Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძემ თქვა, რომ უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობაშია ბრალდებული

მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი უძილაური ევროპის ერთ-ერთი დიდი ქვეყნის ჯაშუშობისთვის არის დაკავებული.

მთავრობის ადმინისტრაციაში 8 მაისს გამართულ ბრიფინგზე მან ქვეყანა არ დააკონკრეტა, თუმცა ის, რომ გიორგი უძილაური ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს, ცნობილი იყო პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.

ამასთან, მდინარაძემ თქვა, "ერთ ადამიანსაც რომ არ მიეცეს სპეკულირების საშუალება", შეუძლია სთხოვოს "უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ, როგორ გადასცემენ მას კონვერტით თანხას და როგორ აწერს ხელს შესაბამის უწყისს", - თქვა მდინარაძემ.

მან დააკონკრეტა, რომ უახლოეს საათებში "იხილავთ ამ ვიდეოჩანაწერს". ამავდროულად მდინარაძემ თქვა, რომ ვერ გამოქვეყნდება, რა ინფორმაციას გადასცემდა ბრალდებული და მასალების განსაიდუმლოება მეტად ვერ მოხდება, თუმცა არსებობს ბევრი ჩანაწერი.

მდინარაძის თქმით, აქვთ ძალა, "რომ ათეულობით ადამიანზე მიღებული სხვადასხვა ინფორმაცია რეალიზებაში მოვიტანოთ და შესაბამისი მინიშნებები სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებით გავაკეთოთ სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. მაგრამ ვცდილობთ, რომ არ გავაკეთოთ, რადგან ამას თავისი წესი აქვს, მათ შორის სპეცსამსახურების ურთიერთობას. ჩვენ რასაც სხვაგან არ ვკადრულობთ, ნურც ჩვენთან იკადრებენ“.

სუსის ყოფილმა უფროსმა ასევე მიმართა ევროპის ქვეყნებს, რომლებიც, მისი სიტყვებით, საქართველოში "დაზვერვით სამუშაოებს გაცხოველებული და ინტენსიური რეჟიმით" ახორციელებენ, "გაიყვანონ ეს ხალხი და მოაშორონ იმ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვიმუქრები, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენ მინიშნებებს კვლავ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით. მგონი, რაც გავაკეთეთ, საკმარისი უნდა იყოს".

გიორგი უძილაურის საქმე

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის ყოფილი ცოლი ლიკა ნაღებაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი უძილაურის ჯაშუშობა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, "დააჯერეს ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურსს გიორგიმ უღალატა". 7 მაისს უძილაურს პატიმრობა შეეფარდა.


"ვფიქრობ, საქმეში არც საქართველოს ინტერესების საზიანო და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე კავშირის დამადასტურებელი ინფორმაციაა", - განუცხადა მედიას სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი უძილაურის ადვოკატმა ბექა გულედანმა.

გიორგი უძილაური ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

საქმეს კი გრიფი “სრულიად საიდუმლო” ადევს, რაც ადვოკატის სიტყვებით, იმას ნიშნავს, რომ სასამართლო სხდომებიც დახურული იქნება და ადვოკატსაც გაუთქმელობის ვალდებულება აქვს.

ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანს, წარსულში ჟურნალისტსა და "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს, პროკურატურამ ბრალდება 6 მაისს წარუდგინა - საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG