დაკარგული მხედველობა, სხეულში ჩარჩენილი ტყვიები და დაცხრილული ზურგები - რას ყვებიან დაშავებულები

  • 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. ორმა დაშავებულმა თვალი დაკარგა, სხვა ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.
  • 20 ივნისის ღამეს შსს-მ აქციის 305 მონაწილე დააკავა. დაკავებულთა ნაწილი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.
  • 24 ივნისს 10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.
  • საპროტესტო აქციები გრძელდება და მოქალაქეები შს მინისტრის გადადგომას, დაკავებულების გამოშვებას და იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც დარბევისას ძალას გადააამეტეს.

29 ივნისის მონაცემებით 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლის დროს დაშავებულთა ნაწილი კვლაც საავადმყოფოებში რჩება.

რადიო თავისუფლება ეძებს აქციაზე დაშავებულ ადამიანებს და გიყვებათ მათ ამბებს.

თუ იცნობთ ადამიანს, რომელიც დაშავდა აქციის დარბევისას ან დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მოგვწერეთ მის შესახებ.

აი რას ყვებიან ის ადამიანები ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა

ისტორიები მოგროვებულია 24 ივნისამდე

ისტორიები მოგროვებულია 24-27 ივნისს

ყველა ისტორია, რომელიც ამ მასალაშია აღწერილი, ეფუძნება თავად გმირების მონათხრობს. ადგილები, დრო და გარემოებები აღწერილია ისე, როგორც ამას აქციის მონაწილეები ან მათი ახლობლები იხსენებენ.

50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა

მამაკაცი, რომელსაც კოლეგები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, საავადმყოფოში თავის მძიმე ტრავმებით მოხვდა. მისი იდენტიფიცირება საავადმყოფოში მოხვედრიდან რამდენიმე დღეში მოხდა, თუმცა მისი და ოჯახის წევრების თანხმობის გარეშე დაშავებული მამაკაცის სახელს და გვარს რადიო თავისუფლება არ ასახელებს.

ლუკა პეტრიაშვილი, 22 წლის

ლუკა აქციაზე მეგობართან ერთად ღამით, 12-ის ნახევარზე მივიდა. რუსთაველზე იყო მისი დაც, რომელმაც აქცია მაშინ დატოვა, როდესაც ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. ძმას ურეკავდა, მაგრამ ლუკა ტელეფონს არ პასუხობდა. ლუკას რეზინის პირველი ტყვია მუცელში მოხვდა, მას მალევე მოხვდება კიდევ ორი ტყვია - ერთი ისევ მუცელში და ერთიც სახეში. გონება არ დაუკარგავს, ახსოვს, რომ სასწრაფომდე მეგობარმა მიიყვანა.

21 ივნისის ღამეს ლუკა თავის არეში მძიმე დაზიანებებით, ტვინის შერყევით და ლოყიდან ყბაში შესული დიდი, სტაფილოსფერი რეზინის ტყვიით შეიყვანეს საავადმყოფოში.

ერთ დღეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იყო. რამდენიმე დღე რეანიმაციაში გაატარა. რაკეტის ფორმის რეზინის ტყვია, რომელიც სახეში მოხვდა, ყელთან, საძილე არტერიაში ჰქონდა გაჩხერილი.

ლუკას დაფშვნილი აქვს ყბის ძვლები და ამ დრომდე ღია ჭრილობა რჩება. ექიმებმა ყბაში ფირფიტა ჩაუდგეს ყბის ნაწილების გასამაგრებლად. პლასტიკურ ოპერაციამდე, რომელმაც დაზიანებული ყბა უნდა აღადგინოს, ყბის ქსოვილის და ძვლების აღდგენას ელოდებიან.

გიორგი ნიკოლაძე, 39 წლის

გიორგი პარლამენტის გვერდით ჩამომავალ, ჩიტაძის ქუჩაზე იდგა და მობილურით იღებდა აქციას. ქუჩის კუთხეში სპეცრაზმელი, რომელიც სახეში დამიზნებით ესროდა აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს, მანამდე ყავდა შენიშნული, სანამ დაიჭრებოდა.

პირველი ტყვია კისერში მოხვდა. დაჭრილმა პარლამენტის ქვემოთ, მარცხენა მხარეს გადაინაცვლა, სადაც კიდევ უფრო ინტენსიურ სროლაში მოხვდა. მეორე ტყვია თვალთან მოხვდა,ერთიც - ხელში. უკან მიბრუნებისას ფეხებთან ცრემლსადენი გაზის ყუმბარები დაეცა.

გიორგის ასთმა აქვს და გაზის სუნში სუნთქვა გაუჭირდა და დავარდა. ქაშუეთამდე უცნობმა ახალგაზრდა კაცმა მიიყვანა, რომელიც როგორც ექიმი, ისე გაეცნო და ჭრილობები დაუმუშავა. ეს კადრები გიორგის ტელეფონით აქვს გადაღებული.

როცა გიორგი ვიდეოს გადაღებას მორჩა და უცნობი ექიმი მისი ჭრილობების დამუშავებას, მისი განცხადებით მათთან პოლიციელებმა მიირბინეს და ცემა დაუწყეს.

მოგვიანებით იგი კლინიკაში გადაჰყავთ სხეულიდან რეზინის ტყვიების ამოსაღებად. მიუხედავად ექიმთან სწრაფი ვიზიტისა, ინფექცია შეეჭრა, მაღალი სიცხეები მისცა და ბრონქიტი განუვითარდა. იგი ამ დრომდე ანტიბიოტიკებით მკურნალობს.

დაზიანებების მიუხედავად აქციებზე ისევ სისტემატიურად დადის, შს მინისტრის გადადგომას ითხოვს.

ირაკლი ფავლენიშვილი, 25 წლის

აქციაზე დაახლოებით საღამოს 10 საათზე მივიდა. როდესაც პარლამენტის წინ მდგარმა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების სროლა დაიწყეს იგი მათ საპირისპიროდ დადგა და როგორც თავად ამბობს ხელები ასწია. ამ რამდენიმე წუთში მას 9 ტყვია მოხვდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ჭრილობები აქვს ფეხში, ხელში, გულმკერდის არეში და თავში.

პირველადი დახმარება პარლამენტის ახლოს მდებარე სასწრაფოს მანქანაში აღმოუჩინეს, მოგვიანებით მეგობარმა მეცხრე საავადმყოფოში გადაიყვანა.

აქციებზე დღემდე შეხვეული თავით, კოჭლობით დადის.

​დემეტრე ნაყოფია, 24 წლის

დემეტრე ნაყოფიას აქციის ღამეს რეზინის ტყვია თვალში მოხვდა. ექიმებმა მისი დაშავებული თვალის შენარჩუნება შეძლეს და ახლა იგი რეაბილიტაციას გადის. დემეტრე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მასთან კომუნიკაცია შეზღუდულია.

თეა მესხიშვილი, 41 წლის

ღამის 12 საათი ხდებოდა, აქციაზე რომ მივიდა. ერთი საათიც არ გასულა, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ჯერ მომიტინგეების უკანა რიგებში, მერე უკვე პარლამენტის შენობასთანაც. თეა პარლამენტის ზედა კიბეებთან იდგა და კარგად ხედავდა, რა ხდებოდა რუსთაველზე.

“ერთ მომენტში რომ გავიხედე კიბის თავზე კანტი-კუნტად იდგა ხალხი, ისეთი გაბრაზებული და აღშფოთებული ვიყავი ვერ მოვითმინე და ავირბინე კიბეები, ჩამწკრივებულ სპეცრაზმელებს დავუდექი წინ და მივმართე " შვილები არ გყავთ, ცოლები, ოჯახები, ქართველები არ ხართ, როგორ იმეტებთ საკუთარ ხალხს."

თეას წინ სპეცრაზმელები იდგნენ, გვერდზე შსს-ს თანამშრომლები. მათგან ერთ-ერთმა ხელის მოძრაობით ანიშნა, გასულიყო იმ ადგილიდან, სადაც იდგა.

“ვკითხე "რატომ უნდა გავიდეთქო, და რომ არ გავიდე რად იზავ მესვრი? " ამის თქმისთანავე იარაღი მოატრიალა ჩემსკენ და დამიზნებით მესროლა ფეხში, კერძოდ ბარძაყის არეში. ტკივილისგან ვიკეცებოდი.”

სასწრაფოს მანქანამდე უცნობებმა ხელით მიიყვანეს, საავადმყოფოში მიყვანისას აღმოჩნდა, რომ სასწრაფო ოპერაცია ჭირდებოდა. ოპერაციის მერე გაირკვა, რომ ტყვია, რომელიც ესროლეს, რეზინთან ერთად პლასტიკატსაც შეიცავდა და სხეულში იშლებოდა. თეას 9 ნაწილად დაშლილი ტყვიის მოხვედრის შემდეგი დიაგნოზი ასეთია: მარცხენა ბარძაყის ცეცხლნასროლი ჭრილობა დიდი კანქვეშა ვენის, ბარძაყის ნერვის კანის მგრძნობიარე ტოტის, კუნთების და მყესების დაზიანებით.

რობი გაჩეჩილაძე, 29 წლის

აქციას დაახლოებით ღამის 10 საათზე შეუერთდა. რეზინის ტყვია 12:40 წუთზე მოხვდა, კისრის მარცხენა მხარეს. ამ დროს ის მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებდა პარლამენტის წინ, კიბეებზე. შეამჩნია, როგორ ამოიღო ჩანთიდან რეზინის ტყვია შემაღლებულზე მდგარმა სპეცრაზმელმა და იარაღი გადატენა. რობიმ დაინახა,რომ სპეცრაზმელი იმ მხარეს იყურებოდა, საიდანაც მობილურით უღებდნენ. გასაქცევად შემობრუნდა და რეზინის ტყვიაც მოხვდა. დაჭრილი დაეცა. დაცემამდე 3 ცრემლსადენი მოხვდა - როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი წამებში მოხდა. დაჭრისას დაუვარდა ტელეფონიც, რომელიც ვიდეოს იღებდა. ტელეფონი პოლიციელმა იპოვა, რომელიც მის მაგივრად პასუხობდა ახლობლების ზარებს, მერე კი სახლთან ახლოს განყოფილებაში დაუტოვა.

ეს კი ვიდეო, რომელსაც დაჭრისას იღებდა:

კარგად არ ახსოვს როგორ აღმოჩნდა სასწრაფო დახმარების მანქანაში. ცრემლსადენი გაზის გამო ირგვლივ კვამლი იდგა, ვერ ინძრეოდა, ექიმებთან სხვებმა მიიყვანეს. საავადმყოფოში ჭრილობები დაუმუშავეს, გაუკეთეს ტეტანუსის აცრა და ანტიბიოტიკების 14 დღიანი კურსი დაუნიშნეს. ექიმების რეკომენდაციით 2 კვირაში თავზე ტომოგრაფიის გადაღებას გეგმავს, შესაძლო გართულებების შესამოწმებლად.

მიმღები მეცხრე საავადმყოფოში, რომლითაც სარგებლობს სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევებისას

სახლში მისულმა შეამჩნია, რომ დამწვრობები ტანზეც ჰქონდა, - ცრემლსადენი შაშხანის ნაკვალევი. დამწვრობების ნაკვალევი რობის ტანსაცმელს დღემდე ამჩნევია.

იმ ღამეს მეცხრე საავადმყოფოში, სადაც რობი მოხვდა, სხვაც ბევრი მიიყვანეს სხეულის დაზიანებებით. ყველას მხარში, მუცელში ან ფეხში ჰქონდა მოხვედრილი რეზინის ტყვია - იხსენებს და ამბობს, რომ ყველაზე მეტად ორი ბიჭი დაამახსოვრდა. მათგან ერთს ფეხში, მთავარ არტერიასთან ახლოს ჰქონდა ტყვია მოხვედრილი და მისი ამოღება საშიში იყო, მეორეს 5-6 რეზინის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ხელში და ფერდში. კიდევ მეგობარი ახსოვს, ფოტოგრაფი გურამ მურადოვი, ზურგში მოხვედრილი 11 ტყვიით.

სიარული დღესაც უჭირს. სტკივა თავი და შიგადაშიგ მარცხენა თვალი.

დათო ქურდოვანიძე, 21 წლის

დათო ქურდოვანიძეს რეზინის ტყვია აქციის ღამეს თვალში მოხვდა. ოპერაციის შედეგად თვალი შეინარჩუნა, მაგრამ ჯერ არ იცის, აღდგება თუ არა მის დაზიანებულ თვალში მხედველობა. დათო ჯერაც საავადმყოფოშია.

ქრისტინა მაღლაკელიძე, 23 წლის

ორი მცირეწლოვანი შვილის დედამ საღამოს ბავშვები ბებიასთან დატოვა და ქმართან ერთად აქციაზე წავიდა. რუსთაველზე რომ მივიდნენ, 9 საათი იქნებოდა. ამ დროს აქციაზე სიმშვიდეა.

ტყვიების წვიმა რომ დაიწყო, 9 აპრილის მემორიალთან იდგა დასთან ერთად. თავიდან ეგონა, რომ ის, რასაც ისროდნენ, გაზის ტყვიები იყო. რამდენიმე წამში მათ გვერდით ბიჭი გამოჩნდა, სპეცრაზმელებს უყვიროდა, არ ესროლოთ, გოგონები დგანანო. უკვე ცხადი იყო, რომ ტყვიებს ისროდნენ. გამოსვლა სცადეს.

ხელებს და თავს ვუქნევდით, ვუყვიროდით, ვეხვეწებოდით, არ ესროლათ, იმდენსაც ვერ ვახერხებდით, უკან ორი ნაბიჯი გადაგვედგა და ქვემოთ დავმალულიყავით, ისეთი დაუნდობელი სროლა იყო - ამბობს ქრისტინე, რომელსაც დიდი ზომის ნარინჯისფერი რეზინის ტყვია მაშინ მოხვდა, როცა მათთან კიდევ ერთი ბიჭი მივიდა და ურჩია იქაურობას გასცლოდნენ.

ქრისტინე აქციაზე დასთან ერთად დაჭრამდე რამდენიმე წუთით ადრე

ნარინჯისფერი, გავარვარებული ტყვია საკუთარი ხელით გამოიღო ფეხიდან. სასწრაფოს მანქანასთან სხვების დახმარებით მივიდა, მაგრამ საავადმყოფოში გადასვლაზე უარი თქვა. გადახვევა გაიკეთა და სხვებს დაუთმო ადგილი.

ქრისტინეს დაზიანებული ფეხი

ახსოვს სისხლიანი ხალხი. ბიჭი, რომელსაც გულ-მკერდის არეში ჰქონდა მორტყმული რეზინის ტყვია, სასწრაფოს მანქანისკენ მიყავდათ სხვებიც, ჭრილობებით ბეჭებზე, ფერდში, სახეში.

“ერთი ვიცი, იქ ტყვიის გამო არ წავსულვართ. არავის გვინდოდა ტყვია! ჩვენი აზრის გამოსახატად ვიდექით და ვგმობდით გავრილოვის უსამარცხვინოეს ფაქტს. მტრებს ბოდიში, ჩვენ - ტყვიები? ბოლომდე ხმამაღლა ვიყვირებ და ვერ გამაჩერებენ.”- ამბობს ქრისტინა და სასამართლოში აპირებს ჩივილს.

ეძებს კადრებს, რომელიც ნივთმტკიცებად გამოადგება. იმ ღამეს ყავისფერი წერტილებიანი შარვალი და მუქი ყავისფერი მაისური ეცვა. როცა დაშავდა, პარლამენტის წინ იდგა, მარცხენა მხარეს.

20-21 ივნისის ღამით დაზარალებულებმა სახელმწიფოს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური ზიანის ანაზღაურებაც შეუძლიათ მოსთხოვონ. მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და კონსტიტუცია.

კონსტიტუციის მე-18 მუხლი ს თანახმად, "ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან".

მორალური ზიანის პრაქტიკა საქართველოში არსებობს. 2009 წლის 6 მაისის საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თვალში პლასტიკური ტყვია მოხვდა. სახელმწიფოს ამის გამო კომპენსაციის გადახდა მოუწია. სასამართლოში მხარეებს შორის მორიგება შედგა. დაზარალებულს სახელმწიფომ 80 000 ლარიანი კომპენსაცია გადაუხადა.

გიორგი თებიძე, 26 წლის

დღის ორი საათისთვის რედისონთან იყო, მის თვალწინ გაიყვანა სასტუმროდან დაცვამ გავრილოვი. საღამოს რუსთაველზე გავიდა.

ჩოჩქოლი 10 საათზე დაიწყო. პირველი გაზის ბალონები 23:50-ზე ისროლეს პირდაპირ ხალხში. ამ დროს გიორგი მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე იდგა. რეზინის ტყვიებმა კიბესთან დაიწყო ცვენა და ხალხის მასამ უკან დაიხია.

გიორგი პოლიციისთვის წართმეული ფარით იცავდა თავს, ფეხებს რუსთავი ორის ბანერი უფარავდა.როცა ტყვიები ბანერს დაუშინეს, ღამის 2 საათი იქნებოდა. ტყვიებისგან თავის დასაცავად უკან სვლა დაიწყო და როგორც კი მისი მარჯვენა ხელი ბანერიდან გამოიწია, 5 ტყვია მოხვდა. ერთი თვითონვე ამოიღო. დანარჩენისთვის მეცხრე საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ შეხვდა რობის და სხვა დაჭრილებს.

ამბობს, რომ ქირურგი ყველას ზედაპირულად ათვალიერებდა, მისი ტყვიებიც არ ამოუღია სხეულიდან, ჭრილობები მხოლოდ გადაუხვიეს და რენტგენი გადაუღეს და გამოწერისას უთხრეს, რომ 243 ლარი ჰქონდა გადასახდელი. საავადმყოფო მეორე დილით დატოვა, ფული, რომელსაც ითხოვდნენ, კერძო დაზღვევამ აუნაზღაურა, აქციაზე მოხვედრილი ტყვიების ამოსაღებად კი სხვა ექიმთან მივიდა.

აქციაზე მოხვედრილი ტყვიებიდან ერთი, რომელიც ყველაზე ღრმად იყო შესული, ისევ სხეულით დააქვს

დავით ფარადაშვილი

დავით ფარადაშვილი 20 ივნისს ღამეს საავადმყოფოში დაზიანებული თავის ქალით მიიყვანეს და ამ დრომდე რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ლიკა ალელიშვილი

ლიკა ჟურნალისტია. დღის 12 საათზე უკვე პარლამენტთან იყო, შემდეგ რედისონთან, საიდანაც რუსეთის დუმის წევრმა, კომუნისტმა დეპუტატმა გავრილოვმა სასტუმრო დაცვის თანხლებით დატოვა. იქიდან ისევ პარლამენტთან დაბრუნდა, პირდაპირ ეთერში აშუქებდა აქციას დილის 3 საათამდე.

დაჭრის ზუსტი დრო არ ახსოვს. პარლამენტის წინ იყო, შეტაკებებს იღებდა ევროკავშირის დროშის ქვეშ, შემაღლებულ ადგილზე იდგა. მდგარი. აქედან კარგად ჩანდა რაც ხდებოდა აქციაზე. ტყვია, რომელიც დილის 3 საათიდან 4 საათამდე მონაკვეთში მოხვდა, ოდნავ ასცდა არტერიას. ოპერაციას სამი ქირურგი ატარებდა.

დაუზიანდა ფეხის ნერვი, კუნთი და ქსოვილები. ჭრილობა ღრმაა და ღია. იმისთვის, რომ თავისუფლად გაიაროს სულ მცირე ერთთვიანი რეაბილიტაცია მაინც სჭირდება.

რაკეტის ფორმის ტყვია ლიკას სხეულიდან



ვახტანგ ბერიკაშვილი

ვახტანგ ბერიკაშვილი აქციაზე საღამოს მივიდა. როცა შეტაკებები დაიწყო, პარლამენტის წინ იდგა, შადრევანის კუთხეში და პოლიციასა და დემონსტანტებს შორის შეტაკებებს ტელეფონით იღებდა. უცბად ხელში სისველე იგრძნო, დაიხედა და მკლავიდან სისხლი მოდიოდა. დაჭრილი რომ იყო მოგვიანებით მიხვდა.

ვახტანგი სასწრაფო მანქანასთან მეგობარმა მიიყვანა. სასწრაფოდან საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მის გარდა სხვა დაშავებულებიც დახვდა. რეზინის ტყვიამ, რომელიც მას ხელიდან ამოუღეს ყველა, გააოგნა.

ორივე [მე და ქირურგი] გაკვირვებულები ვუყურებდით, ამ ზომის თუ შეიძლება ყოფილიყო რეზინის ტყვია, ვერ წარმომედგინა, - ამბობს ვახტანგი, რომელმაც სახლში მისულმა ინტერნეტში ნახა, რომ ტყვია, რომელიც მის სხეულში იყო, რამდენიმე ქვეყანაში აკრძალულიც კია.

რაკეტისებრი მოზრდილი რეზინის ტყვია, რომელიც ქრისტინას და სხვა მოქალაქეებს მოხვდათ, პარალიზებისთვის გამოიყენება და მას სამართალდამცველები მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ პოლიციელის მიმართ ფიზიკური საფრთხე რეალურია. ამ სახის ტყვიებზე იარაღის ონლაინ მაღაზია Firequest წერს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, შედეგები კი დამოკიდებულია სროლის დისტანციაზე, სამიზნის სხეულის წონასა და იმაზე, თუ სად მოხვდა სამიზნეს ტყვია.

გიორგი სულაშვილი

გიორგის აქციის ღამეს რეზინის ტყვია თვალში მოხვდა. ყბა-სახეზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 8 საათს გაგრძელდა. თვალის გადარჩენა ვერ მოხერხდა. რეანიმაციიდან ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში გადაიყვანეს და დღემდე იქ რჩება.

გიორგის და, რომელიც აქციაზე მასთან ერთად იმყოფებოდა, ამბობს, რომ გიორგის თვალში დიდი ზომის ტყვია აქვს მოხვედრილი. სახის ჩამსხვრეული ძვლები კი მათ ეჭვს უჩენს, რომ ნაცემიცაა. მანამ, სანამ გიორგის დაზიანებულ თვალს იმპლანტი შეცვლის, კიდევ ორი ოპერაცია დაჭირდება.

გიო მიქელაძე

გიო აქციაზე დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის მივიდა. პარლამენტის წინ დეიდაშვილთან და მამასთან ერთად იყო. წინა რიგებში იდგა, ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის მოწოდებებისას ჭყლეტვაში მოყვა, პოლიციამ ის შტურმის მცდელობისთვის მანამ დააკავა, სანამ აქციის დაშლას დაიწყებდნენ.

პარლამენტში შეჭრა რამდენიმე ადამიანს უნდოდა, აბსოლუტური უმეტესობა, ვინც იქ იდგა, პარლამენტში შესვლას არ აპირებდა - ამბობს გიო.

პარლამენტის კედელთან იდგა, როცა პოლიციელმა მოქაჩა. გიო გადავარდა. როცა აყენებდნენ, პოლიციელმა პირველად დაარტყა ცხვირში. რამდენიმე წამით გონება დაკარგა. მერე კიდევ არაერთხელ მოხვდა თავსა და მუცელში, სანამ პოლიციელებს პარლამენტის ეზოში, ყვითელი ავტობუსისკენ მიყავდათ.

ათამდე ავტობუსი, რომელიც პარლამენტის ეზოში იდგა დაკავებულებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში ივსებოდა. გამთენიისას ავტობუსები პოლიციის შენობებისკენ დაიძრნენ. გიას დაკავებულთაგან მძიმედ დაშავებული კიდევ ერთი ახსოვს, ნაცემი და დაცხრილული ზურგით. ამ ორისთვის სასწრაფო გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოლიციაში შედგენილ ოქმში წერია, რომ მას ბრალი ედება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. 20 ივნისის ღამის შემდეგ პოლიციიდან არავინ დაკავშირებია.

გურამ მურადოვი

გურამი ფოტოგრაფია. აქციიდან ლაივ ჩართვა უნდა გაეკეთებინა და ფოტოები გადაეღო. პარლამენტის შენობასთან 7 საათისთვის მივიდა. როცა ტყვია მოხვდა, სხვა ჟურნალისტებთან ერთად პარლამენტის წინ იდგა, მომიტინგეების ნაწილი დაფანტული იყო და შედარებით სიხალვათე იყო.

დაახლოებით 12 საათი იქნებოდა, როცა გურამს ზურგში ტყვია მოხვდა. ხელში კამერა ჰქონდა, ლაივ ჩართვის აპარატურა და ჟურნალისტის ბეჯი. ამბობს, რომ მისი, როგორც ჟურნალისტის იდენტიფიცირება პოლიციელებისთვის ადვილი იყო და შესაბამისად, საფრთხეს არ ელოდა.

ეს არის ბოლო ლაივი, რომლის ჩართვაც გურამმა იმ დღეს აქციიდან შეძლო. ვიდეოს ბოლოს ისმის ხმები, რომელიც ტკივილით არის გამოწვეული.

თავიდან ზურგში წვა იგრძნო, იფიქრა, რომ პოლიციელის ფარი მოხვდა. მისი ჭრილობები პირველად თვალში აქციის მონაწილე გოგონას მოხვდა, რომელმაც მსუბუქად მობანა ზურგი, მერე მეგობარი შეხვდა და სასწრაფოს მანქანასთან მიიყვანა.

საავადმყოფოში ერთი დღე დატოვეს. აქციაზე დაშავებულ სხვა ჟურნალისტებთან ერთად აპირებს სარჩელის შეტანას სასამართლოში.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" აქციის დაშლისთანავე გამოაცხადა, რომ დაკავებულებსა და დაზარალებულებს სამართლებრივი დახმარება გაუწევდა. დახმარებისთვის საიას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 577 07 05 11

სტატია განახლებადია. მას სისტემატიურად დაემატება სხვა დაშავებულების ისტორიები.

თუ იცნობთ ადამიანს, რომელიც დაშავდა აქციის დარბევისას ან დაკავებისას პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მოგვწერეთ მის შესახებ Facebook-ზე, Instagram-ზე ან ელექტრონულ ფოსტაზე: tavisupleba@rferl.org