საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო თავდასხმის შედეგად გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის განადგურებას ტვიტერზე ეხმაურება.
დავით ზალკალიანი წერს, რომ აშშ-ს თავისი მოქალაქეების დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს.
„ჩვენ ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ ძალადობრივ, პროვოკაციულ თავდასხმას. აშშ-ს თავისი მოქალაქეების დაცვის ლეგიტიმური უფლება აქვს. ახლა დიპლომატიის დროა, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა“, - დაწერა დავით ზალკალიანმა.
We condemned recent violence, provocative attack to the US Embassy in Baghdad. US has the legitimate right to defend its citizens. It’s time for diplomacy to de-escalate and reduce tensions @StateDept @SecPompeo
— David Zalkaliani (@DZalkaliani) January 3, 2020
აშშ-მა 3 იანვარს ერაყში საჰაერო თავდასხმისას მოკლა ირანის გავლენიანი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი, ელიტარული „ყუდსის ძალების“ სარდალი ყასემ სოლეიმანი, მძაფრი დაძაბულობის ფონზე. ამას მოჰყვა თეირანის მუქარა, რომ ის „სასტიკ შურისძიებას“ მიმართავს და ერაყის პრემიერ-მინისტრის ბრალდება, რომ ეს არის „ერაყში აშშ-ის ჯარის ყოფნის პირობების აღმაშფოთებელი დარღვევა“.
სოლეიმანი იყო ერთ-ერთი გავლენიანი სამხედრო ირანში. თავდასხმა ორ ავტომანქანაზე მოხდა 3 იანვრის დილით, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში. მოკლულია ათამდე პირი, მათ შორის, ერაყის გასამხედროებული დაჯგუფების წევრები.