ენა, როგორც ტრიუკი - რა დევს ხელისუფლების მესიჯების ყუთში

როცა დიდი ქალაქიდან პატარა ქალაქში ჩადიხარ, ვინმე აუცილებლად გკითხავს: აბა, რა ხდება ქალაქში? რა ხდება ქვეყანაზე? მაგრამ ორი დღის წინ, რაჭაში ჩასულს, კითხვა ასე დამისვეს: კი მაგრამ, გამჭვირვალობა ცუდი რატომაა? („აგენტების კანონს“ გულისხმობდნენ), ერთი მიზეზი დაგვისახელე!

ადამიანები, რომელთაც შევხვდი, იმ სიტყვებით ლაპარაკობდნენ და იმ კითხვებს სვამდნენ, რაც დღეს ხელისუფლებისგან ისმის. რაჭის ეს ერთი პატარა ქალაქი, ამ მხრივ, არ არის გამონაკლისი.

ამ სტატიაში მოგიყვებით:

  • რა ენით ელაპარაკება ხალხს ხელისუფლება;
  • როგორ ცვლის პროპაგანდა სიტყვებისა და ტერმინების შინაარსს;
  • რას ამბობს ეს სიტყვები და რა ფარავს;
  • და აღწევს თუ არა მიზანს მმართველი ძალის რიტორიკა?

„გარეჯი საქართველოა“, „გლობალური ომის პარტია“ და „აბა, ომი გინდათ?“, „სისხლიანი 9 წელი“, „ვინ დაიწყო ომი?“, „ქართველობას გვართმევენ“, "ლგბტ პროპაგანდა", „გამჭვირვალობა არ გინდათ“, „უცხო ძალა“ - ხელისუფლების ენის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

პოლიტოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი, გია ნოდია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების მოპოვებამდეც ჰქონდა საკუთარი პოლიტიკური პიარის მწყობრი მესიჯბოქსი და ამ დამაჯერებლად შეფუთული გზავნილების ერთობლიობამ მიზანსაც მიაღწია.

პოლიტოლოგი გია ნოდია

გია ნოდია „​ქართული ოცნების“ ხელისუფლების რიტორიკას (რომელიც, ცხადია, ე.წ. უცხოური აგენტების კანონით არ დაწყებულა), „აბსურდის და ეფექტიანი პროპაგანდის პარადოქსულ ნაზავს“ უწოდებს და ამის მკაფიო მაგალითად მოჰყავს ცნობილი კითხვა-ფრაზა „აბა, ომი გინდათ?“

ამ მესიჯის შინაარსი, პოლიტოლოგის აზრით, გათვლილია ადამიანისთვის ყველაზე ძირეულ, მშვიდობისა და უსაფრთხოების მოთხოვნილებაზე.

თუ მას ზედაპირულად შევხედავთ, შესაძლოა, სწორად მოფიქრებულ გზავნილადაც მოგვეჩვენოს, რადგან რუსეთი ქვეყნებს სჯის მათი პროდასავლური ორიენტაციის გამო - დღეს თუ ეს ქვეყანა უკრაინაა, 2008-ში საქართველო იყო. გამოდის, - ეუბნება გია ნოდია რადიო თავისუფლებას, - რომ არ დაისაჯო, არც ეს პროდასავლური ორიენტაცია უნდა გქონდეს:

„ეს გზავნილები გათვლილია სწორედ ასეთ ავტომატურ აღქმაზე: აი, რუსეთი სახიფათოა, საქართველოს ხელისუფლება კი მასთან მშვიდობას ინარჩუნებს. ასეა „აგენტების კანონის“ ე.წ. „გამჭვირვალობის“ იდეაც. გამჭვირვალობა სინამდვილეში საერთოდ არ არის ამ კანონის მიზანი, მაგრამ ფორმალურად შეგიძლია ეს ასე წარმოადგინო“.

ჰიბრიდულ რეჟიმებში ხელისუფლება ნამდვილ მიზნებს ფრთხილად ფუთავს და ხალხამდე ისე მიაქვს, მაშინ, როდესაც ტოტალიტარულ სისტემებში და ავტოკრატიებში ადამიანებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მათი აზრი არავის აინტერესებს. რომ ასეა საჭირო.

„მართალია, ამ ნიშნულამდე ჯერ არ მივსულვართ“, - ამბობს სცენარისტი ქეთი დევდარიანი, "უცხოეთის აგენტების" კანონის თანმდევ გზავნილებზე საუბრისას, თუმცა შენიშნავს, რომ ხელისუფლების მხრიდან, გამჭვირვალობის სახელით შეფუთული ტყუილების მასშტაბი ძალიან დიდია.

სცენარისტი და ტელეწამყვანი ქეთი დევდარიანი

დევდარიანი ტერმინებს მიღმა მნიშვნელობებს ასე ხსნის:

როცა ამბობენ, რა არის გამჭვირვალობაში ცუდი? ეს ნიშნავს - რა არის ცუდი იმაში, რომ გაგაკონტროლოთ, დაგადუმოთ და ასე გავანეიტრალოთ ალტერნატიული აზრი საქართველოში?

„ენის ინსტრუმენტად გამოყენება უკვე კარგად გამოცდილი და დანერგილი რუსული მეთოდია“, - გვეუბნება ის.

მაგალითად, რუსეთში ხელისუფლება „ეკონომიკურ ვარდნას“ „უარყოფით ზრდას“ ეძახის.

იქ პროპაგანდამ მშვენივრად იცის, რომ სამსახურიდან შინ მისულ დაღლილ ადამიანს სიტყვა „დაცემა“ ყურში ცუდად მოხვდება. ზრდა კი, პირიქით.

ეს ტერმინები ხშირად ისეა მოფიქრებული, რომ კითხვის მიამიტურად შემობრუნების შესაძლებლობასაც იძლევა.

მაგალითად, ე.წ. აგენტების კანონზე, რომელსაც ხელისუფლებამ ამჯერად უწოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და რომლის მიზნად „გამჭვირვალობას“ ასახელებს, კითხვა ასე შემობრუნდება ხოლმე - მართლაც, რა არის ცუდი გამჭვირვალობაში?

„ასე იყო „გარეჯი საქართველოაზეც“, როცა გეკითხებოდნენ, რა, არ არის გარეჯი საქართველო? ასეთ დროს, ხანდახან ასახსნელად ნერვები აღარ გყოფნის, მაგრამ დღეს აუცილებლად უნდა გვეყოს ძალა ყველას ავუხსნათ, რა ეშმაკი იმალება დეტალებში. ვუთხრათ, რომ რაც დღეს ხდება, ეს ხელისუფლებაში დარჩენის მექანიზმია და არა გამჭვირვალობაზე ან ტერიტორიულ მთლიანობაზე დარდი“.

- რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ რიტორიკის გააქტიურება ხელახლა?

- მე მგონია, რომ ეს რუსეთის დავალებაა საქართველოს დასასუსტებლად. რომ ქვეყანამ, რომელმაც მიიღო კანდიდატის სტატუსი, ვეღარ გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ გზაზე. დააკვირდით, დღეს მდინარაძე და პუტინი ზუსტად ერთი და იმავე სიტყვებით ლაპარაკობენ: „ცუდია, რომ დარეგისტრირდეთ?“ - ასე დაიწყეს იქაც, აღრიცხვით და რეესტრით.

- რა უნდა დაუპირისპირდეს ამას?

- სიმართლე, რომლის ახსნაც არ დაგვეზარება, ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ჩვენ ეს კანონი უბრალოდ დაგვღუპავს.

„ხელისუფლების ენა“ ფილოსოფოს თამარ ცოფურაშვილს, "მიამიტობის და ცინიზმის ნაზავს" აგონებს. მისი დაკვირვებით, გამოწვევების მიხედვით, ხელისუფლება მხოლოდ ტერმინებს ცვლის ხოლმე.

ფილოსოფოსი თამარ (თათა) ცოფურაშვილი

„ამ ენით მოლაპარაკე პოლიტიკოსი, ტოტალიტარიზმის მომამზადებელი პოლიტიკოსია, როგორც ამას თავის ტექსტში „ტოტალიტარიზმის საწყისებში“ წერს ტოტალიტარიზმის ცნობილი თეორეტიკოსი ჰანა არენდტი, - გვეუბნება თამარ ცოფურაშვილი, - ეს პროპაგანდის ენაა, რომლის საშუალებითაც მყარდება ტოტალიტარიზმი“.

ძველი ამბავია ისიც, ამბობს ცოფურაშვილი, რომ ავტორიტარი ლიდერები, რომლებიც ყოველთვის ღიად იტყუებიან, როგორც წესი, უხერხულობას არასოდეს განიცდიან.

„ეს ტყუილია სწორედ მათი ცინიზმის და მიამიტობის ნაზავი. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ, რომელიც გერმანულად საუბრობს, ძალიან კარგად იცის, რა თქვა ოლაფ შოლცმა, მაგრამ მაინც გვეუბნება, რომ მას ეს კანონი არ უხსენებია და „რუსული კანონი“ არ უგულისხმია. ამის გამო, გერმანიის ელჩი გახდა იძულებული თავად ეთარგმნა და შოლცის სიტყვის თარგმანი გამოექვეყნებინა“.

ან ე.წ. „ეროვნულობის იდეა“ და „ქვეყნის ინტერესების“ დაცვა რომ ავიღოთ.

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ პირდაპირ თქვა, „არცერთი გაერთიანება არ გვიღირს, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ჩემი ქვეყნის ინტერესები, ყველა გაერთიანება, რომელიც შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის ქვეყნის განვითარებას, სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ასეთი გაერთიანება არ მინდაო“.

- ამაში ხელს ევროკავშირი გვიშლის? - ჰკითხეს მას.

- მე არ ვიცი, მაგას საზოგადოება ნახავს და ჩვენ ვნახავთ, ამ რთულ გზაზე, სადაც ვიმყოფებით, - ასეთი პასუხი გასცა კალაძემ დასმულ შეკითხვას.

რას ნიშნავს ქვეყნის ინტერესების დაცვა? ან რა ქართული იდენტობის დაკარგვის ეშინია მმართველ პარტიას?

თამარ ცოფურაშვილი კონტრ-კითხვას სვამს: „კახა კალაძე როცა მილანში თამაშობდა, ქართული იდენტობა დაკარგა თუ ამ გუნდში ყოფნით შეილახა მისი ეროვნული ღირსება? სამწუხაროა, რომ ადამიანები, ასეთი საერთაშორისო კარიერული გამოცდილებით, ქადაგებენ ასეთ პროვინციალიზმს (გლობალური პოლიტიკის კონტექსტს ვგულისხმობ), იზოლაციონიზმს, რომ უნდა ჩავიკეტოთ, პარტნიორებს არ დავუჯეროთ და რაღაც ჩვენი აკვიატებული იდეა უნდა გავიტანოთ... სინამდვილეში, ეს ჩვენი იდეა კი არა, იდეოლოგიური დატვირთვაა - რუსეთი სწორედ ამ იზოლაციონიზმის იდეით შემოდის. და თუ შენ რჩები იზოლაციაში, ესე იგი რჩები რუსეთთან“.

ასევე ნახეთ „მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“ - პრემიერი დასავლეთის ელჩებს დებატებში იწვევს

ცოფურაშვილი მიუთითებს, რომ ირაკლი კობახიძის მოწოდებაც ევროკავშირის ელჩებისადმი „აგენტების კანონზე“ ღია დისკუსია გაემართათ, ცინიკური ჟესტი და პროპაგანდის ნაწილი იყო, რადგან ის ყველანაირ დიპლომატიურ ეტიკეტს ეწინააღმდეგება. თუმცა მას ახლდა ვითომ მიამიტური ფონი:

„მოდით, ვიმსჯელოთ, რა არის ამაში ცუდი?"

სამწუხაროდ, ეს ენა ხელისუფლებამ აირჩია არა მხოლოდ საკუთარ ხალხთან სალაპარაკოდ, არამედ მთელ მსოფლიოსთან საკომუნიკაციოდ, რასაც ძალიან სწრაფად მოჰყვება ქვეყნის იზოლაცია და ამას, თითოეული მოქალაქე მალე შეიგრძნობს - ამბობს ცოფურაშვილი.

ასეთ იზოლაციაში იბადება ჯორჯ ორუელისეული სცენარები.

ლევან ცუცქირიძე

დღეს საქართველოში შექმნილი ვითარება უკვე ახსენებს ორუელის რომანების ცნობილ სიუჟეტებს ლევან ცუცქირიძეს, ორგანიზაციის "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) ხელმძღვანელს და აქვს განცდა, რომ სხვა სიტყვებით, მაგრამ მაინც, ხალხი უკვე იმეორებს ორუელისვე ცნობილ ფრაზებს, რომ „ომი მშვიდობაა“, „მონობა თავისუფლებაა“, „უმეცრება ძალაა“.

ასევე ნახეთ ძალა უმეცრებაშია - რა ხერხებით ამახინჯებს რუსეთი ისტორიას

„ხელისუფლება გეუბნება: არ გინდა არაფრის ცოდნა, მე ვიცი შენ მაგივრად, კარგად იქნები. იყავი ჩემი მორჩილი, მე გამომყევი. ნუ დამისვამ ბევრ შეკითხვას. მემსახურე და იქნები წყნარად და თავისუფლად. ევროპა არის ომის წყარო. ევროპარლამენტარები ერევიან ჩვენს საქმეებში ბინძური ფულით... ანუ მშვიდობის სამყაროს, ევროკავშირს, მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ მართლაც უპრეცედენტო მშვიდობის პროექტს მსოფლიოში, წარმოაჩენენ ომის წყაროდ მაშინ, როცა თავად არიან რუსეთის პოლიტიკის გამტარებლები. ქვეყნისა, რომელიც არის მთავარი არასტაბილურობის და ომის წყარო ჩვენს ქვეყანაშიც და მთელ კონტინენტზეც“.

მაგრამ ხშირად ხალხს უჭირს ასე რადიკალურად ამობრუნებული სინამდვილის დაჯერება. ხალხი ფიქრობს, როგორ შეიძლება ეს ტყუილი იყოს. ალბათ, მართლაც რამე სერიოზულია, ალბათ მართლა ომში გვითრევენ.

ეს, გვეუბნება ლევან ცუცქირიძე, არ არის გასაკვირი, რადგან, ხალხი, ჯერ ერთი, პატიოსანია და მიმნდობი და მეორეც, ამ დარწმუნებაში ჩართულია ხელისუფლების მთელი ტექნიკური რესურსი, მატერიალური შესაძლებლობები და ამას ემატება ადმინისტრაციულ სექტორში დასაქმებული ადამიანების, სოციალურ შემწეობებზე დამოკიდებული ადამიანების, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების მორჩილების უზარმაზარი ხარისხი.. და როცა ყველა - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი, შენი უფროსი გეუბნება ერთსა და იმავეს, ამისგან თავის დაღწევა ძალიან რთულია.

ასევე ნახეთ  პროპაგანდა პირველი კლასიდან

თავიდან რუსეთშიც იცინოდნენ

რუსი ლინგვისტი იგორ ისაევი ამ გადაცემაში (Живой Гвоздь) რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტულ მესიჯებსა და ზოგადად, „სახელისუფლო ენაზე“ დასმულ კითხვებზე პასუხისას შენიშნავს, რომ რუსეთში უკვე „ჩინოვნიკების ენის ცალკე ლექსიკონია შესადგენი“.

ხოლო კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ენით კომუნიკაციამ დაამახინჯოს სინამდვილის აღქმა ან ხალხმა ახალი ამბები არასწორად გაიგოს, პასუხობს, რომ ეს სწორედ ამისთვისაა ჩაფიქრებული.

„არასწორად გაიგეს? ასეც უნდა მომხდარიყო... ხალხი კი ზარმაცია, დიდად არ უყვარს კითხვების დასმა. ურჩევნია, მიწოდებული ინფორმაცია ისე მიიღოს, როგორც მიაწვდიან, დადებით ინფორმაციად... „კროკუსში“ რომ ტერაქტი მოხდა, ტელევიზიები ისეთ ტერმინებს იყენებდნენ, რომ ხალხი ეგრევე ვერ მიმხვდარიყო, რომ ეს ტერორისტული აქტი იყო“.

აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სტოკჰოლმის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ამ სტატიაში სახელწოდებით “პუტინის ენის გამოწვევა“ ავტორი წერს, როგორ შეიძლება ავტორიტარული მთავრობების მიერ ენის ბოროტად გამოყენება უსამართლო პოლიტიკური წესრიგის დაკანონების მიზნით ან საზოგადოებაში არსებული პრობლემების დასაფარად.

სტატიის ავტორს მაგალითად მოჰყავს ვლადიმირ პუტინის პოლიტიკური რიტორიკა, რამაც წლების განმავლობაში საზოგადოებაში გააჩინა აგრესიული და მილიტარიზებული კლიმატი, რომლის კულმინაციაც იყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ან ის, თუ როგორ იქცა „კოლექტიური დასავლეთი“ მტრად და საფრთხედ.

იხსენებს, როგორ უწოდებს კრემლი უკრაინის მთავრობას „რეჟიმს“, რაც გულისხმობს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა არალეგიტიმურია. იხსენებს, რომ პუტინი არ მოიხსენიებდა ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის სახელით და მის მიმართ იყენებდა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა, მაგალითად, „გარკვეული პოლიტიკური ელემენტი“, „ეს პერსონაჟი“: „ოპონენტის მოსაკლავად, პუტინს ჯერ ის არაადამიანად უნდა ექცია“, - წერს ავტორი.

„უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ რუსულ მედიაში უამრავ მასალას იპოვით, როგორ დასცინოდნენ თავიდან „აგენტების კანონს“ და მის ირგვლივ წამოწყებულ პროპაგანდას რუსეთში - დღეს იქ რა ხდება, მთელი მსოფლიო ხედავს.

ასევე ნახეთ რუსეთში იქმნება პატრიოტული აღზრდის სამინისტრო