ეკატერინე ჭავჭავაძე - როგორ შეუერთეს სამეგრელო რუსეთს

ეკატერინე ჭავჭავაძის პორტრეტი

ალბათ უნდა გაგიმართლოს, დაიბადო გავლენიან ოჯახში. საუკუნის ყველაზე ნიჭიერი პოეტი ლექსებს გიძღვნიდეს. მერე მთავარზე გათხოვდე და დედოფალი გახდე. მაგრამ ეკატერინე ჭავჭავაძის ცხოვრებაში კარგთან ერთად იმდენი ცუდიც მოხდა, რომ რთულია გაარკვიო, ის ბედნიერი ქალი იყო, თუ უბედური.

ხუთი შვილის გარდაცვალება, ქმრის ნაადრევი სიკვდილი, ოსმალებთან ომი, გადამწვარი სასახლეები, ჩამორთმეული ტიტული და სამთავრო, რომელიც სწორედ მის ხელში შეუერთდა რუსეთს.

ალექსანდრე ჭავჭავაძე

ეკატერინე ჭავჭავაძე თბილისში, 1815 წლის 19 მარტს დაიბადა. მამამ ალექსანდრე ჭავჭავაძემ სახელი რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად დაარქვა. ბავშვს საუკეთესო განათლება მისცეს.

მეფისნაცვალი მურავიოვი, რომელიც ალექსანდრეს ოჯახს იცნობდა, წერდა: „კატინკა ჭავჭავაძე სწავლობდა და თითქმის იზრდებოდა კიდევაც ჩვენთან. მას უაღრესად ფაქიზი, თითქმის გამჭვირვალე სახის ნაკვთები ჰქონდა. იგი ულამაზეს ასულად მიაჩნდათ, მაგრამ მე ამ შეხედულებას არ ვიზიარებ, რადგან მის სახეში ქედმაღლობა გამოსჭვივოდა, იგი მუდამ გონიერი და დაძაბული იყო და იშვიათად იცინოდა. კატინკას ზნეობრივი განწყობილება უფრო მეტად ვლინდებოდა, როცა ხედავდით მისი უფროსი დის ნინოს თვინიერ და მშვენიერ გარეგნობას. კატინკას იმ ხანებში მე, მისი ზვიადი წარმოსადეგობის გამო, ხუმრობით დედოფალს ვეძახდი და ტახტზე ასვლას ვუწინასწარმეტყველებდი. ასეც მოხდა. თუმცა მას მხოლოდ სამეგრელოს ტახტი ერგო, მაგრამ მაინც მბრძანებელი იყო“.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლე წინანდალში

საყურის ჩრდილქვეშ

1939 წელია. ეკატერინე 23 წლისაა, მასზე შეყვარებული ნიკოლოზ ბარათაშვილი ორი წლით პატარაა. ეკატერინე მალე სამეგრელოს მთავარზე დავით დადიანზე გათხოვდება. ბარათაშვილი ხედავს, როგორ ცახცახებს საყურის ჩრდილი ეკატერინეს ყელთან და წინასწარ შურს: „ნეტავი იმას, ვინც თავის სუნთქვას, შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს“...

ეკატერინე დიდი ზარ-ზეიმით მიჰყვება დავით დადიანს. მას, მართალია, „მერანი“ არ დაუწერია, მაგრამ მდიდართან ერთად, განათლებულია და ევროპულ ღირებულებებსაც იზიარებს. ვერც გარეგნობა დაეწუნება. თუ მაშინდელ პორტრეტებს დავუჯერებთ, რაღაცით ჰგავდა კიდეც ეკატერინეს მამას, ალექსანდრე ჭავჭავაძეს.

დავით დადიანის პორტრეტი

უყვარდა თუ არა ტატო ეკატერინეს? ალბათ, არც უმაგისობა იყო. ყოველ შემთხვევაში მისი ნაჩუქარი ხელნაწერი ლექსები მთელი ცხოვრება შეინახა და ბოლოს თავის მოგვარეს ილია ჭავჭავაძეს გადასცა. სწორედ ასე გაიგო ქვეყანამ ნიკოლოზ ბარათაშვილის არსებობის შესახებ.

შვილსაც ნიკოლოზი დაარქვა, პირველ ვაჟს, რომელიც ცოცხალი გადაურჩა.

დავით დადიანზე გათხოვების შემდეგ ეკატერინე ზუგდიდის სასახლეში გადავიდა. პირველი ოთხი შვილი: მართა, ნინო, ალექსანდრე და ლევანი ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით ერთი წლის ასაკისები დაიღუპნენ.

ეკატერინე ჭავჭავაძე შვილთან ერთად

„ჩემო უსაყვარლესო ძმაო, გრიგოლ, ვიცი როგორც გიყვარვარ და როგორც ვარ და როგორც შემიბრალებდი მე ჩემის პატარა ლევანის დაკარგვისათვის. ღმერთმა შენი მტერიც ნუ შეაწუხოს, როგორც ჩემი გული იყოს ამის სიკვდილით დამწვარი. ნეტავი შენი სიცოცხლით ისეთი კარგი და გონიერი არ ყოფილიყო. ორს დღეში ყბაყურისაგან გათავდა. მეორე ბიჭიც ალექსანდრე, მართალია, სნეული იყო, მაგრამ ჩემი გული და სიხარული იმათ სიკვდილმა წაიღო“. - სწერდა ეკატერინე გრიგოლ ორბელიანს.

შემდეგ დაიბადნენ ნიკოლოზი, ანდრია და სალომე და თამარი. მოგვიანებით, უცხოეთში 7 წლის თამარიც გარდაიცვლება და მის პატარა კუბოს დასამარხად საქართველოში გამოგზავნიან.

ასევე ნახეთ

შეყვარებული ბარათაშვილი

ქვრივი დედოფალი და ყირიმის ომი

1853 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა დავით დადიანიც. ნიკოლოზი ჯერაც ბავშვი იყო, ამიტომ სამეგრელოს მმართველად რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე ჭავჭავაძე დანიშნა. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთი პირდაპირ თუ ფარულად ცდილობს შემოიერთოს საქართველოს სამთავროები. ქართლ-კახეთის სამეფო და ბაგრატიონების ტახტი კარგა ხნის წინ გააუქმა.

ასევე ნახეთ

როგორ ასახლებდნენ რუსეთში ქართველ უფლისწულებს

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ბეჟან ხორავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰყვება, რომ დავით დადიანის ძმას გრიგოლ დადიანს სურდა თავად გამხდარიყო სამეგრელოს მთავარი. ის სამთავრო საქმეებს უგულოდ ეკიდებოდა და ამით რუსეთს აჩვენებდა, აი, დედოფალი კარგად ვერ მართავსო. სამთავროში თავადების კიდევ ერთი დაჯგუფება იყო (ელიზბარ ბატონიშვილი, დგებუაძეები, მიქაძეები, ფაღავები…). მათ სამთავროს გაუქმება და რუსეთთან შეერთება სურდათ.

ამასობაში კი საქართველოს ყირიმის ომი წამოეწია.

ყირიმის ნახევარკუნძულზე ხალხს არც ორი საუკუნის წინ ულხინდა. 1853 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი. ორივე მხარე შავი ზღვისთვის იბრძოდა. ოსმალეთს ბრიტანეთი და საფრანგეთი ეხმარებოდნენ. საქართველო, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი, რუსეთს უჭერდა მხარს. ბრძოლები მიმდინარეობდა ბალკანეთსა და კავკასიონშიც, თუმცა ძირითადი ფრონტი მაინც ყირიმში იყო.

ბეჟან ხორავა ჰყვება, რომ 1855 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოხუმში თავი მოიყარა თურქების 45 ათასიანმა ჯარმა. მისი ნაწილი ომერ-ფაშას მეთაურობით სამეგრელოსკენ დაიძრა. სამეგრელოს დაცვა ნაბრძანები ჰქონდა გურიის რაზმს, რომელსაც გენერალი ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი მეთაურობდა.

ივანე ბაგრატიონ-მუხრანელი

ივანე დადიანის სიძე იყო, დავითის დის ნინოს მეუღლე. ზაქარია ორბელიანის წერილიდან ირკვევა, რომ თავიდან მასაც ეკატერინე უყვარდა, მაგრამ ალექსანდრემ არ მიათხოვა: „ივანე მუხრანსკი კვდება კატინასათვის, ნე ნა შუტკუ, - ცოლობა სურს, მაგრამ სტარუხები აყენებენ, ნათესავი არისო“.

თუმცა ივანე ბაგრატიონ-მუხრანელმა ეკატერინეს ვერც ძველი მიჯნურობის ხათრით უშველა და ვერც - დადიანთან მოყვრობის. სამეგრელო თურქებმა დაიკავეს.

სოფელ კოკში, სანარმანიოში, იმ ადგილს, სადაც ბრძოლა გაიმართა, ხალხი დღემდე ,,ნალიმას“ (ლიმა, მეგრ. ბრძოლა) უწოდებს.

ამავე ადგილს უკავშირდება ერთი გადმოცემა. აქვე ახლოს, ენგურზე მორევს ,,ბოჩოშ ნაშქვიდუს“ ეძახდნენ. გადმოცემით, ოქტომბერში თურქებმა დაიჭირეს გლეხი ბოჩო ბიბლაია და უბრძანეს, ისინი ნავით გადაეყვანა ენგურზე. ბოჩო ბიბლაიამ ნავი მორევისკენ წაიყვანა და გადააბრუნა, თურქებიც დაახრჩო და თვითონაც დაიღუპა.

სამეგრელოში შემოჭრილი ომერ-ფაშა ეკატერინე ჭავჭავაძის გადმობირებას ცდილობდა. წერილს-წერილზე უგზავნიდა, მაგრამ ეკატერინე მის სიტყვებს არ ენდო და პარტიზანული ომი წამოიწყო.

„ეკატერინემ ჩაიცვა ჩოხა-ახალუხი, შეჯდა ცხენზე და სახალხო ლაშქრის შესაკრებად სოფლები მოიარა. მოსახლეობას თურქების შემოსევები ახსოვდა და ადვილად დაირაზმნენ. მოგვიანებით ეკატერინე ამისთვის წმინდა გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს. ერთადერთი ქალი იყო, ვისაც ეს ჯილდო ჰქონდა.

ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა, ლონგვორტმა და გრაფმა დე მეფრემ რამდენჯერმე მიმართეს ეკატერინეს. ეუბნებოდნენ, რუსეთის ამბავი დამთავრებულია, დასავლეთს სამეგრელოს სამთავროს დამოუკიდებლობის აღდგენა სურსო. მაგრამ ეკატერინემ მტკიცე პოზიცია დაიკავა და ეს წერილები მეფისნაცვლის თანაშემწეს თავად ბებუთოვს გადაუგზავნა.

შემდეგ ინგლისმა და საფრანგეთმა რუსეთს შავი ზღვიდან ფეხი ამოაკვეთინეს. დასავლეთს რუსეთი აღმოსავლეთისკენ გზის გაკაფვაში ხელს ვეღარ შეუშლიდა და ზავი დაიდო“, - ამბობს ბეჟან ხორავა.

ომის დასრულებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ გაცივდა და პნევმონიით გარდაიცვალა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი. მისი სიკვდილი იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ხმები გავრცელდა, იმპერატორმა ყირიმში დამარცხება ვერ გადაიტანა და თავი მოიწამლაო.

თურქები სამეგრელოდან გავიდნენ, მაგრამ მანამდე გაძარცვეს და გადაწვეს დადიანების სასახლეები და რამდენიმე ეკლესია.

რატომ აჯანყდნენ მეგრელები?

ომერ ფაშას აოხრებულ სამეგრელოში გლეხსაც გაუჭირდა და მთავარსაც, მით უფრო, რომ ომის დროს გლეხობამ მოსავლის აღება ვერ მოასწრო. ისიც უნდა ითქვას, რომ ხალხს ბეღლები არც ომამდე ჰქონდა სავსე.

ბეჟან ხორავა მაშინდელი სამეგრელოს ეკონომიკურ მდგომარეობას ასე აღწერს:

იმ პერიოდის სამეგრელოში ნატურალური მეურნეობა იყო გავრცელებული. ფული თითქმის არავის ჰქონდა. საქონელი საქონელზე იცვლებოდა. მიწას თოხით და ბარით ამუშავებდნენ. მოსახლეობა ძირითადად ღომს და სიმინდს ჭამდა. ისიც არასდროს მოჰყავდათ საკმარისად. მარტისთვის მოსავალი უკვე გამოელეოდათ ხოლმე და სანამ ისევ აიღებდნენ, რამდენიმე თვე მწვანილეულობითა და მოხარშული ხილით გადიოდნენ ფონს.

ყმა-გლეხები თავადაზნაურობას მოსავლიდან აძლევდნენ წილს. ასევე აძლევდნენ ქალიშვილს ან ვაჟს მოსამსახურედ. მუშაობდნენ ბატონის მამულში. ყველა ეს გადასახადი დადგენილი იყო. თუ ბატონი მეტს მოითხოვდა, გლეხი მთებსა და გაუვალ ტყეებში გარბოდა.

ომის შემდეგ აზნაურებმა წელში გამართვა ისევ გლეხების ხარჯზე დააპირეს და ბეგარა გაზარდეს. მაშინ ეკატერინე რუსეთის ახალი იმპერატორის, ალექსანდრე მეორის მეფედ კურთხევის ცერემონიალზე იყო წასული. სამეგრელოს გრიგოლ დადიანი და დავით ჩიქოვანი მართავდნენ.

„დავით ჩიქოვანმა სალხინოს სასახლის აღსადგენად გლეხები გამოიყვანა, თავიანთი ხარჯით უნდა აღედგინათ. სამუშაოზე გამოსულ გლეხებს საჭმელი რომ ეჭამათ, თან სიმინდი მოჰქონდათ. ამ სიმინდის დაფქვაზეც მინდი (მოსაკრებელი) დაუწესა. ეს კი უკვე წესის დარღვევა იყო“, - ამბობს ბეჟან ხორავა.

დაიწყო აჯანყება, რომელიც მალე თითქმის მთელ სამეგრელოს მოედო, რადგან თავადაზნაურობა სხვაგანაც ასე იქცეოდა. შვიდი ათას კაციანი ლაშქარი შეიკრიბა.

„ეკატერინე ჩამოვიდა და გრიგოლ დადიანს პასუხი მოსთხოვა, დალაგებული ქვეყანა დაგიტოვე და რა დამახვედრეო. გრიგოლს უნდოდა, ასეთ რთულ მდგომარეობაში რუსეთს მისთვის მიეცა მთავრობა, ამიტომ მიუშვა ყველაფერი“, - ამბობს ბეჟან ხორავა.

ეკატერინემ აჯანყებულები რომ ვერ დააწყნარა, ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნიკოლაი კოლიუბაკინს სთხოვა დახმარება. კოლიუბაკინმა მომხდარი სათავისოდ გამოიყენა. სამეგრელოში ჩასულმა ვითარება შეისწავლა და დაასკვნა, ეკატერინე მმართველად არ ვარგა, უნდა წავიდეს და სამეგრელოში რუსული ადმინისტრაციის მმართველობა უნდა დამყარდესო.

ეკატერინე ჭავჭავაძე

რუსი მოხელეები დედოფალს სთავაზობდნენ, მიეწერა იმპერატორისთვის, რომ მას არ ძალუძს სამეგრელოს მართვა და ეთხოვა, მიეღო ის თავის მფარველობაში სამემკვიდრეო უფლებებით. მაგრამ ეკატერინე მტკიცედ იდგა თავის განზრახვაზე - სამთავრო ტახტი შვილისთვის შეენარჩუნებინა.

საბოლოოდ ხელისუფლებამ აჯანყება ჩაახშო. დაახლოებით 40 კაცი, მათ შორის აჯანყების ხელმძღვანელები უტუ მიქავა, კოჩა თოდუა და ლევან კვარაცხელია არხანგელსკის გუბერნიაში გადაასახლეს.

გაუქმებული სამთავრო და „განათლება“ რუსულად

რუსეთმა აჯანყება მიზეზად მოიდო და ეკატერინე დადიანისა და მისი დამხმარე საბჭოს (გრიგოლ დადიანი, კონსტანტინე დადიანი, ეპისკოპოსი ზაქარია ჭყონდიდელი) ნაცვლად, სამეგრელოს მმართველად დანიშნა ახალი საბჭო, კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრის იპოლიტ დიუკრუასის თავმჯდომარეობით. ეს მოხდა კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრ ბარიატინსკის 1857 წლის 1 აგვისტოს ბრძანებულებით. უკვე სექტემბერში სამეგრელოს მმართველად ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი, გენერალ-მაიორი ნიკოლაი კოლიუბაკინი დაინიშნა.

სამეგრელოსთვის რომ მოეშორებინათ, იმპერატორმა ეკატერინე ჭავჭავაძე, შვილებიანად პეტერბურგში მიიწვია, აქაოდა, აქ უფრო კარგ განათლებას მიიღებენო.

ეკატერინე ჭავჭავაძე

1867 წლის 4 იანვარს ნიკოლოზ დადიანი მაშინდელი წესებით, სრულწლოვანი (20 წლის) გახდა. უკვე შეეძლო სამეგრელოს სამთავრო გადაებარებინა, მაგრამ იმავე დღეს თხოვნით მიმართა ალექსანდრე II-ს და ტახტზე უარი განაცხადა.

იმავე დღესვე იმპერატორმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც სამეგრელოში რუსეთის მმართველობა დამყარდა.

კომპენსაციის სახით ნიკოლოზ დადიანს უბოძეს 1 მილიონი მანეთი, მამულები სამეგრელოში და ტიტული: ,,უგანათლებულესი თავადი სამეგრელოსი (დადიანი-მინგრელსკი)“.

ეკატერინე ჭავჭავაძე 1882 წელს, 66 წლისა გარდაიცვალა. როდესაც მარტვილის მონასტრის ეზოსკენ მიასვენებდნენ, მთელი მოსახლეობა ტირილით გამოვიდა გზაზე.

ეს მხოლოდ ეკატერინეს გლოვა არ იყო, მისი სახით ხალხი თავის უკანასკნელ დედოფალს ემშვიდობებოდა.