ერთი ინციდენტის სხვადასხვა ვერსია - რა მოხდა გარეჯში?

დავით გარეჯში ახლა სიმშვიდეა, თუმცა 14 ივლისს, უდაბნოს მონასტრის ფერდობზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები ცდილობდნენ კელიებში შეეტანათ ის ხატები, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გამოიტანეს და ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს. რატომ გამოიტანეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ხატები - ამასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება.

დაპირისპირების მეორე დღესვე, 15 ივლისს, დავით გარეჯში ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ, თეიმურაზ კუპატაძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ფერდობზე კიდევ რამდენიმე დღით შეიზღუდება გადაადგილება. შემდეგ კი, უახლოეს დღეებში, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე (მათ შორის - ჩიჩხიტურისა და აღგომის მონასტრებისკენ) გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ ტურისტები და მომლოცველები.

“გუშინ ადგილობრივი მოსახლეობა ავიდა საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, სადაც როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან.

მათ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა (აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს). შემდეგ მოხდა მცირე ინციდენტი, თუმცა სიტუაცია, მათ შორის - ქართველი მესაზღვრეების ჩარევის შედეგად, დროულად იქნა განმუხტული. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. არის მშვიდი ვითარება", - თქვა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა.

დღესვე განცხადება გაავრცელა აზერბაიჯანის სახემწიფო საზღვრის სამსახურმაც. “საქართველოს მოქალაქეებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის შამკირის სასაზღვრო ჯგუფის წინააღმდეგ ინციდენტის პროვოცირება განახორციელეს. სახელმწიფო საზღვრის სამსახურის თანამშრომლებმა სასწრაფოდ მიიღეს შესაბამისი ზომები, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა,“ - აცხადებს აზერბაიჯანული მხარე.

აქტივისტების მონათხრობი ოფიციალურ განცხადებებს ეწინააღმდეგება

უდაბნოს მონასტრის კელიებიდან ხატების გატანის მიზეზზე ორი სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთს აქტივისტები ყვებიან, მეორე კი - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალური პირების განცხადებებიდან ვიცით.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი დავით ქაცარავა 14 ივლისს ფეისბუკში წერდა: “მას მერე, რაც რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს კელიებიდან ამოიტანეს ხატები და გადმოსცეს ჩვენ მესაზღვრეებს, გზავნილით რომ უდაბნოს კელიები აღარაა საქართველოს საკუთრება და აწი ჩვენ ქართველებს აღარაფერი გვესაქმება იქ, რეაგირება ხელისუფლების მხრიდან იყო ნულოვანი”.

ხატების გამოტანის ფაქტზე და მის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე რადიო თავისუფლებას აქტივისტმა გიორგი კურდღელაშვილმაც უამბო. მისი აღწერით, წინა კვირაში ათზე მეტი ხატი იყო გამოტანილი უდაბნოს მონასტრის ქედის ქვემოთ არსებული გამოქვაბულებიდან, რომელიც კომპლექსის ნაწილია და მასში მრავლად არის ფრესკებიც. ეს ხატები მისი თქმით ქართველ მესაზღვრეებს გადასცეს, ამ ამბის შესახებ კი მხოლოდ შაბათს, 13 ივლისს, შეიტყვეს აქტივისტებმა. სწორედ ამის შემდეგ გაემგზავრა აქტივისტების ჯგუფი დავით გარეჯში - ხატების დაბრუნების მიზნით.

ფეისბუკში ბოლო ორი დღეა აქტიისტები წერენ, რომ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს კელიები საპირფარეშოებად ჰქონდათ გამოყენებული. ამ თემაზე კამათი ისმის ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 14 ივლისსა გადაღებული.

აქტივისტების მონათხრობის მიხედვით, საბოლოოდ ინციდენტი იმით ამოიწურა, რომ კელიები თავად აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაასუფთავეს და აქტივისტებს ხატების დაბრუნების საშუალებაც მისცეს; თავად კი უდაბნოს მონასტრისგან მოშორებით, არასადაო ტერიტორიაზე განაგრძეს პატრულირება.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე კი აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ ხატების გატანის მიზეზს შემდეგნაირად ყვება: "მათ [აზერბაიჯანულმა მხარემ] განმარტეს, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ხატები ზიანდებოდა, როგორც ქარის, ასევე წვიმის შემთხვევაში. ბრალდებები რომ არ ყოფილიყო მათი მისამართით, რომ ეს მათ დააზიანეს, ამიტომ ამოიტანეს ხატები აღდგომის მონასტერში და გადმოსცეს ჩვენს მესაზღვრეებს​"-​ განაცხადა კუპატაძემ.

რა ხდება დღეს - გარეჯში, თბილისსა და ბაქოში?

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დღესაც უდაბნოს მონასტრიდან მოშორებით დგანან. ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერი დავით ქაცარავაც, რომელიც დილიდან გარეჯში იმყოფება. ის ხელისუფლებისგან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს.

“დელიმიტაციის კომისია და ჩვენი მთავრობა თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან. ეს, ბუნებრივია, საზოგადოებაში ნეგატიურ დამოკიდებულებას აჩენს. ჩნდება იმის განცდა, რომ ჩვენ დათმობით პოზიციებზე ვდგავართ. იმედია, ეს ასე არ არის”, - ამბობს ქაცარავა.

აღსანიშნავია, რომ 15 ივლისს, დილიდან აქტივისტები საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრას ელოდნენ. თუმცა საგარეჯოდან საგანგებოდ ჩამოსულებს საგარეო უწყებაში არავინ შეხვდა.

ბაქოში კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში, 14 ივლისის ინციდენტზე სასაუბროდ საქართველოს ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ trend.az-ი ავრცელებს.

“წუხილით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედებები სრულად ეწინააღმდეგება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობას. აზერბაიჯანი ამ ფაქტს პროვოკაციად აფასებს, რომელიც გათვლილია ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების შექმნაზე”, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

15-16 ივლისს, ბაქოში ქართულ დელეგაციას მასპინძლობენ. იქ გაემგზავრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით. დელეგაცია სამმხრივ ფორმატში ხვდება აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტებს. უცნობია, განიხილება თუ არა, მათ შორის - დავით გარეჯის საკითხიც.