მათი აზრით, რუსეთის მხრიდან კომპრომისზე წასვლის სურვილის და ნავთობკორპორაციების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობისა და გამჭვირვალობის გარეშე კასპიის ზღვის დეგრადაციის შეჩერება ნაკლებად სავარაუდოა. რადიო თავისუფლების პროექტი „აზატიკ აზია“ ჰყვება იმის შესახებ, თუ რა ხდება კასპიის ზღვასთან დაკავშირებით.
კასპიის ზღვა მსოფლიოში უდიდესი გაუდინარი წყალსატევია, რომლის ნაპირებიც ეკუთვნის ხუთ სახელმწიფოს: ყაზახეთს, რუსეთს, აზერბაიჯანს, ირანსა და თურქმენეთს. ტბის სიღრმეში უზარმაზარი სიმდიდრეა: აქ მდებარეობს ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ნავთობისა და გაზის მსხვილი საბადოები.
მიუხედავად მისი უზარმაზარი ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მნიშვნელობისა, კასპიის ზღვაში ორი ათწლეულის განმავლობაში მცირდება წყლის დონე. სანაპირო ზოლმა ათობით კილომეტრით დაიხია, გარემოს დამცველები „დაბინძურების კრიტიკულ დონეზე“ საუბრობენ, ხოლო კასპიის სელაპების პოპულაცია თითქმის 90 პროცენტით შემცირდა.
ყაზახი კაირატ უტეპოვი დეგრადაციას მრავალი წლის განმავლობაში აკვირდება. ის მანგისთაუს ოლქში მუშაობს და რეგულარულად დაფრინავს აქთაუში. ყოველ ჯერზე ერთსა და იმავეს ამჩნევს:
„კასპიის ზღვა ჩვენ თვალწინ მეჩეჩდება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც რამდენიმე თვის განმავლობაში არ ჩადიხარ ზღვაზე და შემდეგ მოულოდნელად გადიხარ სანაპიროზე და ხედავ, რომ იქ, სადაც წინა ჯერზე წყალი იყო, ახლა მოშიშვლებული მიწაა. ბოლო სამი ან ოთხი წლის განმავლობაში ზღვა ნავმისადგომს დაახლოებით 50-60 მეტრით მოშორდა და თავს ცუდად ვგრძნობ, როდესაც აქთაუში მიფრინავ, სანაპიროზე გავდივარ და კასპიის ზღვის ნაცვლად გამეჩეჩებული მიწის ნაკვეთს ვხედავ. ბევრს ვმოგზაურობ მანგისთაუს ოლქში და ყველგან ასეთი სურათია,“ ამბობს უტეპოვი.
გამეჩეჩება და დაბინძურება
აქტივისტები და მკვლევრები დიდი ხანია აღნიშნავენ წყალსაცავში გამეჩეჩებისა და დაბინძურების ზოგად ტენდენციებს. მოძრაობა Save the Caspian Sea-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვადიმ ნი განმარტავს, რომ, ყაზახეთის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უახლესი ინფორმაციის თანახმად, სანაპირო ზოლმა ზოგიერთ ადგილას 35 კილომეტრით დაიხია უკან. 2025 წლისთვის ზღვის საშუალო დონემ მინუს 29 შეადგინა (სიმაღლეების ბალტიკური სისტემით). ეს ისტორიული მინიმუმია 1977 წლის შემდეგ.
„ვკარგავთ მსოფლიოში უდიდეს შიდა წყალსაცავს. და ჩვენი ყველას ყურადღება ერთგვარად გადაერთო არალის ზღვის გარშემო არსებულ ეკოლოგიურ კრიზისზე, სადაც სიტუაცია ყაზახეთის მხარეს მაინც თანდათან უმჯობესდება კოკარალის კაშხლის მშენებლობის გათვალისწინებით. იქ მცირე არალის შენარჩუნებაც კი მოხერხდა. აი, კასპიის ზღვას კი ვკარგავთ“, ამბობს ნი.
ევროპელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლება გამოიწვევს სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ცვლილებებს, უზარმაზარი ზღვისპირა ზოლების გაშიშვლებას და ცალკეული მონაკვეთების გამოშრობას, მათ შორის ყარა-ბოღაზ-გოლის ყურეში.
ამასთან, დაბინძურების საკითხზე კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაა. სახელმწიფო საწარმო „კაზგიდრომეტის“ ცნობით, ყაზახეთში კასპიის ზღვის შენაკადებში ნავთობპროდუქტების კონცენტრაციის გადაჭარბება უმნიშვნელოდ ფიქსირდება.
ცალკეულ შემთხვევებში სანაპირო ზოლის მაცხოვრებლები წყალზე ცხიმოვანი ლაქების შესახებ იტყობინებიან, მაგრამ ამას, როგორც წესი, არ მოსდევს ნავთობპროდუქტებით სერიოზული დაბინძურების ოფიციალური დადასტურება. მაგალითად, 2025 წლის ივლისში მანგისთაუს ოლქის ეკოლოგიის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათ „ვერავითარი ხილული დაბინძურება ვერ აღმოაჩინეს“, თანაც ამაში ნავები და კატამარანები დაადანაშაულეს.
კასპიის ზღვა აქთაუში. 2025 წლის 15 ივნისი
ამავე დროს თანამგზავრული დაკვირვების სისტემები Sentinel-1A და 1C კასპიის ზღვის ზედაპირზე აფიქსირებენ იმას, რასაც გარემოს დამცველები „ნავთობის ლაქებს“ უწოდებენ. თანამგზავრებმა, რომლებიც, სხვა დანიშნულებებს შორის, ნავთობის დაღვრის დასაფიქსირებლადაც გაუშვეს, 2025 წლის ივნისში კასპიის ზღვაში აღმოაჩინეს 40 ლაქა, რომლებიც მოიცავდა 64 კვადრატული კილომეტრის ფართობს - დაახლოებით 9000 საფეხბურთო მოედნის ეკვივალენტს.
ყაზახეთის ეკოლოგიის სამინისტროში ამ მონაცემებს მაშინ დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და მუქ ლაქებს „ჩრდილი“ უწოდეს.
„დარწმუნებით ვერ ვიტყვი, აქტივისტებს აერიათ თუ შეცდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ კოსმოსური ზონდირებისას მონაცემები ხშირად არის ხოლმე დამახინჯებული - ღრუბლები და სხვა ფენომენები გარკვეულ ჩრდილს წარმოშობს. ეს ჩრდილი შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ნავთობის ლაქა ან დაბინძურების წყარო. წელს ასეთი ფაქტი არ მიგვიღია“, განაცხადა ვიცე-მინისტრმა ჟომარტ ალიევმა.
ერთი წლით ადრე, თანამგზავრული სურათების გამოქვეყნების შემდეგ, ყაზახეთის კასპიის შელფზე მდებარე კაშაგანის საბადოს ოპერატორმაც განაცხადა, რომ არავითარი ნავთობის ლაქები არ არის.
ამ დროს გარემოს დამცველი ვადიმ ნი ნავთობის მოპოვებას მთავარ დამაბინძურებლად მიიჩნევს. მან სცადა ნავთობის კონტრაქტების ეკოლოგიურ დანართებზე წვდომის მოპოვება, მაგრამ ყაზახეთის სასამართლოებმა ნის სარჩელის განხილვაზეც კი უარი თქვეს. ახლახან სარჩელი განსახილველად მიიღო ორჰუსის კონვენციის შესაბამისობის კომიტეტმა. გარემოს დამცველი აპირებს მოიპოვოს თავისი უფლება გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომის შესახებ.
ფაუნა და ქალაქები
ცხოველები პირველები რეაგირებენ კასპიის ეკოსისტემის ცვლილებებზე. კასპიის ზღვის სანაპირო რაიონებში ათასობით ფრინველი, სელაპი, გედი და თევზის მრავალი სახეობა იღუპება.
„თვალსაჩინო მაგალითია კასპიის ზღვის სელაპების სიკვდილი 2022 წელს. სახელმწიფო ეკოლოგებმა სხვადასხვა ოფიციალური ვერსია წამოაყენეს, მათ შორის კასპიის ზღვის სელაპის ფიზიკური ტრავმები. ბოლო მეტ-ნაკლებად მიღებული თეორია 2022 წელს იყო, როდესაც დაახლოებით 2000 კასპიური სელაპის გვამი იპოვეს - რომ ეს არის იმუნიტეტის დაქვეითება, რაც წყლის დაბინძურების ზრდასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს გამოწვეულია კასპიის ზღვაში სამრეწველო საქმიანობით, მათ შორის ნავთობის მოპოვებით გამოწვეული გაჟონვებით“, აღნიშნავს ვადიმ ნი.
წყლის კლების გამო აქთაუსა და კურიკის პორტებში მუდმივად მიმდინარეობს ფსკერის გაღრმავება. გემები ამჟამად არასაკმარისად იტვირთება, რადგან პორტებში ზღვის სიღრმე მცირდება. ანალიტიკოსების თქმით, კასპიის ზღვის დაცარიელება საფრთხეს უქმნის შუა დერეფნის განვითარებას, რომლის პოტენციალზეც ასტანა დიდ იმედებს ამყარებს. ჩინეთიდან რუსეთის გვერდის ავლით გამავალი მარშრუტი - ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და შემდეგ ევროპის გავლით - უფრო პოპულარული გახდა იმის გათვალისწინებით, რომ გადამზიდავები რუსეთის ტერიტორიით ტვირთის გადაზიდვაზე უარს ამბობენ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო.
მკვდარი სელაპები კასპიის ზღვის სანაპიროზე. ფოტო გამოაქვეყნა ბლოგერმა აზამატ სარსენბაევმა.
კასპიის ზღვაში წყლის კლება ასევე გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების შეფერხებით ემუქრება ზღვისპირა ქალაქების მაცხოვრებლებს. მაჯილისის დეპუტატის, სერგეი პონომარიოვის თქმით, ეს ქმნის სანაპირო ქალაქებიდან მაცხოვრებლების მასობრივი გადინების საფრთხეს.
ვადიმ ნი დასძენს, რომ კასპიის ზღვაში წყლის შემდგომი კლება სხვა რეგიონებზეც იმოქმედებს.
„კასპიის ზღვის გამეჩეჩება ასევე იწვევს მტვრის ქარიშხლებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კასპიის ზღვის გაშიშვლებული ფსკერიდან მარილებისა და მტვრის გადატანას ის რეგიონებიც იგრძნობენ, რომლებიც კასპიის ზღვის დაბლა დაწევას საკუთარი თვალით ვერ იხილავენ. და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს მოსავლიანობასა და ჯანმრთელობაზე კასპიისპირა ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილში, მათ შორის კასპიის ზღვიდან საკმაოდ დაშორებულ რეგიონებში“, ამბობს ის.
„გადაწყვეტას რადიკალური ცვლილებები დასჭირდება“
ამ პროცესების ფონზე კასპიის საკითხი რეგულარულად წამოიჭრება ხოლმე სახელმწიფოების დონეზე. 2025 წლის სექტემბერში ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა კასპიის ზღვაში არსებულ ვითარებას „სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა, რომ „სიტუაცია ეკოლოგიურ კატასტროფას უახლოვდება“. კასპიისპირა ქვეყნების გაერთიანებული ძალისხმევის მოწოდებით გაეროს ტრიბუნიდან გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. გამეჩეჩების მთავარ მიზეზად მან დაასახელა რუსეთის საქმიანობა მდინარე ვოლგაზე.
„მთავარი მიზეზი კლიმატის ცვლილება არ არის. არაპროგნოზირებადი შედეგების მქონე ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩერებლად კასპიისპირა ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. აზერბაიჯანი ასევე მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს გაეროსთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, თქვა მაშინ ალიევმა.
ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც გამოეხმაურა და აღნიშნა კოორდინირებული მოქმედების აუცილებლობას „მიზეზების მოსაძებნად“.
„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია სტიქიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ვოლგის დელტაში ადამიანის საქმიანობის შედეგების გარდა, ხომ არსებობს სხვა მიზეზებიც, შესაძლოა გლობალური ხასიათისა“, თქვა პუტინმა 2025 წლის ეკონომიკურ ფორუმზე სანქტ-პეტერბურგში.
კასპიის ზღვა. მანგისთაუს ოლქი
საერთაშორისო ორგანიზაციები უმოქმედოდ არ არიან. 2026 წლის აპრილში მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ხუთწლიანი პროექტი Blueing the Caspian Sea, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია, საიდანაც 8,24 მილიონ დოლარს ბანკი გამოყოფს, ხოლო დანარჩენს - გლობალური ეკოლოგიური ფონდი. დაფინანსების მიმღებები არიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქმენეთი. პროექტის მიზანია დაბინძურების მონიტორინგი და ბიომრავალფეროვნების - კასპიის სელაპების, ზუთხისებრთა და საზღვაო ნაკრძალების - დაცვა.
პრობლემას ასტანაში 22-დან 24 აპრილს განიხილავენ რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტზე, სადაც ასევე ისაუბრებენ კასპიისა და არალის ზღვების მდგომარეობაზე.
ვაშინგტონის საკონსულტაციო ფირმა Second Floor Strategies-ის პრეზიდენტი უაილდერ ალეხანდრო სანჩესი ამბობს, რომ 15 აპრილს ვაშინგტონში დაესწრო Atlantic Council-ის დახურულ დისკუსიას, რომელზეც ყაზახეთის მთავრობის მაღალი დონის დელეგაცია იყო მიწვეული. მისი სიტყვებით, ის ასტანის სამიტზე გარღვევას არ მოელის.
„რეალისტურად თუ ვილაპარაკებთ, ვფიქრობ, რომ ვიხილავთ დეკლარაციას, რომელშიც მთავრობები ვალდებულებას იკისრებენ, გააგრძელონ მუშაობა გარემოს დაცვაზე სხვადასხვა მიმართულებით“, თქვა მან. „დონორები, სავარაუდოდ, გამოყოფენ თანხებს კონკრეტული ახალი პროექტებისთვის“.
სანჩესი თვლის, რომ გამოცხადდება ახალი პროექტები, როგორიცაა ხეებისა და მცენარეების დარგვა გარკვეულ რეგიონებში და ინვესტიციების განხორციელება მწვანე ენერგეტიკაში.
„არ მგონია, რომ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვფიქრობ, მთავრობები აღიარებენ, რომ დაბინძურება პრობლემაა, მაგრამ მისი გადაჭრა რადიკალურ (და რთულ) ეკონომიკურ და სამრეწველო ცვლილებებს მოითხოვს“, თქვა მან.
ყოველ კარგ ამბავზე სამი უარყოფითი მოვლენა მოდის
ექსპერტები კასპიის ზღვის გაუარესების მთავარ მიზეზად ასახელებენ წყლის ჩადინების შემცირებას. წყლის დონე იკლებს მდინარე ვოლგაში, რომელიც კასპიის ზღვაში შემდინარე წყლის დაახლოებით 80 პროცენტს უზრუნველყოფს. ამ შემცირების მიზეზად ასახელებენ გლობალურ დათბობასა და ჰიდროელექტროსადგურებისა და წყალსაცავების მშენებლობას, საიდანაც წყლის დიდი მოცულობები ორთქლდება.
2025 წლის მაისში ყაზახეთის წყლის რესურსების პირველმა ვიცე-მინისტრმა, ბოლატ ბეკნიაზმა, გამოაცხადა, რომ აპირებს, რუსეთს შესთავაზოს ვოლგასთან დაკავშირებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რათა რუსეთმა კასპიის ზღვაში წყლის ჩადინება გაზარდოს. რუსეთის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ინსტიტუტის ცენტრალური აზიის სექტორის ხელმძღვანელმა, სტანისლავ პრიტჩინმა, პასუხად განაცხადა, რომ ყაზახეთის მოთხოვნები „გადაჭარბებულია“ - „რუსეთი უბრალოდ ვერსაიდან ვერ მოიტანს ამ წყალს“. 2025 წლის აგვისტოში კი რუსეთის ვიცე-პრემიერმა ვიტალი საველიევმა პუტინს გაუგზავნა წინადადება, შეწყდეს ვოლგა-კასპიის სანაოსნო არხის გაღრმავების პროექტის დაფინანსება და მას წამგებიანი უწოდა.
კასპიის ზღვის პრობლემის გადაჭრა ყველა ზღვისპირა სახელმწიფოს ჩართულობას მოითხოვს, ხაზს უსვამს უაილდერ ალეხანდრო სანჩესი.
„საჭიროა, რომ ხუთმა მთავრობამ აღიაროს, რომ კასპიის ზღვაში ეკოლოგიური კატასტროფა გარდაუვალია; რომ ირანისა და თურქმენეთის მთავრობების ყურადღების ცენტრში მოექცეს გარემოს დაცვა; რომ რუსეთმა მდინარე ვოლგიდან წყალი კასპიის ზღვაში ჩაუშვას; რომ ყველა ქვეყანამ შეწყვიტოს კასპიის ზღვის დაბინძურება და მისგან წყლის აღება (გამტკნარების ქარხნებში ტრანსპორტირებისთვის)“, ჩამოთვლის სანჩესი. „არარეგიონულ დონეზე მსოფლიოსთვის აუცილებელია, რომ იბრძოლოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, რათა შეჩერდეს ტემპერატურის ზრდა, რითაც ცენტრალური აზია ძალიან დაზარალდება“.
კასპიის ზღვის ხედი აქთაუს სანაპიროდან. 2026 წლის 15 აპრილი
ვადიმ ნი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, ყაზახეთის ხელისუფლებამ დანერგოს დაბინძურების დისტანციური მონიტორინგის ავტომატიზებული სისტემები.
„აუცილებელია ამ ინფორმაციაზე საზოგადოების წვდომის უზრუნველყოფა დავების შესამცირებლად. შემდეგ კი ამის საფუძველზე დაწესდეს სანქციები და მოთხოვნები“, ამბობს ის.
ეკოლოგი იმედოვნებს, რომ ასტანის სამიტი საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებების გაძლიერებას და ექსპერტების უფრო ფართო მონაწილეობას გამოიწვევს.
„უნდა გვესმოდეს, რომ კასპიის ზღვაში არსებული სიტუაცია ძალიან სერიოზულია და ის უახლოეს წლებში და ათწლეულებში უნდა მოვაგვაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არალის ზღვაზე კიდევ უფრო სერიოზული ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“, დასძენს ვადიმ ნი.
უაილდერ ალეხანდრო სანჩესი მომავალს გარკვეული სკეპტიციზმით უყურებს. „როდესაც საქმე ზოგადად გარემოს დაცვას ეხება, რეალისტი ვარ, მაგრამ ზოგჯერ პესიმისტიც. ვაშინგტონში ვმუშაობ და ვაკვირდები ეკოლოგიურ საკითხებს მთელ მსოფლიოში. როგორც ჩანს, ეკოლოგიური პოლიტიკის ან მოვლენების შესახებ ყოველ კარგ ამბავზე ორი ან სამი უარყოფითი მოვლენა მოდის“, ამბობს ექსპერტი და იხსენებს პლაჟების დასუფთავებისა და ხეების დარგვის შესახებ მრავალრიცხოვან რეპორტაჟებს, შემდეგ კი ცნობებს ომის დროს თეირანში მჟავა წვიმების შესახებ.