც ნაწილს, დასავლური ეკონომიკები კი დაზარალდებიან.

„60-დოლარიანი ჭერის დაწესება დიდ გავლენას ვერ მოახდენს რუსეთის ფინანსებზე“, - ასე ფიქრობს სიმონე ტალაპიეტრა, ბრიუსელში მდებარე ბრეიგელის ენერგეტიკული პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი, რომლის თქმითაც, ახლა ისედაც დაახლოებით ამ ფასად იყიდება რუსული ნავთობი (ბოლო თვეების განმავლობაში პირველად ჩამოცდა 1 ბარელი რუსული ნავთობის ფასი 60$-იან ნიშნულს, ექსპერტების თქმით, ჩინეთში COVID-19-ის აფეთქებასთან დაკავშირებით მოთხოვნის შემცირების მოლოდინის გამო).

რუსულ ნავთობს ევროპის ბაზარზე, დიდწილად, ამერიკული ან OPEC-ის ქვეყნების ნავთობი ჩაანცვლებს

„რუსული ნავთობის ზედა ზღვარი დროთა განმავლობაში უნდა შემცირდეს, თუ გვსურს პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლის გაზრდა“, - ამბობს ექსპერტი, რომელიც მიიჩნევს, რომ ზომების მიღების მოლოდინში ისედაც ბევრი თვე დაიკარგა, რომლებიც შეამცირებდა პუტინის ნავთობშემოსავლებს: „რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი რომ 50 დოლარი იყოს, ეს იმდენად შემცირებდა შემოსავლებს, რომ რუსეთს გაუჩნდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის დაბალანსების პრობლემა, თუმცა 50 დოლარის შემთხვევაშიც ეს ფასი მეტი იქნებოდა ნავთობის თვითღირებულებაზე, რომელიც 30-40 დოლარია ბარელზე. ამ ფასად მოსკოვი მაინც გააგრძელებდა ნავთობის გაყიდვას, რათა არ გაეჩერებინა ნავთობის მოპოვება, რომლის ხელახლა ამუშავება ბევრად რთული და ხარჯიანი იქნებოდა“.

რუსეთის ფედერაციის 2022 წლის ბიუჯეტის კანონში 1 ბარელი ნავთობის ბაზისურ ფასად აღებულია 42,2 დოლარი.

ვაშინგტონში მდებარე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მთავარი ეკონომისტი რობინ ბრუკსი ფიქრობს, რომ რუსეთს გარდაუვალსა და დამსახურებულ ფინანსურ კრიზისს მოუტანდა 30-დოლარიანი ჭერი, თუმცა, როგორც ბევრი ანალიტიკოსი შენიშნავს, 60-დოლარიანი ზედა ზღვრის დაწესებაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ემბარგოს მექანიზმი ითვალისწინებს პირობების, მათ შორის, ზღვრული ფასის გადახედვის შესაძლებლობას ბაზარზე შექმნილი ვითარების შესაბამისად.

ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ემბარგო და სანქციები ნავთობის ბაზარზე ვითარებას დაძაბავს და, რომ Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2023 წლის დასაწყისისთვის 95 დოლარი გახდება, ახლა მისი ფასი 85-88 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

უკრაინის რეაქცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსული ნავთობისათვის მაქსიმალურ ფასად 60 დოლარის დაწესების გადაწყვეტილებას, ძნელია უწოდო სერიოზული.

„რუსეთის ბიუჯეტისთვის სრულიად კომფორტული ლიმიტის დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას შეუძლებელია სერიოზული ვუწოდოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ, რომლის თქმითაც, ფული, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან მიიღებს, სწორედ იმ ქვეყნების დესტაბილიზაციას მოხმარდება, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზიანი მსოფლიოს ყველა ქვეყანას ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციის გზით, ხოლო მსოფლიოს ვერაფრით მიუღია გადაწყვეტილება რუსეთის რეალური ენერგეტიკული განიარაღების შესახებ. ეს სუსტი პოზიციაა. მხოლოდ დროის საკითხია: ადრე თუ გვიან საჭირო გახდება უფრო ძლიერი ინსტრუმენტების გამოყენება“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე მოლაპარაკებები გასულ კვირას უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შეფერხება გამოიწვია კავშირის წევრი ქვეყნების განსხვავებულმა პოზიციებმა: პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ითხოვდნენ ჭერის კიდევ უფრო დაწევას, ხოლო საბერძნეთი და მალტა, პირიქით, მხარს უჭერდნენ 70 დოლარზე მაღლა აწევას.

რუსეთს ამჟამად ბაზარზე გააქვს დაახლოებით 3,5 მლნ ბარელი დღეში, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო სავარაუდოდ მესამედით შეამცირებს მიწოდების მოცულობას და არა მხოლოდ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებში. აკრძალვა ეხება არა მხოლოდ და არა იმდენად რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვას, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში ამ ნედლეულის ზღვით ტრანსპორტირებას, მის დაფინანსებასა და დაზღვევას.

რუსეთი მყისიერად ვერ ჩაანაცვლებს ბრიტანულ სადაზღვევო კომპანიებს, შვეიცარიელ ტრეიდერებს და ბერძნულ ტანკერებს, რაც აუცილებლად იმოქმედებს ექსპორტის მოცულობაზე, ხოლო სამომავალოდ ნავთობის მოპოვებაზე რუსეთში.

Greenpeace-ის აქცია რუსული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, 2022 წლის აპრილი

სპეციალისტები ბევრად მეტ ეფექტს ელოდებიან 5 თებერვლიდან, როცა ევროპაში ამოქმედდება დამატებით აკრძალვა ნავთობპროდუქტებზე, მათ შორის დიზელის საწვავზე. ევროპაში დღემდე ბევრია დიზელზე მომუშავე ავტომობილი. ეს საწვავი ასევე გამოიყენება ფართო ასორტიმენტის საქონლის შორეული გადაზიდვებისთვის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაში და ა.შ.

რუსეთის რეაქცია

„რუსეთი მუშაობს დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვის დამბლოკავი მექანიზმის შემუშავებაზე, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა ტელეკომპანია „როსია-24“-ის ეთერში, - მიგვაჩნია, რომ ეს ინსტრუმენტი არის არასაბაზრო და არაეფექტიანი. ვმუშაობთ ფასის შეზღუდვის ინსტრუმენტის გამოყენების აკრძალვაზე, იმისდა მიუხედავად, თუ რა ფასია დაწესებული, რადგან ასეთმა ჩარევამ შეიძლება ბაზრის კიდევ უფრო დიდი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

ალექსანდ ნოვაკი, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს არ აინტერესებს, რა შეზღუდვები დაწესდა რუსულ ნავთობზე, რადგან „რუსეთი აპირებს პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს პარტნიორებთან“.

3 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმაც განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მიღებულია ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვები და, რომ რუსეთის ხელისუფლება არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსული ნავთობის ზღვრული ფასით შესყიდვას.

„2023 წლიდან მოყოლებული ევროპა რუსული ნავთობის გარეშე იცხოვრებს. მოსკოვმა გასაგებად მიანიშნა, რომ არ მიაწოდებს ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერენ ნავთობის ემბარგოსა და ფასების ანტისაბაზრო ზღვარს“, - დაწერა ტვიტერზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვენაში მიხაილ ულიანოვმა.

რუსეთი იმუქრება, რომ არ მიაწვდის ნავთობს იმ ქვეყნებს, ვინც ამ შეთანხმებაში მონაწილეობენ. კრემლში იმედოვნებენ, რომ ბაზარზე ნავთობის სიმცირე გამოიწვევს ფასების მკვეთრ ზრდას, რუსეთი კი ემბარგოს გვერდის ავლით შეძლებს თავისი ნავთობის ბევრად ძვირად გაყიდვას.

რუსეთი ასევე იმედოვნებს, რომ ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიებს, რომლებიც იმოქმედებენ სანქციების გვერდის ავლით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი აუცილებლად გაყიდის ნავთობს არალეგალურადაც, რისთვისაც გამოიყენებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს, როგორც ამას აკეთებენ ვენესუელა და ირანი. ნავთობი გადაიტუმბება ერთი ტანკერიდან მეორეში, სადაც, კვალის დაფარვის მიზნით, რუსული ნავთობი შეერევა ანალოგიური ხარისხის, მაგრამ ლეგალურ ნავთობს. ყველა შემთხვევაში, რუსული ნავთობის გაყიდვა უფრო ძვირი და შრომატევადი იქნება, დიდი მანძილები კი, რაც დაკავშირებულია აზიაში ნავთობის ჩატანასთან, იმას ნიშნავს, რომ ტრანსპორტირებისთვის სამ-ოთხჯერ მეტი მოცულობის ტანკერები იქნება საჭირო, რაც ასევე აძვირებს და ართულებს რუსული ნავთობის ექსპორტს.

რუსული ტანკერი ვოლგონეფტ-147

„ჩრდილოვანი ფლოტის შესაძლებლობები შეუზღუდავი არ არის, ირანი და ვენესუელა მას საკმაოდ ეფექტიანად იყენებენ, მაგრამ ანგარიშგასაწევია კონკურენცია, რომელსაც აუცილებლად წააწყდება რუსეთი“, - ამბობს ბერლინში მდებარე სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი, მარია შაგინა, რომლის თქმითაც, რუსეთი მთელ ნავთობს, რომელიც ევროპის ბაზარზე შეჰქონდა, ვერ გადაისვრის აღმოსავლეთისკენ, ამიტომ ნავთობის მსფოლიო ბაზარი მნიშვნელოვნად შემცირდება.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) გათვლებით, 2030 წლისთვის რუსეთის წილი გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე შემცირდება დაახლოებით 13%-მდე (გასული წლების 20%-დან), რის გამოც კრემლი დაკარგავს დაახლოებით 1 ტრილიონი (1000 მილიარდი) დოლარის საექსპორტო შემოსავალს, რაც არის კიდეც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანი.