ხევის პირზე: როგორ აქცია ადიდებულმა მდინარემ დედა-შვილის სახლი საფრთხედ

თუთა ჯგუშიასა და მისი 9 წლის შვილის სახლამდე ახლა მხოლოდ ხუთი მეტრი აშორებს მდინარეს, რომელმაც მათი ეზოს დიდი ნაწილი წაიღო. რამდენიმე დღის წინ, დედა-შვილმა „მზიურის აგარაკებზე“ საკუთარი სახლი დატოვა, არადა თვეებია, თუთა დახმარებას ითხოვდა.

25 მაისს, საღამოს, ლილოს დასახლებიდან ათი წუთის სავალზე, „მზიურის აგარაკებზე“ მცხოვრებ თუთა ჯგუშიას და მის ცხრა წლის შვილს, ების, მათი ეზოს ნახევარზე მეტი ადიდებულმა მდინარემ წაართვა.

ძლიერი წვიმის გამო ნორიოსხევი (მდინარე ლოჭინის შენაკადი) ისე ადიდდა, რომ 1000 კვადრატული მეტრი ფართობის ეზოსგან ორასიღა დატოვა. სახლიდან დაახლოებით ხუთ მეტრში უკვე ხევია.

დედა-შვილი იძულებული გახდა, ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

ამ ამბიდან ოთხი დღეა გასული. ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერჯერობით დროებითი გამაგრებაც კი არ დაუწყია.

ცენტრალური ხელისუფლება კი ამბობს, რომ ჯებირების გაკეთებას შემოდგომაზე დაიწყებს, როცა „ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება“.

თუთა ჯგუშია, რომელიც ახლა ხან ერთ მეგობართან ათევს ღამეს და ხან მეორესთან, ყოველდღე შიშით აკითხავს სახლს - წყალმა სახლამდე ხომ არ მიაღწია, კიდევ ხომ არ მოგლიჯა მიწა. ხომ არ იწვიმებს. ხომ არ ადიდდა ისევ მდინარე.

ასე გამოიყურება ახლა თუთა ჯგუშიას სახლი და ეზო

ბოლო წყალმოვარდნამდე, თუთას და ების სახლს მდინარის კალაპოტამდე დაახლოებით 20 მეტრი აშორებდა. ერთმა წყალმოვარდნამ შეიძლება სახლამდეც მოაღწიოს, დაანგრიოს და თან გაიყოლოს.

ეს თუთას მიერ გადაღებულ ვიდეოშიც კარგად ჩანს.

Your browser doesn’t support HTML5

თუთა ჯგუშიას და მისი შვილის, ების სახლის და ეზოს კადრები წყალმოვარდნის შემდეგ

თუთა ჯგუშიამ სტიქიის დღესვე დარეკა ჯერ 112-ში და შემდეგ ყველა შესაბამის სამსახურს ეზოს ამ მონაკვეთის დროებითი გამაგრება სთხოვა.

„ასე უცებ ვერაფერს იზამდნენ“ - “გადავეცით შესაბამის სამსახურებს”. “ყველა ზომას მივიღებთ”, “ყველა ინფორმირებულია”, - ბოლო დღეებია ასეთია პასუხები, რომლებსაც ის ოფიციალური პირებისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან იღებს.

რადგან გააფრთხილეს კიდეც, რომ იქ დარჩენა უსაფრთხო არ იყო, აუცილებელი ნივთები მანქანის საბარგულში ჩაყარა და სახლი დატოვა.

თუთას და ების მანქანის საბარგული, სადაც ახლა მათი ნივთებია მოთავსებული - ჯერჯერობით დედა-შვილი ვერც სახლში ვერ ბრუნდება და არც ისეთი თავშესაფარი არ აქვთ, სადაც ერთად ყოფნას შეძლებენ.

“მთელი დღე ვურეკავ და ვწერ გარდაბნის მერს, დავით კარგარეთელს, რომელიც არ მპასუხობს არც ზარზე, არც მესიჯზე”, - წერდა თუთა ფეისბუკზე.

დავით კარგარეთელს ჯერჯერობით (ამ სტატიის გამოქვეყნებამდე) ვერც რადიო თავისუფლება ვერ დაუკავშირდა.

როცა გარდაბნის საკრებულოში მარტყოფის წარმომადგენელმა ტერიტორია დაათვალიერა, თქვა, რომ ჩვეულებრივი ტრაქტორით მდინარეს კალაპოტს ვერ შეუცვლიდნენ, უფრო ძლიერი სპეციალური ტექნიკა კი მათ არ გააჩნდათ.

თუთას ურჩიეს, მარტყოფის გამგეობაში დაზარალებულის სტატუსი მოეთხოვა, რომ თავშესაფარი მიეცათ, თუმცა საამისოდ აუცილებელი პირობა ის არის, რომ ადგილზე უნდა იყოს ჩაწერილი.

თუთა და ები თავიანთ სახლთან, "მზიურის აგარაკებზე"

გარდაბნის საკრებულოში ნორიოს წარმომადგენელმა, თორნიკე ქავთარაძემ, დედა-შვილს დროებით თავშესაფრად თავისი სახლი შესთავაზა - დედაჩემის ოთახს დაგითმობთო.

„ან გამგეობას უნდა მიმართოთ, მეტი მე არაფერი შემიძლიაო“.

თორნიკე ქავთარაძემ რადიო თავისუფლებასაც იგივე გაუმეორა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, „ჩართულობა დიდია და უახლოეს მომავალში უნდა იყოს რეაგირებაო“.

მანვე გვითხრა, რომ ბოლო დროს, გაზაფხულობით, ნორიოსხევი ხშირად დიდდება.

„უარესიც მომხდარა. დაახლოებით 2000 წელს იყო, მგონი, დიდი სტიქია, სახლებიც დააზიანა მაშინ, პირუტყვი..."

კიდევ ერთმა ძლიერმა წყალმოვარდნამ, შესაძლოა, ეზოს დარჩენილი ნაწილიც წაიღოს.

ამ გაზაფხულზე, როგორც თორნიკე ქავთარაძემ გვითხრა, "მზიურის აგარაკებზე" წყალმოვარდნის გამო სულ 16 ოჯახი დაზარალდა - „მიწის ნაკვეთები და დამხმარე ნაგებობებია წაღებული ზოგიერთ ოჯახში... თუმცა მანდ ყველა ადგილი არ არის საშიში. მდინარის პირას რომელი სახლებიც დგას, მანდ არის საჭირო ნაპირსამაგრები... თუთა ჯგუშიას სახლის ამბავზე კი გუშინ ველოდით პასუხს, დროებით რისი გაკეთება შეიძლება, მაგრამ ჯერ პასუხი არ ვიცით... ღმერთმა არ ქნას კიდევ დიდი წვიმა მოვიდეს“, - გვითხრა თორნიკე ქავთარაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში თუთას უპასუხეს, რომ ადგილზე ნაპირსამაგრების გაკეთება რამდენიმე თვის მერე დაიწყება, ამისთვის ჯერ ტენდერი უნდა გამოცხადდეს და ყველა “შესაბამისი პროცედურა” უნდა გაიაროს.

დროებითი სამუშაოების ჩატარება “გამგეობის საქმეაო”.

Your browser doesn’t support HTML5

თუთა ჯგუშია მზიურის აგარეკებზე მომხდარ სტიქიაზე

„რამდენი დღე ვიარო კარდაკარ პარკში ჩატენილი თითო ხელი ტანსაცმლით და ვირბინო ნორიოში გულგახეთქილმა, რომ მდინარის იქიდან გამოვხედო, ჩამოიქცა სახლი თუ ჯერ არ ჩამოქცეულა? რა ვქნათ მე და ჩემმა ცხრა წლის შვილმა?“

ცხრა წლის ები ახლა დროებით მამასთან რჩება. შეშინებულია, ღამით ეღვიძება და სახლი ხომ არ დაინგრაო, კითხულობს.

თუთას თბილისში სახლი არა აქვს - თავისი შემოსავლით ახლა არც ბინის ქირაობა და მით უმეტეს, ყიდვა არ შეუძლია. არ იცის სად წავა ხვალ.

ების სათამაშოები ეზოში, რომლებიც მდინარემ წაიღო.

"მზიურის აგარაკები"

"მზიურის აგარაკები", რომელიც გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მარტყოფსა და ნორიოს შორის მდებარეობს. ეს ადგილი წლების წინ აეროპორტის თანამშრომლებისათვის გადაუციათ სააგარაკე მიწებად.

ამ ადგილას, სახლი 1000კვ/მ ეზოთი თუთამ ათი წლის წინ იყიდა და სესხს დღემდე იხდის. მისი დღევანდელი ხელფასის 80% სწორედ ამ გადასახადში მიდის.

ეს სახლი ამ ადგილას 30 წლის წინაა აშენებული - როგორც თავად თუთა გვეუბნება, “დამტკიცებულ-დადასტურებული ყველა შესაბამისი ორგანოს მიერ”.

არავის არასოდეს უთქვამს მისთვის, რომ ეს ტერიტორია სახიფათო იყო - იქ უკვე წლებია არსებობს ეს დასახლება და დაახლოებით 150 სახლიც დგას.

„ერთადერთი, რაც ადგილობრივებისგან მსმენია, ის არის, რომ ნორიოსხევმა შვიდ-ათ წელში ერთხელ ადიდება იცისო“.

თუთა არ არის „მზიურის აგარაკების“ ერთადერთი მცხოვრებელი, რომელიც ხელისუფლების ყურადღებას და დახმარებას ითხოვს. ათი წელია იმავეს აკეთებს მისი მეზობელი ლევან ბროძელიც, რომელსაც 25 წელია ამ ადგილას აგარაკი აქვს და იქ დიდ დროს ატარებს.

თუთას და ების ეზოს ნარჩენი სტიქიის შემდეგ

ლევანიც გვიყვება, რომ ნორიოსხევში წყალმოვარდნები ბოლო ორი-სამი წელია გახშირდა. თუმცა მანამდე, წლების წინ, დაახლოებით 2010-ში, აგარაკების მოსახლეობამ თავისი ძალებით ხევზე ხიდი გააკეთა, რამაც ხევი ჩახერგა, წყალი დაგუბდა და მოვარდნილმა მდინარემ მაშინაც წაიღო ნაკვეთები და ეზოების ნაწილი.

„მას მერე ხან ხიდის გაკეთებას ვითხოვდით, ხან მდინარის ჯებირებს, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, როგორც იქნა, წლების შემდეგ, ერთ მონაკვეთზე, ისიც, მგონი, ვიღაცის ჩარევით, ნაწილობრივ გააკეთეს ეს ნაპირსამაგრები, მაგრამ დანარჩენ ადგილებში, მათ შორის თუთას სახლთანაც, გაუკეთებელი დარჩა... 2020 წელს ისევ მოვაგროვეთ ხელმოწერები, ყველას მივმართეთ - გარდაბნის მერიას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შესაბამის დეპარტამენტებს - თხოვნით, რომ მდინარის ჩაყოლებაზე გაეკეთებინათ ჯებირები, მაგრამ ამაოდ, ყველა ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს“.

მზიან დღეებში წვრილ ზოლად მომდინარე ნორიოსწყალი ადიდების დროს ხეებსაც გლეჯს.

მოგლეჯილი მუხა - პირველი გაფრთხილება

პირველი ნიშანი ბუნებამ თუთა ჯგუშიას სამი წლის წინ მისცა, როცა წყალმა უზარმაზარი მუხის ხე მოთხარა და ხევში წყალი დააგუბა.

ამ ამბიდან მალევე ადიდებულმა ნორიოსწყალმა მისი ეზოს ერთი ნაწილი წაიღო.

თუთამ მაშინაც დახმარება ყველა უწყებას სთხოვა, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. მაშინ პირველად უთხრეს ის, რასაც ახლაც უმეორებენ:

„რომ არსებობს ნაპირსამაგრების „პროექტი“ და რომ გვიან შემოდგომაზე დაიწყებენ კეთებას“.

„მანამდე ჩემი სახსრებით ვიყიდე და მოვაწყვეთ ე.წ. გაბიონები, (მავთულისგან დამზადებული კონსტრუქცია, რომელიც ქვებით ივსება და წყალს აჩერებს), თუმცა ამ წყალმოვარდნამ ხუთივე გაბიონი წამებში გააქრო“, - გვიყვება თუთა.

ბოლო თვეების განმავლობაში ის ჯიუტად, კვირაში ერთხელ რეკავდა „ჯებირების პროექტზე“ პასუხისმგებელ პირთან საგზაო დეპარტამენტში, ირაკლი კაპანაძესთან, რომ შეეტყო, რა ეტაპზე იყო პროცესი და თან აფრთხილებდა, რომ წყლის დონე მატულობდა, რომ ის და მისი შვილი უსაფრთხოდ არ იყვნენ.

ების ღამით ეღვიძება ხოლმე და კითხულობს, მათი სახლი ხომ არ დაინგრა.

„ყველა ჯერზე და დღემდე, ვიღებ პასუხს, რომ პროექტი შედგენილია, ხვალ-ზეგ გამოცხადდება ტენდერი, ორ დღეში გამოცხადდება, პარასკევს გამოცხადდება, აი, ორშაბათს არ გადასცილდება, თვითონ დაგირეკავთ, გადაწყვეტილია, არ ინერვიულოთ, ა.შ. ასე გადის კვირები, თვეები. ალბათ, იმის ბრალია, რომ ერთი ადამიანი ვარ, ერთ დედა-შვილს ეხება ეს ამბავი“.

ირაკლი კაპანაძეს ჩვენც დავურეკეთ - იგივე გვიპასუხა, რაც თუთა ჯგუშიას: ტენდერის გამოცხადებას, გამარჯვებულის გამოვლენას და ა.შ. კანონით გაწერილი პროცედურები აქვს და დრო სჭირდება, დროებითი სამუშაოების ჩატარება კი ადგილობრივი თვითმმართველობის საქმეაო.

„მთავრობის ადმინისტრაციიდან მოვიდა თანხმობა ამ საკითხზე, განკარგულება გამოვა თუ არა, გამოვაცხადებთ ტენდერს. ამ კვირაში თუ არა - იმ კვირაში. თუ ყველაფერი იდეალურად მოხდა, ზაფხულშივე დაიწყება სამუშაოები“, - გვიპასუხა მან.

- რადიო თავისუფლება: და მანამდე რა უნდა ქნას დედა-შვილმა?

- ირაკლი კაპანაძე: ადგილობრივი ხელისუფლება თუ გააკეთებს რამეს, დროებით დამცავს.

ეს თუთას და ების ერთადერთი სახლია, რომელიც დედამ კრედიტით იყიდა და რომლის გადასახადს დღემდე იხდის.

წყალმოვარდნის მოსალოდნელ საფრთხეზე სოციალურ ქსელში თუთამ ორი თვის წინაც ღიად დაწერა - როცა ათასგზის რეკვის, თხოვნის და დახმარების მიღების მცდელობის შემდეგ ვერაფერს მიაღწია:

„ამ სახლში ვცხოვრობ 9 წლის ბავშვთან ერთად და ღამით ცალი ხელით ბავშვს ვარ ჩაბღაუჭებული და ცალი ხელით მატრასს იმის შიშით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება მოვარდეს წყალი და წაგვიღოს“, - წერდა ის.

„არასოდეს ასეთი უმწეობის განცდა არ ჰქონია“, - გვეუბნება დღეს თუთა.

PS: სტატია გამოსაქვეყნებლად უკვე მზად გქონდა, როცა თუთა ჯგუშიას ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ დაურეკა და დაჰპირდა, რომ ადგილზე ვითარების შესასწავლად კიდევ ერთ ჯგუფს გაგზავნიან. თუმცა ჯერ ისევ არ არსებობს კონკრეტული პასუხი, რა ელის თუთას, ცხრა წლის ების, მათ სახლსა და ეზოს.

ასევე ნახეთ

წვიმა, თოვლი, ჰიდროგეოლოგიური პირობები - რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში კურსების მეწყერზე?