გეგმა ვიცე-პრემიერმა ვალერი კივერიმ დნესტრისპირეთის ადმინისტრაციის პოლიტიკურ წარმომადგენელს, ვიტალი იგნატიევს, 26 თებერვალს მოლდოვის რესპუბლიკაში ეუთოს მისიის ტირასპოლის ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
“ერთი-ერთზე” მხარეები ხანგრძლივი პაუზის, ერთი წლისა და ოთხი თვის შესვენების შემდეგ, დნესტრის ომის დაწყებიდან 34-ე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდნენ. შეხვედრას წინ უძღოდა პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადება, რომელიც ტირასპოლში გააკრიტიკეს - მან მოლდოვის მოქალაქეობა ჩამოართვა სეპარატისტული ადმინისტრაციის ცხრა ყოფილ ან მოქმედ წევრს.
«Здравствуйте, коллеги»
„გამარჯობა ყველას, გვიხარია, რომ ტირასპოლში, მოლდოვის რესპუბლიკაში ვართ“, - განაცხადა შეხვედრის დასაწყისში ვიცე-პრემიერმა კივერიმ შეხვედრის დასაწყისში, რომელიც ტირასპოლში მისმა თანმხლებმა ჟურნალისტებმა გადაიღეს.
ეს კივერის პირველი ვიზიტია დნესტრის მარცხენა ნაპირზე მას შემდეგ, რაც 2025 წლის ნოემბერში დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების მიზნით მოლაპარაკებებში კიშინიოვის პოლიტიკური წარმომადგენლის თანამდებობა დაიკავა. მანამდე ის, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დროს, კიევში თავისი ქვეყნის ელჩად მუშაობდა.
ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარება მხოლოდ დიალოგის მაგიდასთან არის შესაძლებელი და რომ კიშინიოვისთვის პრიორიტეტებია დნესტრისპირეთში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და ადამიანებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნა.
ეუთოს მისიის შტაბ-ბინაში შეხვედრაზე, პირველი მივიდა ტირასპოლის პოლიტიკური წარმომადგენელი, ვიტალი იგნატიევი. ის ჟურნალისტებს რუსულად მიესალმა: „Здравствуйте, колеги“ (გამარჯობა, კოლეგებო).
მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებას „კარგ ნიშნად“ მიიჩნევს და რომ მათ უნდა დააკმაყოფილონ „ხალხის მოთხოვნები“ და თავიდან აიცილონ „პოლიტიზაცია“. სხვა საკითხებთან ერთად, მან ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის წინააღმდეგ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა მოითხოვა.
მოლდოვის რესპუბლიკაში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, იზაბელა სილვია ჰარტმანმა, განაცხადა, რომ შეხვედრა „მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯია კიშინიოვისა და ტირასპოლის პოლიტიკურ წარმომადგენლებს შორის დიალოგის გაძლიერებისკენ“.
ჰარტმანმა მოუწოდა მხარეებს, ყურადღება გაამახვილონ „კონკრეტული შედეგების“ მიღწევაზე, რომლებიც მდინარე დნესტრის ორივე ნაპირზე მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება.
"კონვერგენციის ფონდი"
ვიცე-პრემიერმა კივერიმ იგნატიევს განუცხადა, რომ კიშინიოვში პარლამენტი "კონვერგენციის ფონდის" შექმნის შესახებ კანონებს მარტში დაამტკიცებს და შემდგომში მთავრობა განხორციელების მექანიზმს შექმნის.
ეს ფონდი მოაგროვებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ფინანსურ რესურსებს, მათ შორის კიშინიოვის ხელისუფლების მიერ დნესტრისპირეთის ეკონომიკური სუბიექტებისგან აკრეფილ საბაჟო გადასახადებს, მდინარე დნესტრის მარცხენა ნაპირზე სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით.
კივერიმ გამოთქვა რწმენა, რომ რეინტეგრაციის პროცესი იმპულსს იძენს და ერთ-ერთი არგუმენტი, რომელიც მან მოიყვანა, არის ის ფაქტი, რომ დნესტრის მარცხენა ნაპირიდან ათასობით ადამიანი ყოველდღიურად მარჯვენა ნაპირზე მიდის სამუშაოდ ან სასწავლად.
მან ასევე განაცხადა, რომ მარჯვენა ნაპირი სასწრაფო დახმარების - “112-ის” - სამსახურის გაფართოებას შესთავაზებს და პირველი პროექტები შეიძლება განხორციელდეს ტიგინაში, იგივე ბენდერში, დუბესარიში ან რიბნიცაში.
კიშინიოვში გაკეთებულ ცალკე განცხადებაში, ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია სანდუს მიერ დაარსებული, მმართველი "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის" (PAS) წევრმა რადუ მარიანმა განაცხადა, რომ "კონვერგენციის ფონდი" 2026 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება.
თუმცა არაა ცხადი, მიიღებს თუ არა ტირასპოლი კიშინიოვის პროექტებს ამ ფონდიდან, რაც რეინტეგრაციას შეუწყობდა ხელს.
ფოტო: ვიტალი იგნატიევი, ტირასპოლის სეპარატისტული ადმინისტრაციის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ჟურნალისტებთან საუბრისას ტირასპოლში, ეუთოს ოფისის წინ, შეხვედრის შემდეგ. 2026 წლის 26 თებერვალი
რა სურს კიშინიოვს: თავისუფალი გადაადგილება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და განათლება „რუმინულ ენაზე“
ვიცე-პრემიერმა კივერიმ ტირასპოლში გამართულ შეხვედრაზე მოითხოვა, რომ მდინარე დნესტრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ყველა „მოლდოვური სკოლა“ 2026 წლის 1 სექტემბრიდან გადასულიყო „საგანმანათლებლო პროცესზე რუმინულ ენაზე.“
დნესტრისპირეთის რეგიონის სკოლების უმეტესობაში სწავლა რუსულ ენაზეა. მხოლოდ შვიდ სკოლაში სწავლობენ ბავშვები რუმინულ ენაზე, კიშინიოვში დამტკიცებული სასკოლო პროგრამის შესაბამისად. დაახლოებით 20 სკოლაში მოსწავლეები სწავლობენ „მოლდოვურ“ ენაზე, რომელიც კირილიცას ანბანს მოიხმარს.
ისტორიულად, მოლდოვურ-რუმინული ენა, ისევე როგორც დღეს, ლათინურ ანბანს იყენებდა, მაგრამ 1924–1932 წლებში, ხოლო შემდგომ 1938–1989 წლებში, მოლდოვაში რუსულზე - კირილიცაზე დაფუძნებულ ანბანს მოიხმარდნენ.
ამ ანბანს დღესაც იყენებს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონი.
„საქმე პოლიტიკას არ ეხება, არამედ ბავშვებისთვის მშობლიურ ენაზე ღირსეული განათლების მიღების შეთავაზების შესაძლებლობას“, - განაცხადა კივერიმ ტირასპოლში.
კიშინიოვს ასევე სურს დნესტრის გავლით თავისუფალი გადაადგილების უფლება მოქალაქეებისთვის და ტირასპოლისგან მოითხოვს, უზრუნველყოს მარცხენა ნაპირზე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის წვდომა და ასევე - დუბესარის რაიონის ფერმერებისთვის სეპარატისტული ადმინისტრაციის კონტროლს ქვეშ მყოფი გზის აღმოსავლეთით მდებარე მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მისვლის შესაძლებლობის მიცემას.
მოლდოვის მოქალაქეობა დაკარგა კიდევ ცხრა დნესტრისპირელმა
ტირასპოლში “ერთი-ერთზე” ფორმატით მოლაპარაკებების განახლებამდე, პრეზიდენტმა მაია სანდუმ 25 თებერვალს გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც მოქალაქეობა გაუუქმა ცხრა ადამიანს. ისინი დნესტრისპირეთის სეპარატისტულ ადმინისტრაციაში თანამდებობებს იკავებდნენ ან იკავებენ, მათ შორის - ტირასპოლიდან ჩამოსულ ყოფილ „შინაგან საქმეთა მინისტრს“.
ორი მათგანი 1992 წელს მდინარე დნესტრზე მიმდინარე ომში მონაწილეობდა სეპარატისტული სამხედრო სტრუქტურების მხარეს.
მოქალაქეობის გაუქმების პროცედურა დაიწყო საზოგადოებრივი მომსახურების სააგენტომ, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინების საფუძველზე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, სტანისლავ სეკრიერუმ, განაცხადა, რომ მოქალაქეობის გაუქმება გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ეს „მოლდოვის რესპუბლიკის ფუნდამენტურ ინტერესებს“ ეხება.
ტირასპოლმა თითქმის დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება: პოლიტოლოგისა და დნესტრისპირეთის პარლამენტის წევრის, ანდრეი საფონოვის თქმით, მაია სანდუს გადაწყვეტილება წარმოადგენს დნესტრისპირელების „დაშინების აქტს“ და „კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლას“.
ეს პრეზიდენტის პირველი ასეთი ბრძანებულება არ არის. 2025 წლის ივლისში სახელმწიფოს მეთაურმა მოქალაქეობა გაუუქმა კიდევ ხუთ პირს, რომლებიც დნესტრის მარცხენა ნაპირზე რუსეთის სამხედრო სტრუქტურებში ირიცხებოდნენ. მსგავსი ბრძანებულება 2025 წლის ნოემბრის ბოლოსაც გამოიცა.
კივერისა და იგნატიევს შორის 26 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი არ განხილულა.
თუმცა, შეხვედრის შემდეგ დნესტრისპირეთის პრესასთან საუბრისას, იგნატიევმა უკმაყოფილება გამოთქვა კიშინიოვში მიღებულ სხვა „რეპრესიულ ნორმებზე“. მან 2023 წლის საკანონმდებლო ცვლილებებზე განაცხადა, რომ ისინი „სეპარატიზმის კრიმინალიზაციას“ ახდენს და კიშინიოვს მათი გაუქმებისკენ მოუწოდა.