“ჩვენ გვაქვს ძალა, რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაციები რეალიზებაში მოვიტანოთ” (სტილი დაცულია), - თქვა 9 მაისს მამუკა მდინარაძემ - სუსის ყოფილმა უფროსმა, ამჟამად სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში.
გიორგი უძილაური სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით [ჯაშუშობა] აპრილ-მაისის ორ კვირაში დაკავებული მეორე ადამიანია; პირველი - ევროპის ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობისთვის.
8 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ გიორგი უძილაურს, რომელიც 5 მაისს დააკავეს, “ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნისთვის” ჯაშუშობა ედება ბრალად.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლის, გიორგი უძილაურის ევროპული ქვეყნის ჯაშუშის რანგში დაკავებამ გააჩინა ვარაუდი, რომ შესაძლოა მზადდებოდეს ნიადაგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და NGO-ების წარმომადგენლების ჯაშუშობაში დასადანაშაულებლად, - რომლებსაც „ქართული ოცნება“ და მისი მხარდამჭერები საჯარო საუბრებში „აგენტებად“ და „ჯაშუშებად“ წარმოაჩენენ. მათ წინააღმდეგ, სხვა მუხლებით, უკვე აღძრულია საქმეები, ნაწილმა პატიმრობაც მოიხადა, ნაწილი ჯერ ისევ დაპატიმრებულია.
როდესაც 22 აპრილს ჯაშუშობის მუხლით პირველი ადამიანი დააკავეს და პროსახელისუფლებო მედიამ მიანიშნა, რომ ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა, ოპოზიციური პარტია “თავისუფლების მოედნის” წარმომადგენლებმა საჯაროდაც თქვეს, რომ, შესაძლოა, მზადდებოდეს ნიადაგი „დასავლური ქვეყნების ჯაშუშების“ დასაჭერად.
გავიდა ორი კვირა და 6 მაისს ევროპის ქვეყნის ჯაშუშობისთვის დააკავეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი გიორგი უძილაური, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.
გიორგი შაიშმელაშვილი
“თუ ჩვენი მანამდე გამოთქმული დაშვებები, ჰიპოთეზები სწორი აღმოჩნდა, მაშინ აქედან კიდევ ერთი ჰიპოთეზა შეიძლება გამოვიყვანოთ - ის, რომ, თუკი ხელისუფლებასთან აფილირებული უძილაური დააკავეს [ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის], ხვალ შეიძლება ამავე ბრალდებით დააკავონ რომელიმე სამოქალაქო აქტივისტი, ოპოზიციონერი ან NGO-ს წარმომადგენელი”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას “თავისუფლების მოედნის” თანადამფუძნებელი, თავდაცვისა და უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი შაიშმელაშვილი. ის ხედავს საფრთხეს, რომ ეს შემთხვევა "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის გამოიყენოს.
რა ქმნის ასეთ მოლოდინს?
შაიშმელაშვილი რამდენიმე ფაქტორს ჩამოთვლის:
- ოპოზიციასა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” ხელისუფლება თუ მათი მხარდამჭერები ხშირად წარმოაჩენენ გარე ძალების მიერ მართულ აგენტებად, რომლებსაც ქვეყანაში არეულობა სურთ; უწოდებდნენ მოღალატეებს. 2023 წელს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქართველი პოლიტიკოსების ნაწილი ჯაშუშია.
- 14 წელია, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არ დაუკავებია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირები და არასოდეს დაუჭერია ვინმე ევროპის ქვეყნის ჯაშუშის სტატუსით. “კამპანიური ხასიათი აქვს: ჯერ - რუსეთზე მომუშავე [ჯაშუში], შემდეგ - ევროპაზე მომუშავე. თვითონ მდინარაძემაც თქვა - “რაღაცებს ვეღარ წამოგვაძახებენ აწი”... როდესაც ამას აქვს საზოგადოებრივი აზრის შემზადების წინმსწრები მდგენელი, აჩენს ეს ეჭვებს”.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო წლების ანგარიშები ჰგავდა “კედელზე ჩამოკიდებულ თოფს, რომელმაც დრამის რაღაც ეტაპზე უნდა გაისროლოს”.
ბოლო წლებში სუსის ანგარიშები მიუთითებდნენ გარე ჩარევასა და ცალკეული ადამიანებისა თუ ჯგუფების კავშირზე უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. უკვე წლებია, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას “ქართული ოცნება” ე.წ. გლობალური ომის პარტიას/”დიპ სტეიტს” აბრალებს, რომელიც დასავლეთში ეგულება - ხოლო მისი აგენტურული ქსელის წარმომადგენლებად თვლის ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს თუ კრიტიკულ მედიას.
სუსის 2024 წლის ანგარიშიდან
- “2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად აქტიურად ცდილობდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან კავშირების დამყარებას. ასევე, საკუთარ მიზნებში ჟურნალისტების, კერძო კომპანიების, დიასპორული ორგანიზაციებისა და საქართველოში სხვადასხვა სტატუსით მყოფ უცხო ქვეყნების მოქალაქეების გამოყენებას”.
- “უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები, ასევე, ცალკეული შიდა და გარე აქტორები ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობდნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობები”.
- “შენარჩუნებულ იქნა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია. უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან ერთად მასში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები”.
სუსის 2025 წლის წლის ანგარიშიდან
- “გამოიკვეთა ორგანიზაციები და მათი ლიდერები, ასევე, ცალკეული პირები, რომლებსაც ახლო კავშირები გააჩნიათ უცხოეთში მაღალი თანამდებობის პირებთან და სპეციალურ სამსახურებთან”.
- “დადგინდა, რომ უცხო სახელმწიფოსთან აფილირებული და სპეციალურ სამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციების ზედამხედველობით და დაფინანსებით გამართულ ღონისძიებებში ხდებოდა საექსპერტო და ჟურნალისტური წრეების წარმომადგენელთა ჩართვა".
“გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით”
სუსის ყოფილ უფროსს, ამჟამად სახელმწიფო მინისტრს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში, მამუკა მდინარაძეს, 8 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე არაფერი უთქვამს კონკრეტულად რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ; თუმცა განაცხადა, რომ "ევროპის რამდენიმე ქვეყნის" სპეცსამსახურები “გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით” მუშაობენ საქართველოში და გააფრთხილა ისინი - “ეს ხალხი გაიყვანონ, მოაშორონ იმ საქმიანობას, რასაც ისინი ახორციელებენ”.
ასევე ნახეთ
მდინარაძემ თქვა, რომ უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებულიმდინარაძემ ასევე თქვა, რომ აქვთ “ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაციები” და აქვთ შესაძლებლობა - სხვადასხვა ქვეყნის მიმართ “სხვადასხვა საპროცესო, სამართლებრივი მოქმედებები” შეასრულონ.
მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ "ათეულობით ადამიანის" საქმეზე? შესაძლებელია თუ არა ლაპარაკი იყოს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თუ NGO-ების წარმომადგენლებზე? სახელმწიფო მინისტრისგან პასუხი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.
თუმცა სუსის 2025 წლის ანგარიშში წერია, რომ “სამსახურის უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების მიერ მოპოვებული ათობით ოპერატიული ინფორმაცია ქვემდებარეობით გადაიგზავნა საგამოძიებო უწყებებში, სადაც გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეებზე”.
პარალელურად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები, მათ შორის - სოციალურ ქსელებში - უძილაურის დაკავების შემდეგ, პროცესის გაგრძელებას ოპოზიციისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კონკრეტული გვარების დასახელებით ითხოვენ.
“მტერი ვინ არის, მოყვარე ვინ არის..."
314-ე მუხლი [ჯაშუშობა] ჯერჯერობით არცერთი ოპოზიციონერისთვის თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის არ წაუყენებიათ; თუმცა, მაგალითად, „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ საქმეზე პოლიტიკოსებისთვის წაყენებული ბრალდებები მოიცავს 318-ე [„საბოტაჟი“] და 319-ე მუხლებს [უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება] - რომლებიც, 314-ე მუხლთან ერთად, “სამშობლოს ღალატად” კვალიფიცირდება.
ასევე ნახეთ
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დახურულ დარბაზში ასამართლებენ - “საბოტაჟის საქმე”- სამშობლოს ღალატის მუხლში [307-ე პრიმა] - რომელიც "ქართული ოცნების” უმრავლესობამ სისხლის სამართლის კოდექსში 2025 წელს დააბრუნა, ჩამოთვლილია მთელი რიგი მუხლები [308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან 319-ე], რომელთა შესაბამისი დანაშაულებიც სამშობლოს ღალატად ჩაითვლება. ამ ჩამონათვალშია 314-ე მუხლიც [ჯაშუშობა].
- „სამშობლოს ღალატისთვის“ სასჯელი ჩამოთვლილი კონკრეტული მუხლებით განისაზღვრება, 307-ე პრიმა მუხლზე მითითებით.
2025 წლის მარტში, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვით, პროკურატურაში აღძრული „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ საქმის ფარგლებში დაყადაღდა იმ საქველმოქმედო ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიც, რომლებითაც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და სხვა საჭიროებებს ფარავდნენ.
გამოძიების ყურადღების ცენტრში მოექცა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" დამფუძნებელი თინა ხიდაშელიც. მარტის დასაწყისში სუსში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ, გამოძიების ფარგლებში, იკვლევენ „ავტორების მოტივაციას“ - თუ რა მიზანს ისახავდა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ მომზადებული კვლევები.
ასევე ნახეთ
სუსი ირანის გავლენაზე კვლევების ავტორების მოტივებით დაინტერესდა - გამოძიება დაიწყოასევე ნახეთ
ირანზე პირდაპირ ეთერში საუბრის შემდეგ გია ხუხაშვილი სუსში დაიბარესასევე ნახეთ
გივი თარგამაძე: სუსში აინტერესებდათ ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანასთინა ხიდაშელს რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ტოკიოში, სადაც ის ახლა მუშაობს.
ხიდაშელი ვარაუდობს, რომ გიორგი უძილაურის დაკავება წარმოადგენს ხელისუფლების შეგნებულ სვლას, რომ “აგერ, თავის ერთგულ ჯარისკაცს აკავებენ და ვიღაც აკაცუკი თუ დააკავეს, დიდი ამბავი”; “ეს მაგალითი შეუძლიათ მუდმივად გამოიყენონ და აიფარონ ნებისმიერი სხვა დაკავების გასამართლებლად, ლეგიტიმაციისთვის”; პარალელურად კი - ევროპის დისკრედიტაცია გრძელდება.
“მტერი ვინ არის, მოყვარე ვინ არის, უკვე არეული აქვს ჩვენს ქვეყანაში ეს ორიენტირები ძალიან ბევრ ადამიანს და განსაკუთრებით მათ, ვინც პროპაგანდისტული მედიასაშუალებების აქტიური მაყურებელია, მაგრამ ახლა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანეს - რომ, აი, მტერი ვირტუალური კი არ არის, მტრული საქმიანობაც გამოვლენილია… რომ ევროპა მტერია და რომ ევროპის ქვეყნები ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად არიან გამსჭვალული და ადამიანები ჯაშუშობენ მათ სასარგებლოდ”, - თინა ხიდაშელს არ ესმის, ევროპის ქვეყნების სპეცსამსახურებს საქართველოში ჯაშუშობა რაში სჭირდებათ, როცა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებთან საქართველოს ხელმოწერილი აქვს უამრავი ხელშეკრულება, რომლებიც “ინფორმაციის, მონაცემების, მათ შორის - საიდუმლო მასალების გაცვლას, საზღვართან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას შეეხება”.
ასევე ნახეთ
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, წერილს სწერსასევე ნახეთ
"ანტიევროპული რიტორიკა ჩვენს მეგობრობას აზიანებს", - პაველ ჰერჩინსკის გამოსვლა ევროპის დღეზეევროპული ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიურობის შესახებ ინფორმაციის გახმაურების პარალელურად, “ქართული ოცნება” განაგრძობს მწვავე რიტორიკულ შეტევას ევროკავშირისა თუ მისი ელჩების წინააღმდეგ.
ევროკავშირის ელჩისთვის, პაველ ჰერჩინსკისთვის, მიწერილ ღია წერილში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა გადაუხვია თავდაპირველი ევროპული მისწრაფებებიდან და "საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე".
„ვეღარ გვექნება ის ფუფუნება, რომ ნდობით შევხედოთ ბევრ ქვეყანას”, „ფაქტობრივად, ჩვენს მეგობრობას უპასუხეს ზურგში დანის ჩარტყმით“, - თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან 10 მაისს და აღნიშნა ასევე, რომ ევროპული ქვეყნები საქართველოში „ხელებს აფათურებენ“, „უკანონო ფულს“ ხარჯავენ და ევროპული ფულით ფინანსდებოდა არეულობა საქართველოში.
“მამუკა მდინარაძის კომენტარიდან ალბათ მიხვდით, რომ არის სხვა შემთხვევები, რომლებზეც მიდის დაკვირვება, რომლებიც ცნობილია და არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ დარჩება შეუმჩნევლად საქართველოში სადაზვერვო საქმიანობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა 10 მაისს.
გრიფი “სრულიად საიდუმლო”
“ქართული ოცნების” მომხრეები, სოციალურ ქსელებში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურს უწოდებენ “ნაგავს”, “გამყიდველს”,”ქვეყნის მტერს” - ზოგი სიკვდილით დასჯასაც ითხოვს - თუმცა სასამართლოს მისი ბრალი ჯერ არ დაუმტკიცებია და არც საქმის დეტალები არ გასაჯაროებულა. დიდი ალბათობით, დეტალები არც მომავალში არ გახდება ცნობილი - სასამართლო სხდომები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.
ადვოკატის განცხადებით, უძილაურის საქმეს დაადეს გრიფი “სრულიად საიდუმლო” და მასაც გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინეს ხელი.
ადვოკატმა ბექა გულედანმა მედიას უთხრა, რომ უძილაური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
პროკურატურის თანახმად, უძილაური "მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას". 7 მაისს საქალაქო სასამართლომ უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გაჩენილ შეკითხვებს ბევრისთვის პასუხები ვერც 8 მაისს სუსის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ გასცა. არ ჩანს რა დევს კონვერტში, რომელსაც უძილაური ჯიბეში იდებს და რა უწყისს აწერს ის ხელს. ასევე ყველას აინტერესებს, ვინ არის ადამიანი, რომელიც უძილაურს დაშიფრულ მიმოწერაზე ელაპარაკება [ხმა შეცვლილია, ვიდეოს ადევს თარგმანის ტიტრები] და გადასცემს კონვერტს. თუ ეს იყო სპეცსამსახურის წარმომადგენელი, რა ბედი ეწია მას? - ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ
"ივანიშვილს დააჯერეს ადამიანებმა, რომ გიორგიმ მათ პრორუსულ კურსს უღალატა" - ჯაშუშობაში ბრალდებული უძილაურის ახლობელიგასაიდუმლოებულია 22 აპრილს გახმაურებული საქმის დეტალებიც; როდესაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ადამიანი ახალგორის მკვიდრი, თამაზ გოლოევი, აღმოჩნდა. რადიო თავისუფლებამ მიაგნო და ელაპარაკა მის დედასაც. 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დახურულ სხდომაზე გოლოევს პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის თანახმად, "ამ საქმეზე ბრალდებულები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით აგროვებდნენ და გადასცემდნენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების და სტრატეგიული ობიექტების შესახებ მონაცემებს".
- 314-ე მუხლით გაგლოევის დაკავებისა და კიდევ ორ პირზე ძებნის გამოცხადების შემდეგ, პროსახელისუფლებო „რუსთავი 2-მა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ. გარკვეული მინიშნება, მამუკა მდინარაძის სტუმრობის დროს, პროსახელისუფლებო “იმედის” ეთერშიც გაკეთდა.
- სუსის ინფორმაციით, გოლოევი საქართველოს მოქალაქეა; ხოლო "სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების" თანახმად, მას ასევე აქვს “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა”.
„შეიძლება, ჩემთვის დღეს ძალიან კარგი იყოს ვიღაცეების თვალში, ყურში მოსასმენად და დასანახად თქმა და გაგონება, თუ რომელი ქვეყნის ჯაშუშებზე ვლაპარაკობთ დღეს - პიარულად შეიძლება კარგად გამოჩნდეს - მაგრამ უსაფრთხოების სამსახური არ აპირებს მხოლოდ ერთ ქვეყანაზე გაჩერებას და მერე სხვა უხერხულობები შეიძლება შეიქმნას. ჯობია, თავიდანვე არ ვთქვათ ჩვენ ერთი ქვეყანა, და შემდეგ არც მეორე", – თქვა მდინარაძემ "იმედის" ეთერში და დაამატა – "რაღაცებს ვეღარ წამოგვაძახებენ აწი“.
ასევე ნახეთ
სუსის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული კაცი ახალგორელია - ველაპარაკეთ მის დედასასევე ნახეთ
ცხინვალიდან მოითხოვეს ჯაშუშობაში ბრალდებული გოლოევის გათავისუფლება - მის დაკავებას „გატაცებასა“ და „პროვოკაციას“ უწოდებენჯაშუშობას სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლი განმარტავს, როგორც:
- უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვებას, შენახვას ან გადაცემას, ანდა გამოძალვას ან გატაცებას მათთვის გადაცემის მიზნით;
- აგრეთვე, საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვებას ან გადაცემას.
ჯაშუშობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
სასჯელი ოც წლამდე იზრდება, თუკი ჯაშუშობა ჩადენილია ომის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ანდა როდესაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგს იწვევს.
ასევე ნახეთ
ვახტანგ მაისაია მისი წამების ფაქტების გამოძიებას მოითხოვსსისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას “დისკრედიტირებულს” უწოდებს ვახტანგ მაისაია - სტრატეგიული ანალიზის ცენტრის [GSAC] გეოპოლიტიკური მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, 2009 წელს, სწორედ ჯაშუშობის მუხლით გაასამართლეს; ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის სექტემბერში, ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა, 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ.
დიდი მცდელობების მიუხედავად, მაისაიას საქმეს საიდუმლო გრიფი ამ დრომდე არა აქვს მოხსნილი და, როგორც გვეუბნება, ვერც თავისი საქმის ხელახალი გამოძიების მიზანს ვერ მიაღწია.
“გრიფი საიდუმლო დადებული აქვთ იმ მასალებზე, რომლებითაც პირდაპირ მტკიცდება, რომ მე, აგვისტოს ომის პერიოდში, პირდაპირ ვამხელდი რუსულ აგრესიას. საინფორმაციო ომის ჩვენს სასარგებლოდ განვითარებას ვუწყობდი ხელს. მათ შორის - საერთაშორისო მასმედიას ვაცნობდი, თუ რა დანაკარგები ჰქონდა აგრესორი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს. ეს წერია ბრალში და ეს არის კურიოზი, ფაქტიურად… მაბრალებდნენ, რომ ნატოსა და სხვა ქვეყნების სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა გადამიბირეს… არასოდეს მქონია შეხება სახელმწიფო საიდუმლოებასთან”, - გვეუბნება მაისაია.
მის შემთხვევაში გასაიდუმლოებულია განაჩენიც, რაც იურისტების შეფასებით, კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.
2024 წლის მაისში, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მაისაია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა დაადგინა. მის სასარგებლოდ სახელმწიფოს 15 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. საქმე შეეხება 2009-2010 წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ასევე დადგინდა, რომ პატიმარს არ მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
2009 წელს, როდესაც დააკავეს, ვახტანგ მაისაია აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის ბრატისლავის უნივერსიტეტში და ოფიციალურად თანამშრომლობდა ნატოსთანაც.
როგორც თავად სხვადასხვა დროსაც იხსენებდა - მისი საქმის მასალებში დაფიქსირებული იყო “ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ბრიტანეთის „ინთელიჯენს სერვისი“, ასევე ჩეხეთისა და საფრანგეთის სპეცსამსახურები” და რომ თითქოს ის გადასცემდა ინფორმაციას შვეიცარიულ ფირმა „ნოვარდისს“ - “„ნოვარდისის“ უკან კი, თურმე, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაშინდელი თანამშრომლების მტკიცებით, იმალებოდნენ სლოვაკეთის რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლები, ანუ ნატოს სპეცსამსახურების თანამშრომლები”.
314-ე მუხლით დაკავების ახალ ფაქტებზე მაისაია ამბობს, რომ პროცესის მიმართ ნდობა არა აქვს, რადგან ადამიანები, რომლებიც მის საქმეებს “კერავდნენ”, დღესაც უსაფრთხოებისა და სასამართლოს სისტემებში არიან:
“ჩემს დროს ვინც იყვნენ, იგივე ადამიანები დღესაც კონტრდაზვერვაში არიან; ჩემი მოსამართლე, ვინც გამასამართლა [ზვიად ესებუა], კვლავ სასამართლო სისტემაშია და მურუსიძის კლანის მონა-მორჩილია. როგორ შეიძლება ასეთ სასამართლოს ენდო?!”
ასევე ნახეთ
ჯაშუშობასთან დაკავშირებული მუხლის არაკონსტიტუციური ნაწილივახტანგ მაისაია ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 2012 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს 314-ე მუხლის ჩანაწერების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართა. 2013 წელს მისი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კერძოდ, არაკონსტიტუციურად ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „ან უცხოეთის ორგანიზაციის”, კონსტიტუციის იმ ხანად მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით - რაც შეეხებოდა ყოველი ადამიანის უფლებას, “თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით”. ახლა ეს უფლებები მოქმედი კონსტიტუციის მე-17 მუხლშია თავმოყრილი.
“ეს სიტყვები [“უცხოეთის ორგანიზაცია”] გავაუქმეთ იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლომ მიიჩნია, რომ უცხოეთის ორგანიზაცია შეიძლება იყოს მრავალი სახის და აქ მოიაზრებოდა ნებისმიერი ორგანიზაცია, მარტო ის არა, რომელიც დაზვერვასთან ასოცირდება, არამედ ნებისმიერი - მაგალითად, საერთაშორისო ასოციაცია”, - განმარტავდა საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელი 2013 წელს.