ამ სტატიაში განვიხილავთ, რა შესაძლებლობებს აძლევს კანონი პატიმარს ვადამდე გათავისუფლებისთვის და არის თუ არა „აღიარება“ მთავარი წინაპირობა.
„დეკემბრის დასაწყისში მამასთან ციხის სოციალური სამსახურიდან მივიდნენ, მან ფურცლები გადაუხია და უთხრა, რომ არანაირი შეწყალება არ სჭირდება“, - უყვება რადიო თავისუფლებას ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულისა და საბოლოოდ, ჯგუფური მოქმედების მუხლით გასამართლებული დემონსტრანტის, ჯანო არჩაიას შვილი, ნია არჩაია.
მამამისის პოზიციაა, რომ შეღავათები არ სჭირდება, „მოიხდის იმდენს, რამდენიც მიუსაჯეს და თავაწეული გავა ციხიდან“.
ჯანო არჩაია სხვა დაკავებულ დემონსტრანტებთან ერთად სასამართლო სხდომაზე
იმავე ფურცლებს ხელი მოაწერა 21 წლის გიორგი გორგაძემ - ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აუხსნა, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლება ავტომატური პროცედურაა და პატიმრის თანხმობა საერთოდ არ სჭირდება და არ არის იგივე, რაც პრეზიდენტის შეწყალება.
გიორგი გორგაძეს პასუხი არ მიუღია. „როცა პასუხი არ მოდის, ეს ნიშნავს, რომ უარი გითხრეს“, - აუხსნეს სხვა პატიმრებმა.
თუ ეს შეწყალება არ არის, და არავის ნებაზე არ არის დამოკიდებული, მაშინ რა ფურცლები შეუტანეს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულ დემონსტრანტებს და საბოლოოდ მისი ხელმოწერის შემდეგაც არ გაათავისუფლეს?
პენიტენციური კოდექსი პატიმრებს ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების რამდენიმე შესაძლებლობას აძლევს, მათ შორისაა:
- პირობით ვადამდე გათავისუფლება;
- სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახით შეცვლა;
- ამნისტია ან შეწყალება;
- ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო [იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც პატიმრის გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს, ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს].
გიორგი გორგაძე, დაპატიმრებული დემონსტრანტი
პირობით ვადამდე გათავისუფლებას ხშირად „უდოს“ ეძახიან. „უდო“ [Условно-досрочное освобождение] რუსული აბრევიატურაა, ხოლო გადაწყვეტილებას ე.წ. უდოს კომისია - პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭო იღებს. თუ საბჭო გადაწყვეტს, რომ მსჯავრდებული სასჯელს სრულ ვადამდე ადრე დატოვებს, ამბობენ, რომ მას „უდო შეეხო“.
ე.წ. უდოს კომისია უფლებამოსილია პატიმარი:
- სასჯელის მოხდისგან ვადაზე ადრე გაათავისუფლოს;
- პატიმრობა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით შეუცვალოს;
- არ გაავრცელოს არცერთი შეღავათი.
ვადაზე ადრე შესაძლებელია გათავისუფლდნენ პატიმრები, რომლებმაც:
- ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ნახევარი უკვე მოიხადეს;
- მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - სასჯელის ორი მესამედი;
- განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე - სასჯელის სამი მეოთხედი.
ნაკლებად მძიმე დანაშაულად მიიჩნევა მუხლები, რომლებიც:
- მაქსიმუმ 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს;
- მძიმე დანაშაულებია ის მუხლები, რომლებზეც სასჯელი 5-დან 10 წლამდეა;
- განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას კი ეკუთვნის დანაშაულები, სადაც 10 წლიდან უვადო პატიმრობაა გათვალისწინებული.
პატიმრობა სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმით შეიძლება შეეცვალოთ მსჯავრდებულებს, რომლებმაც პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარეს:
- ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის 1/3;
- მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის ნახევარი;
- განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში სასჯელის 2/3.
სასჯელის უფრო მსუბუქი ფორმა შეიძლება იყოს შინაპატიმრობა [როცა პატიმარს სამაჯურს უკეთებენ და მის მოძრაობას აკონტროლებენ] და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
შინაპატიმრობის შემთხვევაში პატიმარს დეპოზიტზე შეაქვს 5 000 ლარი, რის შემდეგაც საბჭო მას გასაუბრებაზე იბარებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში პატიმარი სამაჯურით თავისუფლდება და სასჯელის ვადის ამოწურვამდე ყოველ თვე 100 ლარს იხდის.
ამ შეღავათებით სარგებლობისთვის დადგენილ ვადებს პენიტენციური სამსახური აკონტროლებს. ისინი აგროვებენ პატიმრების დახასიათებებს და ადგილობრივ საბჭოს [ცნობილი, როგორც უდოს კომისია] უგზავნიან. საბჭო მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წყვეტს მიაკუთვნოს თუ არა შეღავათები პატიმარს.
ვინ არის საბჭოს [ე.წ. უდოს კომისია] შემადგენლობაში?
საქართველოში სულ ხუთი ადგილობრივი საბჭო მოქმედებს, აქედან სამი აღმოსავლეთ საქართველოშია და ერთი დასავლეთში, ერთი არასრულწლოვნების და ერთი ქალი პატიმრების საქმეებს განიხილავს.
ადგილობრივი საბჭო ხუთწევრიანია, რომლის შემადგენლობაშიც არიან:
ა) პენიტენციური სამსახურის 1 თანამშრომელი (ნიშნავს გენერალური დირექტორი)
ბ) პრობაციის სააგენტოს 1 თანამშრომელი (ნიშნავს გენერალური დირექტორი);
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი (წარადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭო);
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2 წარმომადგენელი - მათ შესარჩევად პენიტენციურ სამსახურში საკოორდინაციო საბჭოს ქმნიან.
პენიტენციური კოდექსის თანახმად, საბჭოს წევრს უნდა ჰქონდეს „სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება“, ასევე შესაფერისი „საქმიანი და მორალური თვისებები“.
საბჭოს წევრების უფლებამოსილება ერთწლიანია. არჩეულ წევრებს შორის არიან სკოლისა და უნივერსიტეტის დირექტორები, მასწავლებლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტრენერები.
ე.წ. უდოს კომისიების წევრები ნახეთ აქ.
21 დეკემბერს ჯგუფური მოქმედების მუხლით მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ „ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი“ და „არ აპირებს ხელი მოაწეროს დოკუმენტებს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება“, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ "უდოს" შემოთავაზებაზე „უარი თქვა“.
ანდრო ჭიჭინაძე, მსახიობი
მის ამ განცხადებას კამპანიურად მოჰყვა სხვა დემონსტრანტების წერილებიც ციხიდან:
„მართალი ადამიანი ვერც იმის შეწყალებას დასთანხმდება, რაც არ ჩაუდენია და ვერც იმას აღიარებს, რაც არ ჩაუდენია, ქვეყნის სიყვარული კი დანაშაული არ არის! ჩვენ ციხე ვერ გაგვტეხს, ჩვენ მათ ციხიდან გავტეხთ“, - დაწერა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
„უსამართლოდ მოსჯილ წლებს პატიოსნად მოვიხდი და აქედან თავაწეული გავალ, სრულიად სუფთა, განსხვავებით მათგან ვინც აქ ჩამსვა. სამშობლოს მომავლის გადასარჩენად ბრძოლის გამო მოსჯილ წლებს პატივად მივიღებ და ისე ვატარებ... შემეხვეწონ, მე რომ შევიწყალო აქეთ“, - დაწერა რეზო კიკნაძემ.
„არ ვაპირებ ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია. არ ვაპირებ შეწყალება ვთხოვო არალეგიტიმურ პრეზიდენტს! სიმართლე ჩემს მხარეს არის და არაფრის ფასად არ დავთმობ ჩემს სიმართლეს. არ გამოგივათ ჭუჭყის ჩამორეცხვა ჩვენს ხარჯზე. „ქოცებო“, მოგიწევთ ამ ტვირთის ზიდვა ცხოვრების ბოლომდე!“ - დაწერა საბა სხვიტარიძემ.
გასულ წლის ნოემბერ-დეკემბერში ჯგუფური ძალადობის პირველ საქმეზე 8 დემონსტრანტი დააკავეს, მეორეზე - 11. მათგან სამს ორგანიზებაში დასდეს ბრალი, დანარჩენებს მონაწილეობაში.
საბოლოოდ, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაადგინა, რომ ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი და ზვიად ცეცხლაძე ჯგუფური ძალადობის კი არა ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორები იყვნენ და ისინი ორი წლითა და 6 თვით ჩასვა ციხეში.
დანარჩენები ჯამში, 16 დემონსტრანტი, მათ შორის ნინო გალუსტაშვილის თავმჯდომარეობით მიმდინარე საქმის 11 ბრალდებული, ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში ცნეს დამნაშავედ. მათგან, განურჩევლად ყველა, ორი წლით დააპატიმრეს.
შეწყალება და ვადაზე ადრე გათავისუფლება სხვადასხვა რამეა. შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. მას შეუძლია შეიწყალოს ნებისმიერი პატიმარი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.
გარდა ამისა, შეწყალებას დანაშაულის აღიარება არ ჭირდება, არც ოფიციალური განცხადება.
აი, მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილმა „ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე შეიწყალა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც ბრალი უღიარებიათ და არც შეწყალება უთხოვიათ.
ისინი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაასამართლეს.
სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, გამოიყენა კონსტიტუციური უფლება და გაათავისუფლა ლიდერები, მას შემდეგ, რაც პარტიამ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაადასტურა.
რადიო თავისუფლებამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰკითხა, რით ხელმძღვანელობს ხოლმე მიხეილ ყაველაშვილი პატიმრების შეწყალებისას. წერილზე პასუხი, მიღებისთანავე ტექსტში აისახება.
დემონსტრანტების შემთხვევაში მიხეილ ყაველაშვილს მკაფიო კრიტერიუმი აქვს - „შეწყალება“, „შეცდომების აღიარება“, „მონანიება“.
„აღიარონ თავიანთი შეცდომები, ამის მიხედვით ვნახოთ, დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალიაქსანდ ლუკაშენკას მსგავსად პოლიტიკური პატიმრების შეწყალებას ისიც ხომ არ აპირებს.
„იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არის კიდევ პოლიტიკური მოტივი, რის გამოც ის ადამიანები, ჩემი აზრით, იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან ზოგიერთები“, - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.
მიხეილ ყაველაშვილი გამოდის სიტყვით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე ღონისძიებაზე
შეთავაზება დანაშაულის აღიარებასა და შეწყალების თხოვნაზე დაპატიმრებული დემონსტრანტების ოჯახებისთვისაც შეურაცხმყოფელია, მიუხედავად იმისა, ყველაზე მეტად მათ უნდათ, რომ ახალ წელსაც მათ გარეშე არ შეხვდნენ.
„თვითონ მოინანიონ, რომ ჩემი შვილი ერთ წელზე მეტია ციხეში გამოკეტეს... მე მირჩევნია, ციხეში იჯდეს თორნიკე, ვიდრე მოინანიოს, რომ აქციაზე გავიდა, როცა დაინახა, რომ მაკა ჩიხლაძეს ლამის კისერი მოატეხეს. ის მოიხდის სასჯელს და ციხიდან თავაწეული გამოვა“, - ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე და ამატებს: „ჩემი შვილის პოზიციაა, რომ თავად არაფერს მოითხოვს და თუ კანონით ეკუთვნის რაიმე შეღავათი, განიხილონ და გადაწყვიტონ“.
ვადაზე ადრე გათავისუფლება ["უდო"], როგორც „კანონით გათვალისწინებული შეღავათი“ თორნიკე გოშაძესთან ერთად ყველა იმ დემონსტრანტს შეეხო, რომლებიც ორი წლით დააპატიმრეს. თუმცა საბჭომ არცერთის გათავისუფლება არ მიიჩნია საჭიროდ. რატომ?
რადიო თავისუფლებას პენიტენციურ სამსახურში განუმარტეს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას საბჭოსთვის მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.
ამას გარდა, ყურადღება ექცევა პატიმრის ყოფაქცევას, დასჯა/წახალისების მექანიზმების გამოყენებას, ადმინისტრაციის დახასიათებას, დაზარალებულის თანხმობას, ნასამართლობის ქონა/არქონას...
სანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა პატიმრებს ე.წ. ანკეტები შეავსებინეს, რომელზე დაყრდნობითაც საბჭოს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამ ანკეტაში კითხვა დანაშაულის აღიარება/არაღიარებაზეც იყო დასმული.
ადვოკატებისა და ოჯახის წევრების ცნობით, ამ კითხვაზე ყველა დაკავებულის პოზიცია ერთსულოვანი იყო - „არანაირი აღიარება“.
„როცა სამართლიანია გადაწყვეტილება, ლოგიკური და სწორია, მოითხოვო აღიარება, მონანიება, დანაშაულის გააზრება, ამ შემთხვევაში კი ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც პოლიტიკური პატიმრები არიან და მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ...“ - ამბობს ირაკლი ქერაშვილის ადვოკატი რევაზ აჭარაძე.
ანდრო ჭიჭინაძემ საბჭოზე მისვლაზეც კი უარი თქვა. კანონის თანახმად, საბჭოს უფლება აქვს პატიმარი დამატებითი გასაუბრებისთვის სხდომაზე დაიბაროს.
„უდოს" კომისიის კითხვარში დააფიქსირეს, რომ ბრალს არ ეთანხმებიან, რომელი მუხლი უნდა აღიარონ? პირველი, მეორე თუ სააპელაციოში მესამე ვარიანტიც იქნება? შეწყალება რომ ნდომოდათ, საპროცესოს დათანხმდებოდნენ...“ - ამბობს ირაკლი მიმინოშვილის დედა, ელენე ხუნდაძე.
მსგავსად მოიქცა გიორგი გორგაძეც, მიუხედავად იმისა, რომ ანკეტას ხელი მოაწერა და ე.წ. სამაჯურით გაშვების იმედიც გაუჩნდა, აღიარება საბჭომ ვერც მისგან მიიღო.
„ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, გიორგის გადასაწყვეტია, ამბობს, რა უნდა ვაღიაროო? ქვის სროლას ადასტურებს, თუმცა თავისი ხელით არაფრის დაწერას აპირებს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი გორგაძის დედამ ტატიანა ბლაგადარნაიამ.
გასული წლის ნოემბრიდან დღემდე სხვადასხვა მუხლით 60-მდე აქტივისტია გასამართლებული. გაამართლეს მხოლოდ სამი: ნიკა კაცია, თედო აბრამოვი, გიორგი ახობაძე. სამივეს ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ. მსჯავრდებულებს შორისაა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
კანონის თანახმად, მორიგი განხილვა ე.წ. უდოს კომისიაზე ექვს თვეში შედგება. პენიტენციური სამსახური ისევ ავტომატურად დააგზავნის შეტყობინებებს პატიმრებთან. ამ სიაში დემონსტრანტების რიცხვს სხვებიც დაემატებიან: ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, ანატოლი გიგაური... საბჭოს პასუხს არც ესენი დაელოდებიან, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.