დოღურაშის აღმოჩენა - როგორ ადნობდნენ კოლხები სპილენძს ათასწლეულების წინ

დოღურაში - ასე ჰქვია სოფელს, სადაც 3000-ზე მეტი წლის წინანდელი სახელოსნო აღმოაჩინეს.

სოფელ დოღურაშთან აღმოჩენილი 3000 წლის წინანდელი მეტალურგიული სახელოსნო საქართველოში ყველაზე მასშტაბურია, აქამდე აღმოჩენილებს შორის.

ძვ.წ. მე-13 საუკუნე, ბრინჯაოს ხანა. ეს ის დროა, როცა ხმლით დაწყებული და ნემსით დამთავრებული ყველაფერი ან სპილენძისგან კეთდება ან ბრინჯაოსგან, რომლის მისაღებად ისევ სპილენძია საჭირო. რკინა თუ სადმე არის, ცოტაა და მისგან ბევრს ვერაფერს ამზადებენ.

ცხენისწყლის ერთ-ერთ შენაკადთან ხელოსნებს მადნის სადნობი აქვთ მოწყობილი. როცა გამოზაფხულდება, ადიან და მუშაობენ.

დოღურაში - ასე ჰქვია სოფელს, სადაც 3000-ზე მეტი წლის წინანდელი სახელოსნო აღმოაჩინეს. სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტშია. მაშინ კი, როდესაც პირველად გამართეს სახელოსნო, აქ კოლხური ტომები ცხოვრობდნენ. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ბუნება არ შეცვლილა, მდინარე ისევ ჩამოედინება, იქაურობაც ისევ ტყითაა დაფარული, ხეებიც კი იგივე იზრდება. ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი პეიზაჟი არ არის, მეტალურგიისთვის აუცილებელი პირობაცაა.

სახელოსნოს გასამართად საჭირო იყო მადანი, ამ შემთხვევაში სპილენძის შემცველი ძარღვები; თიხა, რომლისგანაც ქურას და დიდ ქვაბებს - ტიგელებს - ამზადებდნენ; ტყე და წყალი. დოღურაშში ეს ყველაფერი დღემდე მოიპოვება. საჭიროა მოსწორებული ადგილიც: ქურებისთვის, ტიგელებისთვის, მადნის გადამუშავების შედეგად დარჩენილი წიდებისთვის, ადამიანის საცხოვრებლადაც. რამდენი კაცი მუშაობდა სახელოსნოში, არ ვიცით, ალბათ, ათობით. სავარაუდოდ, სეზონურ სამუშაოზე ოჯახებით ადიოდნენ და მცირე მეურნეობაც ჰქონდათ, რადგან კვლევებმა აჩვენეს, რომ იქ შინაური ცხოველებიც ჰყავდათ.

სახელოსნო დოღურაშიდან

წიდებს ანალიზი რომ ჩაუტარეს, ისიც გაირკვა, რომ მის ფორებში შემორჩენილი იყო გვიმრისა და სხვა ისეთი მცენარეების მტვერი, რომლებსაც თბილი კლიმატი უყვართ. ანუ იმ დროს მთიან კოლხაში იმაზე მეტად თბილოდა, ვიდრე ახლა.

ძველ მეტალურგიულ სახელოსნოებზე ინფორმაცია საქართველოში ჯერ კიდევ 60-იან წლებში გამოჩნდა. ამაზე წერდნენ გეოლოგებიც და არქეოლოგებიც. ხალხიც ამბობდა, რომ ტყეში ხეტიალისას თუ ნაკვეთის დამუშავებისას, რაღაც უჩვეულოს პოულობენ. ხალხმა მიიყვანა არქეოლოგები დოღურაშის სახელოსნომდეც და დღემდე შემორჩენილი წიდები აჩვენა. თან რამდენიმე ძეგლი ერთდროულად აღმოაჩინეს, ამიტომ იქაურობა ახლა ასეა დანომრილი: დოღურაში 1, დოღურაში 2, დოღურაში 3... ეჭვობენ, რომ კიდევ იქნება.

რუსუდან ჩაგელიშვილი

„გეოლოგ გიორგი ბარკალაიას 1940 წლის რუკაზე, ამ ადგილიდან ცოტა მოშორებით რვა წერტილი აქვს მონიშნული. ოღონდ ჩვენ ვეღარ მივაგენით. მიწით და მცენარეებით არის დაფარული“, - ამბობს გეოლოგი რუსუდან ჩაგელიშვილი.

დოღურაშზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. მალევე მიხვდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვან ძეგლს გადააწყდნენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა ბრაიან გილმორმა აღმოჩენა ძველი წელთაღრიცხვის XIII-IX საუკუნეებით დაათარიღა. ანუ აქ სახელოსნოები 4-5 საუკუნის განმავლობაში არსებობდა. იცვლებოდა თაობები, უფროსები უმცროსებს ასწავლიდნენ, როგორ მოეძებნათ სპილენძი, როგორ მოეჭრათ ხეები მაშინდელი არც თუ ბასრი ხელსაწყოებით, დაემზადებინათ ნახშირი, და რაც მთავარია, მადანი გადაედნოთ.

შემდეგ სახელოსნოში მუშაობა წყდება, რატომ - არ ვიცით.

დოღურაში 1 დაახლოებით 120 კვ.მ არის, დოღურაში 2 - 88 კვ.მ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო სულავა, რომელიც ექსპედიციას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ გათხრებისას იპოვეს 50-70 სმ დიამეტრის მქონე წიდები, თანაც დასაწყობებული, ანუ საგანგებოდ შენახული იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამოეყენებინათ. რატომ არ გამოიყენეს, ამის გაგება ამდენი წლის შემდეგ ადვილი არ არის.

ექსპედიციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი არქეოლოგი ნანა რეზესიძე ჰყვება, რომ სპილენძს დაახლოებით 1200 გრადუსზე ადნობენ. ამ ტემპერატურაზე ქურის გაცხელებას ნახშირი სჭირდება. ნახშირს ხელოსნები თავად ამზადებდნენ. ამოთხრიდნენ ორმოს, შიგ ხის ნაჭრებს ჩაყრიდნენ, ცეცხლს წაუკიდებდნენ და რაღაც დროის შემდეგ წყალს ასხამდნენ. ნახშირის მაკრობოტანიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ლითონის გადასადნობად იყენებდნენ წაბლს, წიფელს, რცხილას და მურყანს. რადგანაც მაშინ კლიმატი უფრო თბილი იყო, ხეებიც მაღლები და დიდები იზრდებოდა. ეს მნიშვნელოვანია, ნახშირის დასამზადებლად ბლომად ტყე იყო საჭირო.

„ახლა ძნელია მადანი მოძებნო, მაგრამ მაშინ, ინტენსიურად რომ ჩეხდნენ ხეებს, მიწის ეროზია იწყებოდა, ფერდობები იშლებოდა და ახალი, მინერალიზებული უბნები გამოჩნდებოდა ხოლმე“, - ამბობს რუსუდან ჩაგელიშვილი.

დოღურაშში აღმოჩენილ სახელოსნოზე ქურები ქვებისგან და თიხისგან უნდა ყოფილიყო გაკეთებული. მილები თიხის ჰქონდა, ბოლოში ტყავის საბერვლით. ასევე შემორჩენილია ტიგელების ფრაგმენტები და ტონობით წიდა. ნანა რეზესიძე ვარაუდობს, რომ ლითონი მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის არ უნდოდათ და სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ.

ადგილი, სადაც სპილენძს ადნობდნენ

რუსუდან ჩაგელიშვილი ჰყვება, რომ მაშინდელმა ხელოსნებმა არა მხოლოდ სპილენძის მოპოვება იცოდნენ, არამედ ხრიკებიც მისი გადასამუშავებლად. მადანს ამატებდნენ კვარციან ქანებს, რომელთა მეშვეობითაც ახერხებდნენ, მადნისთვის გოგირდი მოეშორებინათ, სპილენძი და რკინა გაეცალკევებინათ.

უშუალოდ სპილენძის ნივთებს ამზადებდნენ უკვე სამჭედლოებში, რომლებიც ბარში იყო, სავარაუდოდ, ცხენისწყლის მარცხენა ნაპირზე, სადეხვიროში, სადაც აღმოჩენილია ძვ.წ.-ის VIII-V საუკუნეების კოლხური ნასახლარი სპილენძ/ბრინჯაოს ზოდით, ყალიბით და წიდებით. სპილენძი სამჭედლოებამდე ურმებით ჩაჰქონდათ.

„ამხელა საწარმო ჯერ არ გათხრილა საქართველოში, არც კავკასიაში. სახელოსნოს ყველა კომპონენტი გვაქვს - დაწყებული პირველადი გამოწვით, ქვის იარაღებით დასრულებული. თან ზუსტად ვიცით, რომ იქ არის მადანი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კულტურის სამინისტრო დაგვეხმარება და კვლევებს გავაგრძელებთ“, - ამბობს ნანა რეზესიძე.

გეოლოგიური მონაცემებით, საქართველოში სპილენძის, დარიშხანის, ანთიმონიტის და პოლიმეტალური 200-ზე მეტი საბადო და მათი ზედაპირული გამოსავალია ცნობილი. თითქმის ყველა მთავარ საბადოზე ნაპოვნია კვალი იმისა, რომ აქ პრეისტორიულ ხანაში მადანს მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ.