დღეს ირინა (მეტსახელად ციყვი) კოლობაევა 63-ე მექანიზებულ ბრიგადაშია და FPV-დრონებს მართავს. ის 20 წლის დაქვრივდა. ამბობს, რომ ციყვი ქმარმა შეარქვა და თავის დროზე, ლიმანის (ქალაქი დონეცკის ოლქში) საცალფეხო ბილიკებიც ასწავლა - თითქოს იცოდა, რომ ერთ დღეს მის გზას გაჰყვებოდა.
ირინა კოლობაევამ თავისი ისტორია რადიო თავისუფლებას უამბო.
- ირინა, დღეს დრონების ოპერატორი ხართ. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- ჯარი რა იყო მაშინ გავიგე, როცა ჩემს მეუღლეს შევხვდი. უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორი იყო. ეს საქმე ძალიან მომწონდა და მაინტერესებდა. მინდოდა მეც მეცადა. ვეხვეწებოდი, წამიყვანე, დამეხმარე სადმე მოვეწყო, მინდა თქვენთან ერთად ვიმუშაო-მეთქი. სულ ერთსა და იმავეს მპასუხობდა: „აი, კუბოში რომ ჩამდებენ, მერე წადი ჯარშიო“.
ირინა ქმართან ერთად
- თავის დროზე ქმრის გამო დონბასში გადახვედით, ეს მაშინ, როცა სხვები ცდილობდნენ, ფრონტის ხაზს გარიდებოდნენ. რატომ?
- იმიტომ, რომ ჩემი ქმარი შორს იყო და მის გარეშე ძალიან მიჭირდა. არ უნდოდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. იცოდა ჩემი ხასიათი. იცოდა, რომ ან ასე იქნებოდა, ან კიდევ უფრო სახიფათო რამეს გავაკეთებდი.
- თქვენ დონბასში ომის დროს დაქორწინდით.
- ქმრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი გვარი მეტარებინა. მე კი ყოველთვის ვფიქრობდი: თუ რამე დაემართებოდა, ვერც საავადმყოფოში ვერ მივაკითხავდი, ვერც სხვაგან.
მე უბრალოდ შეყვარებული გოგო ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. დილის ექვსის ნახევარზე ბიჭებთან ერთად პოზიციებიდან დაბრუნდა. იმ ღამესაც დაბომბვა იყო. არც შუქი, არც - წყალი, არც - საჭმელი. ერთმანეთს ვუთხარით: - წავიდეთ, სლავიანსკში გავისეირნოთ. წავიდეთ! მოდი, დავქორწინდეთ! მოდი! მე მისი თანამებრძოლის კოსტიუმი და სლავიანსკის ბაზარში ნაყიდი ჩუსტები მაცვა, მას სამხედრო ფორმა, ტალახიანი. ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული იყო.
პავლო კოლობაევი
ერთმანეთით ვხარობდით. სხვებისთვის ცოტათი შეშლილები ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი რიგზე იყო. გადავწყვიტეთ, ჯვარი ომის შემდეგ დაგვეწერა. გვინდოდა, ყველაფერი ლამაზად გაგვეკეთებინა: საქორწინო კაბა, კოსტიუმი, ნათესავები, ორკესტრი...
- რატომ არ უნდოდა თქვენს ქმარს, ჯარში წასულიყავით?
- სანამ იმ ბატალიონში მოხვდებოდა, სადაც ახლა მე ვმსახურობ და სადაც ისიც მსახურობდა, სხვა ნაწილში იყო. ოთხასი თუ ხუთასი კაციდან 47 გადარჩა. მეგობრების უმეტესობა დაკრძალა, ადამიანები, რომლებიც მისთვის ოჯახის წევრებივით იყვნენ. ყოველი ასეთი დანაკარგი იმდენად მძიმე იყო მისთვის, მეგონა, გონს ვეღარასოდეს მოვიდოდა. არ უნდოდა, მეც მსგავსი რამ გამომეცადა. მშვენივრად ესმოდა, რომ ჯარში სადმე უსაფრთხო ადგილას არ დავჯდებოდი. ცხვირს ზუსტად იქ შევყოფდი, სადაც თვითონ ყოფდა - სარისკო საქმეებში, პოზიციებზე, სხვადასხვა ავანტიურაში. ძალიან ვუყვარდი და, ალბათ, საკუთარ ნერვებსაც ზოგავდა.
- როგორი ადამიანი იყო თქვენი ქმარი? მოგვიყევით მასზე.
- პავლო რუსლანის ძე კოლობაევი, მეტსახელად „ბარნი“. ჩემზე არანაკლებ სასაცილო მეტსახელი ჰქონდა. „ბარნი“, იმიტომ რომ ერთ-ერთ სწავლებაზე თითქმის მთელი ყუთი „დათუნიები“ შეჭამა. საჰაერო-სადესანტო ძალებში მსახურობდა. ჯერ მზვერავი იყო, შემდეგ - ქვეითი. ერთხელ დაიჭრა და უპილოტო საფრენი აპარატების ჯგუფში გადაიყვანეს, სადაზვერვო დრონების გარე პილოტად. რომ დაიღუპა, დედაჩემმა დამირეკა. ისტერიკაში იყო, მგონი, რაღაც მოხდა, პაშას დედამ ფეისბუკზე პროფილის სურათად შავი სანთელი დააყენაო.
„ბარნი“
20 წლის დავქვრივდი. ჩემი დაბადების დღე ქმრის დაკრძალვიდან მეცხრე დღეს დაემთხვა. ასეთ მომავალს ნამდვილად არ ვგეგმავდი... შემდეგი ორი თვე მხოლოდ ის მახსოვს, რომ ბევრს ვსვამდი. საბოლოოდ რომ არ შევშლილიყავი, სოფლის მაღაზიაში გამყიდველად მოვეწყვე. ერთი თვე ვიმუშავე და, სიმართლე რომ ვთქვა, სწორედ ამან გადამარჩინა.
ვერ ვიტყვი, რომ დიდხანს ვერ ვიჯერებდი. სიკვდილზე ბევრს ვლაპარაკობდით. თითქოს წინასწარ მამზადებდა იმისთვის, რომ ერთ დღეს შეიძლება ვინმეს დაერეკა და ეს ამბავი ეთქვა. ყველაზე რთული უბრალოდ გადარჩენა იყო. მეგონა, ჭკუიდან შევიშლებოდი ან თავს რამეს დავუშავებდი.
ირინა ქმრის საფლავთან
ქვრივისთვის ერთადერთი ნამდვილი მხარდაჭერა სხვა ქვრივი თუ იქნება. მეგობრებისა და ნაცნობებისთვის ყველაფერი სულერთი იყო. მათ ვეღარ ვუგებდი, ისინი კი არც კი ცდილობდნენ ჩემს გაგებას. ამით ჩვენი ურთიერთობა ფაქტობრივად დასრულდა. სამწუხაროდ.
თუ მთლიან საზოგადოებაზე ვისაუბრებთ, ადრე თუ გვიან ომი მათ კარსაც მიადგება.
დაკრძალვიდან ორიოდე კვირის შემდეგ, ცოტა გონს მოვეგე და მივხვდი, ომში წასვლით შურსაც ვიძიებდი და დანაპირებსაც შევასრულებდი. ეს „ცალმხრივი ბილეთი“ იყო. ეს დედაჩემსაც ესმოდა და მამაჩემსაც. ვერაფერს შეცვლიდნენ, მაგრამ ყველაფერს აცნობიერებდნენ.
იმ სამხედრო ნაწილში წავედი, სადაც ჩემი ქმარი მსახურობდა. არმია ჩემთვის სახლი გახდა, ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან რაიმე სახის კავშირი მქონდეს. მათ გარეშე მიჭირს. შვებულებიდან კვირა-ნახევარიც არ გადის, რომ უკვე უკან დაბრუნება მინდა. უზომოდ მიყვარს ადამიანები, რომლებთანაც ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. მართლაც მიყვარს ჩემი სამუშაო.
ირინა კოლობაევა
- ციყვი რატომ შეგარქვეს?
- ოდესღაც, უკეთეს დროში, მე და ჩემი ქმარი მშობლიურ ქალაქში ვსეირნობდით. ორივე ვინიცის ოლქიდან, ილინციდან ვართ. მე გრძელი წითური თმა მქონდა და ორი წინ გამოწეული კბილი. უცებ მითხრა, უი, ციყვი! სად-მეთქი და შენ ხარო. ეს მეტსახელი შემრჩა. მეგობრებიც ასე მეძახდნენ, ხოლო ჩემმა ნათლულებმა მხოლოდ შარშან გაიგეს, რომ სინამდვილეში ირინა მქვია.
- რატომ მაინცდამაინც დრონები?
- მინდოდა ბატონი „ბარნის“ გზას გავყოლოდი, მაგრამ ცოტათი ავცდი. თავიდან ხელში FPV-ს პულტი მომცეს და არა „მავიკის“. პირველად რომ FPV-დრონი ავაფრინე, მაშინვე მივხვდი, როგორი ჩამთრევი იყო. უკვე მაშინ ვხედავდი, რამდენად ეფექტური ხდებოდა FPV-მიმართულება ბრძოლის ველზე.
სწორედ იმ დროს გახმაურდა ამბავი, როგორ გაწმინდა ტყის ზოლი ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსებისა და დამრტყმელი დრონების დახმარებით. მომინდა, მეც ასე გამეკეთებინა.
- რას გრძნობთ, როდესაც დრონს მართავთ?
- ჩვენ ქვეითებისთვის ვმუშაობთ. ჩვენი ბიჭების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ვართ. როდესაც გვატყობინებენ, რომ პოზიციაზე მტერია, ჩვენი დრონები აფრინდებიან და ვეძებთ, რათა, ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენს ბიჭებს რამე დაემართოთ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, შენზე არიან დამოკიდებული.
ამასთან, ეს დიდი დატვირთვაცაა. ფიზიკურადაც ძალიან რთულია, პოზიციებზე ხალხი ცოტაა, ჩვენ კი 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ - ღამის და დღის მორიგეები ერთმანეთს ვცვლით. FPV-დრონების ეკიპაჟში კარგად მუშაობა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც გულით უყვარს საქმე. აქ ყველაფერი თვითდისციპლინასა და მუდმივი განვითარების სურვილზეა დამოკიდებული. ეს საქმე სრულ ჩართულობას მოითხოვს.
FPV-დრონი შენთვის შეიძლება ყველაფრად იქცეს.
ერთხელ „გლოვოს“ კურიერებიც კი გავხდით. ბიჭებთან მისასვლელი ყველა ლოჯისტიკური გზა განადგურებული იყო, ამიტომ დრონებზე საჭმელსა და წყალს ვამაგრებდით და ასე ვაწვდიდით. წერილებსაც ვწერდით: „ძმებო, თქვენთან ვართ, გვესმის თქვენი, გხედავთ. გამაგრდით!“
დრონით მიწოდებული წყალი და საჭმელი
- რა არის ყველაზე მძიმე თქვენს სამსახურში?
- ყველაზე საშინელი და მტკივნეული უსუსურობის განცდაა, როცა ხვდები, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.
უამინდობისას სრულიად უძლურნი ვართ. გვესმის, რომ სადღაც შეტაკებაა, შენ კი ზიხარ და ვერაფრით ეხმარები... არასოდეს მინახავს კადრები, როგორ ატყვევებენ ჩვენს ბიჭებს, მონაყოლით ვიცი, რომ საშინელი სანახავია. იმასაც ხშირად ვხედავთ, როგორ იღუპებიან. საშინელებაა. სასოწარკვეთილება გიპყრობს: შენ თბილ ბუნკერში ზიხარ, თავს ზემოთ ჭერი გაქვს და ვერაფერს აკეთებ. ამის შემდეგ ცდილობ, ცივი გონებით იმოქმედო. სანამ დღეა, მაქსიმუმს აკეთებ, რომ ქვეითებმა ოდნავ მაინც დაისვენონ.
- კიდევ რა გახსენდებათ განსაკუთრებულად?
- როგორც ჩემი ასმეთაური იტყოდა, პილოტი სანამ ერთ „ბუხანკას“ (УАЗ-452-ის ტიპის საბჭოთა მიკროავტობუსი) არ გაანადგურებს, არც უნდა თქვას, პულტი მეჭირაო. შვებულებამდე ბოლო მორიგეობა იყო, ნისლი, წვიმა, თითქმის არაფერი ჩანდა. ტყეს გადავუფრინეთ და უცებ, რაღაც ანათებს. მივუახლოვდით... ღმერთო... „ბუხანკა“! რა კარგია! ეს იყო ჩემი პირველი განადგურებული „ბუხანკა“. ჩვენს მიმართულებაზე ტექნიკა არც ისე ბევრია და გაგიმართლა, ასეთი სამიზნე თუ იპოვე.
კიდევ ერთი ისტორია მაქვს შვილებისთვის მოსაყოლი. მტრის პილოტი გავანადგურე. ეს ძვირად ფასობს.
ირინა კოლობაევა
- გაქვთ შეგრძნება, რომ თქვენი ქმრის საქმეს აგრძელებთ?
- დიახ. მეშინია, რომ მისი ბედი მეწევა, მაგრამ მაინც დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ვეკიდები იმ საქმეს, რომელსაც მთელი სიცოცხლე შესწირა. ზოგჯერ, როდესაც უკვე ზღვარზე ვარ, როცა ვფიქრობ, რომ ცოტაც და ან ნერვები მიმტყუნებს, ან დაღლილობისგან წავიქცევი, მის სიახლოვეს ვგრძნობ. თითქოს ისევ ერთად ვმუშაობთ.
- როგორი გინდათ, რომ ის ხალხს დაამახსოვრდეს?
- ზუსტად ისეთი, როგორიც ახსოვთ: მოღიმარი, სიცოცხლით სავსე. ის ყველას ძალიან გვაკლია. ამაყობდა, რომ სამხედრო მოსამსახურე ერქვა. ფორმაც დაიმსახურა და წოდებაც. ამბობდა, რომ უკვე ყველაზე ძვირფასი - თავისი დრო - შესწირა ქვეყანას, რადგან ნორმალური ახალგაზრდობა არასოდეს ჰქონია. ამბობდა, რომ დონეცკის ოლქისადმი სიყვარული ერთ დღეს დაღუპავდა. ასეც მოხდა.
- რაზე ოცნებობთ?
- არ ვიცი... ყველაფერი, რაზეც ვოცნებობდი, ან წამართვეს, ან უკვე მაქვს.