ახლანდელი სახელმძღვანელოები ლიბერალურ ღირებულებებს ამკვიდრებენ, ახალ სახელმძღვანელოებში კი პატრიოტულ ღირებულებები იქნება წამოწეული, რათა „სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი მოქალაქე მივიღოთ“ - ასე ჩამოაყალიბა რეფორმის მიზანი „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ.
სიახლე განსაკუთრებით შეეხება ჰუმანიტარულ საგნებს, მაგალითად: ქართულ ენას, ქართულ ლიტერატურას და ისტორიას.
ცვლილების ფესვები
ეს პრინციპი არახალია. საბჭოთა კავშირის პერიოდში სკოლებში სახელმძღვანელოებს არავინ ირჩევდა. სამინისტრო ერთ საგანში ერთ წიგნს ამტკიცებდა, სადაც, თუ ეს ისტორია იყო, არც სტალინური რეპრესიების შესახებ ეწერა რამე, არც დამოუკიდებლობის დაკარგვაზე. არც რეჟიმის მიერ დახვრეტილ მწერლებს ასწავლიდნენ ქართული ლიტერატურის მაშინდელი სახელმძღვანელოებით.
როდესავ განათლების სამინისტრომ მომავალ ცვილებებზე ისაუბრა, გამომცემლებს წარსული გაახსენდათ. „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია შიშობს, რომ სახელმძღვანელოებიდან ამოიღებენ თემებს, რომლებიც ეროვნულ გრძნობებს, იმპერიასთან დაკავშირებულ ტრავმებს, კოლონიურ პოლიტიკას ეხება.
„და მივიღებთ ადამიანს, რომელმაც წარსული არ იცის. ეს არის ანტიეროვნული, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური გადაწყვეტილება“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.
რას აპირებს „ქართული ოცნება“?
გივი მიქანაძემ ახალი კონცეფციის წარდგენისას ჟურნალიტებს უთხრა, რომ რეფორმას 2-3 წელიწადში გაატარებენ. პირველ ეტაპზე ცვლილებები პილოტური იქნება. რეფორმა შეეხება, როგორც საჯარო სკოლებს ასევე კერძოებსაც, ანუ კერძო სკოლებსაც.
გივი მიქანაძე
„იმ ფუნდამენტალურ საგნებზე, როგორიცაა, მაგალითად, ქართული ენა, ისტორია და ა.შ. ის სახელმძღვანელოები იქნება სავალდებულო, რაც საჯაროსთვის“, - თქვა გივი მიქანაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა“ და ისიც აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოების ავტორების დიდი ნაწილი უკვე შერჩეულია. –„უმეტესობასთან უკვე გვქვს კომუნიკაცია და მზად არიან ნებისმიერ მომენტში ჩაერთონ ამ სახელმძღვანელოებზე მუშაობაში“.
რა წესი მოქმედებს ახლა?
ახლა სახელმძღვანელოებს გამომცემლობები ავტორებთან ერთად ამზადებენ და განათლების სამინისტროს გრიფირებისთვის წარუდგენენ. თუ სახელმძღვანელომ ეროვნული სტანდარტები დააკმაყოფილა, მას გრიფი მიენიჭება და შეუძლიათ სკოლებს შესთავაზონ. სკოლა სახელმძღვანელოებიდან ერთ რომელიმეს აირჩევს. სახელმწიფო წიგნებს დაბეჭდავს, გამომცემლობებს კი ჰონორარს გადაუხდის.
„გამომცემლობებს ბიზნესინტერესი აქვთ. ჩვენ ხალხის ინტერესიდან გამოვდივართ. ამან გვიკარნახა აგვეღო ეს პასუხისმგებლობა“, - თქვა მიქანაძემ საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში.
გამომცემლობებისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეთ მეწარმეებს ბიზნესინტერესი, თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ მათი დაინტერესება მხოლოდ ფინანსური მოგება არ არის.
თინათინ მამულაშვილი
„უზარმაზარ შრომას ვდებდით. მხოლოდ ფინანსები რომ ყოფილიყო ჩემი ინტერესი, კვების ობიექტს გავხსნიდი“, - ამბობს გამომცემლობა „სულაკაურის“ ხელმძღვანელი თინათინ მამულაშვილი, - „გამომცემლობებმა, ავტორებმა, დიზაინერებმა ძალიან დიდი გზა გავიარეთ, რომ თანამედროვე, ხარისხიანი სახელმძღვანელოები შეგვექმნა. სამინისტრო კონკურს რომ გამოაცხადებდა, 4 თვეში უნდა მოგვესწრო სახელმძღვანელოების დაწერა. 24 საათი ვმუშაობდით.”
მამულაშვილი განმარტავს, დიდი ფინანსური მოგება არც ავტორებს აქვთ:
„საქართველოში დღეს 600 ათასი მოსწავლეა, თითოეულ კლასში დაახლოებით 50 ათასი. თუმცა, ბოლო დროს დემოგრაფიული ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ პირველ კლასში მხოლოდ 39 ათასი ბავშვი მოდის. ვთქვათ, ამ 39 ათასს ბავშვს სამი წიგნი შესთავაზეს, მესამედმა აირჩია ერთ-ერთი. აქედან წიგნზე ან სასწავლო რვეულზე 20 თეთრი თუ ერგება ავტორებს. ეს ავტორებიც რამდენიმეა, გადასახადებიც უნდა ჩამოაჭრა და საბოლოდ ერთ წიგნში ავტორმა შესაძლოა მხოლოდ ათასი ლარი აიღოს“.
მამულაშვილი ამბობს, რომ მისი გამომცემლობის საქმიანობის 30% სახელმძღვანელოებს უკავშირდება, შესაბამისად ზარალიც 30% იქნება.
ზვიად კვარაცხელია თქმით, სახელმძღვანელოების რეფორმა გამომცემლობების გაკოტრებაზეა ორიენტირებული, თუნდაც იმის გამო, რომ ბევრი მათგანი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტშია ჩართული.
გამომცემლობებისთვის გარდამტეხი იყო 2013 წელიც. მანამდე ისინი სახელმძღვანელოებს თავად ბეჭდავდნენ და ყიდდნენ. 2013 წელს სახელმწიფომ მათ სახელმძღვანელობის ბეჭდვის უფლება ჩამოართვა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი შემოსავლის გარეშე დატოვა.
„ამის შემდეგ სახელწიფო ჯერ პირდაპირ უკვეთავდა რამდენიმე სტამბას, მერე ტენდერის გამოცხადება დაიწყეს, მაგრამ რეალურად ისევ რამდენიმე სტამბა ბეჭდავს. ამ სტამბებს გარანტირებულად აქვთ შეკვეთები“, - ამბობს თინათინ მამულაშვილი.
რამდენად განხორცილებადია ეს რეფორმა?
განათლების ექსპერტი თამარ მოსიაშვილი ეჭვობს, რომ განათლების სამინისტრო ამ ტვირთის აწევას შეძლებს.
„რვა მხოლოდ საგნობრივი ჯგუფია, ძალიან ბევრი წიგნი ექნებათ გასაკეთებელი. ჩემი აზრით, ორ წელიწადში ეს შეუძლებელია“, - ამბობს ის.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის სავალდებულო საგნები რვა საგნობრივ ჯგუფში ერთიანდება. სახელმწიფო ენა; მათემატიკა; უცხოური ენები; საზოგადოებრივი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ტექნოლოგიები; ესთეტიკური აღზრდა; სპორტი.
თითოეულ საგნობრივ ჯგუფში შედის კიდევ მორიგი სავალდებულო საგნები, მაგალითად, სახელმწიფო ენაში შედის:
- ქართული ენა და ლიტერატურა (ისწავლება I-XII კლასებში);
- აფხაზური ენა და ლიტერატურა, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ისწავლება I-XII კლასებში);
- ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (ისწავლება I-XII კლასებში);
- ჭადრაკი (ისწავლება I და II კლასებში).
თუ მხოლოდ სავალდებულო საგნებს ავიღებთ, სამინისტროს 150-მდე ახალი წიგნის დაწერა მოუწევს, თუ სკოლა 11- წლიანი გახდა, 130-მდე.
აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმძღვანელო მხოლოდ მოსწავლის წიგნი არ არის, ამას ემატება მოსწავლის რვეული, აუდიო და ვიდეო მასალა და ყველაზე რთულად მოსამზადებელი - მასწავლებლის წიგნი.
„მინისტრ მიქანაძეს ეშლება ის, რომ სახელმძღვანელო ერთ-ერთი რესურსია და არა ერთადერთი. ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი ძალიან ბევრ კარგ პროცესს აზიანებს, ქრება ავტორებს შორის კონკურენცია. კორუფციის რისკიც არის ექსპერტების შერჩევისას. გვყავს საქართველოში ექსპერტი კვაჭი კვაჭანტირაძეები, შევარდნაძის დროსაც რომ ნახულობდნენ სარგებელს, სააკაშვილის დროსაც და ახლაც“, - ამბობს თამარ მოსიაშვილი. ის მიიჩნევს, რომ ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად სწორედ ასეთ „კვაჭი კვაჭანტირაძეებს“ დაუძახებენ.
ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები საგანმანათლებლო პროცესს კი დააზინებს, მაგრამ სამინისტრო მაინც ვერ შეძლებს ახალ თაობაში მისთვის სასურველი იდეები დანერგოს.
„რაღაცის ინდოქტრინაცია ადვილი არ არის. ამას თავისი საფუძველი უნდა ჰქონდეს. იგივე ბოლშევიზმი მართლა ბოლომდე ძალადობით კი არ მომხდარა, არსებობდა ჩაგრულთა კლასი და ამიტომ განხორციელდა ადვილად. უამრავ, ძალიან მაგარ ქვეყანაში მოხდა საშინელი იდეების ინდოქტრინაცია. ჩვენ ქართველები მტრისგან შევიწროვებული ხალხი ვართ, აქ რის ინდოქტრინაცია უნდა მოხდეს? ეს ხომ ის არ არის, რაც პაპაჩემმა მომიყვა? ეს ის არის, რასაც მეც შევესწარი, ჩემზე უფროსი თაობაც და უმცროსიც“, - ამბობს ექსპერტი.
თინათინ მამულაშვილიც ფიქრობს, რომ რაც არ უნდა ერთი სახელმძღვანელოს ამარა დარჩეს, წარმოუდგენელია, ინტერნეტის ეპოქაში ადამიანმა საჭირო ინფრორმაცია ვერ მოიძიოს.
„ახალგაზრდები ენებს სწავლობენ, ქართულად თუ ვერ იპოვე ინფორმაცია, ინგლისურად ნახავ. საქართველოს ისტორიაზე იმდენი პოდკასტია... ასეთი რამ სტალინის დროს შეიძლებოდა მოგეხერხებინა, როდესაც ტელევიზორს ჩართავდი და მთელი საბჭოთა კავშირი ერთ მულტფილმს უყურებდა“, - ამბობს მამულაშვილი.
ერთი საგანი - ერთი სახელმძღვანელოს პრინციპთან ერთად, „ქართული ოცნების“ მინისტრმა დაანონსა სხვა მსგავსი ცვლილებებიც, მაგალითად, სკოლებში ერთიანი ფორმის შემოღება და მე-12 კლასის გაუქმება. ცვლილებები მრავალკომპონენტიანია და ეხება როგორც ზოგად განათლებას, ასევე უმაღლესსაც.